პარლამენტი

ოპოზიციასთან ერთად, მაგრამ სპიკერის გარეშე: რა ხდება პარლამენტის სხდომაზე

34
(განახლებულია 19:36 27.04.2021)
პირველი საკითხი, რომლის განხილვაც დეპუტატებს მოუწევთ, პარლამენტის ახალი თავმჯდომარის არჩევაა – აღნიშნულ თანამდებობაზე მმართველმა გუნდმა კახა კუჭავა დაასახელა.

თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტში ამ წუთებში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, რომელშიც პირველად მონაწილეობენ ოპოზიციის ის წარმომადგენლები, რომლებმაც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად შექმნილ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. 

რეგისტრაცია სულ 107-მა დეპუტატმა გაიარა. სხდომათა დარბაზში 13 ოპოზიციონერი დეპუტატი იმყოფება, რომლებიც ბოლო დრომდე უარს აცხადებდნენ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობაზე.

„ჩვენ მოვედით, რომ ვიმუშაოთ და საქმე გავაკეთოთ, რათა ქვეყანა არსებული კრიზისიდან გამოვიყვანოთ“, – განაცხადა პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა დავით უსუფაშვილმა.

პირველი საკითხი, რომელიც დეპუტატებმა უნდა განიხილონ, პარლამენტის ახალი თავმჯდომარის არჩევაა.
მმართველმა პარტიამ აღნიშნულ პოსტზე ვიცე-სპიკერ კახა კუჭავას კანდიდატურა დაასახელა.

„კახა კუჭავა კარგი განათლების მქონე პროგრესული ადამიანია. დარწმუნებული ვარ, რომ იგი კარგად წარუძღვება პროცესებს, მით უმეტეს, რომ ჩვენ წინ მნიშვნელოვანი პოლიტიკური დებატები გველოდება პარლამენტში“, – განაცხადა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ სხდომაზე.

საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის ასარჩევად საჭიროა პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი – არანაკლებ 76 ხმა. დღეისათვის მმართველ პარტიას პარლამენტში 84 დეპუტატი ჰყავს.

ამჟამად დეპუტატები განცხადებებს აკეთებენ.

34
ნიკა მელია

ნიკა მელიას გირაო ევროკავშირმა გადაიხადა

41
(განახლებულია 19:20 08.05.2021)
სავარაუდოდ, ოპოზიციური პარტია „ერთანი ნაციონალიური მოძრაობის" ლიდერი რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებას 13 მაისამდე დატოვებს.

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. ევროკავშირმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა, წერია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია 2021 წლის 23 თებერვალს დააკავეს. 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 2019 წლის 20–21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მელიამ უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე, რომელიც მას აღკვეთის ალტერნატიულ ღონისძიებად შეეფარდა. მანამდე, პროკურატურის მოთხოვნით, პარლამენტმა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა, თუმცა ის კვლავ არის პარლამენტის წევრი.

„დღეს გადახდილი იყო 40 000 ლარის ოდენობის გირაო ბატონი მელიას წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად, რაც 2021 წლის 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით მიღებული შეთანხმების კონტექსტში პოლიტიკური პარტიების მიერ მიღწეულ ურთიერთგაგებას მოჰყვა“, - აღნიშნულია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასრულებისა და 19 აპრილის შეთანხმების შესრულების მიზნით გადაიდგა.

„გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ნაბიჯი მეტად შეუწყობს ხელს პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს, რომ შეთანხმებას შეუერთდეს და მის განხორციელებაში წვლილი შეიტანოს, საქართველოს, მისი მოქალაქეების, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე“, - წერია განცხადებაში.

ოპოზიციური ლიდერის გასათავისუფლებლად საჭირო თანხა გამოყო  ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის. 

„გულითად მადლობას ვუხდით ორ დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელიც დათანხმდა ამ პროცესში მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გაწევაზე: ევროპულ ფონდს დემოკრატიისთვის (European Endowment for Democracy), რომელმაც თანხა გამოყო და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას (საია), რომელმაც აღნიშნული თანხა ხელისუფლებას გადასცა“, - ნათქვამია განცხადებაში.

გირაოს გადახდის შემდეგ მელია რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებას, სავარაუდოდ, 13 მაისამდე დატოვებს.

ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც საქართველოს მთავრობამ და რამდენიმე ოპოზიციურმა ლიდერმა 19 აპრილს ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელმა შესთავაზა.

დოკუმენტის თანახმად, მელიამ ციხე ამნისტიის კანონის საფუძველზე უნდა დატოვოს, ასევე განიხილება მისი გათავისუფლება გირაოს საფუძველზე.

მიუხედავად გათავისუფლებაზე გარანტიისა, „ნაცმოძრაობა“ შეთანხმებაზე ხელმოწერასა და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს იმ დრომდე, ვიდრე მელია არ დატოვებს საპატიმროს.

გომელაური: ამნისტია ყველას, მათ შორის პოლიციელებსაც უნდა შეეხოს>>

2019 წლის 20-21 ივნისის „გავრილოვის ღამედ“ წოდებული პროტესტის შემდეგ აღძრული საქმეების ფიგურანტების ამნისტია ევროკავშირის შუამავლობით მხარეების მიერ ხელმოწერილი შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტია.

საქართველოს პარლამენტში „მაისის არდადეგების“ შემდეგ ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ორი ვარიანტი დარეგისტრირდება – ერთი უმრავლესობის, მეორე ოპოზიციის მიერ მომზადებული.

მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მიერ მომზადებული დოკუმენტების ვერსიები განსხვავდება ერთმანეთისგან – მხარეებს თავად ამნისტიის პროცესთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვა აქვთ. ხელისუფლების სურვილია, რომ ამნისტია საქმის ყველა ფიგურანტს შეეხოს, მათ შორის პოლიციელებსაც და იმ შესაძლო პირებსაც, რომლებიც შეიძლება გამოძიებამ მოგვიანებით გამოავლინოს.

ოპოზიცია, პირველ რიგში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობისთვის ბრალდებულთა და გასამართლებულთა ამნისტიისა და მათთვის ნასამართლობის მოხსნის წინადადებით გამოდის. ასეთ ბრალდებულთა შორის, რიგითი აქტივისტების გარდა, არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელიც ამჟამად პატიმრობაშია.

გარდა ამისა, ოპოზიცია 20–21 ივნისის ღამეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ამჟამად ბრალდებული პოლიციელების ამნისტიაზეც თანახმაა, მაგრამ ამავდროულად იმ პირთა პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების წინააღმდეგია, რომლებსაც პოლიტიკური თანამდებობები ეკავათ და მონაწილეობდნენ ბრძანებების გაცემაში.

41
სალომე ზურაბიშვილი

ვეტო არ იქნება: ზურაბიშვილმა ოპოზიციისთვის უარის თქმის მიზეზები განმარტა

65
ოპოზიციამ ახალ კანონპროექტში საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ რეპრესიების საბაბი დაინახა და ამიტომაც მოუწოდა პრეზიდენტს, დაადოს ვეტო ცვლილებებს

თბილისი, 7 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ დააკმაყოფილებს ოპოზიციის თხოვნას და არ დაადებს ვეტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა პარასკევს ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოს პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში აპრილის ბოლოს დაამტკიცა ცვლილებები, რომლებიც „წვრილმანი ხულიგნობისა“ და „პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის“ სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს. პროექტის მიღებამდე კანონპროექტით უკმაყოფილება გამოხატა საპარლამენტო ოპოზიციამ, რომელმაც პრეზიდენტს მოუწოდა დაადოს ვეტო ცვლილებებს. მათი თქმით, ეს ცვლილებები სიტყვის თავისუფლების პრინციპებს ეწინააღმდეგება და ანტისამთავრობო მიტინგების მონაწილეთა წინააღმდეგაა მიმართული.

„ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, თუმცა სამომავლოდ ასეთი პროცესი, რომელიც გულისხმობს ყველას პოზიციის გაცნობას და შეჯერებას, აძლევს პრეზიდენტს საშუალებას, რომ ეს ინსტრუმენტი საჭიროების შემთხვევაში ეფექტურად გამოყენებული იყოს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ახალი ცვლილებები არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ვერ ჩაითვლება სამართლებრივი პრინციპების დარღვევად ან რაიმე საერთაშორისო სტანდარტების უგულებელყოფად.

ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის ზოგიერთ არგუმენტს იზიარებს. კერძოდ, მაშინ როდესაც საზოგადოება, 19 აპრილის შეთანხმების თანახმად, ელოდება სამი მთავარი კანონის ინიცირებას – ამნისტიის, სასამართლო რეფორმისა და საარჩევნო კოდექსის, ამ ფონზე კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება, მისი თქმით, პოლიტიკურად უდროოდ შეიძლება იყოს მიჩნეული.

გარდა ამისა, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც შეთანხმების შედეგად პარლამენტში შევიდნენ, მაქსიმალურად ჩართულნი უნდა ყოფილიყვნენ საკანონმდებლო მუშაობაში.

„ეს პროცესი მოითხოვდა მეტ კომუნიკაციას, მათ შორის საზოგადოებასთან, რათა კანონში ცვლილებები გაზიარებული ყოფილიყო მოქალაქეების მიერ. კომუნიკაციის ნაკლებობა ასეთ საკითხებში, რომელიც ადამიანის უფლებების და სამართალდამცავ ორგანოებთან მოქალაქეების ურთიერთობას ეხება, ყველასათვის დამაზიანებელია, რამეთუ უნდობლობას ბადებს. ასეთი სენსიტიური საკითხი მოითხოვს ყველას ჩართულობას და ფართო დისკუსიას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გადაწყვეტილების მიღებამდე პრეზიდენტმა გამართა შეხვედრები როგორც საპარლამენტო ოპოზიციასთან, ისე კანონპროექტის ინიციატორებთან და ორივე მხარის არგუმენტები მოისმინა. დღეს ორბელიანების სასახლეში ზურაბიშვილის შეხვდა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს.

რა წერია ცვლილებებში

მიღებული ცვლილებების თანახმად,  წვრილმანი ხულიგნობის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ ამავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 15 დღემდე ვადით. 

ამავე დარღვევის პირველად ჩადენისთვის სასჯელი ითვალისწინებს ჯარიმას 500-დან 1000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

გარდა ამისა, იცვლება ჯარიმები სამართალდამცველების მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის. დღეისათვის მოქმედი კანონით სასჯელი ითვალისწინებს ჯარიმას 1000-დან 4.000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

ცვლილებების მიხედვით კი, ჯარიმა პირველი სამართალდარღვევის შემთხვევაში განისაზღვრება 2.000-დან 3.000 ლარამდე, განმეორების შემთხვევაში კი, პირი დაჯარიმდება 3.500-დან 4.500 ლარამდე. ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით განისაზღვრება.

65
საპატრულო პოლიცია ავტობანზე

უკვე მეხუთე დღე: ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულების გაფიცვა გრძელდება

0
(განახლებულია 18:54 08.05.2021)
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ეკონომიკური კრიზისის, ლარის გაუფასურებისა და პროდუქტების გაძვირების პირობებში ოჯახების ელემენტარული რჩენისთვის ხელფასები არ ჰყოფნით

თბილისი, 8 მაისი – Sputnik. აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ხევი–უბისას მონაკვეთზე დასაქმებული მუშები უკვე მეხუთე დღეა, არ მუშაობენ. ისინი ხელფასების მომატებას ითხოვენ, იუწყება პირველი არხი.

400–მდე მუშის გაფიცვა ხარაგაულის რაიონის სოფელ ბორითთან მიმდინარეობს, სადაც გზის მონაკვეთის მესამე სატრანსპორტო კვანძია.

„კომუნიკაციაც არა გვაქვს, ვერ გვაგებინებენ, ვერ ვაგებინებთ, თარჯიმანი არის, მაგრამ ოფისშია, ობიექტებზე არ არის. რამე რომ დაგავალოს უფროსმა, ვერ გაიგებ. ძალიან გვიჭირს ასე. დაბალი ხელფასები გვაქვს და გაზრდას მოვითხოვთ“, – განაცხადა აქციის ერთ–ერთმა მონაწილე ბექა ციკორიშვილმა.

აქციის მეორე მონაწილე სერგო გელაშვილმა კი განაცხადა, რომ მათი მთავარი მოთხოვნა არის უცვლელი – დღიური ხელფასის 30%–ით გაზრდა და შრომითი უსაფრთხოების დაცვა, რაც გამოიხატება იმაში, რომ არც გვირაბებში, არც ხიდებზე არანაირი უსაფრთხოების წესები დაცული არ არის.

რიკოთის საუღელტეხილო გზის ხევი–უბისას მონაკვეთის მშენებლობას ჩინური კომპანია Hunan Road and Bridge Construction Group ახორციელებს. 

რიკოთის უღელტეხილზე გზის მშენებლობა გრძელდება>>

რიკოთის საუღელტეხილო გზაზე, რომელიც აღმოსავლეთი–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ნაწილს წარმოადგენს, ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს. პროექტი ხევი–უბისას 12,2 კმ-იან მონაკვეთზე ოთხზოლიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. აღნიშნულ მონაკვეთზე 35 ახალი ხიდისა (18 ხიდი თბილისი–არგვეთას მიმართულებით, ხოლო, 17 – არგვეთა–თბილისის მიმართულებით) და 18 გვირაბის მშენებლობა იგეგმება.

0