ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერი 5 მაისს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა

71
ირაკლი ღარიბაშვილისთვის ეს, ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, ქვეყნის პრემიერ–მინისტრის რანგში პირველი ვიზიტი იქნება

თბილისი, 4 მაისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 5 მაისს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა, იუწყება ქვეყნის მთავრობის პრეს–სამსახური.

პირველი შეხვედრა ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტთან გაიმართება. ილჰამ ალიევი ღარიბაშვილს „ზაგულბას“ სასახლეში მიიღებს.

დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა აზერბაიჯანელ კოლეგა ალი ასადოვთან, ასევე აზერბაიჯანის მილიმეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვასთან.

ოფიციალურ დელეგაციაში პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი იმყოფება.

საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის, წარმოების, ლოგისტიკის სფეროებში.

ღარიბაშვილისთვის პრემიერის რანგში, ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, ეს პირველი ვიზიტი იქნება. ღარიბაშვილი მთავრობის მეთაური მეორედ ამა წლის 22 თებერვალს გახდა.

71
სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი: საარჩევნო რეფორმა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯია

15
(განახლებულია 11:46 18.05.2021)
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მხარეებს შორის შეთანხმებული საკითხები ვენეციის კომისიას უახლოეს დღეებში უნდა გადაეგზავნოს

 

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიესალმება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მმართველი პარტია „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის პოზიციების დაახლოებას.

ორშაბათს გამართული მორიგი სამუშაო შეხვედრის შედეგად ოპოზიციამ და მმართველმა პარტიამ შეძლო საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ბევრ საკითხზე კომპრომისის მიღწევა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ მომზადებული შეთანხმების დოკუმენტის თანახმად, მხარეებმა საქართველოს საარჩევნო კოდექსი ისე უნდა შეცვალონ, რომ მასში ვენეციის კომისიისა და OSCE/ODIHR-ის ყველა რეკომენდაცია აისახოს.

„მისასალმებელია ოპოზიციისა და მმართველი პარტიის მიერ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ საკითხებზე შეჯერება და ამ შეჯერებული დოკუმენტის უახლოეს დღეებში ვენეციის კომისიაში გაგზავნა“, – დაწერა ზურაბიშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე.

პრეზიდენტის თქმით,  მნიშვნელოვანია აღნიშნული  შეთანხმების ყველა პუნქტის დროული შესრულება. „საარჩევნო რეფორმა იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყნის მომავალი დემოკრატიული განვითარებისთვის“, დასძინა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გადაჭრაში. მან არაერთი შეხვედრა გამართა საერთაშორისო შუამავლებთან, პრეზიდენტის სასახლე კი მხარეებს შორის მოლაპარაკებების ადგილი გახდა. სწორედ ორბელიანის სასახლეში მოაწერეს ხელი 19 აპრილს მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ  კომპრომისულ დოკუმენტს „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელი.

გარდა ამისა, პრეზიდენტმა ხელი მოაწერა შეწყალების აქტს, რომლის საფუძველზეც საპატიმრო დატოვა ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ თანადამფუძნებელმა გიორგი რურუამ. ზურაბიშვილი დათანხმდა ოპოზიციის მოთხოვნა შეესრულებინა იმ პირობით, რომ მხარეები ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის თაობაზე შეთანხმებას ხელს მოაწერდნენ.

რაც შეეხება საარჩევნო კოდექსს, მაისის დასაწყისში ვენეციის კომისიამ და OSCE/ODIHR-მა გამოაქვეყნეს დასკვნა საქართველოს საარჩევნო კოდექსში მომზადებულ ცვლილებებთან დაკავშირებით და უარყოფითად შეაფასეს ცესკოს წევრთა შერჩევის პრინციპი და დამკვირვებლებისადმი მოთხოვნები.

ვენეციის კომისიამ და OSCE/ODIHR-მა კანონპროექტში არსებულ ხარვეზებზე უამრავი შენიშვნა გამოთქვეს. შენიშვნების ძირითადი ნაწილი საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესს ეხებოდა.
ერთ-ერთი მთავარი შენიშვნა ეხება პარტიების პროპორციულ წარმომადგენლობას საარჩევნო კომისიებში. ვენეციის კომისიის თვალსაზრისით, არსებული მოდელი ვერ აღმოფხვრის მმართველი პარტიის დომინირების საკითხს საარჩევნო კომისიებში.

ასევე უკმაყოფილება გამოიწვია ცვლილებებში გაწერილმა ცესკოს თავმჯდომარის დანიშვნის პროცესმაც. ცვლილებების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი აღარ დაეკითხება სამოქალაქო საზოგადოებას კანდიდატის არჩევისას, რაც, კომისიის თვალსაზრისით, მიზანშეწონილი არაა საზოგადოებაში ცესკოს მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობისადმი დაბალი ნდობის ფონზე.

15
თემები:
საქართველოს პრეზიდენტი
ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებები ევროკავშირის შუამავლობით

საქართველოს ხელისუფლების და ოპოზიციის პოზიციები საარჩევნო სისტემაზე დაახლოვდა

30
(განახლებულია 00:12 18.05.2021)
მხარეებმა შეათანხმეს, რომ ცესკოს ეყოლება ორი თავმჯდომარე - პროფესიული ნიშნით არჩეული და ოპოზიციური პარტიების მიერ დასახელებული.

თბილისი, 17 მაისი – Sputnik. ოპოზიციამ და მმართველმა პარტიამ მიაღწიეს კომპრომისს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკითხების დიდ ნაწილზე, განაცხადა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა ლიდერმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა.

საქართველოს პარლამენტში ორშაბათს საარჩევნო სისტემის რეფორმაზე იმსჯელეს. მორიგ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ როგორც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები, ისე იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის კომპრომისულ შეთანხმებას. შედეგად, მხარეებმა შეთანხმებულად ისე უნდა შეცვალონ საქართველოს საარჩევნო კოდექსი, რომ მასში ვენეციის კომისიისა და OSCE/ODIHR-ის ყველა რეკომენდაცია აისახოს.

„საკითხების უდიდეს ნაწილზე მივაღწიეთ შეთანხმებას, თუმცა რჩება კონკრეტული საკითხები, სადაც გავუცვალეთ ერთმანეთს ჩვენი შეხედულებები და ვნახოთ, საბოლოოდ როგორ ჩამოყალიბდება პოზიცია. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უკვე ხვალ დილით მივაწვდით ჩვენს ხედვას ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, როგორ ვაფასებთ დღეს არსებულ ვითარებას, რამდენად ვხედავთ შანსს, რომ კონსენსუსის გზით იყოს მიღებული შესაბამისი ცვლილებები და ამის შემდეგ დაიწყება უკვე კონსულტაციები როგორც ვენეციის კომისიასთან, ასევე სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან“, - განაცხადა სამადაშვილმა.

მისი თქმით, საკითხები, რომლებზეც ჯერ არ არის ჩამოყალიბებული საერთო ხედვა, კერძოდ კი საარჩევნო ადმინისტრაციის სრული რეორგანიზაცია, რასაც შარლ მიშელის დოკუმენტი გულისხმობს, კანონპროექტის მეორე მოსმენისას შეიძლება შეთანხმდეს.

შეხვედრით კმაყოფილია პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძეც.

„დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ „ქართულმა ოცნებამ" გადმოდგა რიგი შემხვედრი ნაბიჯები იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ, როგორც ოპოზიციური პარტიები, ვაყენებდით, ეს პოზიტიური განვითარებაა. ვფიქრობ, ეს დოკუმენტი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია წინ. ჩვენ ვაგრძელებთ განხილვას, იქნება პარლამენტში პირველი, მეორე მოსმენა, ცვლილების შეტანის საშუალება იქნება. ახლა ეს დოკუმენტი ვენეციის კომისიაში იგზავნება, განსხვავება გვრჩება რიგ საკითხებში, მაგალითად ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაზე“, - განუცხადა ჟურნალისტებს ჯაფარიძემ.

პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატის, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, ცესკოს თავმჯდომარეს ეყოლება ორი მოადგილე – პროფესიული ნიშნით არჩეული და ოპოზიციური პარტიების მიერ დასახელებული.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, თუ ცესკოს თავმჯდომარე საკუთარ უფლებამოსილებას ვერ შეასრულებს, ამას ოპოზიციური პარტიების მიერ დასახელებული თავმჯდომარე შეასრულებს.

„საბოლოო ჯამში, ამ პაკეტით ვიღებთ ერთი მხრივ ამბიციურ საარჩევნო რეფორმას იმ გაგებით, რაც იყო 19 აპრილის შეთანხმებაში და დამატებით ის საკითხები შევათანხმეთ, რაც საარჩევნო გარემოს გააუმჯობესებს. ეს არის უფრო მეტი, ვიდრე შეთანხმებული იყო 19 აპრილს. მიგვაჩნია, რომ მოადგილის საკითხი სამართლებრივად სწორი არ არის, მაგრამ შეთანხმება შეთანხმებაა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მაისის დასაწყისში ვენეციის კომისიამ და OSCE/ODIHR-მა გამოაქვეყნეს დასკვნა საქართველოს საარჩევნო კოდექსში მომზადებულ ცვლილებებთან დაკავშირებით და უარყოფითად შეაფასეს ცესკოს წევრთა შერჩევის პრინციპი და დამკვირვებლებისადმი მოთხოვნები.

ვენეციის კომისიამ და OSCE/ODIHR-მა ამჟამად მოამზადეს სრული ანგარიში ცვლილებებზე და კანონპროექტში არსებულ ხარვეზებზე უამრავი შენიშვნა გამოთქვეს. შენიშვნების ძირითადი ნაწილი საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესს ეხებოდა.

ერთ-ერთი მთავარი შენიშვნა ეხება პარტიების პროპორციულ წარმომადგენლობას საარჩევნო კომისიებში. ვენეციის კომისიის თვალსაზრისით, არსებული მოდელი ვერ აღმოფხვრის მმართველი პარტიის დომინირების საკითხს საარჩევნო კომისიებში.

ასევე უკმაყოფილება გამოიწვია ცვლილებებში გაწერილმა ცესკოს თავმჯდომარის დანიშვნის პროცესმაც. ცვლილებების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი აღარ დაეკითხება სამოქალაქო საზოგადოებას კანდიდატის არჩევისას, რაც, კომისიის თვალსაზრისით, მიზანშეწონილი არაა საზოგადოებაში ცესკოს მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობისადმი დაბალი ნდობის ფონზე.

30
ლარი

რა კავშირშია ლარის მასის ზრდა და ლარის გაუფასურება: ერთ წელში ფულის მასა 21%-ით გაიზარდა

0
(განახლებულია 14:46 18.05.2021)
2013 წლიდან მოყოლებული, ლარის ყოველ მასშტაბურ გაუფასურებას ხელისუფლების წარმომადგენლები მეტწილად „საგარეო ფაქტორებს" აბრალებენ

თემურ იოსელიანი

2020 წელს ამ მიზეზებს კორონაპანდემიაც დაემატა, რაც აგრეთვე გარედან მოსული თავის ტკივილია. თუმცა... თუმცა, არსებობს ერთი სრულიად „შიდა ფაქტორიც“: საკმაოდ დიდი ალბათობით, ლარის გაუფასურებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამნაშავე ფულის მასის ზრდაა. 

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2021 წლის მარტში, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, ფულის მასა 2,4 მლრდ ლარით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, M2 აგრეგატმა, რომელიც ფაქტობრივად ფულის მთლიან მასას ასახავს ეკონომიკაში, 13,615 მილიარდი ლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 21%-ით მეტია.

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე განთავსებული სტატისტიკური ინფორმაციიდან ჩანს, რომ ეკონომიკაში ფულის მასის დრამატული ზრდა 2015 წლიდან დაიწყო.

უფრო ძველ მაჩვენებლებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ფულის მასა (M2) 2012 წლის დეკემბერში 4,05 მილიარდი ლარი იყო.

ექსპერტების თქმით, ლარის მასის არაპროპორციული და სწრაფი ზრდა ხელს უწყობს როგორც ინფლაციის ზრდას, ასევე ლარის გაუფასურებასაც. ისიც საინტერესოა, რომ ეროვნული ბანკი ინფლაციის მოსათოკად პერიოდულად მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას მიმართავს ხოლმე. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება რეფინანსირების განაკვეთის ზრდაში გამოიხატება. დღეისათვის რეფინანსირების განაკვეთი 9,5%-ს შეადგენს. თებერვალში იგივე მაჩვენებელი 8%-ს შეადგენდა, მარტში 8.5%-მდე გაიზარდა. ასე რომ, წლევანდელი თებერვლიდან მოყოლებული, ეროვნულმა ბანკმა სესხზე ხელმისაწვდომობა 1,5%-ით გაართულა. 

რიგით მომხმარებლებზე რეფინანსირების განაკვეთის ზრდა ლარში არსებული სესხების გაძვირებაში გამოიხატება. შედეგად – უფრო ძვირდება ფული და, შესაბამისად, ეს გავლენას ახდენს ფულის მასის შემცირებაზეც. თუმცა, როგორც ვხედავთ, მეტწილად ურთიერთსაპირისპირო მოვლენას აქვს ადგილი – ეროვნული ბანკი ერთი მხრივ სესხს აძვირებს, რათა ინფლაცია მოთოკოს, მეორე მხრივ კი ფულის მასის ზრდაც თვალშისაცემია. ცხრილში ჩანს გარკვეული თანაფარდობა ფულის მასის ზრდასა და ლარის კურსის დაცემას შორის.

ლარის მასა (M2) და ლარის კურსი ბოლო წლებში 

წელი მონეტარული აგრეგატი (M2), ათასი ლარი ლარის კურსი (თვის საშუალო)
2012 წლის დეკემბერი 4.069.162 1,66
2015 წლის დეკემბერი 5.685.814 2,39
2016 წლის დეკემბერი 6.526.641 2,65
2017 წლის დეკემბერი 8.350.330 2,61
2018 წლის დეკემბერი 9.675.969 2,66
2019 წლის დეკემბერი 11.495. 455 2,90
2020 წლის დეკემბერი 13.659.691 3,28
2021 წლის მარტი 13.615.463 3.33

რა გავლენა აქვს ფულის მასას ლარის კურსზე და არის თუ არა რაიმე ზღვარი – რამდენი უნდა იყოს ფულის მასა მოცემულ მომენტში? ვესაუბრეთ „ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს“ პრეზიდენტ პაატა შეშელიძეს.

„არ არსებობს მოცემულობა და ფორმულა, ზუსტად რამდენი უნდა იყოს ფულის მასა. ყველა მასა უნდა შეესაბამებობდეს კონკრეტულ მომენტში არსებულ საქონელს და მომსახურების ფასებს. პრობლემა არის ფულის მასის სწრაფი ზრდა, რა პერიოდშიც შეუძლებელია საქონლის იმავე მოცულობით გაზრდა. ეს იწევს ლარის გაუფასურებას – როცა ფულის მასა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე საქონელი“, – ამბობს პაატა შეშელიძე.

ექსპერტის თქმით, ფულის მასის ზრდის მთავარი მიზეზია მთავრობის ვალდებულებების დაფინასება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მთავრობა ზრდის ხარჯებს, რომლის დაფინანსებასაც სჭირდება დამატებითი ფულადი რესურსი. ამ შემთხვევაში კი, შეშელიძის თქმით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რეფინანსირების სესხების გაცემის მექანიზმს. 

„არსებული მექანიზმით, მთავრობა კომერციული ბანკებისგან სესხულობს ფულს რეფინანსირების სესხების მეშვეობით. მაგრამ არსად არის დადგენილი – რამდენი შეიძლება გაიცეს რეფინანსირების სესხი და როდის“, – ამბობს პაატა შეშელიძე.

მისი თქმით, მთლიანად ეს სისტემა მოსაშლელია, რადგან მორგებულია მთავრობის მიერ ვალდებულებების იოლად დაფინანსებაზე. თავის მხრივ, მსხვილი მოთამაშეები – კომერციული ბანკები გავლენას ახდენენ პროცესზე. გაზრდილი ფულის მასის მნიშვნელოვანი ნაწილი ხმარდება სავალუტო ოპერაციებს და ჯერ ძვირდება უცხოური ვალუტა, შემდეგ კი უკვე საქონელიც.

ექსპერტის თქმით, ფულის მასა, სამწუხაროდ, მუდმივად იზრდება, თუმცა, მაგალითად, დაახლოებით 2006 წელს ფულის მასის ზრდის მსგავსად იზრდებოდა საქონელიც და მომსახურებაც, რაც ლარის კურსზე უარყოფით გავლენას არ ახდენდა.

„მთავრობა სესხულობს ფულს ეროვნული ბანკიდან. პრობლემაა, რომ ეს ხდება არა ერთჯერადად. რეფინანსირების სესხი უნდა გაუქმდეს, ან უნდა იყოს მხოლოდ კონკრეტული გამონაკლისისთვის“, – მიაჩნია შეშელიძეს.

რაც შეეხება იმას, რომ ეროვნული ბანკი, ერთი მხრივ, ფულის მასას ზრდის და, მეორე მხრივ, რეფინანსირების განაკვეთს ზრდის, რაც, თავის მხრივ, ფულის მასის შემცირებისკენ გადადგმული ნაბიჯია, პაატა შეშელიძის თქმით, ეს ორი მოვლენა ურთიერთსაწინააღმდეგო მოქმედებაა.

თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი, ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ როცა ეროვნული ბანკის მიერ დამატებითი ფულის მიწოდება ხდება, ეკონომიკური პროცესები ზიანდება. 

„ფულის მასა რამდენი უნდა იყოს, ამაზე პასუხი არ არსებობს. სტატიკურად, ფულის მასის ოდენობას აზრი არ აქვს, რადგან ღირებულებით იზომება ფული. რაც შეგვიძლია ვთქვათ, ისაა, რომ როდესაც ფულის მასის ზრდა ეროვნული ბანკის მიერ დამატებითი ფულის ბეჭდვით ხდება, ეს იწვევს დამაზიანებელ ეკონომიკურ პროცესებს – ინფლაციას და ხელოვნურ ბუმს.

ლარის მასა როცა იზრდება, ბაზარზე მეტი ლარია. მეტი ლარი ნიშნავს, რომ ლარზე ფასი მცირდება. შესაბამისად, ფულის მასის ხელოვნური ზრდა კურსის გაუფასურებას იწვევს“, – ამბობს ხორგუაშვილი.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის პოლიტიკას, როდესაც ის თან ფულის მასას ზრდის და თან რეფინანსირების პროცენტს, ხორგუაშვილის თქმით, ეროვნული ბანკი ფულის მასას, ერთი მხრივ, ზრდის იმიტომ, რომ ეკონომიკა უფრო ლიკვიდური იყოს (რაც არასწორია) და, მეორე მხრივ, რეფინასირების პროცენტის ზრდით ცდილობს ინფლაცია მოთოკოს. საბოლოო ჯამში კი ჩანს, რომ ამ პოლიტიკას სახარბიელო შედეგი არ მოაქვს.

0
თემები:
საქართველოს ეკონომიკა