დავით ზალკალიანი და ედგარს რინკევიჩსი

ლატვია საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო 15 ათას დოზა ვაქცინას გადმოსცემს

32
(განახლებულია 21:49 07.06.2021)
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა თბილისში თავის ქართველ კოლეგა დავით ზალკალიანთან გამართა.

თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. ლატვია საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო 15 ათას დოზა ვაქცინას უსასყიდლოდ გადმოსცემს. ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა თავის ქართველ კოლეგასთან დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

შეხვედრაზე ორი სახელმწიფოს საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი პოლიტიკური თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი, ასევე იმსჯელეს სახელმწიფოთაშორისი კავშირების შემდგომ გაღრმავებაზე, გლობალური და რეგიონული პოლიტიკის საკითხებზე.

„მოხარული ვარ, რომ მივეცით ბიძგი პროცესებს და, ლოგისტიკური საკითხის გათვალისწინებით, „კოვიდის“ საწინააღმდეგო 15 ათასი დოზა ვაქცინა გადმოეცემა საქართველოს", – განაცხადა რინკევიჩსმა.

ლატვიელმა მინისტრმა აღნიშნა, რომ პანდემიასთან ბრძოლაში ერთობლივი ძალისხმევა ძალზე მნიშვნელოვანია.

რინკევიჩსი ასევე შეეხო პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხებს და აღნიშნა, რომ ავიაკომპანია Air Baltic თბილისი–რიგის მიმართულებით ფრენებს ახორციელებს კვირაში სამჯერ და იმედი გამოთქვა, რომ ტურისტული მიმოსვლა მალე დაუბრუნდება პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას.

დავით ზალკალიანმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ლატვია საქართველოს უახლოესი მოკავშირეა და საქართველო განსაკუთრებით აფასებს იმ ლოიალურობასა და მეგობრობას, რომელსაც ლატვია და მინისტრი ედგარს რინკევიჩსი ამჟღავნებდნენ და ამჟღავნებენ საქართველოსადმი მრავალი წლის განმავლობაში.

„ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის ედგარს რინკევიჩსის ვიზიტი ჩვენს ქვეყნებს შორის შედეგზე ორიენტირებული პარტნიორობის ნათელი გამოხატულება და საქართველოსადმი ლატვიის მხარდაჭერის მკაფიო გზავნილია", – განაცხადა ზალკალიანმა.

ვიზიტის ფარგლებში რინკევიჩსი ასევე შეხვდება პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას.

საქართველომ და ლატვიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის 11 მარტს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, კულტურის, განათლების, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის სფეროებში.

32
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (305)
საქართველოში ლტოლვილთა მსოფლიო დღე სოლიდარობის მარშით აღნიშნეს

საქართველოში ლტოლვილთა მსოფლიო დღე სოლიდარობის მარშით აღნიშნეს

18
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანაში ძალიან ბევრია იძულებით გადაადგილებული ოჯახი.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. ლტოლვილთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც 20 ივნისს აღინიშნება, თბილისის ბოტანიკურ ბაღში სოლიდარობის მარში გაიმართა, იუწყება Sputnik-კორესპონდენტი.

მარშში მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ათეულმა ადამიანმა, მათ შორის საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

„მადლობა, რომ აქ ხართ და გვიერთდებით მსოფლიოს ლტოლვილთა დღის აღნიშვნაში. უამრავი ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკუთარი საცხოვრებელი კონფლიქტებისა და ომების გამო. გასულ წელს ასეთ მდგომარეობაში 80 მილიონზე მეტი ადამიანი იყო. თითოეულ ადამიანს თავისი ისტორია აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სოლიდარობა ვაჩვენოთ“, - განაცხადა საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საბინე მახლიმ.

შეკრებილებს მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამაც, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანაში ძალიან ბევრია იძულებით გადაადგილებული ოჯახი.

„ჩვენი ვალია, ყოველთვის შევეცადოთ, მაქსიმუმი გავაკეთოთ, გვერდში დავუდგეთ და გავუადვილოთ მათ ცხოვრება“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

ლტოლვილთა მსოფლიო დღე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2000 წელს დააწესა.

ყოველწლიურად 20 ივნისს, გაერო, გაეროს ლტოლვილთა სააგენტო (UNHCR) სამოქალაქო საზოგადოებები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ატარებენ ღონისძიებებს, რათა საზოგადოების ყურადღება მიიპყრონ მილიონობით ლტოლვილზე და ქვეყნების შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირებზე, რომლებსაც ომების, კონფლიქტების და დევნის გამო საკუთარი სახლების იძულებით დატოვება მოუხდათ.

2021 წელს ლტოლვილთა მსოფლიო დრე ინკლუზიის ძალას მიეძღვნა.

ამ დღე გაერო მოუწოდებს ლტოლვილების მეტი ჩართულობისკენ ჯანდაცვის, განათლების სისტემაში და სპორტში.

18
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

ევროსასამართლომ 20 ივნისს დაზარალებულთა საქმეების განხილვა დაიწყო

28
(განახლებულია 20:52 18.06.2021)
საია-ს ინფორმაციით, ევროპის სასამართლოში წარდგენილი საჩივრები წარმოაჩენს იმ სისტემურ პრობლემებს, რომლებსაც სახელმწიფოს მხრიდან აქციების ძალის გამოყენებით დაშლის დროს აქვს ადგილი

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაიწყო იმ  საჩივრების არსებითი განხილვა, რომლებიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიამ (საია) და ორგანიზაცია EHRAC-მ შეიტანეს 2019 წლის ივნისში აქციის დაშლის დროს დაზარალებული ჟურნალისტებისა და დემონსტრანტების სახელით, ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საია-მ აღნიშნულ საქმეებზე ორი სარჩელი 7 აპრილს წარადგინა, რომლებშიც საუბარია ძალის გადამეტებაზე და ეფექტიანი გამოძიების არჩატარებაზე. გაგზავნილი საჩივრები ჯამში 22 პირის საქმეს აერთიანებს, რომლებიც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალდნენ.

„ევროპულმა სასამართლომ საჩივარში დაყენებულ ყველა მუხლთან დაკავშირებით დაუსვა კითხვები საქართველოს მთავრობას. სასამართლოს მიერ დასმული კითხვების თანახმად, სახელმწიფომ სასამართლოს წინაშე უნდა წარადგინოს პოზიცია იმ საკითხზე, დაირღვა თუ არა ჟურნალისტებისა და აქციის მონაწილეების მიმართ საჩივარში მოხმობილი უფლებები“, - ნათქვამია განცხადებაში.

საია-ს ინფორმაციით, მხარეებს 2021 წლის 3 სექტემბრამდე მიეცათ ვადა შესათანხმებლად. თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარეებს შორის ამგვარი შეთანხმება ვერ შედგება, მთავრობა დამატებით 12 კვირიან ვადაში წარადგენს თავის მოსაზრებებს სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებთან დაკავშირებით.

ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა საია-ს ადვოკატების მოთხოვნა და დაავალა საქართველოს მთავრობას, წარმოადგინოს 2019 წლის 20-21 ივნისს აქციის დაშლასთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის მასალები.

გავრცელებული ინფორმაციით, გენერალური პროკურატურა არ რთავს ნებას დაზარალებულებს, გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის სრულ მასალებს. საია-ს ინფორმაციით, ეროვნულ დონეზე დაზარალებულის სტატუსი ამ დროისათვის საია-ს დაცვის ქვეშ მყოფი 22 პირიდან მხოლოდ სამს აქვს მინიჭებული.

  • საია კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ დაუშვებელია ამნისტიის/შეწყალების გამოყენება სახელმწიფოს წარმომადგენლების მიმართ, რომელბმაც ადამიანის უფლებათა წინააღმდეგ  სერიოზული დანაშაული ჩაიდინეს.

2019 წლის 20 ივნისს თბილისში პროტესტი რუსეთის სათათბიროს დეპუტატის, კომპარტიის წევრ სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის და პარლამენტში მისი გამოსვლის საპასუხოდ დაიწყო. აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგად პოლიციამ 300-ზე მეტი პირი დააკავა, 240 ადამიანი საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ორმა ადამიანმა, რომელთა შორის ერთ-ერთი 18 წლის მაია გომური იყო, პოლიციის მიერ ნასროლი რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად თვალი დაკარგა.

 

 

28
ლარის კუპიურა

მოლოდინების ფასი... ანუ  რამ დაამუხრუჭა ლარი?

0
(განახლებულია 16:22 19.06.2021)
მეორე თვეა ეროვნული ვალუტა მყარდება... რამდენ ხანს გასტანს ლარის აღმასვლის პროცესი და წონასწორობის რა ახალ ნიშნულს დაიკავებს ეროვნული ვალუტა?

 

სამსონ ხონელი

− ევრიკა!.. ეს დასკვნა ხანგრძლივი დაკვირვების შედეგია? −  ჩამეძიება მკითხველი ირონიული ტონით, თუმცა რეპლიკას არ შევიმჩნევ და განვაგრძობ თხრობას. წინამდებარე სტატიის პირველი სტრიქონების ჭეშმარიტებას კაცობრიობა დიდი ხანია აღიარებს, დავსძენ, რომ აღმართ-დაღმართის მონაცვლეობას ეროვნული ვალუტის  ბოლო პერიოდის თავგადასავალიც ადასტურებს... 

უკვე ერთ თვეზე მეტია, რაც ჩვენ ქვეყნის ეკონომიკისთვის ფრიად იშვიათი მოვლენის, ლარის გამყარების მომსწრენი ვართ. არადა, 2015 წლიდან მოყოლებული ეროვნული ვალუტა პოზიციებს თანდათან თმობდა. ლარმა ე.წ. ფსიქოლოგიური ბარიერი ორჯერ გადალახა. პირველად − როდესაც 1 ამერიკული დოლარის ღირებულება ჯერ 2.00 ლარს, ხოლო უკვე მეორედ, როდესაც − 3.00 ლარს გაუტოლდა. მხოლოდ გასულ წელს ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებაში საშუალოდ 15 პროცენტით გაუფასურდა. სავალუტო ბაზარზე პოზიტიურ ცვლილებებს არავინ ელოდა, მეტიც, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ღრმა ეკონომიკური რეცესიის პირობებში, ანალიტიკოსები ლარის შემდგომ გაუფასურებას პროგნოზირებდნენ... მოვლენები კი ყველასთვის მოულოდნელი სცენარით განვითარდა. ერთი თვის განმავლობაში ეროვნული ვალუტა თითქმის 30 პუნქტით გამყარდა. რატომ მყარდება ეროვნული ვალუტა? ეს კითხვა ამ ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ისმის.

კაცმა რომ თქვას, საფინანსო-ეკონომიკურ სისტემაში დიდად არაფერი შეცვლილა, საბიუჯეტო დეფიციტი, ფინანსური პრობლემებიც არ ამოწურულა, მაგრამ ეროვნული ვალუტა მაინც მყარდება. ვალუტის კურსს ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი განსაზღვრავს. ექსპერტ-ანალიტიკოსთა განმარტებით, საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების რამდენიმე გზა არსებობს. ეს არის: ექსპორტი, უცხოური ინვესტიციები, საერთაშორისო გზავნილები, ტურიზმი და საერთაშორისო საფინანსო კომპანიების მიერ გამოყოფილი გრანტები და კრედიტები. ანალიტიკოსთა შეფასებით, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ღრმა ეკონომიკური კრიზისის შედეგად, გასული წლის მარტიდან მოყოლებული მიმდინარე წლის თებერვლის ჩათვლით, ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები გაუარესდა, რამაც ლარის კურსზე უარყოფთად იმოქმედა. მიმდინარე წლის მარტში, პანდემიის პირობებში პირველად ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. აპრილის თვე რეკორდული აღმოჩნდა. მთლიანი შიდა პროდუქტი თითქმის 45 პროცენტით გაიზარდა. ქვეყანა ცდილობს, გამოვიდეს პესიმისტური გარემოდან. შეინიშნება დადებითი ტენდენციები, რაც ციფრებშიც აისახა. 

          

მიმდინარე წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ექსპორტი 16%–ით გაიზარდა, იმპორტი კი 3%–ით შემცირდა. ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 194.1 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც მარტის თვის მაჩვენებელზე 3.02%–ით მეტია. ერთი სიტყვით, ეკონომიკური პარამეტრები გაუმჯობესდა. ამასთან ერთად, ფსიქოლოგიური ფაქტორიც უნდა გავითვალისწინოთ.  გაუარესებული მოლოდინების ვითარებაში, ლარი უფასურდება, ხოლო თუ მოლოდინები ოპტიმისტურია − მყარდება  მაისის შუა რიცხვებიდან COVD-19-ის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებამ კი სავალუტო ბაზარზე დადებითად იმოქმედა... ამას მალევე სახმელეთო საზღვრების გახსნაც მოჰყვა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე აღნიშნავს, ამ ყველაფრის ეკონომიკურ ეფექტს ეროვნული ვალუტაც და ჩვენც ოდნავ მოგვიანებით ვიგრძნობთ. მისი თქმით, ვაქცინაციის ტემპიც თუ დაჩქარდება, ეკონომიკის აღდგენის პროცესი უფრო სწრაფად წავა.

„სახმელეთო საზღვრების გახსნის შედეგად, ტურიზმის სექტორში მდგომარეობა ნელ-ნელა უმჯობესდება და სხვადასხვა პროგნოზით მიმდინარე წლის განმავლობაში ტურიზმიდან ქვეყანაში 1-1.5 მილიარდი დოლარი შეიძლება შემოვიდეს, რაც დამატებით დადებითად აისახება, როგორც ეკონომიკაზე, ასევე ეროვნული ვალუტის კურსზეც...“, − აცხადებს გიორგი კეპულაძე და დასძენს, რომ ეროვნული ვალუტის გამყარებას, როგორც წესი, ლარში დანაზოგების ზრდაც მოჰყვება. ნდობა იმატებს ეროვნული ვალუტის მიმართ და ეს მომხმარებლის ქცევაზეც აისახება. 

კეპულაძე გვირჩევს, რომ თანხა იმ ვალუტაში დავზოგოთ, რაშიც შემოსავალი გვაქვს. თან ლარში ანაბრებზე საპროცენტო სარგებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე უცხოურ ვალუტაში, რაც ანეიტრალებს იმ რისკებს, რომელიც გაუფასურებას შეიძლება მოჰყვეს. მისი თქმით, ლარისადმი ნდობის ზრდას ხელს რამდენიმე ფაქტორი უწყობს. ეს არის დაბალი და სტაბილური ინფლაცია, ასევე სტაბილური გაცვლითი კურსი და რაც შეიძლება ნაკლები ეკონომიკური რყევა... ეროვნული ვალუტის კურსის პროგნოზირებისგან გიორგი კეპულაძე თავს იკავებს. აღნიშნავს, რომ თუ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა გამოსწორდება, ეს ლარზეც დადებითად აისახება. მისივე შეფასებით, ლარი ჩვენი ეკონომიკის თერმომეტრია, რომელიც მის რეალურ მდგომარეობას გვიჩვენებს...

სამართლიანობა მოითხოვს და უნდა ითქვას, ეროვნული ვალუტის კურსზე მოლოდინების შესაძლო გავლენას ყველა როდი აღიერებს, მეტიც, ზოგი ამ საკითხს ირონიულად აფასებს...

„იმ თანხის ნაწილი, რომელიც ქვეყანაში ბიუროკრატიასა და ეროვნულ ბანკზე იხარჯება, ილონ მასკს რომ მივცეთ და მოლოდინებზე ვასაუბროთ, ის გაცილებით მეტ მოლოდინს შექმნის და გაამყარებს ლარს, ვიდრე ის, რაზეც ჩვენი ძვირფასი კობა გვენეტაძე საუბრობს...“, −  ამ სიტყვების ავტორი დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონიაა. მთავრობის, ეროვნული ბანკისა და აკადემიური წრეების წარმომადგენელთა შეფასებას, ლარის კურსის ბოლოდროინდელ ცვლილებაზე მოლოდინების გავლენს თაობაზე, ივა ჭყონია არ იზიარებს და ჩვენს ყურადღებას ლარის კურსის არასტაბილურობაზე ამახვილებს. მისი თქმით, არცთუ იშვიათად, ერთი სავაჭრო დღის განმავლობაში გაცვლითი კურსი ჯერ მკვეთრად მყარდება და შემდეგ ისევ უფასურდება. შესაბამისად, ძნელია ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილების პროგნოზირება. შედეგად, ლარის მიმართ ბიზნესის და მოსახლეობის ნდობა ძალიან დაბალია. 

„რა მოლოდინებზეა საუბარი?! ლოგიკურად რომ მივყვეთ მოლოდინი არის, რომ ეკონომიკა გაცოცხლდა და მეტი ტურისტი შემოვა. ასეთი მოლოდინის შემთხვევაში, ძალიან მარტივია, რომ მარაგებს შექმნიან კომპანიები. როდესაც ელოდები, რომ მეტი ტურისტი შემოვა, მეტი სტუმარი გეყოლება, შესაბამის მარაგს ქმნი, ანუ როდესაც მარაგს ქმნი, მეტი პროდუქტის იმპორტი გიწევს, მოთხოვნა არის მაღალი უცხოურ ვალუტაზე, რომელიც ჯერ კიდევ არ შემოსულა ქვეყანაში, ეს უნდა იწვევდეს ლარის გაუფასურებას. ჩვენთან მოხდა პირიქით...“, − აცხადებს ივა ჭყონია.

დროა, ეროვნული ბანკის მოსაზრებასაც გავეცნოთ. კობა გვენეტაძის უწყებაში აცხადებენ, რომ ბოლო ერთ თვეში ლარის კურსის გამყარება, ეკონომიკის გახსნასთან ერთად, მოლოდინის გაუმჯობესებამ გამოიწვია.

„მოგეხსენებათ, გასული წლის მეორე ნახევრიდან მოყოლებული, COVID-19-ის პანდემიამ ეკონომიკურ აქტორებს ნეგატიური მოლოდინები გაუჩინა, რამაც ეროვნული ვალუტის კურსის მკვეთრი გაუფასურება გამოიწვია, ხოლო ბოლო თვის განმავლობაში ეკონომიკა გაიხსნა, ქვეყანაში პოზიტიური მოლოდინები გაჩნდა და ლარის გამყარება ამან გამოიწვია...“, − განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ. ლარის კურსის ფორმირების პროცესში ეროვნული ბანკის როლზე საუბრისას აღნიშნა, რომ ეროვნულ ბანკს საკმარისი რეზერვები აქვს საიმისოდ, რომ გასული წლის მსგავსად, ინტერვენციები მიმდინარე წელსაც აქტიურად განახორციელოს.

„გასული წლის განმავლობაში, ეროვნულმა ბანკმა 916 მლნ დოლარის ინტერვენცია განახორციელა. სავალუტო ინტერვენციები წელსაც გრძელდება, რადგან ეკონომიკის სრულად აღდგენის პროცესი არ არის დასრულებული. ამ წლის დასაწყისში უკვე 254 მილიონი დოლარის ინტერვენცია გვაქვს განხორციელებული. ამ  პროცესს წლის განმავლობაში გავაგრძელებთ. თუმცა მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წელი უკეთესი იქნება, ვიდრე შარშანდელი. თუმცა, თუ სიტუაცია შეიცვალა და მეტი ინტერვენციის აუცილებლობა დადგა, შარშანდელის, ან თუნდაც მეტი მოცულობის ინტერვენციის რესურსი ეროვნულ ბანკს გააჩნა, მაგრამ იმედია, ამის საჭიროება არ დაგვიდგება...“, – განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.

 სტატიის დასასრულს, გაკადნიერდები და გირჩევთ, შეიქმენით პოზიტური მოლოდნები და თქვენს გარშემო ყველაფერი კარგად იქნება... თუმცა, თქვენიც მესმის, პოზიტიური მოლოდინების შექმნას ხომ საფუძველი სჭირდება?!      

0