ზურაბ პატარაძე

რაზე იმსჯელებენ ბაქოში: საქართველოს ელჩის კომენტარი პრემიერის ვიზიტზე

62
(განახლებულია 17:39 05.05.2021)
აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის თქმით, გამორიცხული არ არის, ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხიც განიხილოს.

თბილისი, 5 მაისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ბაქოში ახალ იმპულსებს შესძენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს, აცხადებს აზერბაიჯანში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ზურაბ პატარაძე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს გაემგზავრა ბაქოში ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით, სადაც ის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, აზერბაიჯანელ კოლეგა ალი ასადოვსა და პარლამენტის თავმჯდომარეს საჰიბა გაფაროვას შეხვდება.

ელჩის თქმით, ბაქოში საკითხთა ფართო სპექტრი იქნება განხილული, რომლებიც ორმხრივ ინტერესს წარმოადგენს ქვეყნებისთვის. განსახილველ საკითხთა შორისაა სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული მიმართულებებიც.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი შესძენს დამატებით იმპულსს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს. ამავდროულად განიხილება საკითხები, რომელიც ეხება ეკონომიკურ ჭრილს — სავაჭრო-ეკონომიკური კომისიისა და ასევე სხვა აქტივობების, ბიზნეს-ფორუმების ჩატარების თვალსაზრისით, რათა ხელი შევუწყოთ ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და გაძლიერებას“, — განაცხადა პატარაძემ.

დიპლომატი ასევე შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანისთვის აქტუალურ თემასაც — საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხს. მისი თქმით, გამორიცხული არ არის, ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა ეს თემაც განიხილოს.

„რაც შეეხება უშუალოდ დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხს, უახლოეს პერიოდში გაიმართება კომისიის მორიგი სხდომა, რომელზეც ქვეყნები და მხარეები ვიმსჯელებთ ამ საკითხებზე. დარწმუნებული ვარ, საკითხი გადაწყდება, როგორც შეეფერება ორ მეგობარ, სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას“, — აღნიშნა ელჩმა.

საქართველოსა და აზერბაიჯანს საერთო საზღვრის რამდენიმე სადავო უბანი აქვთ, რომლებზე შეთანხმებაც დღემდე არ არის მიღწეული. ერთ-ერთ სადავო უბანზე მეექვსე საუკუნის ქართული სამონასტრო კომპლექსი დავით-გარეჯა მდებარეობს, რომლის ნაწილზეც აზერბაიჯანი აცხადებს პრეტენზიას.

საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ლოგისტიკის, წარმოების და სხვა სფეროებში.

62
ლევან ვასაძე

ლევან ვასაძე პოლიტიკაში მიდის

57
(განახლებულია 17:25 06.05.2021)
ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ის აფუძნებს საზოგადოებრივ მოძრაობას, რომელსაც ერქმევა „ერთობა, რაობა, იმედი“.

თბილისი, 6 მაისი – Sputnik. ბიზნესმენი ლევან ვასაძე პოლიტიკაში მიდის. ბიზნესმენმა ამის შესახებ სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ვასაძემ განმარტა, ის აფუძნებს საზოგადოებრივ მოძრაობას, რომელსაც ერქმევა „ერთობა, რაობა, იმედი“. მისი თქმით, საზოგადოებრივი მოძრაობა მომავალში, დიდი ალბათობით, პოლიტიკურ მოძრაობად გარდაიქმნება.

ლევან ვასაძემ გადაწყვეტილების მიზეზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანას კრიზისიდან გამოყვანა სჭირდება.

„მივიღე ჩემთვის პირად ჭრილში ძალიან მძიმე გადაწყვეტილება, რომ დავემშვიდობო ჩემთვის საყვარელი კერძო პირის მდგომარეობას, გადავდგა ნაბიჯი, შემოვიდე და მონაწილეობა მივიღო ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩემი გადაწყვეტილების ძირითად მიზეზაზად მოგვევლინა ის ფაქტი, რომ ქვეყანა შესულია პერმანენტული კრიზისის პირობებში როგორც პოლიტიკური, ეკონომიკური, ისე კულტურული, სოციალური, იდეოლოგიური თვალსაზრისით“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

ამასთან, მისი თქმით, ახდა ყველა ის პროგნოზი, რომელიც საჯაროდ არაერთხელ გააკეთა ჯერ კიდევ შარშან, სანამ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდებოდა.

57
ღარიბაშვილი და ალიევი

რაზე ისაუბრეს ღარიბაშვილმა და ალიევმა ბაქოში

53
(განახლებულია 22:48 05.05.2021)
საქართველოს მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს თბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და თბილისში მოიწვია.

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის კომისია მუშაობას მალე განაახლებს, განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბაქოში ოფიციალური ვიზიტის დასრულების შემდეგ. 

ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში ღარიბაშვილმა შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, აზერბაიჯანელ კოლეგა ალი ასადოვთან და აზერბაიჯანის მილიმეჯლისის თავმჯდომარესთან საჰიბა გაფაროვასთან.

„ჩვენ ნაყოფიერი თანამშრომლობის მრავაწლიანი ისტორია გვაქვს. ჩვენ მოტივირებული ვართ, რომ უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ ერთობლივად. შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ რეგიონში არსებული სიტუაცია, მათ შორის, უსაფრთხოების საკითხებიც. შევეხეთ პრაქტიკულად ყველა საკითხს, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს, მათ შორის, განვიხილეთ დავით–გარეჯის საკითხიც და შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება, დაჩქარდება და ძალიან მალე გადაწყდება ისე, როგორც ჩვენ ძმობას, მეგობრობას შეეფერება. ძალიან მალე კომისიები გააგრძელებენ მუშაობას და უფრო კონკრეტულად მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის განმარტებით, აზერბაიჯანის პრემიერთან და სპიკერთან შეხვედრისას განიხილეს ეკონომიკური საკითხებიც. გადაწყდა, რომ მხარეები ინვესტიციების კუთხით მუშაობას გაააქტიურებენ, რაც ორივე ქვეყნისთვის პოსტპანდემიურ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 

შეხვედრის დასასრულს პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს და მთავრობის სრულ შემადგენლობას თბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა. ღარიბაშვილმა ალიევისგან დაპირება მიიღო, რომ იგი თბილისს ეწვევა.

საქართველოსა და აზერბაიჯანს 440 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ, რომლის მესამედი ჯერჯერობით არ არის დელიმიტირებული. ერთ-ერთ სადავო მონაკვეთზე მდებარეობს მეექვსე საუკუნის დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, რომლის ნაწილზეც პრეტენზიას აზერბაიჯანული მხარე აცხადებს.

აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული სავაჭრო პარტნიორია. 2021 წლის იანვარი–მარტში ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვამ დაახლოებით 250,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები არიან და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტების ფარგლებში – ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, სამხრეთის გაზის დერეფანი და ა.შ.

53
რუსუდან კერვალიშვილი

კერვალიშვილი: როცა საპატიმროში შევედი, მაია დავინახე, კუთხეში იჯდა

0
(განახლებულია 17:02 06.05.2021)
ყოფილი დეპუტატი, სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტ გრუპის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი რუსუდან კერვალიშვილი იხსენებს საპატიმროში დასთან, მაია რჩეულიშვილთან შეხვედრის მომენტს.
კერვალიშვილი: როცა საპატიმროში შევედი, მაია დავინახე, კუთხეში იჯდა
„საპატიმროში შესვლა ჩემთვის განსაკუთრებული განცდა იყო -  ჩვენი ოთახის კუთხეში იჯდა მაია. როდესაც კარები დაიხურა, მომეცა საშუალება, მასთან მივსულიყავი. ამას ვნატრობდი მთელი 9 თვის განმავლობაში. მაიას წინაშე დანაშულის შეგრძნება მქონდა, რადგან ჩვენ ერთად ვაკეთებდით საქმეს. პირველი შეგრძნება მქონდა ასეთი - „მაია, მე მოვედი, ჩვენ ერთად ვართ“. მაია დაფეთებული დამხვდა, მოულოდნელი იყო მისთვის ჩემი დაკავება“, -ამბობს კერვალიშვილი.

დებს – სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტ გრუპის“ დამფუძნებლებს რუსუდან კერვალიშვილსა და მაია რჩეულიშვილს  2004–2009 წლებში ამხანაგობა „თაბუკაშვილი 88"-ის მენაშენეთა თანხებიდან 11 მლნ ლარის მითვისებისთვის  4–4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. კერვალიშვილი 2017 წლის 31 მარტს სასამართლო დარბაზში დააკავეს. რჩეულიშვილი კი იმ დროისთვის უკვე პატიმრობაში იმყოფებოდა სხვა საქმეზე – აჭარაში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისას თანხების მითვისებაზე.

კერვალიშვილმა ოთხწლიანი სასჯელი სრულად მოიხადა და პენიტენციური დაწესებულება მიმდინარე წლის 30 მარტს დატოვა.

0