აქტივისტის დაკავება აქციაზე

საქართველოში საპროტესტო აქციებზე დარღვევებისთვის სასჯელი გამკაცრდა

57
ისეთი დანაშაულის განმეორებით ჩადენისთვის, როგორიცაა წვრილმანი ხულიგნობა, სასჯელი ითვალისწინებს ჯარიმას 1500-დან 2000 ლარამდე ოდენობით

თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომლებიც წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს.

საქართველოში „წვრილმანი ხულიგნობის“ და „პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის“ მუხლებს საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ ყველაზე ხშირად იყენებენ. თითქმის ყველა აქცია დაკავებებით სრულდება. ამჟამად პარლამენტი ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის განმეორებით ჩადენისთვის დამატებით სასჯელს აწესებს.

წვრილმანი ხულიგნობის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ ამავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 15 დღემდე ვადით.

ამავე დარღვევის პირველად ჩადენისთვის სასჯელი ითვალისწინებს ჯარიმას 500-დან 1000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

გარდა ამისა, იცვლება ჯარიმები სამართალდამცველების მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის. დღეისათვის მოქმედი კანონით სასჯელი ითვალისწინებს ჯარიმას 1000-დან 4.000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

კანონის ახალი ვერსიით, პირველ ჯერზე სამართალდარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმა 2 ათასიდან 3 ათას ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო განმეორებით დარღვევის შემთხევაში - 3,5 ათასი ლარიდან 4 ათას ლარამდე ოდენობით ჯარიმა ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 10-დან 15 დღემდე ვადით.

პროექტის მიღებამდე კანონპროექტით უკმაყოფილება კიდევ ერთხელ გამოხატა საპარლამენტო ოპოზიციამ.

როგორც „ლელოს“ წარმომადგენელმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, ცვლილებების მიღება ემსახურება ადამიანთა დაშინებას, რათა ისინი არ გავიდნენ საპროტესტო აქციებზე, მაგრამ ხელისუფლებას ეს არ გამოუვა.

„ვერ დააშინებთ ადამიანებს ვერც მომატებული ჯარიმით, ვერც ციხით და უფრო მეტ პროტესტს მიიღებთ. სამარცხვინოა, რომ ამას ცდილობთ ღამით, „კომენდანტის საათის“ დროს, ჩუმად და ადამიანებს თავისი აზრის დაფიქსირების შესაძლებლობას არ აძლევთ“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილი.

თავის მხრივ პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ წარმომადგენელმა იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, რომ კანონის მიღების შემდეგ პოლიცია ნებისმიერ ადამიანის დაპატიმრების უფლებას მოიპოვებს.

მისი თქმით, ცვლილებების მიზანია ბევრი ადამიანის დაკავება პროტესტის ჩასახშობად, და ეს ცვლილებები ადამიანის „ნებისმიერ რამეზე“ დაკავების საშუალებას იძლევა. მან გაიხსენა 2018 წელი, როდესაც ის სხვა პოლიტიკოსებთან ერთად მსგავს სიტუაციაში ახალგაზრდების აქციაზე 10 დღით დააკავეს.

ცვლილებების წინააღმდეგ გამოდიან იურისტები, რომლებიც მიუთითებენ, რომ არსებული სასამართლო კანონმდებლობის პირობებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში ბრალდებულები საკუთარ უდანაშაულობას ვერ დაამტკიცებენ, ხოლო ცვლილებები მხოლოდ გააუარესებს სიტუაციას.

2020 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 15 თებერვლამდე საქართველოში წვრილმანი ხულიგნობისთვის 3.257 ადამიანი დააჯარიმეს, ხოლო პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის - 3.914 ადამიანი.

ჯარიმების უმრავლესობა გამოწერილია თბილისში, აჭარასა და იმერეთში, რომელიც მოსახლეობის პროტესტის ეპიცენტრი იყო.

 

 

57
ლევან ვასაძე

ლევან ვასაძე პოლიტიკაში მიდის

54
(განახლებულია 17:25 06.05.2021)
ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ის აფუძნებს საზოგადოებრივ მოძრაობას, რომელსაც ერქმევა „ერთობა, რაობა, იმედი“.

თბილისი, 6 მაისი – Sputnik. ბიზნესმენი ლევან ვასაძე პოლიტიკაში მიდის. ბიზნესმენმა ამის შესახებ სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ვასაძემ განმარტა, ის აფუძნებს საზოგადოებრივ მოძრაობას, რომელსაც ერქმევა „ერთობა, რაობა, იმედი“. მისი თქმით, საზოგადოებრივი მოძრაობა მომავალში, დიდი ალბათობით, პოლიტიკურ მოძრაობად გარდაიქმნება.

ლევან ვასაძემ გადაწყვეტილების მიზეზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანას კრიზისიდან გამოყვანა სჭირდება.

„მივიღე ჩემთვის პირად ჭრილში ძალიან მძიმე გადაწყვეტილება, რომ დავემშვიდობო ჩემთვის საყვარელი კერძო პირის მდგომარეობას, გადავდგა ნაბიჯი, შემოვიდე და მონაწილეობა მივიღო ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩემი გადაწყვეტილების ძირითად მიზეზაზად მოგვევლინა ის ფაქტი, რომ ქვეყანა შესულია პერმანენტული კრიზისის პირობებში როგორც პოლიტიკური, ეკონომიკური, ისე კულტურული, სოციალური, იდეოლოგიური თვალსაზრისით“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

ამასთან, მისი თქმით, ახდა ყველა ის პროგნოზი, რომელიც საჯაროდ არაერთხელ გააკეთა ჯერ კიდევ შარშან, სანამ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდებოდა.

54
ღარიბაშვილი და ალიევი

რაზე ისაუბრეს ღარიბაშვილმა და ალიევმა ბაქოში

53
(განახლებულია 22:48 05.05.2021)
საქართველოს მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს თბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და თბილისში მოიწვია.

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის კომისია მუშაობას მალე განაახლებს, განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბაქოში ოფიციალური ვიზიტის დასრულების შემდეგ. 

ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში ღარიბაშვილმა შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, აზერბაიჯანელ კოლეგა ალი ასადოვთან და აზერბაიჯანის მილიმეჯლისის თავმჯდომარესთან საჰიბა გაფაროვასთან.

„ჩვენ ნაყოფიერი თანამშრომლობის მრავაწლიანი ისტორია გვაქვს. ჩვენ მოტივირებული ვართ, რომ უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ ერთობლივად. შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ რეგიონში არსებული სიტუაცია, მათ შორის, უსაფრთხოების საკითხებიც. შევეხეთ პრაქტიკულად ყველა საკითხს, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს, მათ შორის, განვიხილეთ დავით–გარეჯის საკითხიც და შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება, დაჩქარდება და ძალიან მალე გადაწყდება ისე, როგორც ჩვენ ძმობას, მეგობრობას შეეფერება. ძალიან მალე კომისიები გააგრძელებენ მუშაობას და უფრო კონკრეტულად მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის განმარტებით, აზერბაიჯანის პრემიერთან და სპიკერთან შეხვედრისას განიხილეს ეკონომიკური საკითხებიც. გადაწყდა, რომ მხარეები ინვესტიციების კუთხით მუშაობას გაააქტიურებენ, რაც ორივე ქვეყნისთვის პოსტპანდემიურ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 

შეხვედრის დასასრულს პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს და მთავრობის სრულ შემადგენლობას თბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა. ღარიბაშვილმა ალიევისგან დაპირება მიიღო, რომ იგი თბილისს ეწვევა.

საქართველოსა და აზერბაიჯანს 440 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ, რომლის მესამედი ჯერჯერობით არ არის დელიმიტირებული. ერთ-ერთ სადავო მონაკვეთზე მდებარეობს მეექვსე საუკუნის დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, რომლის ნაწილზეც პრეტენზიას აზერბაიჯანული მხარე აცხადებს.

აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული სავაჭრო პარტნიორია. 2021 წლის იანვარი–მარტში ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვამ დაახლოებით 250,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები არიან და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტების ფარგლებში – ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, სამხრეთის გაზის დერეფანი და ა.შ.

53
ეკატერინე ტიკარაძე

იგეგმება მედიის წარმომადგენლების მასობრივი ვაქცინაცია: ტიკარაძე დეტალებს საიდუმლოდ ინახავს

0
(განახლებულია 18:52 06.05.2021)
მინისტრის თქმით, მედიის წარმომადგენლები განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ და ვაქცინის არჩევის შესაძლებლობაც ექნებათ

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. ვაქცინაციის პროცესში ახლო მომავალში მედიის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2-ის“ ეთერში.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს პრეპარატ AstraZeneca-თი მედპერსონალიდან დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო ჯგუფების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზარდა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, მედიის წარმომადგენლებს ექნებათ განსაკუთრებული პირობები, მათ შორის ვაქცინის შერჩევის შესაძლებლობაც.

„მედიასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი გეგმა, ამას ცოტა ხნით საიდუმლოდ შევინახავ და შემდეგ კვირაში დავაანონსებთ, თუ რა მიდგომა იქნება“, — აღნიშნა ტიკარაძემ.

მინისტრის განცხადებით, მედიაკომპანიებისგან ვაქცინაციასთან დაკავშირებით სიებს გამოითხოვენ.

ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, ქვეყანაში ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო. 25 მარტიდან კი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვნენ. ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებს ასევე უკვე დაემატნენ 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები, ასევე დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები.

იმ პირთა წრე, რომლებიც კორონავირუსზე უნდა აიცრან, კიდევ უფრო გაფართოვდა და უკვე არსებულს, პარლამენტისა და მთავრობის წევრები, ასევე ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორში დასაქმებული ადამიანები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები დაემატნენ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში უკვე აცრილია 51.600 პირი, სრულად ვაქცინირებულია 7.873 ადამიანი.

0
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები