პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობით ამუშავდა

30
„ნაცმოძრაობის“ დეპუტაცია პარლამენტში სამუშაო დღის ბოლოს გამოჩნდა, ამიტომ პირველ სამუშაო დღეს აქტიურობის გამოვლენა 32 დეპუტატიდან ვერც ერთმა ვერ მოასწრო.

თბილისი, 8 ივნისი - Sputnik. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა დაიკავეს თავიანთი ადგილები პარლამენტის სხდომათა დარბაზში და საკანონმდებლო ორგანო მუშაობას ფაქტობრივად სრული შემადგენლობით აგრძელებს.

„ნაცმოძრაობა“, რომელსაც კიდევ რამდენიმე ოპოზიციონერ დეპუტატთან ბლოკში 32 დეპუტატი ჰყავს, გასულ კვირაში თითქმის შვიდთვიანი ბოიკოტის შემდეგ პარლამენტში შესვლაზე დათანხმდა.

დეპუტაცია პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაგვიანებით შევიდა. იმ დროისთვის პარლამენტმა დეპუტატების პოლიტიკურ განცხადებებს მოუსმინა და რამდენიმე კანონპროექტი განიხილა.

პარლამენტში გამოჩენამდე „ნაცმოძრაობის“ დეპუტატები ჟურნალისტებთან მცირე კომენტარებით შემოიფარგლნენ.

„მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში ძალიან საინტერესო პროცესები გელოდებათ“, – განაცხადა „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ.

„ნაცმოძრაობის“ გარდა, პარლამენტში პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანიც გამოჩნდა.

პირველ სხდომაზე „ნაცმოძრაობამ“ განცხადების გაკეთება ვერ მოახერხა. ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში ავტომობილის მართვისთვის სასჯელის გამკაცრების შესახებ ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ, პარლამენტში ოთხშაბათამდე შესვენება გამოცხადდა.

როგორც ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე ის გარკვეული განცხადებების გაკეთებას გეგმავს.

 

 

 

30
გიორგი გახარია

„ქართულ ოცნებაში" განმარტეს თუ როდის დააკავებენ გახარიას

87
(განახლებულია 10:16 17.06.2021)
პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ გახარიამ შექმნა თავისი პარტია და სამიზნე ელექტორალური ჯგუფების თვალსაზრისით „ქართული ოცნების“ კონკურენტი გახდა.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ყოფილ პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიასთან მიმართებით გამოძიება მხოლოდ მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში შეიძლება დაიწყოს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" ერთ–ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

გახარიას მიმართ შესაძლო სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ საუბარი მასმედიაში მას შემდეგ დაიწყო, რაც მმართველი პარტიის ლიდერებმა იგი დაადანაშაულეს 2019 წლის 20–21 ივნისის ღამეს პარლამენტზე შტურმის თავიდან აცილების მიზნით სპეცოპერაციის დაგეგმვაში. მანამდე მმართველმა პარტიამ გახარია სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულა.

„როდესაც მან (გახარიამ - რედ.) მოითხოვა მელიას („ნაცმოძრაობის" ლიდერის - რედ.) დაკავების ღონისძიების გადადება ორი-სამი დღით, მაშინ როდესაც გვქონდა ინფორმაცია იმ დღეებში ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით, ეს ჩვენთვის ეჭვის საფუძველი გახდა, მაგრამ გამოძიების შესახებ საუბარი შეიძლება მაშინ დაიწყოს თუ კონკრეტული ფაქტები იქნება", - განაცხადა მდინარაძემ.

ივნისის დასაწყისში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გახარიას მხრიდან პრემიერის პოსტის დატოვების თაობაზე სკანდალური დეტალები გაასაჯაროვა და მისი პერსონა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დაუკავშირა.

მისი მტკიცებით, ყოფილ მმართველ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდა გეგმა ძალისმიერი მეთოდებით ხელისუფლების ორ-სამ დღეში შეცვლის და თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში იყვნენ ადამიანები, რომლებიც მზადყოფნა გამოთქვამდნენ ალტერნატიული მთავრობის მხარეს გადასულიყვნენ.

კობახიძის თქმით, „ნაცმოძრაობის" გეგმებთან გახარიას კავშირებზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ სწორედ ამ ვადით, ორი-სამი დღით ითხოვდა გახარია "ნაცმოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას დაკავების გადავადებას. თუმცა, კობახიძე ასევე ამტკიცებს, რომ არ იცის ძალოვანი სტრუქტურებიდან ვინ იყო მზად გადასულიყო ალტერნატიულ მთავრობაში, მაგრამ მისთვის ზუსტადაა ცნობილი რომ მიხეილ სააკაშვილი 19 თებერვლისთვის გეგმავდა საქართველოში დაბრუნებას.

მმართველი პარტიის საპასუხოდ გახარიას პარტიამ მოითხოვა გამოძიების და მტკიცებულებების წარმოდგენა - პარტიამ საქართველოს პროკურატურასაც მიმართა, კობახიძემ კი გახარიას წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად მზადყოფნა გამოთქვა.

87
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტს ანგარიშს 25 ივნისს ჩააბარებს

33
ღარიბაშვილისთვის ეს იქნება პირველი ანგარიში საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში 2015 წელს მისი გადადგომიდან თითქმის ექვსი წლის შემდეგ.

თბილისი, 16 ივნისი - Sputnik. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ წლიურ ანგარიშს პარლამენტს მომდევნო კვირაში, 25 ივნისს წარუდგენს.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, მთავრობის მეთაურის ანგარიშის მოსმენით პარლამენტი საგაზაფხულო სესიის ფარგლებში მუშაობას დაასრულებს.

პრემიერ მინისტრის 154-გვერდიანი ანგარიში უკვე გამოქვეყნდა პარლამენტის ვებგვერდზე და მისი დაახლოებით ნახევარი საგარეო პოლიტიკასა და თავდაცვას ეძღვნება. ანგარიშში ასევე ყურადღება ეთმობა კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლას, ჯანდაცვის, ეკონომიკის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის საკითხებს.

ანგარიშის წარდგენის შემდეგ ღარიბაშვილს დეპუტატების შეკითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს. პარლამენტის 150 წევრიდან მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას" 84 ადგილი აქვს, დანარჩენი ოპოზიციურმა პარტიებმა გადაინაწილეს.

ღარიბაშვილისთვის ეს იქნება პირველი ანგარიში საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში თითქმის ექვსი წლის შემდეგ. 2015 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, 2021 წლის თებერვალში მან კვლავ მოიპოვა პარლამენტის ნდობა და ამ პოსტზე გადამდგარი გიორგი გახარია შეცვალა.

ახლა გახარიას პარტიის წევრებს, ისევე როგორც ოპოზიციური სპექტრის სხვა წარმომადგენლებს, შესაძლებლობა ექნებათ ღარიბაშვილისგან მოისმინონ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.

33
ეკატერინე ტიკარაძე

ტიკარაძე: საქართველოს ვაქცინების ფართო ასორტიმენტი ექნება

0
(განახლებულია 12:45 17.06.2021)
ქვეყანაში სხვადასხვა დასახელების ვაქცინების ახალი დოზები ივლისიდან შემოვა, საუბარია ჯამში დაახლოებით 3,2 მლნ დოზა ვაქცინაზე.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. საქართველოში უახლოეს მომავალში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ფართო არჩევანი და საკმარისი მარაგი იქნება, განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან.

ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში ვაქცინების შემოტანასთან დაკავშირებით რამდენიმე მწარმოებელთან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ამა თუ იმ ვაქცინის შემოტანის კონკრეტული ვადა არ სახელდება, თუმცა მინისტრი პირობას დებს, რომ ახლო მომავალში საქართველოს მოქალაქეებს ვაქცინების არჩევის საშუალება ექნებათ.

„უახლოეს მომავალში ვაქცინების ფართო ასორტიმენტი გვექნება, რის საფუძველზეც მასობრივ ვაქცინაციას დავიწყებთ. საუბარია, როგორც Moderna-ზე, ისე Jonson&Jonson-სა და Novovax-ზე. აქედან გამომდინარე, მოქალაქეებს არჩევანის საშუალება ექნებათ, რათა მიიღონ გადაწყვეტილება და იზრუნონ როგორც საკუთარ ჯანმრთელობაზე, ისე დღეისთვის მთავარი პრობლემის - ვაქცინაციის გზით პანდემიის დამარცხებაზე", - განაცხადა ტიკარაძემ.

როგორც კვირის დასაწყისში ჯანდაცვის უწყებაში განმარტეს, საქართველოში უახლოეს პერიოდში ექვსი კომპანიის ვაქცინა შემოვა. კერძოდ, ივლისიდან ოქტომბრამდე  ქვეყანა სხვადასხვა კომპანიისგან 3,2 მლნ დოზა ვაქცინას მიიღებს.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობის მნიშვნელობა და დასძინა, რომ საქართველოს იმ რეგიონებში, სადაც დიდი მობილობა შეინიშნება ბრიგადები დაემატა და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

ამ დროისთვის საქართველოში 184 ბრიგადა მუშაობს. თბილისში დამატებით 16 ჰოსპიტალი და პირველადი ჯანდაცვის 15 დაწესებულება მზად არის ეტაპობრივად ჩაერთოს ვაქცინაციის პროგრამაში,

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან AstraZeneca-ს, 30 მარტიდან კი Pfizer-ის ვაქცინებით დაიწყო. ვაქცინაციის პროცესში 4 მაისიდან ჩინური Sinopharm-ი ჩაერთო, 24 მაისიდან კი Sinovac-ი. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო, თუმცა შემდგომ პროგრამა გაფართოვდა და ამჟამად იმუნიზაციის პროცესში ჩართვა 18 წელს ზემოთ პირებისთვის არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში სულ 221.156 ადამიანია აცრილი, სრულად, ორი დოზით ვაქცინირებულია 74.495 ადამიანი.

0
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები