გიორგი გახარია

გახარია: ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმება რისკებს შეიცავს

50
მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმების საგანი პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება გახდა, ფიქრობს ყოფილი პრემიერი.

თბილისი, 31 მაისი - Sputnik. შეთანხმებამ „საქართველოს წინსვლის გზა“, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციური პარტიების ერთმა ნაწილმა მოაწერეს ხელი, შესაძლოა ქვეყნის რეპუტაციას რისკი შეუქმნას, განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პრესკონფერენციაზე.

აპრილში საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციამ ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შემოთავაზებულ კომპრომისულ შეთანხმებას პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად.

„ფაქტობრივად, ამნისტიის სახით მივიღეთ გათავისუფლებული სისხლის სამართლის კონკრეტული ბრალდებით დაკავებული ხალხი. როდესაც საქართველოს ბოლო 7-8 წლიან ისტორიაში პოლიტიკური პატიმარი საერთოდ არ არსებობდა, შეთანხმების ნაწილი გახდა პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება“, - აღნიშნა გახარიამ.

მისი თქმით, ამას ემატება ის 43% და რეპუტაციისთვის შესაძლო რისკები, რომელიც ქვეყანას და მმართველ პარტიას მიადგა.

ჟურნალისტებთან საუბრისას გახარიამ განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების ფორმა - ოფისის შტურმი. გახარიას თქმით, ეს, პირველ რიგში, დიდ რისკს უქმნიდა სახელმწიფოს, „ქართულ ოცნებას“, როგორც პარტიას.

„ქართულმა ოცნებამ“ ერთადერთი, რასაც მიაღწია იმით, რაც გააკეთა და როგორც გააკეთა, მიაღწია იმას, რომ ფაქტობრივად, პარლამენტის შტურმში ორგანიზატორი არ იქნება სასამართლო წინაშე წარდგენილი და მართლმსაჯულება არ აღდგება, რადგან პოლიტიკურად მოტივირებული გახდა მელიას შემთხვევა. საერთაშორისო პარტნიორები ჩაერივნენ იმისთვის, რომ სიტუაცია ქვეყანაში დაწყნარებულიყო“, – განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარიამ მმართველი პარტია მიმდინარე წლის თებერვალში დატოვა. ერთი თვის შემდეგ კი პოლიტიკაში დაბრუნება დააანონსა და მმართველი პარტიის წევრებისა და მომხრეების „გადაბირება“ დაიწყო.

პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გახარიას გადადგომის მიზეზი გახდა პარტიის ხელმძღვანელობასთან უთანხმოება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების ვადებთან დაკავშირებით.

გახარიას მიაჩნდა, რომ მელიას დაკავების ვადა უნდა გადაწეულიყო, მაგრამ „ქართული ოცნება“ მთავარი ოპონენტი პარტიის ლიდერის დაუყოვნებლივ დაპატიმრებას მოითხოვდა.

გახარიას გადადგომის გამო მელიას დაკავება რამდენიმე დღით გადაიდო, მმართველი პარტიის მიერ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ კი ნიკა მელია ციხიდან გამოვიდა.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა შაბათს წარადგინა პარტია „საქართველოსთვის“ და მისი საქმიანობის მთავარ მიმართულებებზე ისაუბრა. გუნდის ძირითად ნაწილს ადრე სხვადასხვა სამინისტროში დასაქმებული მოხელეები შეადგენენ.

50
საქართველოში ლტოლვილთა მსოფლიო დღე სოლიდარობის მარშით აღნიშნეს

საქართველოში ლტოლვილთა მსოფლიო დღე სოლიდარობის მარშით აღნიშნეს

18
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანაში ძალიან ბევრია იძულებით გადაადგილებული ოჯახი.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. ლტოლვილთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც 20 ივნისს აღინიშნება, თბილისის ბოტანიკურ ბაღში სოლიდარობის მარში გაიმართა, იუწყება Sputnik-კორესპონდენტი.

მარშში მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ათეულმა ადამიანმა, მათ შორის საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

„მადლობა, რომ აქ ხართ და გვიერთდებით მსოფლიოს ლტოლვილთა დღის აღნიშვნაში. უამრავი ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკუთარი საცხოვრებელი კონფლიქტებისა და ომების გამო. გასულ წელს ასეთ მდგომარეობაში 80 მილიონზე მეტი ადამიანი იყო. თითოეულ ადამიანს თავისი ისტორია აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სოლიდარობა ვაჩვენოთ“, - განაცხადა საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საბინე მახლიმ.

შეკრებილებს მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამაც, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანაში ძალიან ბევრია იძულებით გადაადგილებული ოჯახი.

„ჩვენი ვალია, ყოველთვის შევეცადოთ, მაქსიმუმი გავაკეთოთ, გვერდში დავუდგეთ და გავუადვილოთ მათ ცხოვრება“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

ლტოლვილთა მსოფლიო დღე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2000 წელს დააწესა.

ყოველწლიურად 20 ივნისს, გაერო, გაეროს ლტოლვილთა სააგენტო (UNHCR) სამოქალაქო საზოგადოებები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ატარებენ ღონისძიებებს, რათა საზოგადოების ყურადღება მიიპყრონ მილიონობით ლტოლვილზე და ქვეყნების შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირებზე, რომლებსაც ომების, კონფლიქტების და დევნის გამო საკუთარი სახლების იძულებით დატოვება მოუხდათ.

2021 წელს ლტოლვილთა მსოფლიო დრე ინკლუზიის ძალას მიეძღვნა.

ამ დღე გაერო მოუწოდებს ლტოლვილების მეტი ჩართულობისკენ ჯანდაცვის, განათლების სისტემაში და სპორტში.

18
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

ევროსასამართლომ 20 ივნისს დაზარალებულთა საქმეების განხილვა დაიწყო

28
(განახლებულია 20:52 18.06.2021)
საია-ს ინფორმაციით, ევროპის სასამართლოში წარდგენილი საჩივრები წარმოაჩენს იმ სისტემურ პრობლემებს, რომლებსაც სახელმწიფოს მხრიდან აქციების ძალის გამოყენებით დაშლის დროს აქვს ადგილი

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაიწყო იმ  საჩივრების არსებითი განხილვა, რომლებიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიამ (საია) და ორგანიზაცია EHRAC-მ შეიტანეს 2019 წლის ივნისში აქციის დაშლის დროს დაზარალებული ჟურნალისტებისა და დემონსტრანტების სახელით, ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საია-მ აღნიშნულ საქმეებზე ორი სარჩელი 7 აპრილს წარადგინა, რომლებშიც საუბარია ძალის გადამეტებაზე და ეფექტიანი გამოძიების არჩატარებაზე. გაგზავნილი საჩივრები ჯამში 22 პირის საქმეს აერთიანებს, რომლებიც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალდნენ.

„ევროპულმა სასამართლომ საჩივარში დაყენებულ ყველა მუხლთან დაკავშირებით დაუსვა კითხვები საქართველოს მთავრობას. სასამართლოს მიერ დასმული კითხვების თანახმად, სახელმწიფომ სასამართლოს წინაშე უნდა წარადგინოს პოზიცია იმ საკითხზე, დაირღვა თუ არა ჟურნალისტებისა და აქციის მონაწილეების მიმართ საჩივარში მოხმობილი უფლებები“, - ნათქვამია განცხადებაში.

საია-ს ინფორმაციით, მხარეებს 2021 წლის 3 სექტემბრამდე მიეცათ ვადა შესათანხმებლად. თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარეებს შორის ამგვარი შეთანხმება ვერ შედგება, მთავრობა დამატებით 12 კვირიან ვადაში წარადგენს თავის მოსაზრებებს სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებთან დაკავშირებით.

ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა საია-ს ადვოკატების მოთხოვნა და დაავალა საქართველოს მთავრობას, წარმოადგინოს 2019 წლის 20-21 ივნისს აქციის დაშლასთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის მასალები.

გავრცელებული ინფორმაციით, გენერალური პროკურატურა არ რთავს ნებას დაზარალებულებს, გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის სრულ მასალებს. საია-ს ინფორმაციით, ეროვნულ დონეზე დაზარალებულის სტატუსი ამ დროისათვის საია-ს დაცვის ქვეშ მყოფი 22 პირიდან მხოლოდ სამს აქვს მინიჭებული.

  • საია კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ დაუშვებელია ამნისტიის/შეწყალების გამოყენება სახელმწიფოს წარმომადგენლების მიმართ, რომელბმაც ადამიანის უფლებათა წინააღმდეგ  სერიოზული დანაშაული ჩაიდინეს.

2019 წლის 20 ივნისს თბილისში პროტესტი რუსეთის სათათბიროს დეპუტატის, კომპარტიის წევრ სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის და პარლამენტში მისი გამოსვლის საპასუხოდ დაიწყო. აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგად პოლიციამ 300-ზე მეტი პირი დააკავა, 240 ადამიანი საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ორმა ადამიანმა, რომელთა შორის ერთ-ერთი 18 წლის მაია გომური იყო, პოლიციის მიერ ნასროლი რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად თვალი დაკარგა.

 

 

28
პოლიცია სიღნაღში

მედია: წნორში ერთ-ერთ ოჯახს ნათესავმა სახლი დაუწვა

0
(განახლებულია 16:00 19.06.2021)
არსებული ინფორმაციით, ხუთსულიანი ოჯახი სახლის გარეშე დარჩა. ოჯახის წევრები ახლა ნათესავთან აფარებენ თავს.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში მცხოვრებ სომხიშვილების ოჯახს ნათესავმა საცხოვრებელი სახლი დაუწვა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა.

ოჯახი ადგილობრივ პოლიციას უყურადღებობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველებს რეაგირება ამ დრომდე არ მოუხდენიათ. მათივე ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე პოლიციელებმა მხოლოდ გამოკითხეს და სახლში გაუშვეს.

არსებული ინფორმაციით, მხარეებს შორის დავა წლებია გრძელდება. დაპირისპირება სახლის გამო დაიწყო, რომელიც გულნაზ სომხიშვილს პაპამ აჩუქა.

დაზარალებული გულნაზი სომხიშვილი, გარდა ზიანისა, ბიძის მხრიდან მუქარაზე საუბრობს და მის დაკავებას ითხოვს. მისი თქმით, მამაკაცმა სახლის დაწვის ფაქტი აღიარა.

დაზარალებულების ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც სახლი დაწვა, მკვლელობაზეა ნასამართლევი და ახლაც პირობითი სასჯელის ქვეშ იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

0