პარლამენტის სხდომათა დარბაზი

პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

58
(განახლებულია 23:50 09.06.2021)
კანონპროექტის განხილვა დაძაბულად წარიმართა - რამდენჯერმე ვითარება უკიდურესად დაიძაბა და დეპუტატების დამშვიდება პარლამენტის თავმჯდომარეს და მანდატურებს მოუწიათ.

თბილისი, 9 ივნისი - Sputnik. საქართველოს პარლამენტმა თითქმის ექვსსათიანი დავისა და განხილვის შემდეგ მეორე მოსმენით დაამტკიცა მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული კანონპროექტი ამნისტიის შესახებ.

2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებში გასამართლებულთა და ბრალდებულთა ამნისტია ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საერთაშორისო შუამავლების მეშვეობით გაფორმებული შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი პუნქტია.

მეორე მოსმენით კანონპროექტს მხარი დაუჭირა 150-დან 77-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ ხმა მისცა 23-მა დეპუტატმა. დანარჩენს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

კანონპროექტის განხილვა უკიდურესად დაძაბულ ვითარებაში წარიმართა, რაც განპირობებული იყო სხდომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების დასწრებით. ხელჩართულ ჩხუბამდე საქმე არ მისულა, მაგრამ ვითარება რამდენჯერმე ისე დაიძაბა, რომ დეპუტატების დამშვიდება პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას და მანდატურებს მოუწიათ.

„ნაციონალური მოძრაობისთვის“ კანონპროექტი სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა.

„ეს კანონი ამნისტიის შესახებ ეწინააღმდეგება შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთებას. ჩვენ მას ხელი არ მოვაწერეთ, რადგან არ ვეთანხმებით იმ ნაწილს, რომელიც გულისხმობს პასუხისმგებლობისგან იმათ გათავისუფლებას, ვინც ჩვენი მოქალაქეების მიმართ ძალადობა გამოიჩინა“, - განაცხადა „ნაცმოძრაობის“ დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა.

ამ რეპლიკას მოჰყვა პროექტის ინიციატორის, ანრი ოხანაშვილის მკაფიო პასუხი, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ შეუძლია შეთანხმების შესრულებაზე საუბარი, რადგან თავად ხელი არ მოუწერია მასზე.

დეპუტატების ყველა გამოსვლა პროექტთან დაკავშირებით საბოლოოდ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ურთიერთბრალდებებში გადაიზარდა. მიუხედავად ექვსსაათიანი განხილვისა, ინიციატორს მხოლოდ ათი კითხვა დაუსვეს კანონპროექტის არსზე და ყველაზე უცნაური იყო მმართველი პარტიის წარმომადგენლის, ვლადიმერ კახაძის კითხვა იმაზე, საერთოდ ღირდა თუ არა ამნისტიის მიღება.

ამაზე ოხანაშვილმა უპასუხა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ შეუძლია, დაარღვიოს ევროპელი შუამავლებისთვის მიცემული პირობა და უნდა მიიღოს კანონპროექტი.

რა მიიღეს დეპუტატებმა

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემუშავებული კანონპროექტის მიხედვით, ამნისტია შეეხება 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებულსა და დაკავებულს, ვინც არ ამბობს უარს ამნისტიაზე.

ერთადერთი გამონაკლისი გახდება ის, ვისაც ბრალი ედება წამებაში, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაში.

ასევე ამნისტია არ შეეხება მათ, ვინც მიზანმიმართული სროლის ბრძანება გასცა და მათ, ვინც ეს ბრძანება შეასრულა და ადამიანების ჯანმრთელობას განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა.

ამასთან პროკურატურას და სასამართლოს ამნისტიის საკითხის განხილვისას უნდა ხელთ ჰქონდეს დადასტურება იმისა, რომ ბრალდებული ან მსჯავრდებული ამნისტიაზე უარს არ აცხადებს.

კანონის ამოქმედებისთვის პარლამენტმა ის საბოლოო, მესამე მოსმენით უნდა მიიღოს, შემდეგ კი ხელი უნდა მოაწეროს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

რა მოხდა 2019 წლის 20 ივნისს

20–21 ივნისის საპროტესტო აქცია ანტისამთავრობო მასობრივ არეულობაში გადაიზარდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. იმ ღამით დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი, 40-მდე ჟურნალისტი, ორმა ახალგაზრდამ თვალი დაკარგა.

20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ გამოძიება დაიწყო ორი მიმართულებით: პირველი – „პოლიციის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება“ და მეორე – „ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა“. ცალკე გამოძიება დაიწყო საქმეზე „ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგები“.

მეორე საქმის ფარგლებში არეულობაში მონაწილეობისა და პოლიციის წინააღმდეგ ძალის გამოყენებისთვის ბრალი წარუდგინეს საპროტესტო აქციის 18 მონაწილეს. განაჩენი 17 მათგანს გამოუტანეს. განხილვა მიმდინარეობს მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას საქმეზე, რომელსაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ედება ბრალად.

რაც შეეხება პოლიციელების საქმეს, განაჩენი პოლიციის ორ თანამშრომელს გამოუტანეს - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის.

ორივე საქმეზე გამოძიება გრძელდება.

58
საქართველოში ლტოლვილთა მსოფლიო დღე სოლიდარობის მარშით აღნიშნეს

საქართველოში ლტოლვილთა მსოფლიო დღე სოლიდარობის მარშით აღნიშნეს

23
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანაში ძალიან ბევრია იძულებით გადაადგილებული ოჯახი.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. ლტოლვილთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც 20 ივნისს აღინიშნება, თბილისის ბოტანიკურ ბაღში სოლიდარობის მარში გაიმართა, იუწყება Sputnik-კორესპონდენტი.

მარშში მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ათეულმა ადამიანმა, მათ შორის საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

„მადლობა, რომ აქ ხართ და გვიერთდებით მსოფლიოს ლტოლვილთა დღის აღნიშვნაში. უამრავი ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკუთარი საცხოვრებელი კონფლიქტებისა და ომების გამო. გასულ წელს ასეთ მდგომარეობაში 80 მილიონზე მეტი ადამიანი იყო. თითოეულ ადამიანს თავისი ისტორია აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სოლიდარობა ვაჩვენოთ“, - განაცხადა საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საბინე მახლიმ.

შეკრებილებს მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამაც, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანაში ძალიან ბევრია იძულებით გადაადგილებული ოჯახი.

„ჩვენი ვალია, ყოველთვის შევეცადოთ, მაქსიმუმი გავაკეთოთ, გვერდში დავუდგეთ და გავუადვილოთ მათ ცხოვრება“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

ლტოლვილთა მსოფლიო დღე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2000 წელს დააწესა.

ყოველწლიურად 20 ივნისს, გაერო, გაეროს ლტოლვილთა სააგენტო (UNHCR) სამოქალაქო საზოგადოებები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ატარებენ ღონისძიებებს, რათა საზოგადოების ყურადღება მიიპყრონ მილიონობით ლტოლვილზე და ქვეყნების შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირებზე, რომლებსაც ომების, კონფლიქტების და დევნის გამო საკუთარი სახლების იძულებით დატოვება მოუხდათ.

2021 წელს ლტოლვილთა მსოფლიო დრე ინკლუზიის ძალას მიეძღვნა.

ამ დღე გაერო მოუწოდებს ლტოლვილების მეტი ჩართულობისკენ ჯანდაცვის, განათლების სისტემაში და სპორტში.

23
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

ევროსასამართლომ 20 ივნისს დაზარალებულთა საქმეების განხილვა დაიწყო

28
(განახლებულია 20:52 18.06.2021)
საია-ს ინფორმაციით, ევროპის სასამართლოში წარდგენილი საჩივრები წარმოაჩენს იმ სისტემურ პრობლემებს, რომლებსაც სახელმწიფოს მხრიდან აქციების ძალის გამოყენებით დაშლის დროს აქვს ადგილი

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაიწყო იმ  საჩივრების არსებითი განხილვა, რომლებიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიამ (საია) და ორგანიზაცია EHRAC-მ შეიტანეს 2019 წლის ივნისში აქციის დაშლის დროს დაზარალებული ჟურნალისტებისა და დემონსტრანტების სახელით, ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საია-მ აღნიშნულ საქმეებზე ორი სარჩელი 7 აპრილს წარადგინა, რომლებშიც საუბარია ძალის გადამეტებაზე და ეფექტიანი გამოძიების არჩატარებაზე. გაგზავნილი საჩივრები ჯამში 22 პირის საქმეს აერთიანებს, რომლებიც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალდნენ.

„ევროპულმა სასამართლომ საჩივარში დაყენებულ ყველა მუხლთან დაკავშირებით დაუსვა კითხვები საქართველოს მთავრობას. სასამართლოს მიერ დასმული კითხვების თანახმად, სახელმწიფომ სასამართლოს წინაშე უნდა წარადგინოს პოზიცია იმ საკითხზე, დაირღვა თუ არა ჟურნალისტებისა და აქციის მონაწილეების მიმართ საჩივარში მოხმობილი უფლებები“, - ნათქვამია განცხადებაში.

საია-ს ინფორმაციით, მხარეებს 2021 წლის 3 სექტემბრამდე მიეცათ ვადა შესათანხმებლად. თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარეებს შორის ამგვარი შეთანხმება ვერ შედგება, მთავრობა დამატებით 12 კვირიან ვადაში წარადგენს თავის მოსაზრებებს სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებთან დაკავშირებით.

ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა საია-ს ადვოკატების მოთხოვნა და დაავალა საქართველოს მთავრობას, წარმოადგინოს 2019 წლის 20-21 ივნისს აქციის დაშლასთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის მასალები.

გავრცელებული ინფორმაციით, გენერალური პროკურატურა არ რთავს ნებას დაზარალებულებს, გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის სრულ მასალებს. საია-ს ინფორმაციით, ეროვნულ დონეზე დაზარალებულის სტატუსი ამ დროისათვის საია-ს დაცვის ქვეშ მყოფი 22 პირიდან მხოლოდ სამს აქვს მინიჭებული.

  • საია კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ დაუშვებელია ამნისტიის/შეწყალების გამოყენება სახელმწიფოს წარმომადგენლების მიმართ, რომელბმაც ადამიანის უფლებათა წინააღმდეგ  სერიოზული დანაშაული ჩაიდინეს.

2019 წლის 20 ივნისს თბილისში პროტესტი რუსეთის სათათბიროს დეპუტატის, კომპარტიის წევრ სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის და პარლამენტში მისი გამოსვლის საპასუხოდ დაიწყო. აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგად პოლიციამ 300-ზე მეტი პირი დააკავა, 240 ადამიანი საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ორმა ადამიანმა, რომელთა შორის ერთ-ერთი 18 წლის მაია გომური იყო, პოლიციის მიერ ნასროლი რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად თვალი დაკარგა.

 

 

28
ნიკოლოზ წულუკიძე ამსტერდამში

ნიკოლოზ წულუკიძე: „შემიძლია ადამიანების მიმართ ძალიან დიდი სითბო გავცე“

0
(განახლებულია 17:07 19.06.2021)
ნიკოლოზ წულუკიძე საკუთარ თავზე საუბრობს, იხსენებს ბავშვობას და განმარტავს თუ რა მნიშვნელობა აქვს მისთვის პოპულარობას.

 

წულუკიძე
„ბებიაჩემი რომ რეკავს ხოლმე, სულ ვაფარებ ყურმილს ხელს, რომ არავინ გაიგოს. ის ჩემთან საუბარს სულ სიმღერით და მოფერებით იწყებს: „ბებოს სიხარულებოო“!.. ვფიქრობ, ყველა ადამიანს, ვინც პოპულარობისთვის იღწვის, იმის განცდა აქვს ხოლმე, რომ განსაკუთრებულია“, -ამბობს ნიკოლოზ წულუკიძე.

თეატრმცოდნე და ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძის თქმით, მას ადამიანებისადმი სიყვარულისა და სითბოს გაცემა ბავშვობიდან ასწავლეს და სურვილს გამოთქვამს, რომ ყველა ადამიანმა უშურველად გასცეს სიკეთე და სიყვარული.

0