რა საკითხები განიხილა საქართველოს პრეზიდენტმა პოლონელ კოლეგასთან შეხვედრისას

© photo: AFP 2020 / ERIC PIERMONTსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
გამოწერა
ანჯეი დუდას განცხადებით, პოლონეთი საქართველოს კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში დაეხმარება და ვაქცინებს გადასცემს

თბილისი, 27 მაისი – Sputnik. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30-ე წლისთავზე პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას საქართველოში ჩამოსვლა ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და სოლიდარობის გამოხატვაა, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლონელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ.

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა მეუღლესთან ერთად ოთხშაბათს, 26 მაისს თბილისს ორდღიანი ვიზიტით ეწვია. პოლონეთის პირველი პირის ვიზიტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღის საზეიმო აღნიშვნას მიეძღვნა.

ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრა ორბელიანის სასახლეში გაიმართა. პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ ლიდერებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. 

დამოუკიდებლობის დღე - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2021
პოლონეთის პრეზიდენტი: ქართველებო, გელოდებით გაერთიანებულ ევროპაში

„ძალზე მნიშვნელოვანია, რომ პოლონეთის პრეზიდენტი ესწრებოდა ჩვენს ეროვნულ ზეიმს. საქართველოში ჩამოსვლით მან ქართველი ხალხისადმი სოლიდარობა გამოხატა და ეს არის იმ მეგობრობისა და თანადგომის დასტური, რაც არის პოლონეთისა და საქართველოს ურთიერთობების დამახასიათებელი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ  სამომავლოდ საქართველოსა და პოლონეთს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება და განმტკიცდება. მისი თქმით, აუცილებელია, ორ ქვეყანას შორის გაღრმავდეს ეკონომიკური ურთიერთობები და  ტურიზმი გახდეს ამის ერთ-ერთი წამყვანი ძალა.

„პრაქტიკულად, ჩვენ მოვხსენით ყველა  კოვიდ–რეგულაცია. საქართველო ღია იქნება ყველა ვაქცინირებული ადამიანისთვის, ეს არის ჩვენი ღია კარის პოლიტიკა ევროპის და კერძოდ, პოლონეთის მიმართ. ჩვენ მზად ვართ და სიამოვნებით ვუმასპინძლებთ პოლონეთიდან ტურისტებს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე პოლონეთის სახით საიმედო მოკავშირე ჰყავს.

„გაერთიანებულ ევროპაში საქართველოს მიმართ არის მეტი სოლიდარობა და აქაც პოლონეთი არის ჩვენი ერთგული და ძლიერი მხარდამჭერი. ახლა იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი საქართველოსთვის და ჩვენ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ჩვენი მეგობარი პოლონეთისგან თანადგომის იმედი გვაქვს. ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირში ძალიან ძველი, ძალიან ძლიერი მეგობარი და პარტნიორი გვყავს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა. 

ტურისტები - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2021
ნათია თურნავა: ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ  მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ზურაბიშვილს გულთბილი მასპინძლობისთვის. მისი თქმით, საქართველომ, რომელიც ასე ისწრაფვის ევროკავშირის წევრობისკენ, მომავალშიც უნდა გააგრძელოს ძალისხმევა ამ მიმართულებით. მინდა დაგარწმუნოთ, რომ პოლონეთი მომავალშიც იქნება საქართველოს მეგობარი, რომელიც საქართველოს დაეხმარება მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებში, დასძინა დუდამ.

„ძალზე მნიშვნელოვანია, რომ აღმოსავლეთ პარტიონორობის ქვეყნების მხრიდან იმ რეფორმების გატარების პარალელურად, რომლებსაც ევროკავშირი და ნატო მოითხოვენ, ჩვენი მეგობარი ქვეყნების – საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანება მოხდეს.  საქართველომ უკვე გადადგა ნაბიჯები ევროკავშირის წევრობის მიმართულებით და იმედია, ახლა პროცესები მეტად კონკრეტული თარიღებისა და პროცედურული საკითხების განსაზღვრაზე გადავა", – აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.

იგი კორონავირუსის პანდემიის თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ პოლონეთი მზად არის საქართველოს დახმარება გაუწიოს კოვიდ–გამოწვევების დაძლევაში, რაც ამ ეტაპზე ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობისთვის მთავარია.

„პოლონეთი მზადაა საქართველოს კორონავირუსის პანდემიის დაძლევაში დაეხმაროს და ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები გადასცეს. ვარშავაში დაბრუნებისთანავე ამ თემას ქვეყნის პრემიერ–მინისტრთან და ჯანდაცვის მინისტრთან გავივლი და იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამ კუთხითაც შევძლებთ ვაჩვენოთ ქართველებს ჩვენი მეგობრობა და ერთმანეთის მხარდაჭერა ასეთ რთულ სიტუაციაში“, - განაცხადა ანჯეი დუდამ.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ანჯეი დუდა დღეს შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან. დღის ბოლოს კი პოლონეთის პირველი პირი საქართველოს დატოვებს.
დიპლომატიური ურთიერთობები საქართველომ და პოლონეთმა 1992 წლის 28 აპრილს დაამყარეს. ამ ხნის განმავლობაში ქვეყნებს შორის გაფორმდა 15–ზე მეტი საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლებიც არეგულირებს თანამშრომლობას თავდაცვის, ეკონომიკის, ტურიზმის, რეგიონული განვითარების, კულტურის, განათლების, ჯანდაცვისა და სხვა სფეროებში.

ყველა ახალი ამბავი
0