გიორგი გახარია

გახარია ივანიშვილზე: მქონდა დაკავშირების მცდელობა, მაგრამ ეს კავშირი ვერ შედგა

66
(განახლებულია 01:22 09.06.2021)
გიორგი გახარია პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ „ქართული ოცნების“ მხრიდან კრიტიკის მთავარი სამიზნე გახდა.

თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გამოტყდა, რომ გადადგომამდე შეეცადა დაკავშირებოდა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ეს ბოლო საუბარი არ შედგა.

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი მიმდინარე წლის თებერვალში დატოვა უთანხმოებების გამო, რომელიც ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების თარიღს უკავშირდებოდა. ოთხი თვის შემდეგ ის პოლიტიკას ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ამპლუაში დაუბრუნდა და დააფუძნა პარტია „საქართველოსთვის“.

„მე მქონდა მცდელობა მასთან (ივანიშვილთან - რედ.) დაკავშირების სწორედ მაშინ, როდესაც დავრწმუნდი, რომ ადამიანები, რომლებსაც ამის არანაირი შესაძლებლობა არ ჰქონდათ და ვერასდროს გაბედავდნენ, ერეოდნენ ჩემს კომპეტენციაში. მქონდა მცდელობა დაკავშირების, რომ გამერკვია, რა ხდებოდა. ეს კავშირი ვერ შედგა და ამის შემდგომ დავუძახე ჟურნალისტებს და გავაკეთე განცხადება (გადადგომის შესახებ - რედ.)“, - განაცხადა გახარიამ.

საკუთარი გადადგომის შესახებ საუბრისას გახარიამ მიანიშნა, რომ პარტიაში ზეგავლენები იგრძნობოდა, „უხილავი ხელები მოქმედებდნენ“ იმისათვის, რომ მელიას დაკავება დაჩქარებულიყო, მიუხედავად მისი, როგორც პრემიერ-მინისტრის პოზიციისა სპეცოპერაციის გადადებასთან დაკავშირებით.

ამავე დროს ყოფილმა პრემიერმა გააკრიტიკა ბიძინა ივანიშვილი იმის გამო, რომ მან ძალაუფლება სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის ვერ გადაანაწილა.

„ჩვენ არ გვყოლია  არც ერთი მმართველი, რომელმაც შეძლო, თავისი პერსონალური ძალაუფლება გადაენაწილებინა ინსტიტუტების სიძლიერეზე. ვიდრე ამას არ გავაკეთებთ, არაფერი არ იქნება. სამწუხაროდ, მათ შორის ბიძინა ივანიშვილსაც ვგულისხმობ“, – განაცხადა გახარიამ და აღნიშნა, რომ სწორედ ამის გამო საქართველოში თითოეული პარტია მმართველობის მეხუთე-მეექვსე წელიწადს „კერპდება“ და აყალიბებს იმ შეხედულებას, რომ „ვინც ჩემთან არ არის, ჩემი მტერია“.

ამასთან, გახარია პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ „ქართული ოცნების“ მხრიდან კრიტიკის მთავარი სამიზნე გახდა. პარტიაში ის ქვეყნის ღალატში დაადანაშაულეს და მოღალატე უწოდეს.

 

66
გიორგი გახარია

„ქართულ ოცნებაში" განმარტეს თუ როდის დააკავებენ გახარიას

74
(განახლებულია 10:16 17.06.2021)
პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ გახარიამ შექმნა თავისი პარტია და სამიზნე ელექტორალური ჯგუფების თვალსაზრისით „ქართული ოცნების“ კონკურენტი გახდა.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ყოფილ პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიასთან მიმართებით გამოძიება მხოლოდ მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში შეიძლება დაიწყოს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" ერთ–ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

გახარიას მიმართ შესაძლო სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ საუბარი მასმედიაში მას შემდეგ დაიწყო, რაც მმართველი პარტიის ლიდერებმა იგი დაადანაშაულეს 2019 წლის 20–21 ივნისის ღამეს პარლამენტზე შტურმის თავიდან აცილების მიზნით სპეცოპერაციის დაგეგმვაში. მანამდე მმართველმა პარტიამ გახარია სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულა.

„როდესაც მან (გახარიამ - რედ.) მოითხოვა მელიას („ნაცმოძრაობის" ლიდერის - რედ.) დაკავების ღონისძიების გადადება ორი-სამი დღით, მაშინ როდესაც გვქონდა ინფორმაცია იმ დღეებში ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით, ეს ჩვენთვის ეჭვის საფუძველი გახდა, მაგრამ გამოძიების შესახებ საუბარი შეიძლება მაშინ დაიწყოს თუ კონკრეტული ფაქტები იქნება", - განაცხადა მდინარაძემ.

ივნისის დასაწყისში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გახარიას მხრიდან პრემიერის პოსტის დატოვების თაობაზე სკანდალური დეტალები გაასაჯაროვა და მისი პერსონა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დაუკავშირა.

მისი მტკიცებით, ყოფილ მმართველ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდა გეგმა ძალისმიერი მეთოდებით ხელისუფლების ორ-სამ დღეში შეცვლის და თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში იყვნენ ადამიანები, რომლებიც მზადყოფნა გამოთქვამდნენ ალტერნატიული მთავრობის მხარეს გადასულიყვნენ.

კობახიძის თქმით, „ნაცმოძრაობის" გეგმებთან გახარიას კავშირებზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ სწორედ ამ ვადით, ორი-სამი დღით ითხოვდა გახარია "ნაცმოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას დაკავების გადავადებას. თუმცა, კობახიძე ასევე ამტკიცებს, რომ არ იცის ძალოვანი სტრუქტურებიდან ვინ იყო მზად გადასულიყო ალტერნატიულ მთავრობაში, მაგრამ მისთვის ზუსტადაა ცნობილი რომ მიხეილ სააკაშვილი 19 თებერვლისთვის გეგმავდა საქართველოში დაბრუნებას.

მმართველი პარტიის საპასუხოდ გახარიას პარტიამ მოითხოვა გამოძიების და მტკიცებულებების წარმოდგენა - პარტიამ საქართველოს პროკურატურასაც მიმართა, კობახიძემ კი გახარიას წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად მზადყოფნა გამოთქვა.

74
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტს ანგარიშს 25 ივნისს ჩააბარებს

33
ღარიბაშვილისთვის ეს იქნება პირველი ანგარიში საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში 2015 წელს მისი გადადგომიდან თითქმის ექვსი წლის შემდეგ.

თბილისი, 16 ივნისი - Sputnik. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ წლიურ ანგარიშს პარლამენტს მომდევნო კვირაში, 25 ივნისს წარუდგენს.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, მთავრობის მეთაურის ანგარიშის მოსმენით პარლამენტი საგაზაფხულო სესიის ფარგლებში მუშაობას დაასრულებს.

პრემიერ მინისტრის 154-გვერდიანი ანგარიში უკვე გამოქვეყნდა პარლამენტის ვებგვერდზე და მისი დაახლოებით ნახევარი საგარეო პოლიტიკასა და თავდაცვას ეძღვნება. ანგარიშში ასევე ყურადღება ეთმობა კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლას, ჯანდაცვის, ეკონომიკის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის საკითხებს.

ანგარიშის წარდგენის შემდეგ ღარიბაშვილს დეპუტატების შეკითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს. პარლამენტის 150 წევრიდან მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას" 84 ადგილი აქვს, დანარჩენი ოპოზიციურმა პარტიებმა გადაინაწილეს.

ღარიბაშვილისთვის ეს იქნება პირველი ანგარიში საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში თითქმის ექვსი წლის შემდეგ. 2015 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, 2021 წლის თებერვალში მან კვლავ მოიპოვა პარლამენტის ნდობა და ამ პოსტზე გადამდგარი გიორგი გახარია შეცვალა.

ახლა გახარიას პარტიის წევრებს, ისევე როგორც ოპოზიციური სპექტრის სხვა წარმომადგენლებს, შესაძლებლობა ექნებათ ღარიბაშვილისგან მოისმინონ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.

33
ეპიდემია საქართველოში

COVID-19 რეგიონებში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

0
(განახლებულია 11:59 17.06.2021)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 741-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 356.920-ს მიაღწია.

თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 741 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 414 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ ქვემო ქართლია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი - 82, ქვემო ქართლი - 50, შიდა ქართლი - 40, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 39, აჭარა - 38, კახეთი - 37, მცხეთა-მთიანეთი - 16, სამცხე-ჯავახეთი - 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 945 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 342.720-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 18 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5.114-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 9.060 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 2.926 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 1.618, აჭარაში – 234, იმერეთში – 388.

647 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 181 პირი, მათგან თბილისში – 118, აჭარაში – 9, იმერეთში – 14. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 602 ადამიანი, მათ შორის 348 – თბილისში, 221 – აჭარაში. 5.532 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 42 ადამიანი, ყველა მათგანი – თბილისში.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11.150 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 4.122, აჭარაში – 1.469, იმერეთში – 1.097.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 741-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 356.920-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

0
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები