ანრი ოხანაშვილი

ამნისტიის შესახებ კანონი 20 ივნისის მოვლენების ყველა ფიგურანტს არ შეეხება

95
(განახლებულია 23:33 26.04.2021)
ამჟამად შეთანხმების დისკრედიტაცია მიმდინარეობს და ვრცელდება ჭორები იმაზე, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება, განაცხადა ოპოზიციური პარტიის ლიდერმა

თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. „ქართული ოცნება“ მაქსიმალურად ცდილობს მიღწეული შეთანხმების შესრულებას და არავის მისცემს უფლებას ჩაშალოს ეს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის თავმჯდომარემ, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ.

2019 წლის 20-21 ივნისის „გავრილოვის ღამედ“ წოდებული პროტესტების შემდეგ აღძრული საქმეების ფიგურანტების ამნისტია  ევროკავშირის შუამავლობით მხარეების მიერ ხელმოწერილი შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტია.

ოხანაშვილის თქმით, 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ამნისტიის კანონი შეეხება მხოლოდ იმ პირებს, რომელთაც ადამიანთა უფლებების კონვენცია არ დაურღვევიათ.

„ქართული ოცნება“ რჩება შეთანხმების ერთგული, რაც ნიშნავს ამნისტიის აქტის გამოცემას და ამნისტიის აქტის, როგორც შეთანხმებაშია ჩადებული, ყველა პირზე და სამართალდარღვევაზე გავრცელებას... კონვენციის დათქმა უნდა ჩაიწეროს. ამასთან დაკავშირებით შევთანხმდით კიდეც. კონვენციური მუხლებია წამება, არაადამიანური მოპყრობა, დამამცირებელი მოპყრობა და ასე შემდგომ“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

მისი თქმით, ვერც ერთი პოლიტიკოსი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, მართლმსაჯულებას ვერ გაექცევა.

„ვერც ერთი პილიტიკოსი, როდესაც მას ჩადენილი აქვს, სავარუდოდ, მძიმე კატეგორიის დანაშაული, ვერანაირად ვერ იქნება პრივილეგირებული სხვა პირთან, თუნდაც პილიციელთან მიმართებაში. ამიტომ სტანდარტი და მიდგომა იქნება ყველასთვის ერთიანი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ოპოზიციური პარტია „ლელოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, ახლა მიმდინარეობს შეთანხმების აქტიური დისკრედიტაცია და ვრცელდება ჭორები, თითქოს ამნისტია 20-21 ივნისის მოვლენებზე შეეხება ყველა ფიგურანტს, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც ფიქრობენ, რომ კონვენციის მუხლებზე ამნისტია არ გავრცელდება.

„ის პროპაგანდა, რომ ამნისტია ეხება ყველა იმ ადამიანს, ვინც დანაშაული ჩაიდინა მათ შორის, ვინც ზიანი მიაყენა მაკო გომურს (აქტივისტი გოგონა, რომელმაც იმ ღამით თვალი დაკარგა - რედ.), ტყუილია! ეს ემსახურება იმას, რომ დისკრედიტაცია მოხდეს ამ პროცესის, ეს არ მოხდება არანაირად“, - განუცხადა ჟურნალისტებს ბადრი ჯაფარიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამნისტია არ შეეხება ჩინოვნიკებს, რომლებმაც იმ ღამით შესაძლოა უკანონო ბრძანებები გასცეს.

2019 წლის 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე ათასობით ადამიანი რუსეთის სათათბიროს დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ჩამოსვლას აპროტესტებდა. ღამისკენ სიტუაცია უკონტროლო გახდა, რადგან მომიტინგეებმა, ხელისუფლების ვერსიით, პარლამენტში შეჭრა სცადეს. დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მთელ ღამეს გაგრძელდა, ასობით ადამიანი დააკავეს. დილით გაირკვა, რომ პოლიციასთან შეტაკებებში დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი.

სამშაბათს, 27 აპრილს პარლამენტში უნდა მოხდეს ინიცირება ამნისტიის შესახებ კანონის, რომელიც შეეხება ყველას, ვის წინააღმდეგადაც იყო აღძრული სისხლის სამართლის საქმე 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით. მათ რიცხვში ნიკა მელიაც შედის.

ამნისტიის კანონს პარლამენტი დაყოვნების გარეშე მიიღებს – დეტალები >>

„პოლიტპატიმრების“ გათავისუფლების საკითხი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კომპრომისული შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი პუნქტია. ოპოზიცია პოლიტპატიმრებად მოიხსენიებს „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს ნიკა მელიას და ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ თანამფლობელს გიორგი რურუას.

95
ლევან ვასაძე

ლევან ვასაძე პოლიტიკაში მიდის

60
(განახლებულია 17:25 06.05.2021)
ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ის აფუძნებს საზოგადოებრივ მოძრაობას, რომელსაც ერქმევა „ერთობა, რაობა, იმედი“.

თბილისი, 6 მაისი – Sputnik. ბიზნესმენი ლევან ვასაძე პოლიტიკაში მიდის. ბიზნესმენმა ამის შესახებ სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ვასაძემ განმარტა, ის აფუძნებს საზოგადოებრივ მოძრაობას, რომელსაც ერქმევა „ერთობა, რაობა, იმედი“. მისი თქმით, საზოგადოებრივი მოძრაობა მომავალში, დიდი ალბათობით, პოლიტიკურ მოძრაობად გარდაიქმნება.

ლევან ვასაძემ გადაწყვეტილების მიზეზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანას კრიზისიდან გამოყვანა სჭირდება.

„მივიღე ჩემთვის პირად ჭრილში ძალიან მძიმე გადაწყვეტილება, რომ დავემშვიდობო ჩემთვის საყვარელი კერძო პირის მდგომარეობას, გადავდგა ნაბიჯი, შემოვიდე და მონაწილეობა მივიღო ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩემი გადაწყვეტილების ძირითად მიზეზაზად მოგვევლინა ის ფაქტი, რომ ქვეყანა შესულია პერმანენტული კრიზისის პირობებში როგორც პოლიტიკური, ეკონომიკური, ისე კულტურული, სოციალური, იდეოლოგიური თვალსაზრისით“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

ამასთან, მისი თქმით, ახდა ყველა ის პროგნოზი, რომელიც საჯაროდ არაერთხელ გააკეთა ჯერ კიდევ შარშან, სანამ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდებოდა.

60
ღარიბაშვილი და ალიევი

რაზე ისაუბრეს ღარიბაშვილმა და ალიევმა ბაქოში

53
(განახლებულია 22:48 05.05.2021)
საქართველოს მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს თბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და თბილისში მოიწვია.

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის კომისია მუშაობას მალე განაახლებს, განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბაქოში ოფიციალური ვიზიტის დასრულების შემდეგ. 

ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში ღარიბაშვილმა შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, აზერბაიჯანელ კოლეგა ალი ასადოვთან და აზერბაიჯანის მილიმეჯლისის თავმჯდომარესთან საჰიბა გაფაროვასთან.

„ჩვენ ნაყოფიერი თანამშრომლობის მრავაწლიანი ისტორია გვაქვს. ჩვენ მოტივირებული ვართ, რომ უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ ერთობლივად. შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ რეგიონში არსებული სიტუაცია, მათ შორის, უსაფრთხოების საკითხებიც. შევეხეთ პრაქტიკულად ყველა საკითხს, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს, მათ შორის, განვიხილეთ დავით–გარეჯის საკითხიც და შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება, დაჩქარდება და ძალიან მალე გადაწყდება ისე, როგორც ჩვენ ძმობას, მეგობრობას შეეფერება. ძალიან მალე კომისიები გააგრძელებენ მუშაობას და უფრო კონკრეტულად მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის განმარტებით, აზერბაიჯანის პრემიერთან და სპიკერთან შეხვედრისას განიხილეს ეკონომიკური საკითხებიც. გადაწყდა, რომ მხარეები ინვესტიციების კუთხით მუშაობას გაააქტიურებენ, რაც ორივე ქვეყნისთვის პოსტპანდემიურ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 

შეხვედრის დასასრულს პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს და მთავრობის სრულ შემადგენლობას თბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა. ღარიბაშვილმა ალიევისგან დაპირება მიიღო, რომ იგი თბილისს ეწვევა.

საქართველოსა და აზერბაიჯანს 440 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ, რომლის მესამედი ჯერჯერობით არ არის დელიმიტირებული. ერთ-ერთ სადავო მონაკვეთზე მდებარეობს მეექვსე საუკუნის დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, რომლის ნაწილზეც პრეტენზიას აზერბაიჯანული მხარე აცხადებს.

აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული სავაჭრო პარტნიორია. 2021 წლის იანვარი–მარტში ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვამ დაახლოებით 250,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები არიან და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტების ფარგლებში – ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, სამხრეთის გაზის დერეფანი და ა.შ.

53
კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცი პაციენტი

დადგინდა, რომელი მამაკაცები ავადდებიან COVID-19-ის მძიმე ფორმით: ახალი კვლევა

0
(განახლებულია 19:59 06.05.2021)
მეცნიერებმა შემთხვევით აღმოაჩინეს მანამდე უცნობი ბიომარკერი, რომელიც კორონავირუსისადმი უფრო მეტად მოწყვლადი მამაკაცების დადგენის საშუალებას იძლევა

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. მელოტი მამაკაცები 2,5−ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან COVID-19−ის მძიმე ფორმით, ვიდრე ხშირი თმების მქონეები, იუწყება Daily Mail-ი ევროპის დერმატოლოგიური და ვენეროლოგიური საზოგადოების (EADV) პრესსამსახურზე დაყრდნობით.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამას გენების ის ვარიაცია უწყობს ხელს, რომელიც მამაკაცის გამელოტების რისკებს ზრდის.

„ჩვენი დაკვირვებები აჩვენებს, რომ გენ AR−ში CAG-გამეორებების რაოდენობა, რომლებიც მამაკაცის სიმელოტისადმი მიდრეკილებას განსაზღვრავს, გავლენას ახდენს იმაზეც, თუ რამდენად ხშირად შეიძლება განუვითარდეს მის მფლობელს COVID-19−ის მძიმე ფორმები. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მსგავსი ბიომარკერი შეგვიძლია ვირუსის იმ მტარებლების საიდენტიფიკაციოდ გამოვიყენოთ, რომლებისთვისაც რეანიმაციაში მოხვედრის რისკი მაქსიმალური იქნება“, — განაცხადა მარკონის უნივერსიტეტის (იტალია) პროფესორმა ენდი გორენმა.

აღსანიშნავია, რომ მედიკოსებმა უჰანში კორონავირუს SARS-CoV-2−ის აფეთქების პირველივე დღეებიდან  გაამახვილეს ყურადღება იმ ფაქტზე, რომ ახალი ტიპის ვირუსით მამაკაცები უფრო ხშირად ავადდებოდნენ, ვიდრე ქალები.

თავდაპირველად ბიოლოგებმა ეს ფაქტი იმას მიაწერეს, რომ მამაკაცის ფილტვების უჯრედები რეცეპტორ ACE2−ის უფრო მეტ მოლეკულას შეიცავს, რომლებსაც იყენებს კიდეც ვირუსი ინფიცირებისთვის. შემდგომში მეცნიერების მოსაზრება ამ საკითხზე გაიყო, თუმცა მკვლევართა უმეტესობა მაინც მიიჩნევს, რომ მამაკაცები ნამდვილად უფრო ხშირად ავადდებიან COVID−19−ით.

პროფესორმა გორენმა და მისმა კოლეგებმა შემთხვევით აღმოაჩინეს მანამდე უცნობი ბიომარკერი, რომელიც კორონავირუსისადმი უფრო მეტად მოწყვლადი მამაკაცების დადგენის საშუალებას იძლევა. მათ ყურადღება მიაქციეს იმ ფაქტს, რომ COVID−19−ის მძიმე ფორმით რეანიმაციებში მოხვედრილი მამაკაცების 80% მელოტი იყო.

ბიოლოგების აზრით, ინფექციის ეს თავისებურება შეიძლება გამოყენებული იყოს არა მარტო კორონავირუსული ინფექციისადმი უფრო მოწყვლადი პაციენტების გამოსავლენად, არამედ თავად ვირუსთან ბრძოლისთვისაც —  გენ AR−ის აქტიურობის დამთრგუნველი პრეპარატების დახმარებით.

პროფესორი გორენი და მისი კოლეგები ექსპერიმენტების პირველი შედეგების გამოქვეყნებას უახლოეს პერიოდში გეგმავენ.

0
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება