თალაკვაძე: სირცხვილია, როდესაც საერთო პასუხისმგებლობას ივიწყებ...

© photo: Sputnik / Stringerარჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2021
გამოწერა
„ქართული ოცნების“ უმრავლესობის დატოვების შემდეგ აღნიშნული პირები პარლამენტში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებენ.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ექვსი დეპუტატის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას ეხმაურება და ყოფილი თანაპარტიელების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯს პასუხისმგებლობიდან გაქცევას უწოდებს. 

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2021
ახალი პოლიტიკური ძალა: „ქართული ოცნების" ექვსი დეპუტატი გახარიას შეუერთდა

პარლამენტში დღეს გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რიგები ექვსმა დეპუტატმა დატოვა – გიორგი ხოჯევანიშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, ანა ბუჩუკურმა, ალექსანდრე მოწერელიამ, მიხეილ დაუშვილმა და შალვა კერესელიძემ, და ისინი საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში გააგრძელებენ. როგორც გორისა და კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა განმარტა, ისინი ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გუნდის წევრები არიან და დღეიდან ახალი პარტიის მშენებლობის ეტაპზე გადადიან. 

„სამწუხაროა, რომ ჩვენმა კოლეგებმა პირადი ურთიერთობები აირჩიეს იმ სახელმწიფო ინტერესების ნაცვლად, რომელიც ერთად მივეცით საზოგადოებას და რაზეც ერთად გვქონდა აღებული პასუხისმგებლობა... ვწუხვართ, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო გიორგი გახარიამ თავის დროზე და დღეს უკვე მისმა მეგობრებმა, თუმცა კიდევ ერთხელ გეუბნებით, „ქართული ოცნება“ და ხელისუფლება დგას იმ ვალდებულებების, პირობების უკან, რომელიც ჩვენ მივეცით საზოგადოებას“, – განაცხადა თალაკვაძემ. 
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2021
გახდება თუ არა გახარია პრობლემა: „ქართულ ოცნებაში“ ექს–პრემიერის მაღალი რეიტინგი შეაფასეს

მისი განმარტებით, ის არათანმიმდევრულობა, რომელიც ექს-პრემიერმა გიორგი გახარიამ ბოლო რთული გადაწყვეტილების მიღებისას და გუნდთან ურთიერთობაში გამოავლინა, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა.

„დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გიორგი გახარიამ იხელმძღვანელა პირადი ინტერესებით და მან თავისი მეგობრებიც დაარწმუნა ამაში. როდესაც კონსოლიდაცია, ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღება იყო საჭირო, გახარიამ სწორედ მაშინ დატოვა გუნდი, შემდეგ კი მისმა მეგობრებმა დატოვეს საპარლამენტო უმრავლესობა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

უმრავლესობიდან ექვსი დეპუტატის გასვლის შემდეგ „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში 84 წევრი დარჩა.

გახარიამ პრემიერის პოსტის დატოვების შესახებ განცხადება 18 თებერვალს გააკეთა, რაც ყველასთვის, პირველ რიგში კი საკუთარი გუნდისთვის დიდი მოულოდნელობა იყო. ექს-პრემიერმა მიზეზად თავის გუნდთან – „ქართულ ოცნებასთან“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე უთანხმოება დაასახელა. მარტის ბოლოს ექს-პრემიერმა ერთთვიანი დუმილი დაარღვია და განაცხადა, რომ არ აპირებს პოლიტიკიდან წასვლას და მისი სამომავლო გეგმების შესახებ ცნობილი მალე გახდება.

გახარიას მთავრობის მეთაურის პოსტი 2019 წლის სექტემბრიდან 2021 წლის 18 თებერვლამდე ეკავა.

ყველა ახალი ამბავი
0