Парламент Грузии - депутаты в зале заседаний

ორი ახალი ოპოზიციური ფრაქცია პარლამენტში რეგისტრაციის პროცედურებს გადის

29
(განახლებულია 22:08 07.06.2021)
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღეს კენჭი უყარა ორი ოპოზიციური ფრაქციის და ერთი პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაციის საკითხს.

თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა ორი ახალი ფრაქციის ჩამოყალიბებას. ესენია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ 32 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. მას ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს. მისი მოადგილეები იქნებიან ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბოტკოველი და ნატო ჩხეიძე.

ეს იქნება ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქცია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ბლოკიდან ყველა დეპუტატს გააერთიანებს გრიგოლ ვაშაძის, სალომე სამადაშვილის, თამარ კორძაიასა და ხათუნა სამნიძის გარდა.

რაც შეეხება ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფს“, მასში სამი დეპუტატია „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ – თეონა აქუბარდია, პაატა მანჯგალაძე, გიორგი ვაშაძე. ასევე პარტიის „გირჩი – მეტი თავისუფლება" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, დამოუკიდებელი დეპუტატები გრიგოლ ვაშაძე („ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე) და ტარიელ ნაკაიძე („ევროპული საქართველოს" ყოფილი წევრი). ფრაქციას „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე უხელმძღვანელებს. მისი მოადგილე პაატა მანჯგალაძე იქნება.

საპროცედურო საკითხთა და წესების დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთი პოლიტიკური ჯგუფი ჩამოყალიბდა – „ევროპელი სოციალისტები“. ოთხკაციანი პოლიტიკური ჯგუფის ლიდერობა ფრიდონ ინჯიამ იკისრა.

ახალი რეგლამენტით პოლიტიკური ჯგუფი ზუსტად იმავე უფლებებითა და პრივილეგიებით სარგებლობს, რითიც საპარლამენტო ფრაქცია.

პირველი ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქცია მეათე მოწვევის პარლამენტში „ლელომ“ ჩამოაყალიბა დამოუკიდებელ დეპუტატებთან სალომე სამადაშვილთან, არმაზ ახვლედიანთან და შალვა შავგულიძესთან ერთად. ის დარეგისტრირებულია სახელწოდებით „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“.

ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი პარლამენტში ექვსთვიანი ბოიკოტის შემდეგ, 27 აპრილს შევიდა. მათ ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შეთანხმებას საქართველოს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის შესახებ. ყველაზე ბოლოს პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო ბლოკმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“.

პარლამენტში სულ 150 დეპუტატია. აქედან 84 მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს.

29
თემები:
საქართველოს პარლამენტი (314)
გიორგი გახარია

გიორგი გახარია ბრიუსელის შემდეგ შეხვედრებს აშშ–ში გამართავს

18
(განახლებულია 12:49 21.06.2021)
ვიზიტის ფარგლებში გახარიას შეხვედრები აქვს დაგეგმილი სახელმწიფო დეპარტამენტის, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებთან.

თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბრიუსელის შემდეგ სამუშაო ვიზიტით აშშ–ში გაემგზავრა, იუწყება პარტიის „საქართველოსთვის" პრეს-სამსახური.

ვაშინგტონში მას შეხვედრები აქვს დაგეგმილი აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, საექსპერტო, აკადემიური და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებთან. გახარიასთან ერთად აშშ–ში გამგზავრნენ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი კახაბერ ქემოკლიძე და ექს–პრემიერის პოლიტიკური მრჩეველი ლევან დოლიძე. 

გახარია აშშ–ში ბრიუსელიდან გ აემგზავრა, სადაც სამუშაო შეხვედრები გამართა დასავლელ პარტნიორებთან –  ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ოფისში, ევროპარლამენტის დეპუტატებთან, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სამსახურისა და ნატოს წარმომადგენლებთან.

გახარიამ პრემიერის პოსტი და მმართველი პარტია მიმდინარე წლის თებერვალში დატოვა. მიზეზი პარტიის ხელმძღვანელობასთან, მათ შორის, მის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან უთანხმოება გახდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრების გამო. წასვლის შემდეგ მან თავისი პარტია შექმნა, „ქართული ოცნება" გააკრიტიკა და ბრალად დასდო, რომ ის საკუთარ პარტიულ ინტერესებზე უფრო ზრუნავს, ვიდრე სახელმწიფოზე. ამის პასუხად მმართველმა პარტიამ და ბიძინა ივანიშვილმა გახარიას "სახელმწიფოს ღალატში" დასდეს ბრალი.

გადადგომის მომენტში გახარია პოპულარული პოლიტიკოსი იყო. მისმა პოსტებმა და ფოტოებმა სოციალურ ქსელებში ათასობით მოწონება დაიმსახურა, რაც ქართული პოლიტიკისთვის რეკორდია.

აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვის თანახმად (2021 წლის თებერვალში, გადადგომამდე), საქართველოში პოპულარულ პერსონებს შორის, პატრიარქ ილია მეორის შემდეგ, გახარიას მეორე ადგილი ეკავა.

ჯერ კიდევ პარტიის შექმნამდე მან თავის მხარეს გადაიბირა პარლამენტის ექვსი დეპუტატი, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებული რეგიონული ჩინოვნიკების ნაწილი.

18
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის საპარლამენტი არჩევნებში ფაშინიანის პარტიამ გაიმარჯვა

33
(განახლებულია 14:22 21.06.2021)
სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საკუთარი არჩევანი 1.281.174-მა ადამიანმა (49,4%) გააკეთა.

თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. სომხეთში გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე პრემიერის მოვალეობის შემსრულებლის ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ „სამოქალაქო შეთანხმება“ გაიმარჯვა, იუწყება „Sputnik–სომხეთი“

ცესკოს მონაცემებით, 2.008 საარჩევნო უბანზე 1.281.911 ბიულეტენის დათვლის შედეგად, ფაშინიანის პარტიამ ხმების 53,92% (687.251) მიიღო, სომხეთის ექს-პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის ბლოკმა „სომხეთი“ კი ხმების 21,04% (268.165). სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის ბლოკმა „პატივი მაქვს“ მიიღო ხმების 5,23% (66.633),  პარტიამ „აყვავებული სომხეთი“ – 3,96% (50.416), ხოლო პარტიამ „რესპუბლიკა" - 3,04% .

20 ივნისს სომხეთში არჩევნები 2.008 საარჩევნო უბანზე გაიმართა. საარჩევნო სიებში 2.583.823 მოქალაქე იყო რეგისტრირებული. საკუთარი არჩევანი 1.281.174-მა ადამიანმა (49,4%) გააკეთა.

საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 21-მა პარტიამ და ოთხმა ბლოკმა.

 

33
ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი

პრინცი უილიამი მეგან მარკლს „ძმის გატაცებაში“ ადანაშაულებს

0
(განახლებულია 14:19 21.06.2021)
მას შემდეგ, რაც პრინცი ჰარი და მეგან მარკლი დიდი ბრიტანეთიდან ამერიკაში გადავიდნენ საცხოვრებლად, ორ ძმას შორის ურთიერთობა დაიძაბა

ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ II- ის შვილიშვილმა, კემბრიჯის ჰერცოგმა უილიამმა სასექსის ჰერცოგინია მეგანი დაადანაშაულა „მისი ძმის გატაცებაში“. ამის შესახებ ბრიტანელი ისტორიკოსი და ბიოგრაფი რობერტ ლეისი ახალ წიგნში „ძმების ბრძოლა: უილიამი და ჰარი - მეგობრობა და მტრობა“ წერს, რომლის ამონარიდიც მოჰყავს The Sun- ს.

ლეისის თქმით, პრინცი უილიამი დარწმუნებულია, რომ მეგან მარკლი ფარულ გეგმას მისდევს, რომლის თანახმად, მას სურს მისი ძმის პრინცი ჰარის ოჯახიდან „გატაცება“ და ნათესავების წინააღმდეგ მიმართვა. გარდა ამისა, კემბრიჯის ჰერცოგმა იგი დაადანაშაულა „მონარქიის ზოგიერთი ძვირფასი პრინციპის დარღვევაში“.

ლეისმა ასევე აღნიშნა, რომ უილიამი ნაწყენად და დაღალატებულად გრძნობს, ხოლო მის მეუღლეს ქეით მიდლტონს „თავიდანვე ეშინოდა მარკლის“. ამის შესახებ მან მაშინ შეიტყო, როდესაც პრინცმა ჰარიმ შეურაცხყოფა მიაყენა თავის ძმას და შეწყვიტა მის ზარებზე პასუხის გაცემა.

კენსინგტონის სასახლემ კომენტარის გაკეთება არ ისურვა მწერლის ბრალდებებზე.

ივნისის დასაწყისში სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ მეორე და მესამე ადგილი დაიკავეს დაწესებულების ყველაზე პატივცემული წევრების გამოკითხვაში. გამოკითხვის შედეგების თანახმად, აღმოჩნდა, რომ დედოფალი ელისაბედ II უდიდესი პატივისცემით სარგებლობს ახალგაზრდებს შორის, რომლებმაც ხმების 25 პროცენტი მიიღეს. მეორე ადგილზე იყო პრინცი ჰარი 22 პროცენტით, ხოლო მესამე ადგილი დაიკავა მისმა მეუღლემ მეგან მარკლმა, რომელსაც რესპონდენტთა 21 პროცენტი ანიჭებს უპირატესობას.

0
თემები:
სამეფო ოჯახის ამბები