ბიულეტენები არჩევნებისთვის

საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ხელმეორედ პირდაპირ ეთერში დაითვლიან

45
(განახლებულია 22:36 18.05.2021)
პარდლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია მმართველი პარტიის ინიციატივით შეიქმნა არჩევნების გაყალბებაში ოპოზიციის ბრალდებების საპასუხოდ.

თბილისი, 18 მაისი – Sputnik. 2020 წლის შემოდგომაზე ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამომრჩევლების ხმები ხელმეორედ პირდაპირ ეთერში გადაითვალონ. ამის შესახებ საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მიქანაძემ აღნიშნა, ხმების დათვლის პროცესი სპეციალურ უნარებსა და გამოცდილებას მოითხოვს, ამიტომ ამისთვის 12 ადამიანს დაიქირავებენ.

„ეს ადამიანები განახორციელებენ გადათვლას, მაგრამ ჩვენ ვიქნებით დამსწრე, ზედამხედველი და იმის მაკონტროლებელი, რომ ეს პროცესი სწორად მიმდინარეობს. საჯაროობა და ღიაობა უზრუნველყოფილი რომ იყოს, მნიშვნელოვანი იქნება, პროცესი ლაივსტრიმით, პირდაპირ ეთერში გადაიცეს“, – აღნიშნა მიქანაძემ.

საგამოძიებო კომისია ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში 17 თებერვალს შეიქმნა. ამის ინიციატორი მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ იყო. მან ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის პრალდებების საპასუხოდ მიიღო, რომელიც „ოცნებას“ არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს.

მმართველმა პარტიამ პირობა დადო, რომ კომისია გადაითვლის ხმებს უბნების ნაწილში და თუ შედეგები 1%-ზე მეტით არ დაემთხვევა საქართველოს ცესკოს შედეგებს, ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

არჩევნების შედეგებით მმართველმა პარტიამ პარლამენტში 90 ადგილი მიიღო, დანარჩენი 60 ადგილი რვა ოპოზიციურ პარტიას შორის გადანაწილდა.

არჩევნების შედეგებით 36 მანდატი მიიღო „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, მაგრამ პარტიას გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლაზე ჯერ არ მიუღია.

„ნაციონალებთან“ ერთად პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ „ევროპული საქართველოს“ წევრებიც. პარტია თავის დროზე სააკაშვილის ყოფილმა თანამოაზრეებმა ჩამოაყალიბეს. ბოიკოტის რეჟიმშია „ლეიბორისტული პარტიაც.

45
ხანძარი თურქეთში

საქართველო თურქეთს ხანზართან ბრძოლაში დახმარებას სთავაზობს: პრემიერ-მინისტრის განცხადება

56
(განახლებულია 18:48 31.07.2021)
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ღრმა მწუხარება გამოთქვა იმ ტრაგედიის გამო, რაც თურქეთში ხანძრების შედეგად დატრიალდა.

თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. გულწრფელ სამძიმარს გამოვხატავ და თანავუგრძნობ ჩვენს მეგობარ თურქეთს ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების და იმ ზიანის გამო, რომელიც თურქეთს მიადგა, აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.

უკვე რამდენიმე დღეა თურქეთში ხანძარი მძვინვარებს. ცეცხლი გადავიდა დასახლებულ პუნქტებში, მოედო საცხოვრებელ უბნებსა და სასტუმროებს. განსაკუთრებით მძიმედაა სიტუაცია ადანაში, სადაც ტყის ხანძრის ექვსი კერაა, ხოლო ანტალიასა და მერსინში - ოთხ-ოთხი. ხანძარს ვერ გადაურჩა ისეთი პოპულარული კურორტები, როგორიცაა ბოდრუმი და მარმარისი.

საქართველოს მთავრობის მეთაური მზადყოფნას გამოთქვამს, თურქეთს ნებისმიერი სახის დახმარება აღმოუჩინოს.

„გულწრფელ სამძიმარს გამოვხატავ და თანავუგრძნობ ჩვენს მეგობარ თურქეთს ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების და იმ ზიანის გამო, რომელიც თურქეთს მიადგა. საქართველო სოლიდარობას უცხადებს თურქეთის მთავრობას და მოსახლეობას ამ განსაცდელის ჟამს. საქართველოს მთავრობის სახელით, მზად ვარ, მეზობელ თურქეთს ნებისმიერი სახის დახმარება აღმოვუჩინო“, – დაწერა პრემიერ-მინისტრმა თავის Facebook-გვერდზე.

როგორც დღეს თურქეთის სოფლისა და ტყის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, ბოლო სამ დღეში მაშველებმა კონტროლს ქვეშ მოაქციეს ცეცხლის 70 კერა. 11 ხანძარი მძვინვარებს სამხრეთ პროვინციებში - ადანაში, ანტალიაში, მუღლაში, მერსინში, ოსმანიეში.

ბოლო ცნობებით, ხანძრების შედეგად დაზარალდა 42 დასახლებული პუნქტი, 27 უკვე ევაკუირებულია. ხანძრის შედეგად დაიღუპა მინიმუმ ექვსი ადამიანი, დაშავებულია დაახლოებით 200.

56
ირაკლი კობახიძე

კობახიძე: სამი პროცენტიც რომ ავიღოთ, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მაინც არ დაინიშნება

45
(განახლებულია 23:49 30.07.2021)
შარლ მიშელის შეთანხმების მიხედვით, მმართველი პარტია მზად იყო ვადამდელი არჩევნები ჩაეტარებინა, თუ თვითმმართველობის არჩევნებზე ხმების 43%-ზე ნაკლებს აიღებდა.

თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხი თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე არანაირად არ იქნება დამოკიდებული, აცხადებს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

28 ივლისს მმართველმა პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიულმა საქართველომ“ ყველასთვის მოულოდნელად გაუქმებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივით 19 აპრილს ხელმოწერილი კომპრომისული შეთანხმება, რითიც უარი განაცხადა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე იმ შემთხვევაში, თუ 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველი პარტია ხმების 43%-ს ვერ აიღებს. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ქვეყნის დასავლელი პარტნიორების კრიტიკა გამოიწვია, რომლებმაც ხელისუფლების პროდასავლური კურსი ეჭვქვეშ დააყენეს.

„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს არ ექნება არავითარი მნიშვნელობა. რომც ავიღოთ „ლელოსავით“ 3%, მაინც არ დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, 93% რომ ავიღოთ, მაინც არ დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები“, — განაცხადა კობახიძემ.

პარტიის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მხოლოდ მათი კეთილი ნება იქნება.

  • „ნებისმიერ დროს, თუ დავინახავთ, რომ ვითარება იქნება მომწიფებული იმისათვის, რომ საქართველოში ჯანსაღი კოალიციური მმართველობა შედგეს, ამ შემთხვევაში ჩვენ ჩვენი კეთილი ნებით მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მმართველმა პარტიამ რეგიონებში მერობის კანდიდატები დაასახელა: ქვეყნდება სია>>

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021 წლის 2 ოქტომბერს ჩატარდება. ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად აგვისტოს პირველ რიცხვებში დაიწყება. სავარაუდოდ, არჩევნები საერთაშორისო დამკვირვებლების დიდ ინტერესს გამოიწვევს და, ადრინდელი ადგილობრივი არჩევნებისგან განსხვავებით, ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაცია ქვეყანაში დიდ დელეგაციას გამოგზავნის.

45
მზის ჩასვლა

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 1 აგვისტო

0
(განახლებულია 08:03 31.07.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 1 აგვისტოა, კვირა. კლებადი მთვარე კუროს ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.

არაერთი სიურპრიზი გელოდებათ. ესაა შემოქმედებითი ვნებების, მოულოდნელი გადაწყვეტილებებისა და გრძნობების უეცარი „ამოფრქვევის“ დღე. აჯობებს, თუ არ მიიღებთ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებს, არ გამართავთ მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს – შედეგის გათვლა შეუძლებელია.

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 31 ივლისი>>

ვერძი: მრავალფეროვანი სიურპრიზები გელოდებათ – ვის როგორ გაუმართლებს. თქვენ გულში შეიძლება იფეთქოს მოულოდნელმა და ცეცხლოვანმა ვნებამ, რომელიც, დიდი ალბათობით, უბრალო რომანით არ დასრულდება. მალეც რომ დასრულდეს ეს კავშირი, ის თქვენს გულში საგრძნობ კვალს დატოვებს. გრძნობების მოზღვავება იმდენად უეცარი იქნება, რომ მომზადებას ვერ მოასწრებთ.

კურო: სჯობს, არავინ მოაწყოს თქვენი პროვოცირება, თუნდაც გარეგნულად ძალზე დამყოლი და აუღელვებელი ჩანდეთ. გარშემომყოფებს კი არა, თქვენც შეიძლება დარწმუნებული იყოთ, რომ სიმშვიდის განსახიერება ხართ. მაგრამ მაინც – მოსალოდნელია გაღიზიანების უეცარი შემოტევა, ამიტომ აჯობებს, თუ არავინ დაიწყებს თქვენი მისამართით „ისრების გამოსროლას“.

ტყუპი: ყველაზე ეფექტური გზა დღეს თქვენთვის დინებაზე მშვიდად გაყოლაა. არ ღირს გარემოებებზე შეწინააღმდეგება. უაზრობაა ბედთან კამათი და მით უმეტეს, მკაცრი გეგმის მიხედვით მოქმედება. გეგმის დაწყობა, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, მაგრამ მზად იყავით იმისთვის, რომ გზადაგზა მასში კორექტივების შეტანა მოგიწევთ. ენდეთ ინტუიციას – ის გიკარნახებთ, როგორ მოიქცეთ მოულოდნელ ვითარებებში.

კირჩხიბი: არ იჩქაროთ. დღის პირველი ნახევარი, შესაძლოა, არცთუ ხელსაყრელად დაიწყოს და მნიშვნელოვანი საქმეებისთვის არ იყოს შესაფერისი, მაგრამ დროთა განმავლობაში პოზიტიური ტენდენციების გავლენა გაძლიერდება. დღის მეორე ნახევარი სასიამოვნო ნაცნობობის დროა, როდესაც არაა გამორიცხული მეგობრული ან სასიყვარულო ურთიერთობების დაწყება. ენდეთ ინტუიციას.

ლომი: ვერანაირი გაუთვალისწინებელი გარემო რიტმიდან ვერ ამოგაგდებთ. შესაძლებელია ასეთმა დაუგეგმავმა მოვლენამ დროებით თქვენი ყურადღება გაფანტოს, მაგრამ ეს ხელს ვერ შეგიშლით, კალაპოტიდან ვერ ამოგაგდებთ და საქმეს მაინც მიიყვანთ ბოლომდე. ასე რომ, დღე პროდუქტიულად ჩაივლის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერ წვრილმანზე არ გაღიზიანდებით.

ქალწული: დღე მთლიანობაში მშვიდად და პოზიტიურად ჩაივლის, თუმცა რაღაც მომენტებში, უდრო დღის პირველ ნახევარში მოულოდნელი მოვლენები, გაუგებრობებია მოსალოდნელია. პოზიტიური ტენდენციები მალე გაძლიერდება და დღის მეორე ნახევარში უკვე გაჩნდება ახალი, პერსპექტიული შესაძლებლობები. ეს პერიოდი კარგი დროა ურთიერთობებისთვის, ადვილად პოულობთ საერთო ენას ყველასთან, მათ შორის ახლად გაცნობილ ადამიანებთანაც.

სასწორი: ვარსკვლავები გირჩევენ, თავი შეიკავოთ ფინანსებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებისგან, რაღაც „თავქარიანი“ ექსპერიმენტების ჩატარებისგან. არ აჰყვეთ უკვე ნაცნობ ცდუნებებს, რადგან მორალური თუ მატერიალური შედეგები იმაზე მასშტაბური იქნება, ვიდრე წარმოგიდგენიათ. საფრთხის შემცველია ზედმეტი, გადაჭარბებული მოთხოვნები, ანუ დაკმაყოფილდით იმით, რაც დღეს გაქვთ.

მორიელი: დღეს ვარსკვლავები თქვენ მხარეს არიან. საკმაოდ პოზიტიური პერიოდი გელოდებათ რამე განსაკუთრებული იარყოფითი ძვრების გარეშე. მოასწრებთ დასვენებასაც და საქმეების გაკეთებასაც. მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები, ხოლო უსიამოვნებებისგან შინაგანი წინდახედულება და დღეს განსაკუთრებულად გამძაფრებული ინტუიცია დაგიცავთ.

მშვილდოსანი: შეგწევთ ძალა, რომ ბევრი სასარგებლო რამ გააკეთოთ არა მარტო თქვენთვის, არამედ გარშემომყოფებისთვისაც. მოსალოდნელია უჩვეულო შეხვედრები, დამეგობრება საინტერესო ადამიანებთან. ნათლად გამოვლინდება თქვენი ლიდერის თვისებები. საქმე ბევრი გექნებათ, მაგრამ დაღლილობას ვერ იგრძნობთ – ენერგიით ხართ სავსე.

თხის რქა: საკმაოდ პოზიტიური დღე გელოდებათ. სერიოზული პრობლემები და სირთულეები, რომელთა გადალახვასაც ვერ შეძლებთ, არ გელოდებათ. ხართ მშვიდი და თავდაჯერებული, მაგრამ მოდუნება არ ღირს, რადგან ბედმა არაერთი შესანიშნავი შანსი შეიძლება მოგცეთ, რომ მეტოქეებსა და კონკურენტებზე გაიმარჯვოთ. სავარაუდოდ, გაგიჩნდებათ საინტერესო იდეები, მაგრამ მათი რეალიზების დაწყებისთვის ჯერ შესაფერისი დრო არ დამდგარა.

მერწყული: დღეს ძალიან წაგადგებათ სრულფასოვანი დასვენება ახლობელი ადამიანების გარემოცვაში, მაგრამ დღის განმავლობაში თქვენი გეგმები შეიძლება არაერთხელ შეიცვალოს. ეს უფრო დღის პირველ ნახევარს ეხება, როცა გგონიათ, რომ ათასი საქმე გაქვთ სასწრაფოდ გასაკეთებელი. თავისუფლად შეგიძლიათ დასვენების უფლება მისცეთ თავს. ამისთვის დღის მეორე ნახევარი გამოდგება, როდესაც თავს უფრო მშვიდად იგრძნობთ.

თევზები: ეცადეთ, არ იჩქაროთ. დღეს კარგად მოფიქრებული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ და დაფიქრებული ნაბიჯები გადადგათ. არ ენდოთ ყველას, ვინც ერთი შეხედვით კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. მართალია, დიდი სურვილი გაქვთ, რომ დაისვენოთ და მოდუნდეთ, მაგრამ საქმეები ამის საშუალებას არ მოგცემთ. კარგი დღეა მოკლე მანძილზე მგზავრობისა და გარემოს გამოცვლისთვის.

0