საპროტესტო აქცია პარლამენტთან

ოპოზიცია და ხელისუფლება ამნისტიის საკითხზე ვერ შეთანხმდნენ

92
(განახლებულია 16:09 28.04.2021)
მთავარი, რითიც ერთმანეთისგან განსხვავდება ოპოზიციისა და ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი კანონპროექტები – ესაა დაზარალებულთა თანხმობა ამნისტიაზე.

თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ვერ მიაღწიეს ერთიან ხედვას „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც 20–21 ივნისის ღამის მოვლენების ფიგურანტებს შეეხება. პარლამენტში ორი ალტერნატიული კანონპროექტი შევა.

2019 წლის 20 ივნისს, გვიან საღამოს რუსეთის სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის თბილისში ვიზიტის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. მომიტინგეებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს, პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. იმ ღამეს დაშავდა 240 ადამიანი. საქმე აღძრულია აქციის 18 მონაწილის (მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას) და სამი პოლიციელის წინააღმდეგ.

ახლა პარლამენტი ემზადება „ამნისტიის შესახებ“ კანონის მისაღებად, რომელიც იმ ღამის მოვლენებს შეეხება. მაგრამ ოპოზიციის და მმართველი პარტიის პოზიციები ამ საკითხში ერთმანეთს დაშორებულია.

„შევთანხმდით იმაზე, რომ ძალადობის საქმეები დაემატა მათ კანონპროექტსაც და „ქართული ოცნების“ კანონპროექტში მაკო გომურის ტიპის საქმეებზე კიდევ დამატებითი გარანტიები იქნება, რომ ამნისტია არ გავრცელდება“, – განაცხადა ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ.

მაკო გომური - 2019 წლის 21 ივნისის ღამის ერთ-ერთი დაზარალებულია. რეზინის ტყვიის სახეში მოხვედრის შედეგად მან თვალი დაკარგა. თვალი კიდევ ერთმა მამაკაცმა დაკარგა. სხვა დაზარალებულებს უფრო მსუბუქი ჭრილობები ჰქონდათ.

ვაშაძის თქმით, მთავარი, რაც განასხვავებს ოპოზიციისა და ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ კანონპროექტებს, ესაა დაზარალებულთა თანხმობა ამნისტიაზე.

ეს ფაქტი კატეგორიულად მიუღებელია მმართველი პარტიისთვის.

„დაზარალებულის თანხმობა შესაძლოა სასპეკულაციო თემა გახდეს. მელიას მიმართ საუბარია ბრალზე, ამას ჰყავს უამრავი დაზარალებული, ყველაფერი დაიწყო მელიას მოწოდებით შტურმთან დაკავშირებით და ყველა დანარჩენი, ვინც არის დაზარალებული, პრაქტიკულად, მელიას დაზარალებულები არიან. წარმოიდგინეთ, ახლა ახალი პოლიტიკური სპეკულაციისთვის უნდა გავხსნათ ჩვენ რაღაცა საფუძველი, როდესაც მოვითხოვთ დაზარალებულის თანხმობას“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ასევე იმ ფაქტმა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამნისტიის კანონპროექტში სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლები არ ჩაწერა.

„ხელმოწერილ შეთანხმებაში მითითებულია ყველა სამართალდარღვევის ამნისტირების შესახებ, რომელიც 20-21 ივნისს უკავშირდება. ამნისტიის კონკრეტული მუხლებით დავიწროების თაობაზე შეთანხმებაში მითითებული არ არის“, – განაცხადა მმართველი პარტიის წარმომადგენელმა მიხეილ სარჯველაძემ.

„ქართული ოცნების“ კანონპროექტი რეგისტრაციაზე უკვე შეტანილია და პარლამენტის ბიურო მას შემდეგი სამშაბათის სხდომაზე დაარეგისტრირებს.

 

92
ლევან ვასაძე

ლევან ვასაძე პოლიტიკაში მიდის

57
(განახლებულია 17:25 06.05.2021)
ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ის აფუძნებს საზოგადოებრივ მოძრაობას, რომელსაც ერქმევა „ერთობა, რაობა, იმედი“.

თბილისი, 6 მაისი – Sputnik. ბიზნესმენი ლევან ვასაძე პოლიტიკაში მიდის. ბიზნესმენმა ამის შესახებ სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ვასაძემ განმარტა, ის აფუძნებს საზოგადოებრივ მოძრაობას, რომელსაც ერქმევა „ერთობა, რაობა, იმედი“. მისი თქმით, საზოგადოებრივი მოძრაობა მომავალში, დიდი ალბათობით, პოლიტიკურ მოძრაობად გარდაიქმნება.

ლევან ვასაძემ გადაწყვეტილების მიზეზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანას კრიზისიდან გამოყვანა სჭირდება.

„მივიღე ჩემთვის პირად ჭრილში ძალიან მძიმე გადაწყვეტილება, რომ დავემშვიდობო ჩემთვის საყვარელი კერძო პირის მდგომარეობას, გადავდგა ნაბიჯი, შემოვიდე და მონაწილეობა მივიღო ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩემი გადაწყვეტილების ძირითად მიზეზაზად მოგვევლინა ის ფაქტი, რომ ქვეყანა შესულია პერმანენტული კრიზისის პირობებში როგორც პოლიტიკური, ეკონომიკური, ისე კულტურული, სოციალური, იდეოლოგიური თვალსაზრისით“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

ამასთან, მისი თქმით, ახდა ყველა ის პროგნოზი, რომელიც საჯაროდ არაერთხელ გააკეთა ჯერ კიდევ შარშან, სანამ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდებოდა.

57
ღარიბაშვილი და ალიევი

რაზე ისაუბრეს ღარიბაშვილმა და ალიევმა ბაქოში

53
(განახლებულია 22:48 05.05.2021)
საქართველოს მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს თბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და თბილისში მოიწვია.

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის კომისია მუშაობას მალე განაახლებს, განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბაქოში ოფიციალური ვიზიტის დასრულების შემდეგ. 

ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში ღარიბაშვილმა შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, აზერბაიჯანელ კოლეგა ალი ასადოვთან და აზერბაიჯანის მილიმეჯლისის თავმჯდომარესთან საჰიბა გაფაროვასთან.

„ჩვენ ნაყოფიერი თანამშრომლობის მრავაწლიანი ისტორია გვაქვს. ჩვენ მოტივირებული ვართ, რომ უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ ერთობლივად. შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ რეგიონში არსებული სიტუაცია, მათ შორის, უსაფრთხოების საკითხებიც. შევეხეთ პრაქტიკულად ყველა საკითხს, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს, მათ შორის, განვიხილეთ დავით–გარეჯის საკითხიც და შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება, დაჩქარდება და ძალიან მალე გადაწყდება ისე, როგორც ჩვენ ძმობას, მეგობრობას შეეფერება. ძალიან მალე კომისიები გააგრძელებენ მუშაობას და უფრო კონკრეტულად მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის განმარტებით, აზერბაიჯანის პრემიერთან და სპიკერთან შეხვედრისას განიხილეს ეკონომიკური საკითხებიც. გადაწყდა, რომ მხარეები ინვესტიციების კუთხით მუშაობას გაააქტიურებენ, რაც ორივე ქვეყნისთვის პოსტპანდემიურ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 

შეხვედრის დასასრულს პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს და მთავრობის სრულ შემადგენლობას თბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა. ღარიბაშვილმა ალიევისგან დაპირება მიიღო, რომ იგი თბილისს ეწვევა.

საქართველოსა და აზერბაიჯანს 440 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ, რომლის მესამედი ჯერჯერობით არ არის დელიმიტირებული. ერთ-ერთ სადავო მონაკვეთზე მდებარეობს მეექვსე საუკუნის დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, რომლის ნაწილზეც პრეტენზიას აზერბაიჯანული მხარე აცხადებს.

აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული სავაჭრო პარტნიორია. 2021 წლის იანვარი–მარტში ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვამ დაახლოებით 250,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები არიან და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტების ფარგლებში – ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, სამხრეთის გაზის დერეფანი და ა.შ.

53
Pfizer-ის ვაქცინა

როდის აიცრებიან ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ ინფიცირებულები: იმნაძის განმარტება

0
(განახლებულია 17:51 06.05.2021)
ამ დროისათვის უცნობია, რამდენი ადამიანი დაავადდა ქვეყანაში COVID-19-ით ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. იმ პირებს, რომლებიც კორონავირუსით ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ დაინფიცირდნენ, ვაქცინის მეორე დოზა ვირუსის დადასტურებიდან 120 დღის გასვლის შემდეგ გაუკეთდებათ, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ.

ამასთან იმნაძის ვარაუდით, გამორიცხული არ არის, ეს რეგულაცია გადაიხედოს და პერიოდი შემცირდეს.

იმ ადამიანების ზუსტი რაოდენობა, რომლებიც COVID-19-ით ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ დაავადდნენ, უცნობია.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, საქართველოში აცრის შემდეგ ინფიცირების სულ რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა და ყველა შემთხვევაში დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობდა.

ამ ეტაპზე საქართველოში ვაქცინაცია კორონავირუსის საწინააღმდეგო სამი ვაქცინით - AstraZeneca-თი, Pfizer-ით და Sinopharm-ით ხორციელდება. სამივე ვაქცინის შემთხვევაში საჭიროა ორი დოზის გაკეთება.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში უკვე აცრილია 51.600 პირი, სრულად ვაქცინირებულია 7.873 ადამიანი.

0
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები