ლევან ბერძენიშვილი

განხეთქილება „რესპუბლიკელებში" პარტია ლევან ბერძენიშვილმა დატოვა

73
(განახლებულია 22:30 04.06.2021)
„რესპუბლიკური პარტია“ საქართველოში ერთ–ერთი უძველესი პარტიაა. იგი ძმებმა – ლევან და დავით ბერძენიშვილებმა 1978 წელს დააფუძნეს.

თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. „საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და დამაარსებელმა ლევან ბერძენიშვილმა პარტია დატოვა.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად ბერძენიშვილმა „რესპუბლიკური პარტიის“ ამჟამინდელი თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის გადაწყვეტილება დაასახელა, რომელიც ახალ საპარლამენტო ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფში“ გაწევრიანდა. ბერძენიშვილი სამნიძის გადაწყვეტილებას შეცდომად მიიჩნევს. 

„ვადასტურებ, რომ გავედი პარტიიდან. ფრაქცია, რომელიც პარლამენტში იქმნება და ხათუნა სამნიძე უნდა იყოს თავმჯდომარე, არ მიმაჩნია სწორ გადაწყვეტილებად „რესპუბლიკური პარტიისთვის“. თუმცა, აღმოვჩნდით უმცირესობაში, პარტიამ სხვაგვარად გადაწყვიტა“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ რიგები ამავე მიზეზით დატოვა პარლამენტის დეპუტატმა თამარ კორძაიამ. კორძაია და სამნიძე მეათე მოწვევის პარლამენტში საარჩევნო ბლოკის „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ პარტიული სიით მოხვდნენ.

კორძაია პარლამენტში საქმიანობას გააგრძელებს როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი.

ოპოზიციური ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ პარლამენტში ხუთშაბათს დარეგისტრირდა. მასში სამი პოლიტიკური პარტიის – „სტრატეგია აღმაშენებლის“, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ და „რესპუბლიკური პარტის“ წარმომადგენლები და დამოუკიდებელი დეპუტატები შევიდნენ. 

„რესპუბლიკური პარტია“ საქართველოში ერთ-ერთი უძველესი პარტიაა. იგი ძმებმა – ლევან და დავით ბერძენიშვილებმა 1978 წელს დააფუძნეს.

73
ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის საპარლამენტი არჩევნებში ფაშინიანის პარტიამ გაიმარჯვა

27
(განახლებულია 10:00 21.06.2021)
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საკუთარი არჩევანი 1.281.174–მა ადამიანმა (49,4%) გააკეთა.

თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. სომხეთში გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე პრემიერის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ „სამოქალაქო შეთანხმება“ გაიმარჯვა, იუწყება Sputnik–სომხეთი

ცესკოს მონაცემებით, 2.008 საარჩევნო უბანზე 1 მილიონ 281.911 ბიულეტენის დათვლის შედეგად, ფაშინიანის პარტიამ ხმების 53,92% (687 251) მიიღო, სომხეთის ექს–პრეზიდენტ რობერტ კოჩარიანის ბლოკმა „სომხეთი“ კი ხმების 21,04% (268 165). სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის ბლოკმა „პატივი მაქვს“ მიიღო ხმების 5,23% 66 633),  პარტიამ „აყვავებული სომხეთი“ - 3,96% (50416), ხოლო პარტიამ „რესპუბლიკა" -3,04% .

 

20 ივნისს სომხეთში არჩევნები 2008 საარჩევნო უბანზე გაიმართა. საარჩევნო სიებში 2.583.823 მოქალაქე იყო რეგისტრირებული – საკუთარი არჩევანი 1.281.174–მა ადამიანმა (49,4%) გააკეთა.

საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 21-მა პარტიამ და ოთხმა ბლოკმა.

 

27
ცესკო

„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით რეფერენდუმი არ ჩატარდება ცესკოს განმარტება

26
(განახლებულია 09:01 21.06.2021)
განკარგულების თანახმად, რეფერენდუმის საკითხის დარეგისტრირებაზე უარის მიზეზი არასათანადო ფორმულირება გახდა

თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საინიციატივო ჯგუფს უარი უთხრა „ნამახვანჰესის“ მშენებლობის თაობაზე სარეფერენდუმო საკითხის დარეგისტრირებაზე, ნათქვამია ცესკოს განკარგულებაში. 

საინიციატივო ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაშიც შედის პოლიტიკური მოძრაობა  „ერთობა, რაობა, იმედის“ ლიდერი ლევან ვასაძე და მისი თანამოაზრეები სოსო მანჯავიძე და ზაზა გოგალაძე, ცესკოს სარეფერენდუმო საკითხის „თანახმა ხართ თუ არა, რომ ნამახვანის ჰიდროელექტროსადგური აშენდეს საქართველოს მთავრობასა და კომპანია ENKA–ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების თანახმად?“ დარეგისტრირების განცხადებით მიმართეს.

განკარგულების თანახმად, რეგისტრაციაზე უარის მიზეზი საკითხის გაურკვეველი ფორმულირება გახდა.

გარდა ამისა, განკარგულებაში აღნიშნულია, რომ საკითხი, რომელიც ზღუდავს ქონების განკარგვის თავისუფლებას, საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

ცესკომ ასევე მიიჩნია, რომ რეფერენდუმის საკითხზე დადებითი პასუხი ზღუდავს მხარეთა შესაძლებლობას გააუქმონ ხელშეკრულება ან შეცვალონ მისი პირობები, რაც მხარეთა ინტერესებს ეწინააღმდეგება.

 

საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის" პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებარე კომპანიად თურქული Enka მოიწვია. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიებს დაიკავებს.

„ნამახვანჰესი" კასკადი ორი ჰესისგან შედგება: ერთი კაშხლის ფართობია 1 კვადრატული კილომეტრი, მეორე კაშხლის ფართობი - 5,1 კვადრატული კილომეტრი. „ნამახვანჰესის" კასკადმა მდინარე რიონზე უნდა დააკავშიროს ორი ჰიდროელექტროსადგური – 333 მგვტ სიმძლავრის „ქვემო ნამახვანი" და 100 მგვტ სიმძლავრის „ზემო ნამახვანი". ამავე დროს, კაშხლისა და რაბის დახმარებით მოხდება წყლის დონის რეგულირება, რათა ხეობა არ დაიტბოროს.

პროექტის განხორციელებამ საქართველოს ყოველწლიურად მოხმარებული ელექტროენერგიის 15% უნდა მოუტანოს. კასკადის მშენებლობაში 830 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობამ ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია, რომელიც დაახლოებით შვიდი თვეა გრძელდება.

26
თემები:
ვნებათაღელვა „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით
ნიკოლოზ ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში წინსვლას აგრძელებს

0
(განახლებულია 12:28 21.06.2021)
ნიკოლოზ ბასილაშვილი 2021 წელს რეიტინგში 12 საფეხურით დაწინაურდა. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ამ დროის განმავლობაში დაახლოებით 577 ათასი აშშ დოლარი გამოიმუშავა.

 

თბილისი, 21 ივნისი - Sputnik.  ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანიის ქალაქ ჰალეში ჩატარებული ტურნირის შემდეგ ATP-ის რეიტინგში დაწინაურდა, განახლებული რეიტინგი ATP-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. 

საქართველოს პირველი ჩოგანი გერმანულ ტურნემდე 30-ე პოზიციას იკავებდა, ხოლო ჰალეში გამართული ნახევარფინალური ეტაპის შემდეგ მან 180 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და მსოფლიო რეიტინგის 28-ე ადგილზე გადაინაცვლა. ამჟამად ბასილაშვილი რუს კარენ ხაჩანოვსა 20 სარეიტინგო ქულით უსწრებს, ხოლო იტალიელ ლორენცო სონეგოს 57 ქულით ჩამორჩება.

ბასილაშვილმა გერმანიაში ტურნირის  ნახევარფინალური ეტაპი რუს ჩოგბურთელ ანდრეი რუბლიოვთან სამ სეტში, ანგარიშით 1:6, 6:3, 3:6 დათმო. აღსანიშნავია, რომ 23 წლის რუსი სპორტსმენი რეიტინგში მე-7 პოზიციას იკავებს. ნიკოლოზმა ჰალეში ნაჩვენები შედეგით 180 სარეიტინგო ქულა და 60 ათასამდე ევრო გამოიმუშავა.

მიმდინარე სეზონი ქართველი სპორტსმენისთვის ერთ-ერთი გამორჩეულია. ბასილაშვილზე 2021 წელი ATP რეიტინგში მე-40 პოზიციით დაიწყო და ჯამში 12 საფეხურით დაწინაურდა. მიმდინარე წელს ბასილაშვილმა  ორი 250-ქულიანი ტურნირის მოგება შეძლო (დოჰა და კატარი), ასევე ჰალეს ტურნირამდე მან ნახევარფინალში იასპარეზა იტალიის ქალაქ კალიარიში გამართულ ჩემპიონატზე.

განახლებული რეიტინგის მიხედვით, ATP-ის პირველ სამეულში ცვლილება არ მომხდარა. მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელი კვლავ სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩია, რომელსაც უკან რუსი დანიილ მედვედევი და ესპანელი რაფაელ ნადალი მოჰყვებიან.

0
თემები:
სპორტის ამბები