გახარიას პარტია „საქართველოსთვის“

გიორგი გახარიამ პარტიის პოლიტსაბჭო წარადგინა

61
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გუნდის ძირითადი ნაწილი სხვადასხვა სამინისტროში ნამუშევარი ჩინოვნიკები არიან.

თბილისი, 29 მაისი – Sputnik. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიის პოლიტსაბჭოში შევიდნენ როგორც მისი გუნდის ყოფილი წევრები, ისე ახალი სახეები.

საქართველოს ექს-პრემიერმა გიორგი გახარიამ შაბათს წარადგინა თავისი პარტია „საქართველოსთვის“ და მისი მუშაობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა.

გუნდის ძირითად ნაწილს სხვადასხვა სამინისტროში ნამუშევარი ჩინოვნიკები წარმოადგენენ.

გახარიას გუნდის პოლიტსაბჭოს წევრები არიან გიორგი ხოჯევანიშვილი, ნათია მეზვრიშვილი, Georgia Today-ს დამფუძნებელი გიორგი შარაშიძე, კახაბერ ქემოკლიძე, ანა ბუჩუკური, მიხეილ დაუშვილი, ბექა ლილუაშვილი, რუსუდან თევზაძე, ალექსანდრე მოწერელია, ბერდია სიჭინავა, შალვა კერესელიძე, კოტე ანანიაშვილი, გიგა ფარულავა, ექსპერტი გიორგი გოგუაძე.

გარდა ამისა, გახარიამ წარადგინა პარტიის სხვა წევრები: საქართველოს ყოფილი ელჩი ნატოში ლევან დოლიძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეკატერინე ვეფხვაძე, დავით ფარცვანია, ლაშა მარკოზაშვილი, ტატა ხვედელიანი, გიორგი კიკნაველიძე და საბა ჯიქიძე.

„ჩვენი პარტიის კარი ღიაა თითოეული თქვენგანისთვის, ღიაა ყველა იმ ადამიანისთვის, რომელსაც შესწევს ძალა ყოველდღიური ქმედებით იშრომოს და ემსახუროს სახელმწიფოს. „საქართველოსთვის“ გუნდი ხართ თქვენ, საქართველოს თითოეული მოქალაქე. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენთან ერთად შრომა და ჩვენ გვერდით დგომა იქნება წარმატების საწინდარი და იქნება უდიდესი ღირსება ჩვენთვის“, - განაცხადა გახარიამ.

პრეზენტაციის პარალელურად საგამოფენო ცენტრთან ახალგაზრდული ორგანიზაცია „შეცვალეს“ საპროტესტო აქცია იმართებოდა. „შეცვალეს“ წარმომადგენლები ყოფილ პრემიერს ადანაშაულებენ პოლიციის მიერ ძალის გადამეტებაში 2019 წლის 21 ივნისის ღამეს მიტინგის დაშლისას, რა დროსაც 240 ადამიანი დაშავდა.

აქციის მონაწილეებმა იმ სცადეს შეჭრა იმ ტერიტორიაზე, სადაც პრეზენტაცია იმართებოდა, მაგრამ კომპლექსის დაცვამ მათ ხელი შეუშალა.

61
გიორგი ვაშაძე

20-21 ივნისის მოვლენების დროს დაშავებულებმა შეიძლება კომპენსაცია მიიღონ

29
(განახლებულია 16:59 16.06.2021)
გიორგი ვაშაძის განმარტებით, კანონპროექტს მომავალ კვირაში დაარეგისტრირებენ, მანამდე კი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაზარალებულთა პოზიციებს დაელოდებიან.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი" პარლამენტში კანონპროექტის ინიცირებას გეგმავს, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს დაზარალებულთათვის კომპენსაციის გაცემას ითვალისწინებს.

20 ივნისს ანტისამთავრობო აქცია არეულობაში გადაიზარდა. გამოძიების ვერსიით, საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტში შეჭრას შეეცადნენ. შტურმის თავიდან აცილების მიზნით პოლიციამ შეკრებილთა დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. არეულობის დროს დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი, 40-მდე ჟურნალისტი, ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა.

„ვინც მსუბუქი დაზიანება მიიღო, მათ სახელმწიფოსგან ერთჯერადი კომპენსაცია უნდა მიიღონ, ხოლო ვინც მძიმე დაზიანება მიიღო, მათ ერთჯერად კომპენსაციასთან ერთად უნდა აუნაზღაურდეთ მკურნალობის ხარჯები და მთელი ცხოვრების მანძილზე საპენსიო უზრუნველყოფა დაენიშნოთ", – განაცხადა პარტიის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

დეპუტატის თქმით, აუცილებელი არაა დაშავებულებს ოფიციალურად ჰქონდეთ მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი.

„დაშავებულთა სია არსებობს, ვიდეოკადრებიც მოიპოვება", – განაცხადა ვაშაძემ.

კანონპროექტის დასამტკიცებლად ოპოზიციას მმართველი პარტიის მხარდაჭერა სჭირდება. თანახმა იქნება თუ არა „ქართული ოცნება" საკანონმდებლო ინიციატივას დაუჭიროს მხარი, ცნობილი მას შემდეგ გახდება, რაც კანონპროექტს საკომიტეტო მოსმენებზე გაიტანენ.

საპროტესტო აქციის დაშლის თემა საქართველოში კვლავ აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც პარლამენტი „ამნისტიის შესახებ" კანონპროექტის განხილვას შეუდგა, რომელიც ამ აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს ეხება. 20-21 ივნისის მოვლენებზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ოპოზიციური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიაა.

29
თემები:
საქართველოს პარლამენტი
ირაკლი კობახიძე

რამ შეუშალა ხელი გახარიას შს მინისტრის თანამდებობიდან გადაყენებას? კობახიძე კარტებს ხსნის

71
(განახლებულია 14:36 16.06.2021)
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ორი წლის შემდეგ გადაწყვიტა მოეყოლა, თუ როგორ ცდილობდა მმართველი პარტია შინაგან საქმეთა მინისტრისგან თავის დაღწევას, თუმცა ამის ნაცვლად ის პრემიერ-მინისტად დანიშნა.

თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გიორგი გახარიას გადაყენება გარდაუვალი იყო, მაგრამ ამას ხელი შეუშალა გარე ფაქტორებმა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში. 

აღსანიშნავია, რომ თავად კობახიძეს სწორედ ე.წ. „გავრილოვის ღამის“ მოვლენების გამო მოუხდა მაშინ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვება.

პარლამენტის შენობასთან 20 ივნისს ანტისამთავრობო აქცია არეულობაში გადაიზარდა. პოლიციამ აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. იმ ღამეს დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი, 40-მდე ჟურნალისტი, ორმა ახალგაზრდამ თვალი დაკარგა.

გახარიას გადადგომა სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციის ძირითადი მოთხოვნა იყო, რომლებიც შინაგან საქმეთა მინისტრს ადანაშაულებდნენ ძალის გადამეტებასა და აქციის დაშლისას აკრძალული მეთოდების გამოყენებაში.

„20 ივნისის შემდეგ გუნდში დისკუსია გაიმართა, იყო ასეთი მოსაზრება, და არაერთი ლიდერი ამბობდა, რომ კარგი იქნებოდა, თუ გახარია შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას დატოვებდა. ეს საკითხი რაღაც მომენტში მომწიფდა კიდეც, მაგრამ ეს გადაწყვეტილება შემდეგ რაღაცამ და არა ვიღაცამ შეცვალა. რამ – ამას ვერ ვიტყვი, თუმცა გარკვეულ მომენტში ამის დროც დადგება. იყო გარე ფაქტორი, რომელმაც საბოლოოდ ამ გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანა. ეს ფაქტორი მას უკავშირდებოდა“, – აღნიშნა კობახიძემ.

მისი თქმით, აქციის დაშლის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რათა რადიკალურად შეეცვალა გახარიას იმიჯი უკეთესობისკენ. 

„გიორგი გახარიას მიმართ ჩვენ არა მხოლოდ საჯაროდ გამოვირჩეოდით მსგავსი განცხადებებით, არამედ მაქსიმალურად გვედში ვედექით მას ჯერ როგორც შინაგან საქმეთა მინისტრს, შემდეგ კი როგორც პრემიერ-მინისტრს. თქვენ გახსოვთ, რომ მას ჰქონდა ძალიან მძიმე მდგომარეობა, განსაკუთრებით 20 ივნისის შემდეგ, და გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მისი იმიჯი რადიკალურად შეცვლილიყო. ეს არ იყო მხოლოდ საჯარო განცხადებები, ჩვენ ამას გუნდის შიგნით ვაკეთებდით“, – განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება უშუალოდ 20 ივნისის მოვლენებს, კობახიძის განმარტებით, გახარიას უწყების მიერ ჩატარებულმა ოპერაციამ კომპეტენტურობის კუთხით გარკვეული ეჭვები გააჩინა.

„ოპერაცია გახარიას მხრიდან იყო აბსოლუტურად გაუგებრად დაგეგმილი. მხედველობაში მაქვს აქციის დაშლის ოპერაცია, რამაც საბოლოოდ მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანა... რასაკვირველია, ის იღებდა გადაწყვეტილებებს, რა თქმა უნდა, ის იყო პასუხისმგებელი სპეცოპერაციის დაგეგმვაზე და თავად აკეთებდა ამას ერთ-ერთ თავის მოადგილესთან ერთად“, – განაცხადა კობახიძემ. 

მისი თქმით, პირველი კითხვა, რომელიც ოპერაციასთან დაკავშირებთ გაჩნდა, იყო – რატომ იდგა სპეცრაზმი პარლამენტის ჭიშკრის გარეთ და არა ჭიშკრის შიგნით. მეორე – რატომ არ იქნა გამოყენებული წყლის ჭავლი ან სხვა უფრო მსუბუქი სპეცსაშუალებები.

„სპეცრაზმი რომ მდგარიყო პარლამენტის ეზოს შიგნით და გამოყენებული ყოფილიყო უმარტივესი სპეცსაშუალებები, თავიდან ავიცილებდით ყველაფერს. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ეს იყო შეცდომა. თუმცა არ ვიცით – შეიძლება არც იყო“, – აღნიშნა კობახიძემ.

იმ ტრაგიკული მოვლენების შემდეგ მალევე, სექტემბერში გიორგი გახარია გათავისუფლების ნაცვლად დააწინაურეს და იგი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა. ამ თანამდებობიდან იგი მიმდინარე წლის თებერვალში გადადგა და მიზეზად მმართველ პარტიასთან უთანხმოება დაასახელა.

პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ გახარიამ შექმნა თავისი პარტია და სამიზნე ელექტორალური ჯგუფების თვალსაზრისით „ქართული ოცნების“ კონკურენტი გახდა.

71
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
ვლადიმირ პუტინი

„არ იყო არავითარი მტრული გარემო“ - პუტინმა ბაიდენთან შეხვედრა შეაფასა

0
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შეხვედრა ჟენევაში სამ საათ-ნახევარი გაგრძელდა.

თბილისი, 16 ივნისი - Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ კოლეგა ჯო ბაიდენთან შეხვედრა შეაფასა.

„არ იყო არავითარი მტრული გარემო, შეხვედრამ პრინციპული დღის წესრიგით ჩაიარა. ბევრ პოზიციაზე ჩვენი შეფასებები ერთმანეთს ემიჯნება. მაგრამ, ჩემი აზრით, ორივე მხარემ გამოამჟღავნა სურვილი, გაუგოს ერთმანეთს და მოძებნოს გზები პოზიციების დასაახლოებლად. საუბარი მეტად კონსტრუქციული იყო“, - აღნიშნა პუტინმა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მან ის თემებიც დაასახელა, რომლებიც სამიტზე იხილებოდა.

„თემები დაახლოებით ალბათ ყველასთვის ცნობილია - სტრატეგიული სტაბილურობა, კიბერუსაფრთხოება, რეგიონული კონფლიქტები, სავაჭრო ურთიერთობები, ასევე ვისაუბრეთ არქტიკაში თანამშრომლობაზე - ესაა მიახლოებითი ჩამონათვალი“, - აღნიშნა პუტინმა.

პრეზიდენტების შეხვედრა ჟენევაში სამ საათ-ნახევარი გაგრძელდა. შედგა ერთი ვიწრო ფორმატის და ერთიც ფართო ფორმატის შეხვედრა. წინასწარი ინფორმაციით, უნდა გამართულიყო გაფართოებული ფორმატის ორი შეხვედრა.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენის პრესკონფერენცია თბილისის დროით 21:30 სთ-ზე გაიმართება.

წყარომ დელეგაციიდან „რია ნოვოსტის“ აცნობა, რომ პრეზიდენტების მოლაპარაკებამ „სავსებით წარმატებით“ ჩაიარა.

0