სტრასბურგი

ქართველ პოლიტიკოსებს ივნისში „ჟან მონეს დიალოგი“ ელოდება

49
(განახლებულია 22:59 04.06.2021)
ევროპარლამენტმა „ჟან მონეს დიალოგის“ მეთოდი პირველად 2016 წელს, უკრაინის რადასთან თანამშრომლობის ფარგლებში გამოიყენა.

თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებულ „ჟან მონეს დიალოგს“ ევროდეპუტატი ვიოლა ფონ კრამონი უხელმძღვანელებს.

დოკუმენტს „საქართველოს წინსვლის გზა“, რომელიც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას კომპრომისული შეთანხმების სახით შარლ მიშელმა შესთავაზა, მოლაპარაკებების მონაწილეთა უმრავლესობამ 19 აპრილს მოაწერა ხელი.

შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, პარტიებმა უნდა იზრუნონ „ჟან მონეს დიალოგის“ ფორმატის შექმნაზე.

როგორც ვიოლა ფონ კრამონმა „პირველ არხთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, „ჟან მონეს დიალოგის“ დაწყება ივნისში იგეგმება.

ფონ კრამონის თქმით, ევროპარლამენტის ინიციატივით იგი ჩაუდგება სათავეში სამუშაო ჯგუფს, რომელიც ქართველ დეპუტატებთან ერთად შარლ მიშელის შუამავლობით მიღებულ შეთანხმებაში გაწერილი მიზნების მისაღწევად იმუშავებს. ამავე დროს, ევროპარლამენტის დეპუტატი იმედს გამოთქვამს, რომ იგი საქართველოს ივლისში ეწვევა და მოლაპარაკებებს ევროპარლამენტის სახელით გამართავს.

„ჟან მონეს დიალოგი“ ევროპარლამენტის მიერ მშვიდობისა და დემოკრატიისთვის შემუშავებული ინსტრუმენტია, რომელიც საპარლამენტო მედიაციასა და დიალოგს აერთიანებს. ფორმატი ითვალისწინებს პოლიტიკური ლიდერების დიალოგს, რათა მათ კონსენსუსს მიაღწიონ ეროვნული პოლიტიკისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

49
გიორგი გახარია

გიორგი გახარია ბრიუსელის შემდეგ შეხვედრებს აშშ–ში გამართავს

17
(განახლებულია 12:49 21.06.2021)
ვიზიტის ფარგლებში გახარიას შეხვედრები აქვს დაგეგმილი სახელმწიფო დეპარტამენტის, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებთან.

თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბრიუსელის შემდეგ სამუშაო ვიზიტით აშშ–ში გაემგზავრა, იუწყება პარტიის „საქართველოსთვის" პრეს-სამსახური.

ვაშინგტონში მას შეხვედრები აქვს დაგეგმილი აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, საექსპერტო, აკადემიური და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებთან. გახარიასთან ერთად აშშ–ში გამგზავრნენ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი კახაბერ ქემოკლიძე და ექს–პრემიერის პოლიტიკური მრჩეველი ლევან დოლიძე. 

გახარია აშშ–ში ბრიუსელიდან გ აემგზავრა, სადაც სამუშაო შეხვედრები გამართა დასავლელ პარტნიორებთან –  ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ოფისში, ევროპარლამენტის დეპუტატებთან, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სამსახურისა და ნატოს წარმომადგენლებთან.

გახარიამ პრემიერის პოსტი და მმართველი პარტია მიმდინარე წლის თებერვალში დატოვა. მიზეზი პარტიის ხელმძღვანელობასთან, მათ შორის, მის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან უთანხმოება გახდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრების გამო. წასვლის შემდეგ მან თავისი პარტია შექმნა, „ქართული ოცნება" გააკრიტიკა და ბრალად დასდო, რომ ის საკუთარ პარტიულ ინტერესებზე უფრო ზრუნავს, ვიდრე სახელმწიფოზე. ამის პასუხად მმართველმა პარტიამ და ბიძინა ივანიშვილმა გახარიას "სახელმწიფოს ღალატში" დასდეს ბრალი.

გადადგომის მომენტში გახარია პოპულარული პოლიტიკოსი იყო. მისმა პოსტებმა და ფოტოებმა სოციალურ ქსელებში ათასობით მოწონება დაიმსახურა, რაც ქართული პოლიტიკისთვის რეკორდია.

აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვის თანახმად (2021 წლის თებერვალში, გადადგომამდე), საქართველოში პოპულარულ პერსონებს შორის, პატრიარქ ილია მეორის შემდეგ, გახარიას მეორე ადგილი ეკავა.

ჯერ კიდევ პარტიის შექმნამდე მან თავის მხარეს გადაიბირა პარლამენტის ექვსი დეპუტატი, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებული რეგიონული ჩინოვნიკების ნაწილი.

17
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის საპარლამენტი არჩევნებში ფაშინიანის პარტიამ გაიმარჯვა

32
(განახლებულია 14:22 21.06.2021)
სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საკუთარი არჩევანი 1.281.174-მა ადამიანმა (49,4%) გააკეთა.

თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. სომხეთში გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე პრემიერის მოვალეობის შემსრულებლის ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ „სამოქალაქო შეთანხმება“ გაიმარჯვა, იუწყება „Sputnik–სომხეთი“

ცესკოს მონაცემებით, 2.008 საარჩევნო უბანზე 1.281.911 ბიულეტენის დათვლის შედეგად, ფაშინიანის პარტიამ ხმების 53,92% (687.251) მიიღო, სომხეთის ექს-პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის ბლოკმა „სომხეთი“ კი ხმების 21,04% (268.165). სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის ბლოკმა „პატივი მაქვს“ მიიღო ხმების 5,23% (66.633),  პარტიამ „აყვავებული სომხეთი“ – 3,96% (50.416), ხოლო პარტიამ „რესპუბლიკა" - 3,04% .

20 ივნისს სომხეთში არჩევნები 2.008 საარჩევნო უბანზე გაიმართა. საარჩევნო სიებში 2.583.823 მოქალაქე იყო რეგისტრირებული. საკუთარი არჩევანი 1.281.174-მა ადამიანმა (49,4%) გააკეთა.

საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 21-მა პარტიამ და ოთხმა ბლოკმა.

 

32

აქციის დაშლა ბათუმში: ადგილობრივები პოლიციას დაუპირისპირდნენ - ვიდეო

0
აჭარის მთავრობის სახლთან გამართულ აქციაზე პოლიციასთან დაპირისპირების შედეგად მინიმუმ შვიდი ადამიანი დააკავეს, იუწყება აჭარის ტელევიზია. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში კადრები შემთხვევის ადგილიდან

საპროტესტო აქციის მონაწილეები ითხოვდნენ შვიდი სპორტსმენის გათავისუფლებას, რომლებსაც ბრალად ედებათ აპრილში ნამახვან-ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის ორგანიზება და მასში მონაწილეობა.

მომიტინგეებმა მთავრობის სახლთან კარვების გაშლა სცადეს, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა. დაკავებულებს შორის არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბონდო თედორაძე. ერთ-ერთი დემონსტრანტი, რომელიც შეუძლოდ გახდა, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ წაიყვანა.

მომიტინგეები მიიჩნევენ, რომ 12 აპრილს აქციაზე მომხდარი ინციდენტი პროვოკაცია იყო. ისინი სპორტსმენების დაკავებას, რომელთა შორისაც არიან თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ფირუზ და რევაზ წულუკიძეები, პოლიტიკურს უწოდებენ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 12 აპრილს აქციის დროს სხეულის დაზიანება მიაყენეს აქციის სამ მონაწილეს, ასევე დააზიანეს ავტომობილი, რომელიც ერთ-ერთ დაზარალებულს ეკუთვნოდა.

ექვსი სპორტსმენი - ძმები ფირუზ და რეზო წულუკიძეები, ძმები თამაზ და თორნიკე ჭელიძეები, ირაკლი და გელა ჭელიძეები, 15 აპრილს ბათუმში დააკავეს. რამდნეიმე დღის შემდეგ დააკავეს ელდარ ანთაძეც.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე „ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის“ მუხლით. დანაშაული ისჯება ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

თავად ბრალდებულდა ვერსიის თანახმად, აქციაზე მათთან მივიდა უცნობი მამაკაცი, რომელმაც პროვოკაციული შეკითხვები დაუსვა, შემდეგ კი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც ხელჩართული ბრძოლა დაიწყო.

0