პარლამენტის შენობა

მედლის ორი მხარე - რა წერია ამნისტიის პროექტებში

61
ოპოზიციას მიაჩნია, რომ ხელისუფლებისგან განსხვავებული მიდგომა აქვს და მმართველი პარტიის კანონპროექტზე უარს ამბობს

საქართველოში 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებისთვის გასამართლებულთათვის ამნისტია მზადდება. უკვე ცნობილია მმართველი პარტიისა და ოპოზიციის პროექტების თავდაპირველი ვერსიები.

პარლამენტის შენობასთან განვითარებული მოვლენებისთვის გასამართლებულთა ამნისტია ოპოზიციისა და ხელისუფლების შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი პუნქტია.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მხარეებს ამნისტიის პროცესის განსხვავებული ხედვა აქვთ.

ოპოზიციის წინადადება

ოპოზიცია, პირველ რიგში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობისთვის ბრალდებულთა და გასამართლებულთა ამნისტიისა და მათთვის ნასამართლობის მოხსნის წინადადებით გამოდის. ბრალდებულთა შორის, რიგითი აქტივისტების გარდა, არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელიც ამჟამად ციხეშია და განაჩენს ელოდება.

გარდა ამისა, ოპოზიცია 21 ივნისის ღამეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებული პოლიციელების ამნისტიის წინადადებითაც გამოდის. თუმცა ამავდროულად იმ პირთა პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების წინააღმდეგია, რომლებსაც პოლიტიკური თანამდებობები ეკავათ.

ხოლო იმ პოლიციელების ამნისტიისთვის, რომლებმაც აქციის დაშლის დროს ადამიანებს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, ოპოზიცია თავად დაზარალებულთა მხრიდან თანხმობის მიღების აუცილებლობაზე საუბრობს.

გარდა ამისა, ამნისტია შეეხება იმათაც, ვინც დარბევის დროს წვრილმანი ხულიგნობისთვის, პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევისა თუ დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.

მმართველი პარტიის ხედვა

მმართველი პარტიის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი განსხვავდება ოპოზიციის მიერ შემუშავებული დოკუმენტისგან.

აქ მითითებულია, რომ ამნისტია შეეხება ყველა კანონდამრღვევს, რომელიც პარლამენტის შენობასთან 19-21 ივნისის საპროტესტო აქციას უკავშირდება.

ერთადერთ გამონაკლისი გახდება ის, ვის ბრალეულობაზეც გავრცელდება წამების, არაადამიანური მოპყრობისა და ღირსების შემლახავი და დამამცირებელი მოპყრობის მუხლები. ამნისტია არ შეეხება ასევე იმათ, ვინც გასცა დამიზნებით სროლის ბრძანება და იმათ, ვინც ეს ბრძანება შეასრულა და განზრახ მიაყენა ზიანი ადამიანების ჯანმრთელობას.

რა მოხდება შემდგომში?

ორივე კანონპროექტი უკვე წარდგენილია პარლამენტში და მომდევნო სამშაბათს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება.

მმართველი პარტია იმედოვნებს, რომ ოპოზიციასთან კანონპროექტის თაობაზე პოზიციების დაახლოებას შეძლებს.

„გვაქვს რესურსი, რომ ოპოზიციისა და ჩვენი პოზიციები დავაახლოვოთ და ხელმომწერ პირებს საბოლოოდ ეყოთ პოლიტიკური გამბედაობა და მხარი დაუჭირონ „ქართული ოცნების“ მიერ დაინიცირებულ პროექტს“, – განაცხადა მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ანრი ოხანაშვილმა.

ამასობაში ოპოზიციაში ჯერ არ აპირებენ პოზიციების შეთანხმებას.

„განსხვავება არის მიდგომაში. ჩვენ კონკრეტული მუხლები გვიწერია კონკრეტული ჩამკეტებით და განჭვრეტადია, ვის შეეხება ეს. ძალიან კონკრეტულია ჩვენი ვერსია, ხელისუფლების ვერსია არის უფრო ბუნდოვანი და ფართო, მეტ მუხლს მოიცავს და ტოვებს მანიპულაციების საშუალებას“, – განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ.

რა მოხდა 2019 წლის 20 ივნისს

2019 წლის 20 ივნისს, გვიან საღამოს რუსეთის სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის თბილისში ვიზიტის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პოლიციამ აქციის დაშლისას ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. იმ ღამეს დაშავდა 240 ადამიანი.

20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ გამოძიება დაიწყო ორი მიმართულებით: პირველი - „პოლიციის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება“ და მეორე - „ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა“, ასევე „ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგები“.

მეორე საქმის ფარგლებში არეულობაში მონაწილეობისა და პოლიციის წინააღმდეგ ძალის გამოყენებისთვის ბრალი წარუდგინეს საპროტესტო აქციის 18 მონაწილეს. განაჩენი 17 მათგანს გამოუტანეს.

რაც შეეხება პოლიციელების საქმეს, განაჩენი პოლიციის ორ თანამშრომელს გამოუტანეს.

გამოძიება ორივე საქმეზე გრძელდება.

61
ლევან ვასაძე

ლევან ვასაძე პოლიტიკაში მიდის

57
(განახლებულია 17:25 06.05.2021)
ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ის აფუძნებს საზოგადოებრივ მოძრაობას, რომელსაც ერქმევა „ერთობა, რაობა, იმედი“.

თბილისი, 6 მაისი – Sputnik. ბიზნესმენი ლევან ვასაძე პოლიტიკაში მიდის. ბიზნესმენმა ამის შესახებ სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ვასაძემ განმარტა, ის აფუძნებს საზოგადოებრივ მოძრაობას, რომელსაც ერქმევა „ერთობა, რაობა, იმედი“. მისი თქმით, საზოგადოებრივი მოძრაობა მომავალში, დიდი ალბათობით, პოლიტიკურ მოძრაობად გარდაიქმნება.

ლევან ვასაძემ გადაწყვეტილების მიზეზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანას კრიზისიდან გამოყვანა სჭირდება.

„მივიღე ჩემთვის პირად ჭრილში ძალიან მძიმე გადაწყვეტილება, რომ დავემშვიდობო ჩემთვის საყვარელი კერძო პირის მდგომარეობას, გადავდგა ნაბიჯი, შემოვიდე და მონაწილეობა მივიღო ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩემი გადაწყვეტილების ძირითად მიზეზაზად მოგვევლინა ის ფაქტი, რომ ქვეყანა შესულია პერმანენტული კრიზისის პირობებში როგორც პოლიტიკური, ეკონომიკური, ისე კულტურული, სოციალური, იდეოლოგიური თვალსაზრისით“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

ამასთან, მისი თქმით, ახდა ყველა ის პროგნოზი, რომელიც საჯაროდ არაერთხელ გააკეთა ჯერ კიდევ შარშან, სანამ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდებოდა.

57
ღარიბაშვილი და ალიევი

რაზე ისაუბრეს ღარიბაშვილმა და ალიევმა ბაქოში

53
(განახლებულია 22:48 05.05.2021)
საქართველოს მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს თბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და თბილისში მოიწვია.

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის კომისია მუშაობას მალე განაახლებს, განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბაქოში ოფიციალური ვიზიტის დასრულების შემდეგ. 

ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში ღარიბაშვილმა შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, აზერბაიჯანელ კოლეგა ალი ასადოვთან და აზერბაიჯანის მილიმეჯლისის თავმჯდომარესთან საჰიბა გაფაროვასთან.

„ჩვენ ნაყოფიერი თანამშრომლობის მრავაწლიანი ისტორია გვაქვს. ჩვენ მოტივირებული ვართ, რომ უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ ერთობლივად. შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ რეგიონში არსებული სიტუაცია, მათ შორის, უსაფრთხოების საკითხებიც. შევეხეთ პრაქტიკულად ყველა საკითხს, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს, მათ შორის, განვიხილეთ დავით–გარეჯის საკითხიც და შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება, დაჩქარდება და ძალიან მალე გადაწყდება ისე, როგორც ჩვენ ძმობას, მეგობრობას შეეფერება. ძალიან მალე კომისიები გააგრძელებენ მუშაობას და უფრო კონკრეტულად მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის განმარტებით, აზერბაიჯანის პრემიერთან და სპიკერთან შეხვედრისას განიხილეს ეკონომიკური საკითხებიც. გადაწყდა, რომ მხარეები ინვესტიციების კუთხით მუშაობას გაააქტიურებენ, რაც ორივე ქვეყნისთვის პოსტპანდემიურ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 

შეხვედრის დასასრულს პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს და მთავრობის სრულ შემადგენლობას თბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა. ღარიბაშვილმა ალიევისგან დაპირება მიიღო, რომ იგი თბილისს ეწვევა.

საქართველოსა და აზერბაიჯანს 440 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ, რომლის მესამედი ჯერჯერობით არ არის დელიმიტირებული. ერთ-ერთ სადავო მონაკვეთზე მდებარეობს მეექვსე საუკუნის დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, რომლის ნაწილზეც პრეტენზიას აზერბაიჯანული მხარე აცხადებს.

აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული სავაჭრო პარტნიორია. 2021 წლის იანვარი–მარტში ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვამ დაახლოებით 250,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები არიან და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტების ფარგლებში – ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, სამხრეთის გაზის დერეფანი და ა.შ.

53
Pfizer-ის ვაქცინა

როდის აიცრებიან ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ ინფიცირებულები: იმნაძის განმარტება

0
(განახლებულია 17:51 06.05.2021)
ამ დროისათვის უცნობია, რამდენი ადამიანი დაავადდა ქვეყანაში COVID-19-ით ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. იმ პირებს, რომლებიც კორონავირუსით ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ დაინფიცირდნენ, ვაქცინის მეორე დოზა ვირუსის დადასტურებიდან 120 დღის გასვლის შემდეგ გაუკეთდებათ, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ.

ამასთან იმნაძის ვარაუდით, გამორიცხული არ არის, ეს რეგულაცია გადაიხედოს და პერიოდი შემცირდეს.

იმ ადამიანების ზუსტი რაოდენობა, რომლებიც COVID-19-ით ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ დაავადდნენ, უცნობია.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, საქართველოში აცრის შემდეგ ინფიცირების სულ რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა და ყველა შემთხვევაში დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობდა.

ამ ეტაპზე საქართველოში ვაქცინაცია კორონავირუსის საწინააღმდეგო სამი ვაქცინით - AstraZeneca-თი, Pfizer-ით და Sinopharm-ით ხორციელდება. სამივე ვაქცინის შემთხვევაში საჭიროა ორი დოზის გაკეთება.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში უკვე აცრილია 51.600 პირი, სრულად ვაქცინირებულია 7.873 ადამიანი.

0
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები