გიგი უგულავა

„საქმე შეკერილია“ უგულავა ამნისტიაზე უარს ამბობს

51
(განახლებულია 23:10 03.06.2021)
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ამჯერად ძიუდოში ევროპის ჩემპიონის ცემაშია ბრალდებული.

თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. თბილისის ყოფილმა მერმა, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ, რომელიც ძალადობაშია ბრალდებული, ამნისტიაზე უარი თქვა – ის მიიჩნევს, რომ ორგანიზებული დანაშაულის მსხვერპლი გახდა.

საქმე ეხება 2019 წლის დეკემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტს. უგულავა ბრალდებულია ძიუდოში ევროპის ჩემპიონის ბადრი (საბა) გავაშელიშვილის ცემაში. უგულავასთან ერთად ბრალი წაუყენეს სპორტსმენის მეგობარს დავით პარკაძეს. მას უგულავას თანმხლების, ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გიორგი გაბაშვილის ცემაში სდებენ ბრალს.

საქმის მოსმენა თბილისის საქალაქო სასამართლოში ხუთშაბათს გაიმართა. სხდომის დასაწყისში პროკურორმა ნათია გურულმა ბრალდებულს ამნისტია შესთავაზა, თუმცა უგულავამ განაცხადა, რომ ეს საქმე მის მიმართ პროვოკაცია იყო და ის არა ბრალდებული, არამედ დაზარალებულია, ამიტომ ამნისტიაზე უარს ამბობს.

„ეს საქმე არის თავიდან ბოლომდე შეკერილი, აქ არის პოლიტიკური საფუძველი. რა უსამართლოც არის ეს სასამართლო, ვიცი, მაგრამ არ მინდა არანაირი ამნისტია. არ მივიღებ მას, რადგან ეს იქნებოდა საშუალება ამ საქმის ჩაფარცხვის. ეს არის სისტემური დანაშაული“, – განაცხადა უგულავამ.

პროკურორმა განაცხადა, რომ იმ საქმეზე, რაშიც უგულავაა ბრალდებული, ამნისტია ვრცელდება. მაგრამ ამისთვის საჭიროა, ერთი მხრივ, დაზარალებულის და მეორე მხრივ – ბრალდებულის თანხმობა.

მმართველმა პარტიამ „ამნისტიის შესახებ“ თავისი კანონპროექტი გაიტანა: ვის შეეხება ამნისტია>>

კანონი „ამნისტიის შესახებ“, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო, ვრცელდება 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩადენილ დანაშაულებზე, შესაბამისად, უგულავას საქმეზეც.

გურულის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე დაზარალებულის პოზიციის მოსმენა ვერ მოხერხდა.

პროკურორმა აღნიშნა, რომ გამოძიება ობიექტურად, კანონთან სრული შესაბამისობით ჩატარდა და მოპოვებული იყო ყველა სამხილი, რომლებიც უგულავას ბრალს ადასტურებს.

კონფლიქტი საპასპორტო კონტროლის ზონაში მოხდა. უგულავამ და გაბაშვილმა, რომლებიც ვეღარ გაფრინდნენ ლარნაკაში, განაცხადეს, რომ მათ ორი უცნობი დაესხა თავს.

მოწმეთა დაკითხვების შედეგებით გამოძიებამ დაასკვნა, რომ მსხვერპლი არიან გაბაშვილი და კიდევ ერთი პირი იმათგან, რომლებსაც ოპოზიციონერებმა თავდასხმაში დასდეს ბრალი.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში უგულავასა და მეორე ბრალდებულს ემუქრებათ ჯარიმა, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 120-დან 180 საათამდე, ან შინაპატიმრობა ექვსიდან ერთ წლამდე ვადით, ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

51
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (418)
გიორგი ვაშაძე

20-21 ივნისის მოვლენების დროს დაშავებულებმა შეიძლება კომპენსაცია მიიღონ

29
(განახლებულია 16:59 16.06.2021)
გიორგი ვაშაძის განმარტებით, კანონპროექტს მომავალ კვირაში დაარეგისტრირებენ, მანამდე კი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაზარალებულთა პოზიციებს დაელოდებიან.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი" პარლამენტში კანონპროექტის ინიცირებას გეგმავს, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს დაზარალებულთათვის კომპენსაციის გაცემას ითვალისწინებს.

20 ივნისს ანტისამთავრობო აქცია არეულობაში გადაიზარდა. გამოძიების ვერსიით, საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტში შეჭრას შეეცადნენ. შტურმის თავიდან აცილების მიზნით პოლიციამ შეკრებილთა დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. არეულობის დროს დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი, 40-მდე ჟურნალისტი, ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა.

„ვინც მსუბუქი დაზიანება მიიღო, მათ სახელმწიფოსგან ერთჯერადი კომპენსაცია უნდა მიიღონ, ხოლო ვინც მძიმე დაზიანება მიიღო, მათ ერთჯერად კომპენსაციასთან ერთად უნდა აუნაზღაურდეთ მკურნალობის ხარჯები და მთელი ცხოვრების მანძილზე საპენსიო უზრუნველყოფა დაენიშნოთ", – განაცხადა პარტიის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

დეპუტატის თქმით, აუცილებელი არაა დაშავებულებს ოფიციალურად ჰქონდეთ მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი.

„დაშავებულთა სია არსებობს, ვიდეოკადრებიც მოიპოვება", – განაცხადა ვაშაძემ.

კანონპროექტის დასამტკიცებლად ოპოზიციას მმართველი პარტიის მხარდაჭერა სჭირდება. თანახმა იქნება თუ არა „ქართული ოცნება" საკანონმდებლო ინიციატივას დაუჭიროს მხარი, ცნობილი მას შემდეგ გახდება, რაც კანონპროექტს საკომიტეტო მოსმენებზე გაიტანენ.

საპროტესტო აქციის დაშლის თემა საქართველოში კვლავ აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც პარლამენტი „ამნისტიის შესახებ" კანონპროექტის განხილვას შეუდგა, რომელიც ამ აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს ეხება. 20-21 ივნისის მოვლენებზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ოპოზიციური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიაა.

29
თემები:
საქართველოს პარლამენტი
ირაკლი კობახიძე

რამ შეუშალა ხელი გახარიას შს მინისტრის თანამდებობიდან გადაყენებას? კობახიძე კარტებს ხსნის

66
(განახლებულია 14:36 16.06.2021)
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ორი წლის შემდეგ გადაწყვიტა მოეყოლა, თუ როგორ ცდილობდა მმართველი პარტია შინაგან საქმეთა მინისტრისგან თავის დაღწევას, თუმცა ამის ნაცვლად ის პრემიერ-მინისტად დანიშნა.

თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გიორგი გახარიას გადაყენება გარდაუვალი იყო, მაგრამ ამას ხელი შეუშალა გარე ფაქტორებმა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში. 

აღსანიშნავია, რომ თავად კობახიძეს სწორედ ე.წ. „გავრილოვის ღამის“ მოვლენების გამო მოუხდა მაშინ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვება.

პარლამენტის შენობასთან 20 ივნისს ანტისამთავრობო აქცია არეულობაში გადაიზარდა. პოლიციამ აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. იმ ღამეს დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი, 40-მდე ჟურნალისტი, ორმა ახალგაზრდამ თვალი დაკარგა.

გახარიას გადადგომა სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციის ძირითადი მოთხოვნა იყო, რომლებიც შინაგან საქმეთა მინისტრს ადანაშაულებდნენ ძალის გადამეტებასა და აქციის დაშლისას აკრძალული მეთოდების გამოყენებაში.

„20 ივნისის შემდეგ გუნდში დისკუსია გაიმართა, იყო ასეთი მოსაზრება, და არაერთი ლიდერი ამბობდა, რომ კარგი იქნებოდა, თუ გახარია შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას დატოვებდა. ეს საკითხი რაღაც მომენტში მომწიფდა კიდეც, მაგრამ ეს გადაწყვეტილება შემდეგ რაღაცამ და არა ვიღაცამ შეცვალა. რამ – ამას ვერ ვიტყვი, თუმცა გარკვეულ მომენტში ამის დროც დადგება. იყო გარე ფაქტორი, რომელმაც საბოლოოდ ამ გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანა. ეს ფაქტორი მას უკავშირდებოდა“, – აღნიშნა კობახიძემ.

მისი თქმით, აქციის დაშლის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რათა რადიკალურად შეეცვალა გახარიას იმიჯი უკეთესობისკენ. 

„გიორგი გახარიას მიმართ ჩვენ არა მხოლოდ საჯაროდ გამოვირჩეოდით მსგავსი განცხადებებით, არამედ მაქსიმალურად გვედში ვედექით მას ჯერ როგორც შინაგან საქმეთა მინისტრს, შემდეგ კი როგორც პრემიერ-მინისტრს. თქვენ გახსოვთ, რომ მას ჰქონდა ძალიან მძიმე მდგომარეობა, განსაკუთრებით 20 ივნისის შემდეგ, და გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მისი იმიჯი რადიკალურად შეცვლილიყო. ეს არ იყო მხოლოდ საჯარო განცხადებები, ჩვენ ამას გუნდის შიგნით ვაკეთებდით“, – განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება უშუალოდ 20 ივნისის მოვლენებს, კობახიძის განმარტებით, გახარიას უწყების მიერ ჩატარებულმა ოპერაციამ კომპეტენტურობის კუთხით გარკვეული ეჭვები გააჩინა.

„ოპერაცია გახარიას მხრიდან იყო აბსოლუტურად გაუგებრად დაგეგმილი. მხედველობაში მაქვს აქციის დაშლის ოპერაცია, რამაც საბოლოოდ მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანა... რასაკვირველია, ის იღებდა გადაწყვეტილებებს, რა თქმა უნდა, ის იყო პასუხისმგებელი სპეცოპერაციის დაგეგმვაზე და თავად აკეთებდა ამას ერთ-ერთ თავის მოადგილესთან ერთად“, – განაცხადა კობახიძემ. 

მისი თქმით, პირველი კითხვა, რომელიც ოპერაციასთან დაკავშირებთ გაჩნდა, იყო – რატომ იდგა სპეცრაზმი პარლამენტის ჭიშკრის გარეთ და არა ჭიშკრის შიგნით. მეორე – რატომ არ იქნა გამოყენებული წყლის ჭავლი ან სხვა უფრო მსუბუქი სპეცსაშუალებები.

„სპეცრაზმი რომ მდგარიყო პარლამენტის ეზოს შიგნით და გამოყენებული ყოფილიყო უმარტივესი სპეცსაშუალებები, თავიდან ავიცილებდით ყველაფერს. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ეს იყო შეცდომა. თუმცა არ ვიცით – შეიძლება არც იყო“, – აღნიშნა კობახიძემ.

იმ ტრაგიკული მოვლენების შემდეგ მალევე, სექტემბერში გიორგი გახარია გათავისუფლების ნაცვლად დააწინაურეს და იგი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა. ამ თანამდებობიდან იგი მიმდინარე წლის თებერვალში გადადგა და მიზეზად მმართველ პარტიასთან უთანხმოება დაასახელა.

პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ გახარიამ შექმნა თავისი პარტია და სამიზნე ელექტორალური ჯგუფების თვალსაზრისით „ქართული ოცნების“ კონკურენტი გახდა.

66
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (418)
ლაბორატორიაში

აშშ-დან საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი „რემდესივირი“ გამოიგზავნა

0
ათასზე მეტ პაციენტზე გათვლილი მედიკამენტის მარაგს საქართველოს მწარმოებელი კომპანია Gilead Sciences დონაციის სახით გადასცემს.

თბილისი, 16 ივნისი - Sputnik. ორიგინალი წარმოების 10 ათასი კოლოფი ანტივირუსული „რემდესივირი“ ამერიკიდან საქართველოში გამოიგზავნა, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, კომპანია „გილიადმა“ გადაწყვეტილება გამონაკლისის სახით მიიღო.

„კომპანია „გილიადს“ მივმართეთ თხოვნით და გამონაკლისის სახით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მოგვეწოდება 10 ათასი კოლოფი „რემდესივირი“, თანაც არა ინდური, არამედ ბრენდის, ამერიკული, ორიგინალი წარმოების მოგვეწოდება. რამდენადაც ვიცი, ის გუშინ გამოიგზავნა ამერიკიდან და დღეს ან ხვალ უნდა ჩამოვიდეს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში საქართველოში „რემდესივირის“ დეფიციტზე დაიწყეს საუბარი. მაშინ გაბუნიამ განაცხადა, რომ პრეპარატის მარაგი უახლოეს დროში შეივსებოდა. საქართველომ აღნიშნული პრეპარატი შეიძინა ინდოეთში, თუმცა, აღნიშნულ ქვეყანაში გართულებული კოვიდ–ვითარების გამო, პრეპარატის შემოტანის კუთხით პრობლემა შეიქმნა.

საქართველო პრეპარატის შესყიდვის თემაზე მუშაობს ეგვიპტესთანაც.

„რემდესივირი“ ნუკლეოტიდური ანალოგების კლასში ახალი ანტივირუსული პრეპარატია. შეერთებულმა შტატებმა 2020 წლის 1 მაისიდან ქვეყანაში COVID-19-ის სამკურნალოდ „რემდესივირის“ გადაუდებელი გამოყენებისთვის ნებართვა გამარტივებული წესით გასცა. ჯერ კიდევ ოქტომბერში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს აღნიშნული პრეპარატის გამოყენების რეკომენდაცია მისცა. თუმცა, ამჟამად ამ პრეპარატს ამგვარი რეკომენდაციები აღარ გააჩნია.

ახალი პროტოკოლის მიხედვით, აღნიშნულ პრეპარატს საქართველოში ექიმის დანიშნულებით პაციენტის ჰოსპიტალური მკურნალობის შემთხვევაში გამოიყენებენ.

0