საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა: ვენეციის კომისიამ ახალი შენიშვნები გამოგზავნა

38
(განახლებულია 21:43 29.04.2021)
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა – ერთ-ერთი მძიმე თემაა, რომელმაც 2019 წელს მმართველ პარტიაში დიდი სკანდალი და განხეთქილება გამოიწვია.

თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები, რომლებიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურებს მოიცავს, კვლავ ვენეციის კომისიის კრიტიკის ობიექტი გახდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის შესწორებულ წესებს ვენეციის კომისია შეამოწმებს >>

აპრილის დასაწყისში საქართველოს პარლამენტმა ვენეციის კომისიას გაუგზავნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურის შესახებ კანონში შესატანი ახალი ცვლილებები. ეს პარლამენტის მესამე მცდელობაა, დაადგინოს მოსამართლეთა გამჭვირვალე შერჩევის წესები. ადრე მიღებულმა ცვლილებებმა ვენეციის კომისიის კრიტიკა დაიმსახურა, რადგან კომისიის ყველა შენიშვნას არ ითვალისწინებდა.

ვენეციის კომისია ამჯერადაც მიესალმა ცვლილებების მიღებას, მაგრამ კვლავ უკმაყოფილო დარჩა.

„არსებობს გარკვეული რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებაც უნდა მოხდეს“, – ნათქვამია კომისიის ანგარიშში.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, უნდა შეიცვალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა, შეჩერდეს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა და უზრუნველყოფილ იქნას ახალი შერჩევის ჩატარება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა – საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული თემაა, რომელმაც 2019 წელს მმართველ პარტიაში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დიდი სკანდალი და განხეთქილება გამოიწვია. საპარლამენტო უმრავლესობამ შეიმუშავა მოსამართლეთა შერჩევის ახალი წესები და ეს წესები სრულყოფას ჯერ კიდევ განიცდის. მოსამართლეთა ნაწილი ახალი წესებით შეირჩა, ვაკანსიების ნაწილი კი კვლავ თავისუფალია, რადგან გადაწყდა ახალი წესების დახვეწა და ეს საკითხი განსახილველად მეათე მოწვევის პარლამენტს დაუტოვეს. ახალი წესებით, კანდიდატებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შერჩევის ყველა ეტაპზე შეუძლიათ.

დეკემბრის ბოლოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მიუხედავად, მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა განაახლა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა თავდაპირველად 8 ოქტომბერს დაიწყო. მონაწილეობაზე განაცხადი 111-მა კანდიდატმა შეიტანა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ აქედან შეარჩია 50 კანდიდატი, რომლებთანაც ამჟამად გასაუბრებები მიმდინარეობს. შემდგომში სია 20 კანდიდატამდე უნდა შემცირდეს.

38
ლევან ვასაძე

ლევან ვასაძე პოლიტიკაში მიდის

58
(განახლებულია 17:25 06.05.2021)
ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ის აფუძნებს საზოგადოებრივ მოძრაობას, რომელსაც ერქმევა „ერთობა, რაობა, იმედი“.

თბილისი, 6 მაისი – Sputnik. ბიზნესმენი ლევან ვასაძე პოლიტიკაში მიდის. ბიზნესმენმა ამის შესახებ სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ვასაძემ განმარტა, ის აფუძნებს საზოგადოებრივ მოძრაობას, რომელსაც ერქმევა „ერთობა, რაობა, იმედი“. მისი თქმით, საზოგადოებრივი მოძრაობა მომავალში, დიდი ალბათობით, პოლიტიკურ მოძრაობად გარდაიქმნება.

ლევან ვასაძემ გადაწყვეტილების მიზეზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანას კრიზისიდან გამოყვანა სჭირდება.

„მივიღე ჩემთვის პირად ჭრილში ძალიან მძიმე გადაწყვეტილება, რომ დავემშვიდობო ჩემთვის საყვარელი კერძო პირის მდგომარეობას, გადავდგა ნაბიჯი, შემოვიდე და მონაწილეობა მივიღო ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩემი გადაწყვეტილების ძირითად მიზეზაზად მოგვევლინა ის ფაქტი, რომ ქვეყანა შესულია პერმანენტული კრიზისის პირობებში როგორც პოლიტიკური, ეკონომიკური, ისე კულტურული, სოციალური, იდეოლოგიური თვალსაზრისით“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

ამასთან, მისი თქმით, ახდა ყველა ის პროგნოზი, რომელიც საჯაროდ არაერთხელ გააკეთა ჯერ კიდევ შარშან, სანამ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდებოდა.

58
ღარიბაშვილი და ალიევი

რაზე ისაუბრეს ღარიბაშვილმა და ალიევმა ბაქოში

53
(განახლებულია 22:48 05.05.2021)
საქართველოს მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს თბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და თბილისში მოიწვია.

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის კომისია მუშაობას მალე განაახლებს, განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბაქოში ოფიციალური ვიზიტის დასრულების შემდეგ. 

ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში ღარიბაშვილმა შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, აზერბაიჯანელ კოლეგა ალი ასადოვთან და აზერბაიჯანის მილიმეჯლისის თავმჯდომარესთან საჰიბა გაფაროვასთან.

„ჩვენ ნაყოფიერი თანამშრომლობის მრავაწლიანი ისტორია გვაქვს. ჩვენ მოტივირებული ვართ, რომ უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ ერთობლივად. შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ რეგიონში არსებული სიტუაცია, მათ შორის, უსაფრთხოების საკითხებიც. შევეხეთ პრაქტიკულად ყველა საკითხს, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს, მათ შორის, განვიხილეთ დავით–გარეჯის საკითხიც და შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება, დაჩქარდება და ძალიან მალე გადაწყდება ისე, როგორც ჩვენ ძმობას, მეგობრობას შეეფერება. ძალიან მალე კომისიები გააგრძელებენ მუშაობას და უფრო კონკრეტულად მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის განმარტებით, აზერბაიჯანის პრემიერთან და სპიკერთან შეხვედრისას განიხილეს ეკონომიკური საკითხებიც. გადაწყდა, რომ მხარეები ინვესტიციების კუთხით მუშაობას გაააქტიურებენ, რაც ორივე ქვეყნისთვის პოსტპანდემიურ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 

შეხვედრის დასასრულს პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს და მთავრობის სრულ შემადგენლობას თბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა. ღარიბაშვილმა ალიევისგან დაპირება მიიღო, რომ იგი თბილისს ეწვევა.

საქართველოსა და აზერბაიჯანს 440 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ, რომლის მესამედი ჯერჯერობით არ არის დელიმიტირებული. ერთ-ერთ სადავო მონაკვეთზე მდებარეობს მეექვსე საუკუნის დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, რომლის ნაწილზეც პრეტენზიას აზერბაიჯანული მხარე აცხადებს.

აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული სავაჭრო პარტნიორია. 2021 წლის იანვარი–მარტში ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვამ დაახლოებით 250,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები არიან და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტების ფარგლებში – ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, სამხრეთის გაზის დერეფანი და ა.შ.

53
ვაქცინა Sinovac-ი

აშშ მხარს უჭერს: კოვიდვაქცინებზე პატენტები შესაძლოა დროებით გაუქმდეს

0
(განახლებულია 20:06 06.05.2021)
პატენტებზე უარის თქმა საშუალებას აძლევს ნებისმიერ ფარმაკომპანიას, აწარმოოს ნებისმიერი კოვიდვაქცინის ზუსტი ასლი ისე, რომ სასამართლო დავების შიში არ ჰქონდეს

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. აშშ−ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას, დროებით შეჩერდეს COVID−19−ის ვაქცინებზე საპატენტო უფლებები, იუწყება CNBC აშშ−ის სავაჭრო წარმომადგენელ კეტრინ ტაისა და უშუალოდ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებებზე დაყრდნობით.  

მანამდე კოვიდვაქცინების საპატენტო უფლებების დროებით გაუქმების აუცილებლობაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) და ასევე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციამ (ვმო) განაცხადეს. ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა მაღალი შეფასება მისცა ჯო ბაიდენის ადინისტრაციის მხარდაჭერას ინტელექტუალურ საკუთრებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ამ ნაბიჯით აშშ თავის ლიდერობას ადასტურებს ჯანდაცვის გლობალური პრობლემების გადაჭრაში.

ვმო−ს ლიდერებმა მოუწოდეს ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს, კვირის ბოლომდე აცნობონ ვაქცინებზე ინტელექტუალური საკუთრების წესების დროებით შესუსტებაზე შეთანხმების დეტალები. მათი თქმით, სამხრეთ აფრიკისა და ინდოეთის მიერ შეთავაზებული ინიციატივა საპატენტო დაცვაზე უარის თქმის შესახებ, დაეხმარება განვითარებად ქვეყნებს, გაზარდონ ვაქცინების წარმოება.

როგორც აშშ−ის სავაჭრო წარმომადგენელი კეტრინ ტაი აცხადებს, „COVID−19−ის პანდემიასთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა საგანგებო ზომებს მოითხოვს.

 „ადმინისტრაციას მტკიცედ სჯერა, რომ ინტელექტუალური საკუთრება დაცული უნდა იყოს. მაგრამ იმისათვის, რომ ამ პანდემიას ბოლო მოეღოს, მხარს ვუჭერთ COVID-19−ის ვაქცინებზე ამ დაცვის გაუქმებას“, — განაცხადა ტაიმ.

როგორც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში არსებულმა ანონიმმა წყარომ განაცხადა, ვმო−ში აღნიშნული საკითხის განხილვას გარკვეული დრო დასჭირდება. გამომდინარე იქიდან, რომ ორგანიზაცია გადაწყვეტილებებს კონსენსუსის საფუძველზე იღებს, მისი წევრი 164−ვე ქვეყნის თანხმობა იქნება საჭირო.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც კოვიდვაქცინებზე პატენეტების დროებით გაუქმებას აშშ−ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც დაუჭირა მხარი, ვაქცინების მწარმოებელი მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების, მათ შორის — Moderna−ს, BioNTech−სა და Pfizer−ის აქციები მკვეთრად დაეცა.

თეორიულად პატენტებზე უარის თქმა, საშუალებას აძლევს ნებისმიერ ფარმაკომპანიას, აწარმოოს ნებისმიერი კოვიდვაქცინის ზუსტი ასლი ისე, რომ სასამართლო დავების შიში არ ჰქონდეს ინტელექტუალური საკუთრების დარღვევის გამო.

0
თემები:
საერთაშორისო პანორამა