„ნაციონალური მოძრაობა“ დანიელსონის დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს ამბობს

© photo: Sputnik / Stringer„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2021
გამოწერა
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დღეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საჯაროდ აწერს ხელს ევროპის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს.

თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. იმისთვის, რომ პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ევროკავშირის მედიაციით შექმნილ დოკუმენტს ხელი მოაწეროს, უნდა შედგეს შეთანხმება პოლიტიკურ პატიმრებსა და ვადამდელ არჩევნებზეც, განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა.

არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2021
„ქართული ოცნება“ ევროკავშირის მედიაციით შექმნილ დოკუმენტს ხელს აწერს

დღეს ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საჯაროდ აწერს ხელს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, დოკუმენტის ხელმოწერის მზადყოფნა „ქართულმა ოცნებამ“ დიალოგის დასკვნით ეტაპზევე გამოხატა, თუმცა აქამდე ხელი არ მოაწერა, რადგან ოპოზიციისგან შემხვედრ ნაბიჯებს და ელჩების დამატებით კონსულტაციებს ელოდებოდნენ.

მინაშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ რეფორმებთან დაკავშირებულ სამ საკითხზე კომპრომისზე წასვლა მოუწია, მაგრამ შეთანხმება უნდა მოხდეს პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ვადამდელ არჩევნებზეც.

„ვიდრე ორ მთავარ საკითხზე არ მოხდება შეთანხმება, სრული შეთანხმება მიღებული ვერ იქნება. ეს საკითხებია ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება, ასევე ვადამდელი არჩევნები, რაც აუცილებელი წინაპირობაა ქვეყანაში კრიზისის მოგვარებისთვის“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსაყვანად თბილისს მარტის ბოლოს მეორედ ეწვია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი, რომელმაც მხარეებს კომპრომისული დოკუმენტი შესთავაზა. თუმცა მის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელი არც ოპოზიციამ და არც ხელისუფლებამ არ მოაწერეს. ოდნავი დაახლოება, ისიც ზეპირი ფორმით, შეთანხმების ხუთიდან მხოლოდ სამ პუნქტზე მოხდა: საარჩევნო რეფორმა, სასამართლო რეფორმა, ხელისუფლების განაწილება პარლამენტში.

დოკუმენტი, რომელიც კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს 31 მარტს შესთავაზა, მოიცავს ხუთ პუნქტს:

  • პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება;
  • ამბიციური საარჩევნო რეფორმა;
  • კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა;
  • პარლამენტში ძალაუფლების განაწილება;
  • მომავალი არჩევნები.

საპარლამენტო არჩევნებიდან თითქმის ექვსი თვის შემდეგ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი კვლავ არ აღიარებს კენჭისყრის შედეგებს და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ განიხილავს ამ საკითხს „წითელ ხაზად“, არჩევნების გაყალბების ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და ოპოზიციას მოლაპარაკებებზე ყურადღების სხვა საკითხებზე გამახვილებას სთავაზობს. დასავლელი შუამავლები უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობენ გავლენა მოახდინონ საქართველოში არსებულ სიტუაციაზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0