მიხეილ სააკაშვილი

ზალკალიანი: საქართველო არ მისცემს სააკაშვილს უფლებას ჩაერიოს ადგილობრივ არჩევნებში

56
სააკაშვილი არ ახდენს გავლენას უკრაინის პოლიტიკის ფორმირებაზე საქართველოსთან მიმართებაში, განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.

თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში ჩაერევა, ეს საკითხი უკრაინულ მხარესთან იქნება განხილული, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

ამის შესახებ განცხადება ზალკალიანმა უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის საქართველოში ვიზიტის ფონზე გააკეთა.

„როდესაც ჩარევა ხდება სხვა ქვეყნის საქმიანობაში, მათ შორის, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა, ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელი იყო. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს და მეგობარს ეს ვუთხარით. ეს არის ნაბიჯი, რომელიც მიღებულია დიპლომატიურ პრაქტიკაში“, - განუცხადა ჟურნალისტებს ზალკალიანმა.

როგორც მან განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს საქართველომ უკრაინიდან თავისი ელჩი თემურ შარაშენიძე კონსულტაციებისთვის გამოიწვია, უკრაინელ კოლეგებთან კონტაქტები და ურთიერთობები არ შეწყვეტილა.

საქართველომ უკრაინიდან ელჩი 2020 წლის მაისში გამოიწვია, მას შემდეგ, რაც საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელზეც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე ძებნაა გამოცხადებული, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ სააკაშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე საქართველოს პირველი პირების განცხადებების მიუხედავად დანიშნა. შარაშენიძე კიევში თითქმის ერთი წელიწადი არ დაბრუნებულა.

„ვმსჯელობდით, როგორ გამოვსულიყავით ამ მდგომარეობიდან. ძალიან კარგია, რომ ელჩი დაბრუნდა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობები მზარდი დინამიზმით განვითარდება. უკრაინის პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა მედიასთან განცხადება, რომ მათი პოზიციაა, რომ სააკაშვილი არ ახდენს გავლენას უკრაინის პოლიტიკის ფორმირებაზე საქართველოსთან მიმართებაში. მას არ აქვს აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც ის თანამდებობა, როგორსაც ცდილობდნენ, რომ წარმოეჩინათ. მას აქვს მხოლოდ და მხოლოდ მრჩევლის ფუნქცია“, – განაცხადა ზალკალიანმა.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, მთავარია, არ დაირღვეს ქვეყნის კანონმდებლობა.

„თუ ის (სააკაშვილი - რედ.) ჩაერთვება თვითმმართველობის არჩევნებში, ამას ჩვენ განვიხილავთ ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან. მოვუწოდებ ყველას, პატივი სცენ საქართველოს კანონმდებლობას და ჩვენს სახელმწიფოებრიობას",- განაცხადა ზალკალიანმა.

2021 წლის ოქტომბერში დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება, რამდენადაც მის შედეგებზე იქნება დამოკიდებული, ჩატარდება თუ არა ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები, რაც ოპოზიციის მთავარი მოთხოვნაა. 

56
საქართველოში ლტოლვილთა მსოფლიო დღე სოლიდარობის მარშით აღნიშნეს

საქართველოში ლტოლვილთა მსოფლიო დღე სოლიდარობის მარშით აღნიშნეს

13
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანაში ძალიან ბევრია იძულებით გადაადგილებული ოჯახი.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. ლტოლვილთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც 20 ივნისს აღინიშნება, თბილისის ბოტანიკურ ბაღში სოლიდარობის მარში გაიმართა, იუწყება Sputnik-კორესპონდენტი.

მარშში მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ათეულმა ადამიანმა, მათ შორის საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

„მადლობა, რომ აქ ხართ და გვიერთდებით მსოფლიოს ლტოლვილთა დღის აღნიშვნაში. უამრავი ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკუთარი საცხოვრებელი კონფლიქტებისა და ომების გამო. გასულ წელს ასეთ მდგომარეობაში 80 მილიონზე მეტი ადამიანი იყო. თითოეულ ადამიანს თავისი ისტორია აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სოლიდარობა ვაჩვენოთ“, - განაცხადა საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საბინე მახლიმ.

შეკრებილებს მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამაც, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანაში ძალიან ბევრია იძულებით გადაადგილებული ოჯახი.

„ჩვენი ვალია, ყოველთვის შევეცადოთ, მაქსიმუმი გავაკეთოთ, გვერდში დავუდგეთ და გავუადვილოთ მათ ცხოვრება“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

ლტოლვილთა მსოფლიო დღე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2000 წელს დააწესა.

ყოველწლიურად 20 ივნისს, გაერო, გაეროს ლტოლვილთა სააგენტო (UNHCR) სამოქალაქო საზოგადოებები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ატარებენ ღონისძიებებს, რათა საზოგადოების ყურადღება მიიპყრონ მილიონობით ლტოლვილზე და ქვეყნების შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირებზე, რომლებსაც ომების, კონფლიქტების და დევნის გამო საკუთარი სახლების იძულებით დატოვება მოუხდათ.

2021 წელს ლტოლვილთა მსოფლიო დრე ინკლუზიის ძალას მიეძღვნა.

ამ დღე გაერო მოუწოდებს ლტოლვილების მეტი ჩართულობისკენ ჯანდაცვის, განათლების სისტემაში და სპორტში.

13
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

ევროსასამართლომ 20 ივნისს დაზარალებულთა საქმეების განხილვა დაიწყო

28
(განახლებულია 20:52 18.06.2021)
საია-ს ინფორმაციით, ევროპის სასამართლოში წარდგენილი საჩივრები წარმოაჩენს იმ სისტემურ პრობლემებს, რომლებსაც სახელმწიფოს მხრიდან აქციების ძალის გამოყენებით დაშლის დროს აქვს ადგილი

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაიწყო იმ  საჩივრების არსებითი განხილვა, რომლებიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიამ (საია) და ორგანიზაცია EHRAC-მ შეიტანეს 2019 წლის ივნისში აქციის დაშლის დროს დაზარალებული ჟურნალისტებისა და დემონსტრანტების სახელით, ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საია-მ აღნიშნულ საქმეებზე ორი სარჩელი 7 აპრილს წარადგინა, რომლებშიც საუბარია ძალის გადამეტებაზე და ეფექტიანი გამოძიების არჩატარებაზე. გაგზავნილი საჩივრები ჯამში 22 პირის საქმეს აერთიანებს, რომლებიც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალდნენ.

„ევროპულმა სასამართლომ საჩივარში დაყენებულ ყველა მუხლთან დაკავშირებით დაუსვა კითხვები საქართველოს მთავრობას. სასამართლოს მიერ დასმული კითხვების თანახმად, სახელმწიფომ სასამართლოს წინაშე უნდა წარადგინოს პოზიცია იმ საკითხზე, დაირღვა თუ არა ჟურნალისტებისა და აქციის მონაწილეების მიმართ საჩივარში მოხმობილი უფლებები“, - ნათქვამია განცხადებაში.

საია-ს ინფორმაციით, მხარეებს 2021 წლის 3 სექტემბრამდე მიეცათ ვადა შესათანხმებლად. თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარეებს შორის ამგვარი შეთანხმება ვერ შედგება, მთავრობა დამატებით 12 კვირიან ვადაში წარადგენს თავის მოსაზრებებს სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებთან დაკავშირებით.

ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა საია-ს ადვოკატების მოთხოვნა და დაავალა საქართველოს მთავრობას, წარმოადგინოს 2019 წლის 20-21 ივნისს აქციის დაშლასთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის მასალები.

გავრცელებული ინფორმაციით, გენერალური პროკურატურა არ რთავს ნებას დაზარალებულებს, გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის სრულ მასალებს. საია-ს ინფორმაციით, ეროვნულ დონეზე დაზარალებულის სტატუსი ამ დროისათვის საია-ს დაცვის ქვეშ მყოფი 22 პირიდან მხოლოდ სამს აქვს მინიჭებული.

  • საია კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ დაუშვებელია ამნისტიის/შეწყალების გამოყენება სახელმწიფოს წარმომადგენლების მიმართ, რომელბმაც ადამიანის უფლებათა წინააღმდეგ  სერიოზული დანაშაული ჩაიდინეს.

2019 წლის 20 ივნისს თბილისში პროტესტი რუსეთის სათათბიროს დეპუტატის, კომპარტიის წევრ სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის და პარლამენტში მისი გამოსვლის საპასუხოდ დაიწყო. აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგად პოლიციამ 300-ზე მეტი პირი დააკავა, 240 ადამიანი საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ორმა ადამიანმა, რომელთა შორის ერთ-ერთი 18 წლის მაია გომური იყო, პოლიციის მიერ ნასროლი რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად თვალი დაკარგა.

 

 

28
მომავლის გზა - მამა და შვილი

საქართველოში მამის დღე აღინიშნება

0
(განახლებულია 14:41 19.06.2021)
მამის დღე ახსენებს საზოგადოებას, თუ რამდენად დიდია შვილების აღზრდის პროცესში მამების ჩართულობა და აქტივობა.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. საქართველოში 20 ივნისს მამის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ.

მამის დღე საქართველოში, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაცია Care Together-ის ინიციატივით, კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში წელს მეექვსედ აღინიშნება.

ამ დღის აღსანიშნავად ზუგდიდსა და ოზურგეთში რამდენიმე ღონისძიება იგეგმება.

კერძოდ, 19 ივნისს, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე, ზუგდიდის სპორტულ დარბაზში მამებისა და შვილებისთვის გაიმართება ტექნოლოგიური ვორქშოპი.

ვორქშოპის მიმდინარეობისას მამები და შვილები ერთად იმუშავებენ ტექნოლოგიურ პროექტებზე, რაც, ერთი მხრივ, დააახლოებს მათ და, მეორე მხრივ, ბავშვების ტექნოლოგიებით დაინტერესებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით გაიმართება.

ასევე, 19 ივნისს, 18:00 საათზე, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გაიმართება წიგნის „მამები და შვილები“ პრეზენტაცია, რომელიც 2020 წელს გამომცემლობა „არტანუჯის“ მიერ გამოიცა.

წიგნში თავმოყრილია 13 წლის მუხრან მაჭავარიანის წერილი მამისადმი, ოთარ და თაკო ჭილაძეები, გელა ჩარკვიანი და მისი შვილები – ირაკლი და თეონა, ფრიდონ და ზაზა ხალვაშები, ვახტანგ და ირინა ჯავახაძეები, ბაჩანა ბრეგვაძე და მისი ქალიშვილები ქეთევანი და ანა. ასევე ამ წიგნში შეგხვდებათ, თუ რას წერდნენ ერთმანეთს და ერთმანეთის შესახებ მიხეილ და ქეთევან ჯავახიშვილები, პაოლო და მედეა იაშვილები, კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიები.

ღონისძიებას ზვიად კვარაცხელია და დავით გორგილაძე გაუძღვებიან.

ხვალ, 20 ივნისს, ოზურგეთში, კაფეში „8+1“, საბავშვო წიგნის „ლუნა და ციცინათელების პლანეტა“ პრეზენტაცია გაიმართება.

წიგნის ავტორი დავით გორგილაძეა. წიგნი ერთი ჩვეულებრივი ოჯახის თავგადასავლებზე მოგვითხრობს, რომლის გარშემოც ჯადოსნური ამბები ხდება, დედა და მამა თანაბრად ინაწილებენ შვილების აღზრდის პასუხისმგებლობასა და საოჯახო საქმეებს. უახლოეს ადამიანებზე ყოველდღიური ზრუნვა და საერთო გამოწვევების გააზრება ამ ოჯახის ბედნიერებისა და ჰარმონიის საფუძველია.

ღონისძიებას წიგნის ავტორები, მწერალი დათო გორგილაძე და ილუსტრატორი თათია ნადარეიშვილი გაუძღვებიან.

მამის დღე არის დღესასწაული, რომელიც ბევრ ქვეყანაში მამობის აღსანიშნავად და მამების პატივსაცემად ყოველწლიურად აღინიშნება. ის, როგორც წესი, ივნისის მესამე კვირა დღეს იმართება. დღესასწაული პირველად აშშ-ში 1910 წლის 19 ივნისს აღინიშნა.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაცია We Care-ის ინიციატივით საქართველოში 2016 წელს დაიწყო კამპანია „კაცები ზრუნავენ“ გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის" ფარგლებში და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

0