საქართველოს პარლამენტი

მცდელობა ნომერი ორი: ვენეციის კომისია საარჩევნო სისტემის რეფორმას კიდევ ერთხელ შეაფასებს

52
(განახლებულია 21:53 13.05.2021)
საქართველოს პარლამენტი საარჩევნო სისტემის ცვლილებების მიღებას ივნისის ბოლოსთვის გეგმავს. პროექტის პირველი მოსმენა 24 მაისს გაიმართება.

თბილისი, 13 მაისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტი ვენეციის კომისიას საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესწორებულ პროექტს შესაფასებლად 17 მაისს გაუგზავნის, განაცხადა განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი მოამზადეს მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ და ოპოზიციურმა პარტიებმა („მოქალაქეები“ და „ევროპელი სოციალისტები“). პროექტი ინიცირებულია თებერვალში. ვენეციის კომისიამ ცვლილებების პროექტი უკვე შეაფასა და რამდენიმე ხარვეზი გამოავლინა.

„ვენეციის კომისიამ მოიწონა ეს პროექტი, ჰქონდა ერთი საკითხი, რომელიც ასევე არის 19 აპრილის შეთანხმების ნაწილი და შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებას. არის კიდევ სხვა ტექნიკური საკითხები, რაზეც, დარწმუნებული ვარ, ხვალინდელ შეხვედრაზე შევთანხმდებით. ჩვენი გეგმაა, რომ ორშაბათს უკვე გავგზავნოთ შეცვლილი პროექტი ვენეციის კომისიაში განმეორებითი დასკვნისთვის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ცვლილებებთან დაკავშირებით პირველი მოსმენა 24 მაისის სხდომაზე გაიმართება, ხოლო საბოლოო მოსმენით 21 ივნისს იქნება მიღებული.

პროექტის სადავო ნაწილი

კანონპროექტის მიხედვით, ცესკოს შემადგენლობაში იქნება 17 წევრი ამჟამინდელი 11-ის ნაცვლად.

ამასთან, 17 წევრიდან რვას პარლამენტი პრეზიდენტის წარდგენით ხუთი წლის ვადით დანიშნავს, ცხრას დანიშნავენ პარტიები.

ცესკოს წევრის წარდგენა შეუძლიათ როგორც პარტიებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს საპარლამენტო არჩევნებში და მოპოვებული აქვთ მანდატები, ანდა იღებენ დაფინანსებას ბიუჯეტიდან, ასევე იმ პარტიებს, რომლებსაც პარლამენტის მინიმუმ ერთი მოქმედი წევრი ჰყავთ.

ცვლილებების თანახმად, გაიზრდება ასევე საოლქო კომისიების შემადგენლობა (11-დან 17-მდე), ამასთან კომისიის რვა წევრს დანიშნავს ცესკო, ხოლო პარტიები საარჩევნოდ ექვსის ნაცვლად ცხრა წარმომადგენლის დანიშვნას შეძლებენ.

ვენეციის კომისიის ერთ-ერთი მთავარი შენიშვნა ეხება პარტიების პროპორციულ წარმომადგენლობას საარჩევნო კომისიებში. ვენეციის კომისიის თვალსაზრისით, არსებული მოდელი ვერ აღმოფხვრის მმართველი პარტიის დომინირების საკითხს საარჩევნო კომისიებში.

იცვლება ასევე ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პრინციპი – კანდიდატურას წარადგენს პრეზიდენტი პარლამენტის მიერ არჩეულ ცესკოს წევრთაგან, ხოლო შემდგომში მას მხარი უნდა დაუჭიროს კომისიის წევრთა არანაკლებ ორმა მესამედმა. ამჟამად მოქმედ კანონმდებლობაში ცესკოს შეუძლია არჩევანი გააკეთოს სამ კანდიდატს შორის, რომელთაც ასევე პრეზიდენტი წარადგენს.

აღნიშნულმა საკითხმაც ვენეციის კომისიის უკმაყოფილება გამოიწვია. კომისიის თვალსაზრისით, ასეთი სიახლე მიზანშეწონილი არ იქნება საზოგადოებაში ცესკოსადმი დაბალი ნდობის ფონზე.

ვენეციის კომისია იძლევა რეკომენდაციას, შეიცვალოს ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცესი და მისი არჩევისთვის საკმარისი ხმების რაოდენობა პარლამენტში 76-დან 100-მდე გაიზარდოს.

 

52
ცესკო

ცესკო: ახალმა პარტიებმა ადგილობრივი არჩევნებისთვის რეგისტრაცია 14 ივლისამდე უნდა გაიარონ

30
(განახლებულია 09:16 13.06.2021)
ადგილობრივი არჩევნები საქართველოში ოქტომბერში ჩატარდება. საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ მუნიციპალიტეტების მერებსა და ადგილობრივი საკრებულოების წევრებს.

თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. იმ პარტიებმა, რომლებსაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცესკოში რეგისტრაცია 14 ივლისამდე უნდა გაიარონ, ნათქვამია ცესკოს ვებგვერდზე.

ადგილობრივი არჩევნები საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩატარდება. ქალაქებისა და რაიონების მოსახლეობა აირჩევს მუნიციპალიტეტების მერებსა და ადგილობრივი საკრებულოების წევრებს.

ცესკო შეახსენებს პარტიებს, რომ თუ ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე მათ რეგისტრაცია არ გაუვლიათ ან პარლამენტში არ ჰყავთ საკუთარი წარმომადგენელი, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად განცხადებით უნდა მიმართონ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) თავმჯდომარეს 14 ივლისამდე.

დანარჩენ პარტიებს განცხადებები შეაქვთ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა.

რაც შეეხება ახალ პარტიებს, ისინი ვალდებული არიან პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინონ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი არანაკლებ 25 ათასი ამომრჩევლის სია. ასევე ამონაწერი რეესტრიდან პარტიის რეგისტრაციაზე.

30
ცესკოს შენობა

ცესკომ არჩევნების ელექტრონული მოდელი გატესტა: პარტიები კმაყოფილი არიან

39
(განახლებულია 23:22 12.06.2021)
ელექტრონული არჩევნების დასანერგად საქართველოს პარლამენტმა შეიმუშავა ცვლილებები საარჩევნო კოდექსში და ახლა დეპუტატებმა მათ კენჭი უნდა უყარონ.

თბილისი, 12 ივნისი – Sputnik. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ახალი ელექტრონული მოდელით იმიტირებული არჩევნები ჩატარდა, რომელიც ოპოზიციურმა პარტიებმა და დამკვირვებლებმა დადებითად შეაფასეს.

ელექტრონული არჩევნების სისტემა - კენჭისყრის ახალი სისტემაა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სამართლიანი არჩევნების ჩატარება და გაყალბების თავიდან აცილება.

აღნიშნული მოდელი გულისხმობს საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა ელექტრონულ რეგისტრაციას, ხოლო თავად ბიულეტენები იქნება აღჭურვილი სპეციალური შტრიხკოდებით, რომელთა გაყალბებაც შეუძლებელია.

გარდა ამისა, ხმების დათვლა კამერების წინ მოხდება, ხოლო დათვლის დროს ბიულეტენების სკანირება მოხდება.

აღნიშნული საპილოტო მოდელი მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განხილულ იქნას ყველა შესაძლო რისკი, რათა საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ, განაცხადა ცესკოს მოადგილე გიორგი შარაბიძემ.

ოპოზიცია კმაყოფილია

ოპოზიციური პარტიების ლიდერები არჩევნების ახალი მოდელით კმაყოფილი დარჩნენ.

„ამ ტექნოლოგიების გამოყენებით მინიმუმამდეა დაყვანილი გაყალბების შანსი, ეს ინოვაცია მოვიფიქრეთ გაყალბების პრევენციისთვის, რომელიც აქ ხდება. 90-95%- ით შემცირებულია გაყალბების შემთხვევები ამ ტექნოლოგიებით“, - განაცხადა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

ხოლო „ლელო საქართველოსთვის წარმომადგენელმა საბა ბუაძემ აღნიშნა, რომ ახლა საჭიროა ამ ტექნოლოგიების დროული დანერგვა.

„კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი წარიმართოს დროულად და სიახლეები დანერგილი იყოს იმგვარად, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით იყოს გამოყენებული“, - განაცხადა ბუაძემ.

ადგილობრივი არჩევნები საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩატარდება. ქალაქებისა და რაიონების მოსახლეობა აირჩევს მუნიციპალიტეტების მერებსა და ადგილობრივი საკრებულოების წევრებს.

ელექტრონული არჩევნების დასანერგად საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები შეიმუშავა და ახლა დეპუტატებმა მათ კენჭი უნდა უყარონ.

39
ავბტობუსი თბილისის ქუჩაში

თბილისის ავტობუსების განრიგში ცვლილება მოხდა

0
50 ავტობუსი „თბილისის ზღვის პლაზას“ და ბარათაშვილის ქუჩას შორის ყოველდღიურად დილის 7 საათიდან საღამოს 8 საათამდე მოძრაობს.

თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, 14 ივნისიდან  N50 ავტობუსი შეცვლილი მარშრუტით ივლის, იუწყება დედაქალაქის მერია.

50 ავტობუსი „თბილისის ზღვის პლაზას“ და ბარათაშვილის ქუჩას შორის ყოველდღიურად დილის 7 საათიდან საღამოს 8 საათამდე მოძრაობს.

ორშაბათიდან ავტობუსი ვაზისუბნიდან ჯერ შანდორ პეტეფის ქუჩაზე გადაადგილდება, შემდეგ მეტროს სადგურ „ვარკეთილს“  გაივლის და ჯავახეთის ქუჩის გავლით გააგრძელებს სვლას  ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით.

უკან კი 50 ნომერი ავტობუსი ძველი მარშრუტით დაბრუნდება და ვარკეთილის მეტროს და შანდორ პეტეფის ქუჩას უკვე აღარ გაივლის.

0