სალომე ზურაბიშვილი

„საქართველო ინდოეთის გვერდით დგას“: სალომე ზურაბიშვილი ინდოელ ხალხს სოლიდარობას უცხადებს

50
(განახლებულია 19:22 26.04.2021)
ინდოეთში კორონავირუსით დაავადებულთა მაჩვენებელი 24 საათში 349.691-ით გაიზარდა, გარდაიცვალა 2,7 ათასი ადამიანი.

თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ინდოეთში ეპიდემიოლოგიური ვითარების მკვეთრ გაუარესებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ინდოელ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს. 

ინდოეთში ერთ დღე-ღამეში კორონავირუსის ახალი 349.691 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 2,7 ათასზე მეტი ადამიანი, რაც, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან მაქსიმალური მაჩვენებელია.

„ინდოელი ხალხი ძლიერი და შეუპოვარია. რაც ახლა COVID-ის ინფექციების ახალ ტალღასთან დაკავშირებით ხდება, ტრაგედიაა, სოლიდარობის ნიშნად, საქართველო ინდოეთის გვერდით დგას. თქვენზე ვფიქრობთ. ამ სიტუაციიდან ყველანი ახალი იმედით და ახალი ძალით გამოვალთ“, – დაწერა ზურაბიშვილმა Twitter-ზე.

კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების მხრივ ინდოეთი მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სულ დარეგისტრირებულია COVID-19-ის 16,9 მილიონ შემთხვევაზე მეტი. გამოჯანმრთელდა 14 მილიონზე მეტი, გარდაიცვალა 192 ათასი ადამიანი. დაავადების შემთხვევები განსაკუთრებით იზრდება თებერვლის შუა რიცხვებიდან.

50
თემები:
საქართველოს პრეზიდენტი (176)
სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი: საარჩევნო რეფორმა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯია

18
(განახლებულია 11:46 18.05.2021)
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მხარეებს შორის შეთანხმებული საკითხები ვენეციის კომისიას უახლოეს დღეებში უნდა გადაეგზავნოს

 

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიესალმება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მმართველი პარტია „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის პოზიციების დაახლოებას.

ორშაბათს გამართული მორიგი სამუშაო შეხვედრის შედეგად ოპოზიციამ და მმართველმა პარტიამ შეძლო საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ბევრ საკითხზე კომპრომისის მიღწევა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ მომზადებული შეთანხმების დოკუმენტის თანახმად, მხარეებმა საქართველოს საარჩევნო კოდექსი ისე უნდა შეცვალონ, რომ მასში ვენეციის კომისიისა და OSCE/ODIHR-ის ყველა რეკომენდაცია აისახოს.

„მისასალმებელია ოპოზიციისა და მმართველი პარტიის მიერ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ საკითხებზე შეჯერება და ამ შეჯერებული დოკუმენტის უახლოეს დღეებში ვენეციის კომისიაში გაგზავნა“, – დაწერა ზურაბიშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე.

პრეზიდენტის თქმით,  მნიშვნელოვანია აღნიშნული  შეთანხმების ყველა პუნქტის დროული შესრულება. „საარჩევნო რეფორმა იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყნის მომავალი დემოკრატიული განვითარებისთვის“, დასძინა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გადაჭრაში. მან არაერთი შეხვედრა გამართა საერთაშორისო შუამავლებთან, პრეზიდენტის სასახლე კი მხარეებს შორის მოლაპარაკებების ადგილი გახდა. სწორედ ორბელიანის სასახლეში მოაწერეს ხელი 19 აპრილს მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ  კომპრომისულ დოკუმენტს „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელი.

გარდა ამისა, პრეზიდენტმა ხელი მოაწერა შეწყალების აქტს, რომლის საფუძველზეც საპატიმრო დატოვა ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ თანადამფუძნებელმა გიორგი რურუამ. ზურაბიშვილი დათანხმდა ოპოზიციის მოთხოვნა შეესრულებინა იმ პირობით, რომ მხარეები ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის თაობაზე შეთანხმებას ხელს მოაწერდნენ.

რაც შეეხება საარჩევნო კოდექსს, მაისის დასაწყისში ვენეციის კომისიამ და OSCE/ODIHR-მა გამოაქვეყნეს დასკვნა საქართველოს საარჩევნო კოდექსში მომზადებულ ცვლილებებთან დაკავშირებით და უარყოფითად შეაფასეს ცესკოს წევრთა შერჩევის პრინციპი და დამკვირვებლებისადმი მოთხოვნები.

ვენეციის კომისიამ და OSCE/ODIHR-მა კანონპროექტში არსებულ ხარვეზებზე უამრავი შენიშვნა გამოთქვეს. შენიშვნების ძირითადი ნაწილი საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესს ეხებოდა.
ერთ-ერთი მთავარი შენიშვნა ეხება პარტიების პროპორციულ წარმომადგენლობას საარჩევნო კომისიებში. ვენეციის კომისიის თვალსაზრისით, არსებული მოდელი ვერ აღმოფხვრის მმართველი პარტიის დომინირების საკითხს საარჩევნო კომისიებში.

ასევე უკმაყოფილება გამოიწვია ცვლილებებში გაწერილმა ცესკოს თავმჯდომარის დანიშვნის პროცესმაც. ცვლილებების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი აღარ დაეკითხება სამოქალაქო საზოგადოებას კანდიდატის არჩევისას, რაც, კომისიის თვალსაზრისით, მიზანშეწონილი არაა საზოგადოებაში ცესკოს მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობისადმი დაბალი ნდობის ფონზე.

18
თემები:
საქართველოს პრეზიდენტი (176)
ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებები ევროკავშირის შუამავლობით

საქართველოს ხელისუფლების და ოპოზიციის პოზიციები საარჩევნო სისტემაზე დაახლოვდა

30
(განახლებულია 00:12 18.05.2021)
მხარეებმა შეათანხმეს, რომ ცესკოს ეყოლება ორი თავმჯდომარე - პროფესიული ნიშნით არჩეული და ოპოზიციური პარტიების მიერ დასახელებული.

თბილისი, 17 მაისი – Sputnik. ოპოზიციამ და მმართველმა პარტიამ მიაღწიეს კომპრომისს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკითხების დიდ ნაწილზე, განაცხადა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა ლიდერმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა.

საქართველოს პარლამენტში ორშაბათს საარჩევნო სისტემის რეფორმაზე იმსჯელეს. მორიგ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ როგორც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები, ისე იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის კომპრომისულ შეთანხმებას. შედეგად, მხარეებმა შეთანხმებულად ისე უნდა შეცვალონ საქართველოს საარჩევნო კოდექსი, რომ მასში ვენეციის კომისიისა და OSCE/ODIHR-ის ყველა რეკომენდაცია აისახოს.

„საკითხების უდიდეს ნაწილზე მივაღწიეთ შეთანხმებას, თუმცა რჩება კონკრეტული საკითხები, სადაც გავუცვალეთ ერთმანეთს ჩვენი შეხედულებები და ვნახოთ, საბოლოოდ როგორ ჩამოყალიბდება პოზიცია. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უკვე ხვალ დილით მივაწვდით ჩვენს ხედვას ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, როგორ ვაფასებთ დღეს არსებულ ვითარებას, რამდენად ვხედავთ შანსს, რომ კონსენსუსის გზით იყოს მიღებული შესაბამისი ცვლილებები და ამის შემდეგ დაიწყება უკვე კონსულტაციები როგორც ვენეციის კომისიასთან, ასევე სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან“, - განაცხადა სამადაშვილმა.

მისი თქმით, საკითხები, რომლებზეც ჯერ არ არის ჩამოყალიბებული საერთო ხედვა, კერძოდ კი საარჩევნო ადმინისტრაციის სრული რეორგანიზაცია, რასაც შარლ მიშელის დოკუმენტი გულისხმობს, კანონპროექტის მეორე მოსმენისას შეიძლება შეთანხმდეს.

შეხვედრით კმაყოფილია პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძეც.

„დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ „ქართულმა ოცნებამ" გადმოდგა რიგი შემხვედრი ნაბიჯები იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ, როგორც ოპოზიციური პარტიები, ვაყენებდით, ეს პოზიტიური განვითარებაა. ვფიქრობ, ეს დოკუმენტი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია წინ. ჩვენ ვაგრძელებთ განხილვას, იქნება პარლამენტში პირველი, მეორე მოსმენა, ცვლილების შეტანის საშუალება იქნება. ახლა ეს დოკუმენტი ვენეციის კომისიაში იგზავნება, განსხვავება გვრჩება რიგ საკითხებში, მაგალითად ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაზე“, - განუცხადა ჟურნალისტებს ჯაფარიძემ.

პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატის, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, ცესკოს თავმჯდომარეს ეყოლება ორი მოადგილე – პროფესიული ნიშნით არჩეული და ოპოზიციური პარტიების მიერ დასახელებული.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, თუ ცესკოს თავმჯდომარე საკუთარ უფლებამოსილებას ვერ შეასრულებს, ამას ოპოზიციური პარტიების მიერ დასახელებული თავმჯდომარე შეასრულებს.

„საბოლოო ჯამში, ამ პაკეტით ვიღებთ ერთი მხრივ ამბიციურ საარჩევნო რეფორმას იმ გაგებით, რაც იყო 19 აპრილის შეთანხმებაში და დამატებით ის საკითხები შევათანხმეთ, რაც საარჩევნო გარემოს გააუმჯობესებს. ეს არის უფრო მეტი, ვიდრე შეთანხმებული იყო 19 აპრილს. მიგვაჩნია, რომ მოადგილის საკითხი სამართლებრივად სწორი არ არის, მაგრამ შეთანხმება შეთანხმებაა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მაისის დასაწყისში ვენეციის კომისიამ და OSCE/ODIHR-მა გამოაქვეყნეს დასკვნა საქართველოს საარჩევნო კოდექსში მომზადებულ ცვლილებებთან დაკავშირებით და უარყოფითად შეაფასეს ცესკოს წევრთა შერჩევის პრინციპი და დამკვირვებლებისადმი მოთხოვნები.

ვენეციის კომისიამ და OSCE/ODIHR-მა ამჟამად მოამზადეს სრული ანგარიში ცვლილებებზე და კანონპროექტში არსებულ ხარვეზებზე უამრავი შენიშვნა გამოთქვეს. შენიშვნების ძირითადი ნაწილი საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესს ეხებოდა.

ერთ-ერთი მთავარი შენიშვნა ეხება პარტიების პროპორციულ წარმომადგენლობას საარჩევნო კომისიებში. ვენეციის კომისიის თვალსაზრისით, არსებული მოდელი ვერ აღმოფხვრის მმართველი პარტიის დომინირების საკითხს საარჩევნო კომისიებში.

ასევე უკმაყოფილება გამოიწვია ცვლილებებში გაწერილმა ცესკოს თავმჯდომარის დანიშვნის პროცესმაც. ცვლილებების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი აღარ დაეკითხება სამოქალაქო საზოგადოებას კანდიდატის არჩევისას, რაც, კომისიის თვალსაზრისით, მიზანშეწონილი არაა საზოგადოებაში ცესკოს მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობისადმი დაბალი ნდობის ფონზე.

30
მსახიობი გიორგი ყიფშიძე

„ასაკობრივი ზღვარი წაიშალა... არც შეზღუდვები გვაქვს ერთმანეთთან“ - გიორგი ყიფშიძის ცოლი

0
(განახლებულია 13:11 18.05.2021)
მსახიობ გიორგი ყიფშიძის 20 წლით უმცროსი მესამე ცოლი ენი გასიევა მათ ოჯახზე და ურთიერთგაგებაზე საუბრობს.

გიორგი ყიფშიძე მცირე ხნის წინ მეოთხე შვილის მამა გახდა. მას მესამე ცოლთან მეორე შვილი შეეძინა, პირველი ქორწინებებიდან კი ასევე ორი შვილი ჰყავს, გოგონა და ვაჟი. გიორგი ყიფშიძისა მეუღლე ენი გასიევა ჟურნალ „თბილისელებთან“ ყვება როგორ გაუმართლა, რომ გიორგი იპოვა.

ენი ამბობს, რომ გიორგი ისეთი ქმარი აღმოჩნდა, როგორიც ვერასდროს წარმოიდგენდა, რადგან მას მსგავსი კაცები არ ხვდებიან და რომ არა გიორგი, ალბათ მარტო იქნებოდა. მისი თქმით, ბავშვების აღზრდის პროცესში ცნობილი ბაბუაც, მსახიობი ზურა ყიფშიძეც აქტიურადაა ჩართული და რაც ლუნა დაიბადა, კოსმო სულ მის გვერდით იძინებს. რომ ეძინება, ბაბუს ოთახში გარბის. ერთად ვცხოვრობთ და ზურა ძალიან გვეხმარება ბავშვების გაზრდაში…

„როცა მე და გიორგიმ ცხოვრება დავიწყეთ, იმდენად კარგად შევეწყვეთ, რისკებზე და გამართლებაზე არც მიფიქრია, ასაკობრივი ზღვარი წაიშალა. თავიდანვე ისე კარგად გავუგეთ ერთმანეთს, იდეალური მეგობარი და მეუღლე გახდა. არც შეზღუდვები გვაქვს ერთმანეთთან და არც საიდუმლოებები, სადაც ჰარმონია და კომფორტია, იმ ურთიერთობას, წესით, საფრთხე არ ემუქრება“, - ამბობს ენი.

მსახიობ გიორგი ყიფშიძეს და ფოტოგრაფ ანა გასიევას გასული წლის მარტში ბიჭუნა – კოსმო ყიფშიძე შეეძინათ. მსახიობმა სოციალურ ქსელში ახალშობილთან ერთად გადაღებული პირველი ფოტო გამოაქვეყნა და უამრავი მილოცვაც მიიღო. ბიჭუნას დაბადებამდე რამდენიმე ხნით ადრე გიორგის ახალმა მეორე ნახევარმა სოციალურ ქსელში ბეჭდების ფოტო გამოაქვეყნა ქორწინების მოწმობის ფონზე და ამით ცნობილი გახდა, რომ გიორგი ყიფშიძემ 24 წლის ფოტოგრაფზე იქორწინა. წყვილმა ქორწილი „ზაზანოვაში“ გადაიხადა.

გიორგი დაახლოებით 15 წლის წინ დაშორდა მოდელ კრისტი ყიფშიძეს, რომელიც დღემდე მის გვარს ატარებს. მასთან გიორგის ყველასთვის საყვარელი გოგონა ნატალია ყიფშიძე ჰყავს. კრისტისთან დაშორების შემდეგ მან მხატვარ ანი ჩიკვილაძეზე იქორწინა. ხმები მათი დაშორების შესახებ წლების მანძილზე ვრცელდებოდა, თუმცა ისინი კვლავ ერთად ჩნდებოდნენ საზოგადოებაში. ანის და გიორგის საერთო ვაჟი სანდრო ჰყავთ. შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ ყიფშიძე ანი ჩიკვილაძესაც დაშორდა.

43 წლის გიორგი ყიფშიძე მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის მსახიობია 2002 წლიდან. მონაწილეობდა ფილმებში „რევერსი (უბრალოდ თამაში)“, „თბილისური Love Story“, „გასეირნება ყარაბახში 2“, „ქუჩის დღეები“, „მარილივით თეთრი“.

გიორგი ყიფშიძე დიდი ხანია ცნობილი მამის ჩრდილიდან გამოვიდა და ახლა მას მოიხსენიებენ, როგორც გიორგის და არა როგორც ზურას შვილს. იგი შესანიშნავი მსახიობია. განსაკუთრებით პოპულარული გახდა ტელესერიალიდან „ცხელი ძაღლი“, ხოლო მისმა პოპულარობამ პიკს მიაღწია მას შემდეგ, რაც მონაწილეობდა ქართულ სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“, სადაც ვერსკის როლი შეასრულა.

0
თემები:
ქართველი სელებრითები