პარლამენტის სხდომა

პარლამენტის დეპუტატებს თავზე ქაღალდები დააყარეს

50
(განახლებულია 23:08 11.06.2021)
აქტივისტების მიზანი იყო ნინოწმინდის პანსიონისადმი დეპუტატების ყურადღების მიპყრობა, სადაც უკვე რამდენიმე დღეა ცდილობენ გაარკვიონ ბავშვებისადმი სასტიკი მოპყრობის საკითხი.

თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზის აივანზე სამოქალაქო აქტივისტები აიჭრნენ და დეპუტატებს ქაღალდები დააყარეს თავზე. საჭირო გახდა სხდომის რამდენიმე წუთით შეწყვეტა.

ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვები გაჰყავთ>>

წვიმასავით წამოსულ ქაღალდებზე იყო წარწერა „რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში“. აქტივისტები ასე შეეცადნენ ყურადღების გამახვილებას პანსიონში არსებულ ვითარებაზე, სადაც უკვე რამდენიმე დღეა ცდილობენ ბავშვების მიმართ სასტიკი მოპყრობის საკითხის გარკვევას.

ერთ-ერთმა აქტივისტმა, სანამ დაცვა მათ დარბაზიდან გაიყვანდა, მოასწრო და დაიყვირა, რომ ყოველი სხდომა ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარე მოვლენებს უნდა ეძღვნებოდეს, სადაც ბავშვები არიან ჩაკეტილი, დეპუტატები კი უსაქმოდ სხედან.

აქტივისტები დარბაზიდან მანდატურებმა გაიყვანეს, დეპუტატებს კი ლოდინი მოუწიათ, სანამ მათი მაგიდებიდან ქაღალდებს აიღებდნენ.

მოგვიანებით პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ სხდომათა დარბაზში მომხდარს „უცნაური პერფორმანსი“ უწოდა.

სკანდალი ნინოწმინდის პანსიონში ბავშვების მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადების შემდეგ დაიწყო, რომელმაც აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს პანსიონში არ უშვებენ, რათა მათ აღსაზრდელ ბავშვებზე ძალადობის შესახებ ინფორმაცია შეამოწმონ.

საჯარო განცხადებების შემდეგ საქართველოს შსს-მ ბავშვების მიმართ სავარაუდო სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივნისს ნაწილობრივ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) შუამდგომლობა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს დაავალა შშმ სტატუსის მქონე ბავშვების პანსიონიდან დაუყოვნებლივ გაყვანის პროცესის დაწყება.

ბოლო მონაცემებით, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ პანსიონიდან 22 არასრულწლოვანი, მათ შორის შშმ პირები გაიყვანა. მასმედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის დაწესებულებაში 30-მდე ბავშვი რჩება. საქართველოს საპატრიარქომ, თავის მხრივ, სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრა.

50
თემები:
სოციალური სფერო საქართველოში (267)
გიორგი ვაშაძე

20-21 ივნისის მოვლენების დროს დაშავებულებმა შეიძლება კომპენსაცია მიიღონ

29
(განახლებულია 16:59 16.06.2021)
გიორგი ვაშაძის განმარტებით, კანონპროექტს მომავალ კვირაში დაარეგისტრირებენ, მანამდე კი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაზარალებულთა პოზიციებს დაელოდებიან.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი" პარლამენტში კანონპროექტის ინიცირებას გეგმავს, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს დაზარალებულთათვის კომპენსაციის გაცემას ითვალისწინებს.

20 ივნისს ანტისამთავრობო აქცია არეულობაში გადაიზარდა. გამოძიების ვერსიით, საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტში შეჭრას შეეცადნენ. შტურმის თავიდან აცილების მიზნით პოლიციამ შეკრებილთა დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. არეულობის დროს დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი, 40-მდე ჟურნალისტი, ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა.

„ვინც მსუბუქი დაზიანება მიიღო, მათ სახელმწიფოსგან ერთჯერადი კომპენსაცია უნდა მიიღონ, ხოლო ვინც მძიმე დაზიანება მიიღო, მათ ერთჯერად კომპენსაციასთან ერთად უნდა აუნაზღაურდეთ მკურნალობის ხარჯები და მთელი ცხოვრების მანძილზე საპენსიო უზრუნველყოფა დაენიშნოთ", – განაცხადა პარტიის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

დეპუტატის თქმით, აუცილებელი არაა დაშავებულებს ოფიციალურად ჰქონდეთ მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი.

„დაშავებულთა სია არსებობს, ვიდეოკადრებიც მოიპოვება", – განაცხადა ვაშაძემ.

კანონპროექტის დასამტკიცებლად ოპოზიციას მმართველი პარტიის მხარდაჭერა სჭირდება. თანახმა იქნება თუ არა „ქართული ოცნება" საკანონმდებლო ინიციატივას დაუჭიროს მხარი, ცნობილი მას შემდეგ გახდება, რაც კანონპროექტს საკომიტეტო მოსმენებზე გაიტანენ.

საპროტესტო აქციის დაშლის თემა საქართველოში კვლავ აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც პარლამენტი „ამნისტიის შესახებ" კანონპროექტის განხილვას შეუდგა, რომელიც ამ აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს ეხება. 20-21 ივნისის მოვლენებზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ოპოზიციური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიაა.

29
თემები:
საქართველოს პარლამენტი
ირაკლი კობახიძე

რამ შეუშალა ხელი გახარიას შს მინისტრის თანამდებობიდან გადაყენებას? კობახიძე კარტებს ხსნის

69
(განახლებულია 14:36 16.06.2021)
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ორი წლის შემდეგ გადაწყვიტა მოეყოლა, თუ როგორ ცდილობდა მმართველი პარტია შინაგან საქმეთა მინისტრისგან თავის დაღწევას, თუმცა ამის ნაცვლად ის პრემიერ-მინისტად დანიშნა.

თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გიორგი გახარიას გადაყენება გარდაუვალი იყო, მაგრამ ამას ხელი შეუშალა გარე ფაქტორებმა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში. 

აღსანიშნავია, რომ თავად კობახიძეს სწორედ ე.წ. „გავრილოვის ღამის“ მოვლენების გამო მოუხდა მაშინ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვება.

პარლამენტის შენობასთან 20 ივნისს ანტისამთავრობო აქცია არეულობაში გადაიზარდა. პოლიციამ აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. იმ ღამეს დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი, 40-მდე ჟურნალისტი, ორმა ახალგაზრდამ თვალი დაკარგა.

გახარიას გადადგომა სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციის ძირითადი მოთხოვნა იყო, რომლებიც შინაგან საქმეთა მინისტრს ადანაშაულებდნენ ძალის გადამეტებასა და აქციის დაშლისას აკრძალული მეთოდების გამოყენებაში.

„20 ივნისის შემდეგ გუნდში დისკუსია გაიმართა, იყო ასეთი მოსაზრება, და არაერთი ლიდერი ამბობდა, რომ კარგი იქნებოდა, თუ გახარია შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას დატოვებდა. ეს საკითხი რაღაც მომენტში მომწიფდა კიდეც, მაგრამ ეს გადაწყვეტილება შემდეგ რაღაცამ და არა ვიღაცამ შეცვალა. რამ – ამას ვერ ვიტყვი, თუმცა გარკვეულ მომენტში ამის დროც დადგება. იყო გარე ფაქტორი, რომელმაც საბოლოოდ ამ გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანა. ეს ფაქტორი მას უკავშირდებოდა“, – აღნიშნა კობახიძემ.

მისი თქმით, აქციის დაშლის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რათა რადიკალურად შეეცვალა გახარიას იმიჯი უკეთესობისკენ. 

„გიორგი გახარიას მიმართ ჩვენ არა მხოლოდ საჯაროდ გამოვირჩეოდით მსგავსი განცხადებებით, არამედ მაქსიმალურად გვედში ვედექით მას ჯერ როგორც შინაგან საქმეთა მინისტრს, შემდეგ კი როგორც პრემიერ-მინისტრს. თქვენ გახსოვთ, რომ მას ჰქონდა ძალიან მძიმე მდგომარეობა, განსაკუთრებით 20 ივნისის შემდეგ, და გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მისი იმიჯი რადიკალურად შეცვლილიყო. ეს არ იყო მხოლოდ საჯარო განცხადებები, ჩვენ ამას გუნდის შიგნით ვაკეთებდით“, – განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება უშუალოდ 20 ივნისის მოვლენებს, კობახიძის განმარტებით, გახარიას უწყების მიერ ჩატარებულმა ოპერაციამ კომპეტენტურობის კუთხით გარკვეული ეჭვები გააჩინა.

„ოპერაცია გახარიას მხრიდან იყო აბსოლუტურად გაუგებრად დაგეგმილი. მხედველობაში მაქვს აქციის დაშლის ოპერაცია, რამაც საბოლოოდ მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანა... რასაკვირველია, ის იღებდა გადაწყვეტილებებს, რა თქმა უნდა, ის იყო პასუხისმგებელი სპეცოპერაციის დაგეგმვაზე და თავად აკეთებდა ამას ერთ-ერთ თავის მოადგილესთან ერთად“, – განაცხადა კობახიძემ. 

მისი თქმით, პირველი კითხვა, რომელიც ოპერაციასთან დაკავშირებთ გაჩნდა, იყო – რატომ იდგა სპეცრაზმი პარლამენტის ჭიშკრის გარეთ და არა ჭიშკრის შიგნით. მეორე – რატომ არ იქნა გამოყენებული წყლის ჭავლი ან სხვა უფრო მსუბუქი სპეცსაშუალებები.

„სპეცრაზმი რომ მდგარიყო პარლამენტის ეზოს შიგნით და გამოყენებული ყოფილიყო უმარტივესი სპეცსაშუალებები, თავიდან ავიცილებდით ყველაფერს. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ეს იყო შეცდომა. თუმცა არ ვიცით – შეიძლება არც იყო“, – აღნიშნა კობახიძემ.

იმ ტრაგიკული მოვლენების შემდეგ მალევე, სექტემბერში გიორგი გახარია გათავისუფლების ნაცვლად დააწინაურეს და იგი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა. ამ თანამდებობიდან იგი მიმდინარე წლის თებერვალში გადადგა და მიზეზად მმართველ პარტიასთან უთანხმოება დაასახელა.

პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ გახარიამ შექმნა თავისი პარტია და სამიზნე ელექტორალური ჯგუფების თვალსაზრისით „ქართული ოცნების“ კონკურენტი გახდა.

69
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
რეჯეფ თაიიფ ერდოღანი

ექვსის პლატფორმა: ანკარა თბილისთან რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობას იხილავდა - ერდოღანი

0
პლატფორმაში შეიძლება შევიდნენ თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, ირანი, საქართველო და, სურვილის შემთხვევაში, სომხეთი, აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.

თბილისი, 16 ივნისი - Sputnik. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა თბილისთან იხილავდა რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობას „ექვსის პლატფორმის“ ფარგლებში, იუწყება РИА Новости.

ერდოღანმა ბაქოში პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ალიევთან ერთად იხილავს სამხრეთ კავკასიის რეგიონში „ექვსის პლატფორმის“ შექმნის საკითხს თანამშრომლობის გასავითარებლად. პლატფორმაში შესაძლოა შევიდნენ თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, ირანი, საქართველო და, „სურვილის შემთხვევაში“, სომხეთი.

„მე და ჩემმა ძმამ (აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევთან, - რედ.) წამოვაყენეთ წინადადება. მოდით შევქმნათ პლატფორმა ექვსი ქვეყნის თანამშრომლობისთვის. შევქმნათ სტაბილურობა რეგიონში. აქ არის საქართველოსა და რუსეთის მომენტი, ჩვენ ვიხილავდით საკითხს საქართველოს პრემიერთან. მე აღვნიშნე, რომ ეს საქართველოსთვის ხელსაყრელია, მოდით ეს გავაკეთოთ. გვინდა, რომ თქვენ გადალახოთ რუსეთთან არსებული სირთულეები. ვთქვი, რომ ეს კარგი იქნება. რეგიონს მშვიდობა სჭირდება“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა აზერბაიჯანის პარლამენტში გამოსვლისას.

ოფიციალურმა თბილისმა ამას წინათ ერდოღანის ინიციატივაზე საუბრისას აღნიშნა, რომ რუსეთთან ერთობლივ საერთაშორისო ფორმატში მონაწილეობას შეუძლებლად მიიჩნევს.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წელს გაწყვიტა. დიალოგი ორ ქვეყანას შორის ჟენევის დისკუსიებისა და 2012 წლიდან პრაღაში მოლაპარაკების ფარგლებში მიმდინარეობს, სადაც საქართველოს პრემიერის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის ოფიციალური წარმომადგენელი გრიგორი კარასინი ვაჭრობასთან, ტურიზმთან დაკავშირებულ, ასევე ჰუმანიტარულ საკითხებს იხილავენ.

0