ვახტანგ გომელაური

გომელაური: ამნისტია ყველას, მათ შორის პოლიციელებსაც უნდა შეეხოს

54
(განახლებულია 20:11 05.05.2021)
ოპოზიციას ხელისუფლებისგან განსხვავებული მიდგომა აქვს და ის მმართველი პარტიის მიერ მომზადებული კანონპროექტის წინააღმდეგია.

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს მმართველი პარტიის მიერ მომზადებული ამნისტიის შესახებ კანონპროექტი სამართლიანად მიაჩნია. 

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მისი აზრით, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტია პოლიციელებსაც უნდა შეეხოს. აღნიშნულ საქმეზე ყველაზე მძიმე ბრალდება ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს ნიკა მელიას აქვს წაყენებული, დასძინა გომელაურმა.

2019 წლის 20-21 ივნისის „გავრილოვის ღამედ“ წოდებული პროტესტის შემდეგ აღძრული საქმეების ფიგურანტების ამნისტია ევროკავშირის შუამავლობით მხარეების მიერ ხელმოწერილი შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტია.

გომელაურის თქმით, ამნისტია პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და თუ იგი გამოცხადდება, ის პოლიციელებსაც უნდა შეეხოს.

„მე პოლიციელებს ვიცავ არა როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი. ნიკა მელიას ყველაზე მძიმე მუხლი აქვს წაყენებული და თუ ამნისტია მელიას უნდა შეეხოს, რატომ არ უნდა შეეხოს იგი გაცილებით მსუბუქ მუხლებს? ეს ხომ უსამართლობა იქნება?! მძიმე მუხლებს იგი (ამნისტია) ისეც არ ეხება. ამიტომაც ვთვლი, რომ კანონპროექტი სამართლიანია“, – განაცხადა გომელაურმა.

მინისტრის თქმით, ამნისტია არ შეეხება იმ პირებს, რომლებიც სსკ-ის 117-ე „ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების“ მუხლით გადიან. 

საქართველოს პარლამენტში „მაისის არდადეგების“ შემდეგ ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ორი ვარიანტი დარეგისტრირდება – ერთი უმრავლესობის, მეორე ოპოზიციის მიერ მომზადებული.

მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მიერ მომზადებული დოკუმენტების ვერსიები განსხვავდება ერთმანეთისგან – მხარეებს თავად ამნისტიის პროცესთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვა აქვთ. ხელისუფლების სურვილია, რომ ამნისტია საქმის ყველა ფიგურანტს შეეხოს, მათ შორის პოლიციელებსაც და იმ შესაძლო პირებსაც, რომლებიც შეიძლება გამოძიებამ მოგვიანებით გამოავლინოს.

ოპოზიცია, პირველ რიგში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობისთვის ბრალდებულთა და გასამართლებულთა ამნისტიისა და მათთვის ნასამართლობის მოხსნის წინადადებით გამოდის. ასეთ ბრალდებულთა შორის, რიგითი აქტივისტების გარდა, არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელიც ამჟამად პატიმრობაშია.

გარდა ამისა, ოპოზიცია 20–21 ივნისის ღამეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ამჟამად ბრალდებული პოლიციელების ამნისტიაზეც თანახმაა, მაგრამ ამავდროულად იმ პირთა პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების წინააღმდეგია, რომლებსაც პოლიტიკური თანამდებობები ეკავათ და მონაწილეობდნენ ბრძანებების გაცემაში.

54
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (416)
ცესკო

ცესკო: ახალმა პარტიებმა ადგილობრივი არჩევნებისთვის რეგისტრაცია 14 ივლისამდე უნდა გაიარონ

30
(განახლებულია 09:16 13.06.2021)
ადგილობრივი არჩევნები საქართველოში ოქტომბერში ჩატარდება. საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ მუნიციპალიტეტების მერებსა და ადგილობრივი საკრებულოების წევრებს.

თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. იმ პარტიებმა, რომლებსაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცესკოში რეგისტრაცია 14 ივლისამდე უნდა გაიარონ, ნათქვამია ცესკოს ვებგვერდზე.

ადგილობრივი არჩევნები საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩატარდება. ქალაქებისა და რაიონების მოსახლეობა აირჩევს მუნიციპალიტეტების მერებსა და ადგილობრივი საკრებულოების წევრებს.

ცესკო შეახსენებს პარტიებს, რომ თუ ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე მათ რეგისტრაცია არ გაუვლიათ ან პარლამენტში არ ჰყავთ საკუთარი წარმომადგენელი, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად განცხადებით უნდა მიმართონ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) თავმჯდომარეს 14 ივლისამდე.

დანარჩენ პარტიებს განცხადებები შეაქვთ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა.

რაც შეეხება ახალ პარტიებს, ისინი ვალდებული არიან პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინონ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი არანაკლებ 25 ათასი ამომრჩევლის სია. ასევე ამონაწერი რეესტრიდან პარტიის რეგისტრაციაზე.

30
ცესკოს შენობა

ცესკომ არჩევნების ელექტრონული მოდელი გატესტა: პარტიები კმაყოფილი არიან

39
(განახლებულია 23:22 12.06.2021)
ელექტრონული არჩევნების დასანერგად საქართველოს პარლამენტმა შეიმუშავა ცვლილებები საარჩევნო კოდექსში და ახლა დეპუტატებმა მათ კენჭი უნდა უყარონ.

თბილისი, 12 ივნისი – Sputnik. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ახალი ელექტრონული მოდელით იმიტირებული არჩევნები ჩატარდა, რომელიც ოპოზიციურმა პარტიებმა და დამკვირვებლებმა დადებითად შეაფასეს.

ელექტრონული არჩევნების სისტემა - კენჭისყრის ახალი სისტემაა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სამართლიანი არჩევნების ჩატარება და გაყალბების თავიდან აცილება.

აღნიშნული მოდელი გულისხმობს საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა ელექტრონულ რეგისტრაციას, ხოლო თავად ბიულეტენები იქნება აღჭურვილი სპეციალური შტრიხკოდებით, რომელთა გაყალბებაც შეუძლებელია.

გარდა ამისა, ხმების დათვლა კამერების წინ მოხდება, ხოლო დათვლის დროს ბიულეტენების სკანირება მოხდება.

აღნიშნული საპილოტო მოდელი მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განხილულ იქნას ყველა შესაძლო რისკი, რათა საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ, განაცხადა ცესკოს მოადგილე გიორგი შარაბიძემ.

ოპოზიცია კმაყოფილია

ოპოზიციური პარტიების ლიდერები არჩევნების ახალი მოდელით კმაყოფილი დარჩნენ.

„ამ ტექნოლოგიების გამოყენებით მინიმუმამდეა დაყვანილი გაყალბების შანსი, ეს ინოვაცია მოვიფიქრეთ გაყალბების პრევენციისთვის, რომელიც აქ ხდება. 90-95%- ით შემცირებულია გაყალბების შემთხვევები ამ ტექნოლოგიებით“, - განაცხადა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

ხოლო „ლელო საქართველოსთვის წარმომადგენელმა საბა ბუაძემ აღნიშნა, რომ ახლა საჭიროა ამ ტექნოლოგიების დროული დანერგვა.

„კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი წარიმართოს დროულად და სიახლეები დანერგილი იყოს იმგვარად, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით იყოს გამოყენებული“, - განაცხადა ბუაძემ.

ადგილობრივი არჩევნები საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩატარდება. ქალაქებისა და რაიონების მოსახლეობა აირჩევს მუნიციპალიტეტების მერებსა და ადგილობრივი საკრებულოების წევრებს.

ელექტრონული არჩევნების დასანერგად საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები შეიმუშავა და ახლა დეპუტატებმა მათ კენჭი უნდა უყარონ.

39
სვანური კოშკები უშგულში

კოშკები, მთები, მყინვარები, ადამიანები: საქართველოს საოცრებები პოპულარულ გადაცემაში მოხვდა

0
(განახლებულია 21:04 13.06.2021)
საქართველოში შოუს გადამღებ ჯგუფს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ უმასპინძლა.

თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. ცნობილმა უკრაინულმა სატელევიზიო შოუმ „ორიოლ ი რეშკა“ - სამყაროს საოცრებები“ გადაცემა საქართველოზე, კერძოდ, სვანეთზე მოამზადა.

სცენარის მიხედვით, საქართველოში ტურისტად ჩამოსული შოუს მონაწილეები ანტონი და ვასილისა სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებას ეძებენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სვანეთში, კერძოდ კი მესტიაში მოსახვედრად.

გადაღებების ნაწილი ქუთაისის განახლებულ აეროპორტში წარიმართა. საიდანაც მესტიის მიმართულებით ე.წ. შოუს მდიდარი მონაწილე გოგონა კერძო თვითმფრინავით გაემგზავრა,  ხოლო შოუს ღარიბი მონაწილე ბიჭი, რომელსაც მონეტით კენჭისყრისას 100 დოლარი ერგო, სვანეთამდე ქუთაისიდან სამარშრუტო ტაქსით წავიდა.

„საქართველო არის ქვეყანა, რომელიც განსაკუთრებული სტუმარ-მასპინძლობით გამოირჩევა. ჩვენ მის ყველაზე კოლორიტულ ნაწილში, სვანეთში მივემგზავრებით. ჩვენი დღევანდელი საოცრება იდუმალი სვანური კოშკებია“, - განაცხადეს წამყვანებმა სათავგადასავლო გადაცემის დასაწყისში.

საქართველოში შოუს გადამღებ ჯგუფს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ უმასპინძლა.

როგორც უწყებაში აღნიშნეს, სატელევიზიო შოუში საქართველოს ორი აეროპორტი წარმოჩინდა, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი. ტურისტული მიმართულებით კი საქართველოს ორი რეგიონი: იმერეთი და სვანეთი.

სვანეთში გადაღებები მიმდინარეობდა მესტიაში და უშგულში. ნაჩვენებია სათხილამურო კურორტი თეთნულდი, ჭალაათის მყინვარი, უშგულში თამარ მეფის საზაფხულო რეზიდენცია, მარგიანების საგვარეულო სახლ-მუზეუმი და, რა თქმა უნდა, ულამაზესი სვანური კოშკები და შთამბეჭდავი ბუნება.

აღსანიშნავია, რომ 50 წუთიან გადაცემას ფონად გასდევს ქართული ხალხური სიმღერები, თავად ანტონიც კი ქართულად ამღერდა და სვანური ქუდის შეძენის შემდეგ განაცხადა, რომ „ნამდვილი სვანი გახდა“.

„საქართველო პაწაწინა ქვეყანაა, მაგრამ აქ ამხელა საოცრებებია: კოშკები, მთები, მყინვარები, ადამიანები - და ისინი ზეცისკენ მიიწევენ“, - ამ სიტყვებით ასრულებს წამყვანი გადაცემას.

გადაცემა Youtube-არხზე ორ დღეში უკვე 90 ათასმა ადამიანმა ნახა.

სათავგადასავლო ჟანრის გადაცემა კვირაში ერთხელ Novy არხზე გადის ეთერში და ასევე, კომბინირებულად რუსეთშიც  მაუწყებლობს FRYDAY TV Channel-ზე. „არიოლ ი რეშკას“ ჯამში 70 მლნ მაყურებელი ჰყავს. 2014 და 2016 წლებში მიღებული აქვს ჯილდოები საუკეთესო გასართობი შოუსთვის. ასევე, უკრაინის უმაღლესი სატელევიზიო ჯილდო „ტელეტრიუმფი“.

 

 

0