ცესკო

საქართველოს პარლამენტმა ცესკოს 2022 წლის ბიუჯეტი შეუმცირა

25
(განახლებულია 16:22 11.06.2021)
ცესკოს 2022 წლის ბიუჯეტი წლევანდელთან შედარებით თითქმის ორჯერ შემცირდება და 30,7 მილიონ ლარს შეადგენს.

თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა დაადგინა 2022 წლისთვის საქართველოს ცესკოს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და თავად საკანონმდებლო ორგანოს ბიუჯეტები.

სხდომაზე მიღებული დადგენილებების თანახმად, რითიც უნდა იხელმძღვანელოს ფინანსთა სამინისტრომ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირების დროს, თავად პარლამენტის ბიუჯეტი უცვლელი დარჩება – 53,7 მილიონი ლარი.

მაგრამ საქართველოს ცესკოს ბიუჯეტი ამ წლის ბიუჯეტთან შედარებით თითქმის ორჯერ შემცირდება და 70,3 მლნ ლარის ნაცვლად ის 30,7 მლნ ლარს შეადგენს.

რაც შეეხება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტს, ის გაიზრდება და შეადგენს 17.6 მილიონ ლარს ამჟამინდელი 16.8 მილიონი ლარის ნაცვლად.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველი ვერსია სექტემბერში უნდა მოამზადოს. 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი საბოლოოდ დეკემბერში უნდა დამტკიცდეს.

წელს საქართველოში ადგილობრივი ხელისუფლების არჩევნები უნდა ჩატარდეს, რაც შეიძლება გახდეს ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საფუძველი, თუ საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ პროპორციული ხმების 43%-ს ვერ მიიღებს. ამასობაში თავად მმართველ პარტიაში ოპტიმისტური განწყობაა – „ქართული ოცნება“ დარწმუნებულია, რომ ადგილობრივ არჩევნებზე ხმების სულ მცირე 53%-ს აიღებს.

25
ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტს ანგარიშს 25 ივნისს ჩააბარებს

3
ღარიბაშვილისთვის ეს იქნება პირველი ანგარიში საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში 2015 წელს მისი გადადგომიდან თითქმის ექვსი წლის შემდეგ.

თბილისი, 16 ივნისი - Sputnik. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ წლიურ ანგარიშს პარლამენტს მომდევნო კვირაში, 25 ივნისს წარუდგენს.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, მთავრობის მეთაურის ანგარიშის მოსმენით პარლამენტი საგაზაფხულო სესიის ფარგლებში მუშაობას დაასრულებს.

პრემიერ მინისტრის 154-გვერდიანი ანგარიში უკვე გამოქვეყნდა პარლამენტის ვებგვერდზე და მისი დაახლოებით ნახევარი საგარეო პოლიტიკასა და თავდაცვას ეძღვნება. ანგარიშში ასევე ყურადღება ეთმობა კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლას, ჯანდაცვის, ეკონომიკის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის საკითხებს.

ანგარიშის წარდგენის შემდეგ ღარიბაშვილს დეპუტატების შეკითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს. პარლამენტის 150 წევრიდან მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას" 84 ადგილი აქვს, დანარჩენი ოპოზიციურმა პარტიებმა გადაინაწილეს.

ღარიბაშვილისთვის ეს იქნება პირველი ანგარიში საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში თითქმის ექვსი წლის შემდეგ. 2015 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, 2021 წლის თებერვალში მან კვლავ მოიპოვა პარლამენტის ნდობა და ამ პოსტზე გადამდგარი გიორგი გახარია შეცვალა.

ახლა გახარიას პარტიის წევრებს, ისევე როგორც ოპოზიციური სპექტრის სხვა წარმომადგენლებს, შესაძლებლობა ექნებათ ღარიბაშვილისგან მოისმინონ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.

3
გიორგი ვაშაძე

20-21 ივნისის მოვლენების დროს დაშავებულებმა შეიძლება კომპენსაცია მიიღონ

29
(განახლებულია 16:59 16.06.2021)
გიორგი ვაშაძის განმარტებით, კანონპროექტს მომავალ კვირაში დაარეგისტრირებენ, მანამდე კი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაზარალებულთა პოზიციებს დაელოდებიან.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი" პარლამენტში კანონპროექტის ინიცირებას გეგმავს, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს დაზარალებულთათვის კომპენსაციის გაცემას ითვალისწინებს.

20 ივნისს ანტისამთავრობო აქცია არეულობაში გადაიზარდა. გამოძიების ვერსიით, საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტში შეჭრას შეეცადნენ. შტურმის თავიდან აცილების მიზნით პოლიციამ შეკრებილთა დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. არეულობის დროს დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი, 40-მდე ჟურნალისტი, ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა.

„ვინც მსუბუქი დაზიანება მიიღო, მათ სახელმწიფოსგან ერთჯერადი კომპენსაცია უნდა მიიღონ, ხოლო ვინც მძიმე დაზიანება მიიღო, მათ ერთჯერად კომპენსაციასთან ერთად უნდა აუნაზღაურდეთ მკურნალობის ხარჯები და მთელი ცხოვრების მანძილზე საპენსიო უზრუნველყოფა დაენიშნოთ", – განაცხადა პარტიის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

დეპუტატის თქმით, აუცილებელი არაა დაშავებულებს ოფიციალურად ჰქონდეთ მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი.

„დაშავებულთა სია არსებობს, ვიდეოკადრებიც მოიპოვება", – განაცხადა ვაშაძემ.

კანონპროექტის დასამტკიცებლად ოპოზიციას მმართველი პარტიის მხარდაჭერა სჭირდება. თანახმა იქნება თუ არა „ქართული ოცნება" საკანონმდებლო ინიციატივას დაუჭიროს მხარი, ცნობილი მას შემდეგ გახდება, რაც კანონპროექტს საკომიტეტო მოსმენებზე გაიტანენ.

საპროტესტო აქციის დაშლის თემა საქართველოში კვლავ აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც პარლამენტი „ამნისტიის შესახებ" კანონპროექტის განხილვას შეუდგა, რომელიც ამ აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს ეხება. 20-21 ივნისის მოვლენებზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ოპოზიციური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიაა.

29
თემები:
საქართველოს პარლამენტი