გოგი წულაია

„აქ ყოფნამ ეს საბოლოოდ გადამაწყვეტინა“: გოგი წულაია პარტიას აფუძნებს

124
ბრალდებული პოლიტიკოსი მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარს უჭერს და მომავალშიც აპირებს დაეხმაროს როგორც პარტიის შექმნაში, ასევე თავისუფლებისთვის ბრძოლაში.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გოგი წულაიამ პარტიის დაფუძნება გადაწყვიტა, პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს.

გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გულშემატკივრებს მიმართავს და პარტიის შექმნის პროცესში მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

წულაიას განცხადებით, პარტია მონაწილეობას მიიღებს ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში.

„მინდა ვთხოვო ჩემს მხარდამჭერებს, მეგობრებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც თვლის რომ, ჩემი 6 წლით ციხეში გამოკეტვა არის უსამართლობა, დამიჭიროთ მხარი და დამეხმაროთ პარტიის დაფუძნებაში“, - წერს წულაია.

მისი თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში პარტიამ „ყველა სოფელი და რეგიონი“ უნდა მოიცვას. ახლანდელ თვითმმართველობას ის „ბუტაფორიას“ უწოდებს და აცხადებს, რომ მისი მომავალი პარტიის პროგრამა მაქსიმუმია „მივაღწიოთ რეალურ თვითმართველობას, სამართლიანობას და მრეწველობას, რომელიც გადაარჩენს ქვეყანას“.

გოგი წულაია პარტია „თავისუფალი საქართველოს" წევრი იყო. მიმდინარე წლის მარტში ოპოზიციონერმა პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ის 1993–1995 წლებში იყო მესამე მოწვევის პარლამენტის წევრი (მაჟორიტარი) და 2004–2008 წლებში – საქართველოს მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი საარჩევნო ბლოკიდან „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 19 მარტს გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მიუსაჯა. პოლიციამ გოგი წულაია დაზარალებულის ჩვენებების საფუძველზე 17 მარტს დააკავა. გამოძიების ვერსიით, წულაიამ თბილისში, დროებით საცხოვრებელ ბინაში თავის ნაცნობ 42 წლის ქალზე იძალადა.

თავად წულაია, რომელიც ქუთაისში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და ხმაურიანი ოპოზიციონერი პოლიტიკოსია, ძალადობის ფაქტს უარყოფს და მიიჩნევს, რომ პროვოკაცია მოუწყვეს, რაც მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირდება. მან პროტესტის ნიშნად რამდენიმე დღიანი შიმშილობაც კი გამოაცხადა.

თავდაპირველად გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობს. თუმცა მოგვიანებით წულაიას ბრალი დაუმძიმდა და მას ბრალდება სსკ-ის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც „ძალადობით ჩადენილ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას“ გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

124
გიორგი ვაშაძე

20-21 ივნისის მოვლენების დროს დაშავებულებმა შეიძლება კომპენსაცია მიიღონ

29
(განახლებულია 16:59 16.06.2021)
გიორგი ვაშაძის განმარტებით, კანონპროექტს მომავალ კვირაში დაარეგისტრირებენ, მანამდე კი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაზარალებულთა პოზიციებს დაელოდებიან.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი" პარლამენტში კანონპროექტის ინიცირებას გეგმავს, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს დაზარალებულთათვის კომპენსაციის გაცემას ითვალისწინებს.

20 ივნისს ანტისამთავრობო აქცია არეულობაში გადაიზარდა. გამოძიების ვერსიით, საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტში შეჭრას შეეცადნენ. შტურმის თავიდან აცილების მიზნით პოლიციამ შეკრებილთა დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. არეულობის დროს დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი, 40-მდე ჟურნალისტი, ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა.

„ვინც მსუბუქი დაზიანება მიიღო, მათ სახელმწიფოსგან ერთჯერადი კომპენსაცია უნდა მიიღონ, ხოლო ვინც მძიმე დაზიანება მიიღო, მათ ერთჯერად კომპენსაციასთან ერთად უნდა აუნაზღაურდეთ მკურნალობის ხარჯები და მთელი ცხოვრების მანძილზე საპენსიო უზრუნველყოფა დაენიშნოთ", – განაცხადა პარტიის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

დეპუტატის თქმით, აუცილებელი არაა დაშავებულებს ოფიციალურად ჰქონდეთ მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი.

„დაშავებულთა სია არსებობს, ვიდეოკადრებიც მოიპოვება", – განაცხადა ვაშაძემ.

კანონპროექტის დასამტკიცებლად ოპოზიციას მმართველი პარტიის მხარდაჭერა სჭირდება. თანახმა იქნება თუ არა „ქართული ოცნება" საკანონმდებლო ინიციატივას დაუჭიროს მხარი, ცნობილი მას შემდეგ გახდება, რაც კანონპროექტს საკომიტეტო მოსმენებზე გაიტანენ.

საპროტესტო აქციის დაშლის თემა საქართველოში კვლავ აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც პარლამენტი „ამნისტიის შესახებ" კანონპროექტის განხილვას შეუდგა, რომელიც ამ აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს ეხება. 20-21 ივნისის მოვლენებზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ოპოზიციური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიაა.

29
თემები:
საქართველოს პარლამენტი
ირაკლი კობახიძე

რამ შეუშალა ხელი გახარიას შს მინისტრის თანამდებობიდან გადაყენებას? კობახიძე კარტებს ხსნის

71
(განახლებულია 14:36 16.06.2021)
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ორი წლის შემდეგ გადაწყვიტა მოეყოლა, თუ როგორ ცდილობდა მმართველი პარტია შინაგან საქმეთა მინისტრისგან თავის დაღწევას, თუმცა ამის ნაცვლად ის პრემიერ-მინისტად დანიშნა.

თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გიორგი გახარიას გადაყენება გარდაუვალი იყო, მაგრამ ამას ხელი შეუშალა გარე ფაქტორებმა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში. 

აღსანიშნავია, რომ თავად კობახიძეს სწორედ ე.წ. „გავრილოვის ღამის“ მოვლენების გამო მოუხდა მაშინ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვება.

პარლამენტის შენობასთან 20 ივნისს ანტისამთავრობო აქცია არეულობაში გადაიზარდა. პოლიციამ აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. იმ ღამეს დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი, 40-მდე ჟურნალისტი, ორმა ახალგაზრდამ თვალი დაკარგა.

გახარიას გადადგომა სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციის ძირითადი მოთხოვნა იყო, რომლებიც შინაგან საქმეთა მინისტრს ადანაშაულებდნენ ძალის გადამეტებასა და აქციის დაშლისას აკრძალული მეთოდების გამოყენებაში.

„20 ივნისის შემდეგ გუნდში დისკუსია გაიმართა, იყო ასეთი მოსაზრება, და არაერთი ლიდერი ამბობდა, რომ კარგი იქნებოდა, თუ გახარია შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას დატოვებდა. ეს საკითხი რაღაც მომენტში მომწიფდა კიდეც, მაგრამ ეს გადაწყვეტილება შემდეგ რაღაცამ და არა ვიღაცამ შეცვალა. რამ – ამას ვერ ვიტყვი, თუმცა გარკვეულ მომენტში ამის დროც დადგება. იყო გარე ფაქტორი, რომელმაც საბოლოოდ ამ გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანა. ეს ფაქტორი მას უკავშირდებოდა“, – აღნიშნა კობახიძემ.

მისი თქმით, აქციის დაშლის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რათა რადიკალურად შეეცვალა გახარიას იმიჯი უკეთესობისკენ. 

„გიორგი გახარიას მიმართ ჩვენ არა მხოლოდ საჯაროდ გამოვირჩეოდით მსგავსი განცხადებებით, არამედ მაქსიმალურად გვედში ვედექით მას ჯერ როგორც შინაგან საქმეთა მინისტრს, შემდეგ კი როგორც პრემიერ-მინისტრს. თქვენ გახსოვთ, რომ მას ჰქონდა ძალიან მძიმე მდგომარეობა, განსაკუთრებით 20 ივნისის შემდეგ, და გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მისი იმიჯი რადიკალურად შეცვლილიყო. ეს არ იყო მხოლოდ საჯარო განცხადებები, ჩვენ ამას გუნდის შიგნით ვაკეთებდით“, – განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება უშუალოდ 20 ივნისის მოვლენებს, კობახიძის განმარტებით, გახარიას უწყების მიერ ჩატარებულმა ოპერაციამ კომპეტენტურობის კუთხით გარკვეული ეჭვები გააჩინა.

„ოპერაცია გახარიას მხრიდან იყო აბსოლუტურად გაუგებრად დაგეგმილი. მხედველობაში მაქვს აქციის დაშლის ოპერაცია, რამაც საბოლოოდ მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანა... რასაკვირველია, ის იღებდა გადაწყვეტილებებს, რა თქმა უნდა, ის იყო პასუხისმგებელი სპეცოპერაციის დაგეგმვაზე და თავად აკეთებდა ამას ერთ-ერთ თავის მოადგილესთან ერთად“, – განაცხადა კობახიძემ. 

მისი თქმით, პირველი კითხვა, რომელიც ოპერაციასთან დაკავშირებთ გაჩნდა, იყო – რატომ იდგა სპეცრაზმი პარლამენტის ჭიშკრის გარეთ და არა ჭიშკრის შიგნით. მეორე – რატომ არ იქნა გამოყენებული წყლის ჭავლი ან სხვა უფრო მსუბუქი სპეცსაშუალებები.

„სპეცრაზმი რომ მდგარიყო პარლამენტის ეზოს შიგნით და გამოყენებული ყოფილიყო უმარტივესი სპეცსაშუალებები, თავიდან ავიცილებდით ყველაფერს. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ეს იყო შეცდომა. თუმცა არ ვიცით – შეიძლება არც იყო“, – აღნიშნა კობახიძემ.

იმ ტრაგიკული მოვლენების შემდეგ მალევე, სექტემბერში გიორგი გახარია გათავისუფლების ნაცვლად დააწინაურეს და იგი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა. ამ თანამდებობიდან იგი მიმდინარე წლის თებერვალში გადადგა და მიზეზად მმართველ პარტიასთან უთანხმოება დაასახელა.

პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ გახარიამ შექმნა თავისი პარტია და სამიზნე ელექტორალური ჯგუფების თვალსაზრისით „ქართული ოცნების“ კონკურენტი გახდა.

71
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
ნინოწმინდის პანსიონი

რატომ დაატოვინეს ნინოწმინდის პანსიონი ზოგიერთ აღმზრდელს

0
პანსიონიდან ამ ეტაპზე ბავშვების დაახლოებით ნახევარი გაყვანილია ოჯახებში, ხოლო დარჩენილებთან სოციალური მუშაკები მუშაობენ. პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა მათთვის ოჯახების მოსაძიებლად.

თბილისი, 16 ივნისი - Sputnik. აღმზრდელები, რომლებთან დაკავშირებითაც რისკები გამოიკვეთა, ნინოწმინდის პანსიონში აღარ იმყოფებიან, განაცხადა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სააგენტოს დირექტორმა, მერი მაღლაფერიძემ.

დღეს პანსიონის ახალმა დირექტორმა, მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ 40 აღმზრდელიდან პანსიონში 19 დარჩება.

წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი, რომელიც საპატრიარქოს პატრონაჟის ქვეშაა, ფართო საზოგადოებისა და სახელმწიფო სტრუქტურების ყურადღების ცენტრში სახალხო დამცველის განცხადების შემდეგ მოექცა. როგორც ნინო ლომჯარიამ განაცხადა, პანსიონში ბავშვებზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა ხორციელდება, ხოლო დაწესებულების ტერიტორიაზე მის წარმომადგენლებს შესვლის უფლებას არ აძლევენ. აღნიშნული განცხადების საფუძველზე საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო.

მაღლაფერიძის განმარტებით, შემდგომი ნაბიჯები შესაძლოა გარკვეული პერსონალის გადამზადებასაც ითვალისწინებდეს.

„როდესაც იდენტიფიცირდა გარკვეული რისკები კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით, მათ დაწესებულების ტერიტორია დატოვეს. როდესაც დაწესებულებაში რაიმე ტიპის რისკზე არის საუბარი, მნიშვნელოვანია, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მოხდეს მათი განრიდება“, – განაცხადა მერი მაღლაფერიძემ.

მაღლაფერიძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით ნინოწმინდის პანსიონიდან სულ 29 ბავშვია გაყვანილი.

„22 ჩარიცხული ბენეფიციარი რჩება, თუმცა პროცესი კვლავ გრძელდება. ამას წინ უძღვის შეფასება, საუკეთესო ადგილების შერჩევა, ბიოლოგიური ოჯახების შეფასება, მათთან კონტაქტი და ასე შემდეგ. როდესაც ბავშვების ინტერესებზე ვსაუბრობთ, ეს არ არის უბრალოდ ფრაზა, უნდა შევარჩიოთ მათთვის სწორი ზრუნვის ფორმები, შევეცადოთ მათ ბიოლოგიურ მშობლებთან ან მათ სიახლოვეს განთავსება“, – განაცხადა მერი მაღლაფერიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივნისს ნაწილობრივ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) შუამდგომლობა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს დაავალა შშმ სტატუსის მქონე ბავშვების პანსიონიდან დაუყოვნებლივ გაყვანის პროცესის დაწყება. ეს გადაწყვეტილება საპატრიარქომ გაასაჩივრა.

ნინოწმინდის პანსიონში ჩარიცხული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სახელმწიფო მზრუნველობის სხვა დაწესებულებაში (მინდობით აღზრდა, მცირე საოჯახო, ან რეინტეგრაცია) გადაყვანა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დაევალათ.

პანსიონთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების შემდეგ ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელის თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა მეუფე სპირიდონმა, ხოლო მის ნაცვლად ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი (იაკობიშვილი) დაინიშნა.

 

0