ლაშა დარსალია

ლაშა დარსალია დაწინაურდა ის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გახდა

24
(განახლებულია 21:20 09.06.2021)
დავით ზალკალიანის პირველი მოადგილე ჟენევის მოლაპარაკებებში თბილისის წარმომადგენელი ლაშა დარსალია გახდა, რომელიც ასევე წამყვან როლს ასრულებდა საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის კომისიის მუშაობაში.

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. თბილისის წარმომადგენელი ჟენევის მოლაპარაკებებში ლაშა დარსალია დაწინაურდა – ის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გახდა, ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის ერთადერთი ფორმაა – ქვეყნებს დიპლომატიური ურთიერთობები არა აქვთ 2008 წლიდან, როდესაც საქართველომ ეს ურთიერთობები მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ გაწყვიტა. დარსალია ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველოს 2019 წლიდან წარმოადგენს.

ჟენევის მოლაპარაკებების გარდა ლაშა დარსალიამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის კომისიის მუშაობაში.

მინისტრის მოადგილედ დარსალია 2018 წელს დაინიშნა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ასევე დაწინაურდა სამინისტროს ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ ჯანჯალია – ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გახდა.

24
გიორგი გახარია

„ქართულ ოცნებაში" განმარტეს თუ როდის დააკავებენ გახარიას

97
(განახლებულია 10:16 17.06.2021)
პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ გახარიამ შექმნა თავისი პარტია და სამიზნე ელექტორალური ჯგუფების თვალსაზრისით „ქართული ოცნების“ კონკურენტი გახდა.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ყოფილ პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიასთან მიმართებით გამოძიება მხოლოდ მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში შეიძლება დაიწყოს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" ერთ–ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

გახარიას მიმართ შესაძლო სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ საუბარი მასმედიაში მას შემდეგ დაიწყო, რაც მმართველი პარტიის ლიდერებმა იგი დაადანაშაულეს 2019 წლის 20–21 ივნისის ღამეს პარლამენტზე შტურმის თავიდან აცილების მიზნით სპეცოპერაციის დაგეგმვაში. მანამდე მმართველმა პარტიამ გახარია სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულა.

„როდესაც მან (გახარიამ - რედ.) მოითხოვა მელიას („ნაცმოძრაობის" ლიდერის - რედ.) დაკავების ღონისძიების გადადება ორი-სამი დღით, მაშინ როდესაც გვქონდა ინფორმაცია იმ დღეებში ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით, ეს ჩვენთვის ეჭვის საფუძველი გახდა, მაგრამ გამოძიების შესახებ საუბარი შეიძლება მაშინ დაიწყოს თუ კონკრეტული ფაქტები იქნება", - განაცხადა მდინარაძემ.

ივნისის დასაწყისში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გახარიას მხრიდან პრემიერის პოსტის დატოვების თაობაზე სკანდალური დეტალები გაასაჯაროვა და მისი პერსონა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დაუკავშირა.

მისი მტკიცებით, ყოფილ მმართველ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდა გეგმა ძალისმიერი მეთოდებით ხელისუფლების ორ-სამ დღეში შეცვლის და თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში იყვნენ ადამიანები, რომლებიც მზადყოფნა გამოთქვამდნენ ალტერნატიული მთავრობის მხარეს გადასულიყვნენ.

კობახიძის თქმით, „ნაცმოძრაობის" გეგმებთან გახარიას კავშირებზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ სწორედ ამ ვადით, ორი-სამი დღით ითხოვდა გახარია "ნაცმოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას დაკავების გადავადებას. თუმცა, კობახიძე ასევე ამტკიცებს, რომ არ იცის ძალოვანი სტრუქტურებიდან ვინ იყო მზად გადასულიყო ალტერნატიულ მთავრობაში, მაგრამ მისთვის ზუსტადაა ცნობილი რომ მიხეილ სააკაშვილი 19 თებერვლისთვის გეგმავდა საქართველოში დაბრუნებას.

მმართველი პარტიის საპასუხოდ გახარიას პარტიამ მოითხოვა გამოძიების და მტკიცებულებების წარმოდგენა - პარტიამ საქართველოს პროკურატურასაც მიმართა, კობახიძემ კი გახარიას წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად მზადყოფნა გამოთქვა.

97
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტს ანგარიშს 25 ივნისს ჩააბარებს

34
ღარიბაშვილისთვის ეს იქნება პირველი ანგარიში საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში 2015 წელს მისი გადადგომიდან თითქმის ექვსი წლის შემდეგ.

თბილისი, 16 ივნისი - Sputnik. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ წლიურ ანგარიშს პარლამენტს მომდევნო კვირაში, 25 ივნისს წარუდგენს.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, მთავრობის მეთაურის ანგარიშის მოსმენით პარლამენტი საგაზაფხულო სესიის ფარგლებში მუშაობას დაასრულებს.

პრემიერ მინისტრის 154-გვერდიანი ანგარიში უკვე გამოქვეყნდა პარლამენტის ვებგვერდზე და მისი დაახლოებით ნახევარი საგარეო პოლიტიკასა და თავდაცვას ეძღვნება. ანგარიშში ასევე ყურადღება ეთმობა კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლას, ჯანდაცვის, ეკონომიკის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის საკითხებს.

ანგარიშის წარდგენის შემდეგ ღარიბაშვილს დეპუტატების შეკითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს. პარლამენტის 150 წევრიდან მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას" 84 ადგილი აქვს, დანარჩენი ოპოზიციურმა პარტიებმა გადაინაწილეს.

ღარიბაშვილისთვის ეს იქნება პირველი ანგარიში საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში თითქმის ექვსი წლის შემდეგ. 2015 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, 2021 წლის თებერვალში მან კვლავ მოიპოვა პარლამენტის ნდობა და ამ პოსტზე გადამდგარი გიორგი გახარია შეცვალა.

ახლა გახარიას პარტიის წევრებს, ისევე როგორც ოპოზიციური სპექტრის სხვა წარმომადგენლებს, შესაძლებლობა ექნებათ ღარიბაშვილისგან მოისმინონ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.

34
ვაშლიჯვარი

როდის აღდგება ვაშლიჯვრის გზაზე მოძრაობა - თბილისის მერის მოადგილის განმარტება

0
(განახლებულია 13:14 17.06.2021)
თბილისის მერია ელოდება ექსპერტულ პროექტს, რომლის მიხედვით დაიწყება მეორე ეტაპის სამუშაოები. ორმხრივი მოძრაობა მეწყრული პროცესების სრული სტაბილიზაციის შემდეგ აღდგება.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ვაშლიჯვარი-ნუცუბიძის დამაკავშირებელ მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა, სავარაუდოდ 2,5 თვეში აღდგება, განაცხადა თბილისის მერის მოადგილეირაკლი ბენდელიანმა ტელეკომპანია Imedi-ის ეთერში.

15 მარტს თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომ ვაშლიჯვარი-ნუცუბიძის დამაკავშირებელ მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო მეწყრული პროცესები გააქტიურდა. ფერდობზე 18 მეტრზე მეტი სიღრმის ნაპრალები გაჩნდა, რომელთა სიგანე ყოველდღე დაახლოებით 5 სანტიმეტრით იზრდებოდა. გეოლოგების პროგნოზით, გაჩნდა ფერდობის ჩამოშლის სერიოზული საფრთხე. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით 16 მარტიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა. მოგვიანებით დაიწყო ფერდობის გამაგრების სამუშაოები.

ბენდელიანის განმარტებით, ქალაქის ხელისუფლებამ უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით წარმატებით შეასრულა მაჭავარიანის ქუჩაზე და მიმდებარე ტერიტორიაზე გამაგრებითი სამუშაოების პირველი ეტაპი და მოსახლეობას არანაირი საფრთხე აღარ ემუქრება. აღნიშნულ ტერიტორიაზე მეწყრული პროცესის შეჩერების მიზნით, სამუშაოების მეორე ეტაპი ექსპერტული პროექტის შესაბამისად განხორციელდება, დაძინა მან.

„რამდენიმე დღეში ველოდებით დეტალურ პროექტს, რომლის მიხედვითაც დაიწყება მეორე ეტაპის სამუშაოები... ბუნებრივია, ჩვენც გვეჩქარება საავტომობილო მოძრაობის აღდგენა, თუმცა, პირველ რიგში, აუცილებელია დავრწმუნდეთ, რომ იგი გადაადგილებისთვის უსაფრთხო იქნება", - განაცხადა ბენდელიანმა.

მეწყრული პროცესების გააქტიურების შემდეგ თბილისის მერიამ მეწყერსაშიშ ტერიტორიაზე დაამონტაჟა მონიტორინგის თანამედროვე სისტემა, რომელიც 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფს მეწყრულ პროცესებზე ზუსტი ინფორმაციის მიღებას.

ამჟამად მეწყრის რისკები მერიის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად შემცირებულია.

0
თემები:
თბილისის მერია