რაზე ისაუბრა ზურაბიშვილმა პარლამენტში - საქართველოს პრეზიდენტის მთავარი გზავნილები

© President of Georgia Salome Zourabichviliპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2021
გამოწერა
პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა პანდემიასთან ბრძოლის საკითხსა და მასში სამოქალაქო საზოგადოების როლზე, ეკონომიკის აღორძინებასა და პოლიტიკური კრიზისის გადაჭრაზე

თბილისი, 9 აპრილი - Sputnik. პანდემია, ეკონომიკა, პოლიტიკური კრიზისი - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატების წინაშე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიური ანგარიშის ძირითადი თემები იყო.

საქართველოს პრეზიდენტის რიგით მესამე მოხსენების თარიღი შემთხვევით არ შერჩეულა, არამედ სიმბოლურად დაინიშნა 9 აპრილს, როდესაც ქვეყანაში დამოუკიდებლობის აღდგენისა და ეროვნული ერთობის დღე აღინიშნება.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2021
კვლავ პოზნერზე – საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლისას ამ თემაზე ისაუბრა

„დღეს ვიკრიბებით საქართველოს პარლამენტში, სადაც 30 წლის წინ ხელი მოეწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. ეს დღე ავირჩიე წლიური მოხსენებისთვის, რამეთუ ეს თარიღი დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანეს მოვლენებთან. 9 აპრილი უფრო ხშირად გაიგივებულია 1989 წლის ტრაგედიასთან და გლოვასთან, თუმცა 1991 წლის 9 აპრილმა დაძლია ეს ტრაგედია და გადააქცია გამარჯვების სიმბოლოდ“, - ამ სიტყვებით დაიწყო პარლამენტში გამოსვლა სალომე ზურაბიშვილმა.

წელს პანდემიამ პრეზიდენტის გამოსვლის ფორმატში კორექტივები შეიტანა. არ იყვნენ მოწვეული საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. მოხსენებას არ ესწრებოდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა. პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შემდეგ არც დეპუტატები გამოსულან სიტყვით, ვინაიდან საკანონმდებლო ორგანოს ერთადერთი ფრაქციის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძეს კორონავირუსი აღმოაჩნდა.

პანდემია

უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე დგას საქართველოს ჯანდაცვა, ისევე როგორც მთელი მსოფლიო ჯანდაცვა, ეს გამოწვევა არის პანდემია, აღნიშნა ზურაბიშვილმა.

„ყველამ ვიცით, რომ იშვიათი (გვერდითი) შემთხვევები ყველა ვაქცინაციის კამპანიას თან ახლავს, მაგრამ ვაქცინაციის გარეშე დაავადების საფრთხე ბევრად დიდია. ამ ვითარებაში გვმართებს უფრო გონივრული, ვიდრე ემოციური გადაწყვეტილება“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2021
საქართველოს პრეზიდენტი AstraZeneca-ს ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა

იგი დარწმუნებულია, რომ ერთიანობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი - მოქმედი წესების ყველაზე თანაბრად გავრცელებაა.

„ყველგან – ფეხბურთის სტადიონზე, ნოვრუზის დღესასწაულზე თუ ეკლესიაში, წირვაზე, ან კიდევ პოზნერის ნადიმზე თუ ჩვენი მოქალაქეების დიდი ხნით გადადებულ ქორწილებში, დაბადების დღეებზე, საპროტესტო აქციებზე თუ სხვა საზოგადოებრივ თავყრილობებზე. მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობა არ ჰყოფნის, თითოეული მოქალაქეს შეგნებაზე, პირბადეს ტარებაზე, დროულ ვაქცინაციაზე და გაფრთხილებაზე გადის ჩვენი საზოგადოების ბედი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი ღრმა რწმენით, „ერთიანი მიდგომისა და სოლიდარობის განცდის გარეშე ვერც ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობას დავიცავთ და ვერც ეკონომიკას გავხსნით და გადავარჩენთ“.

ეკონომიკა

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, უდიდესი გამოწვევაა ქვეყნის ეკონომიკა და კრიზისის გადალახვა, საზოგადოება ამ საკითხთან მიმართებითაც გაყოფილია. მაგალითის სახით მან „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საკითხი მოიშველია.

ნათია თურნავა - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2021
თურნავა: „ნამახვანჰესის" უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კითხვები მოხსნილია

ჰესის მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ უკვე გამოიწვია ადგილობრივი მოსახლეობის სერიოზული პროტესტი. ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგენი საპროტესტო აქციებს მართავენ და მშენებლობის შეწყვეტას მოითხოვენ, ვინაიდან ფიქრობენ, რომ ჰესი სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ეკოლოგიას. მთავრობაში კი მიაჩნიათ, რომ ასეთი ელექტროსადგურები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგომომარაგებისთვის.

 „ორივე მხარეს აქვს ძლიერი არგუმენტები. უალტერნატივოდ მიმაჩნია ორივე მოსაზრების გათვალისწინება და შეჯერება. ამისთვის საჭიროა მეტი კომუნიკაცია, მეტი საჯაროობა, მეტი გაანალიზება ყველა არგუმენტის და ყველა შესაძლო საფრთხის“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

აღნიშნული საკითხის შესასწავლად პრეზიდენტმა სპეციალური სახელმწიფო კომისიის შექმნის ინიციატივა წამოაყენა.

„სასურველია, შეიქმნას სახელმწიფო კომისია, სადაც ეკონომისტები, ენერგეტიკოსები, ბუნებადამცველები, ადგილობრივი მოსახლეობა და უცხოელი ექსპერტები ერთად განიხილავენ არა მხოლოდ ამ კონკრეტული ჰესის ბედს, არამედ მომავალ გეგმებსა და პერსპექტივას ენერგეტიკის მიმართულებით“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ამავე მიზნით სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის სასახლის პლატფორმის გამოყენების წინადადებითაც გამოვიდა.

პოლიტიკური კრიზისი

სახელმწიფოს მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა ევროკავშირს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების პროცესში მხარდაჭერისათვის და სინანული გამოხატა იმის გამო, რომ მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

სალომე ზურაბიშვილი და შარლ მიშელი - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2021
ზურაბიშვილი: მხარეებისთვის შეთავაზებული დოკუმენტი სამომავლო პროგრესისთვის კარგი საფუძველია

მოლაპარაკების მორიგი რაუნდი მარტის ბოლოს გაიმართა და კვლავ უშედეგოდ დასრულდა. ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსაყვანად თბილისს საგანგებოდ ეწვია ევროპის საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი, მაგრამ მისი წინადადებები მხარეებმა უარყვეს. ამჟამად მომდევნო რაუნდის, სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს გამართვის შესაძლებლობა იხილება.

„ორივე მხარე დათმობაზე უნდა წასულიყო, როგორც გვკარნახობდა ევროკავშირის წარმომადგენელი. სამწუხაროდ, არცერთ მხარეს არ ეყო კომპრომისის გზაზე გამბედაობა და, ვიტყოდი, ვაჟკაცობა. ხელისუფლებას არ ეყო გამბედაობა, რათა ქვეყნის სტაბილურობა და დემოკრატიული პროგრესი, ევროპის აქტიური მოკავშირეობა, უფრო მაღლა დაეყენებინა, ვიდრე ცალკეული „დეტალები“. იმედი მაქვს, რომ ეს მოხდება. ოპოზიციას კი – იმისთვის, რომ გათავისუფლებულიყო გარედან შანტაჟისა და წნეხისგან, საკუთარი ამომრჩევლისთვის პატივი ეცა და აერჩია პოლიტიკური გზა მრავალპარტიულ პარლამენტში დაბრუნებით“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

„პრაგმატული და დაბალანესბული კომპრომისის საშუალებას იძლეოდა კვლავ იძლევა შეთავაზებული ტექსტი, რომელსაც სრულად ვუჭერ მხარს. დღეს 9 აპრილის მაგალითზე დაყრდნობით, მინდა ყველა მხარეს მოვუწოდო, მივიდნენ ქვეყნისთვის უალტერნატივო გადაწყვეტილებამდე. მჯერა, რომ დავფიქრდებით და მივხდებით: ჩვენი საერთო მომავალი სასწორზე დევს, არავის მარცხი არავის გამარჯვება არ იქნება, ნულოვანი თამაში საქართველოში დასრულებულია და მხოლოდ ერთი გზა დაგვრჩა – შეთანხმების, თანხმობის და წინსვლის!“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კრისტიან დანიელსონი - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2021
შეიცვლება თუ არა მოლაპარაკებების ფორმატი „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის

არც ოპოზიციას, არც მმართველ პარტიას არ მოუწერია ხელი დანიელსონის მიერ შემოთავაზებულ კომპრომისულ დოკუმენტზე. ოდნავ დაახლოებას, ისიც მხოლოდ ზეპირი ფორმით ხუთიდან შეთანხმების მხოლოდ სამ პუნქტზე მიაღწიეს: საარჩევნო და სასამართლო რეფორმაზე, ასევე პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილების საკითხზე.

საპარლამენტო არჩევნებიდან ხუთი თვის შემდეგ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი კვლავ არ ცნობს არჩევნების შედეგებს და ახალ არჩევნებს ითხოვს. ხელისუფლება ამ საკითხს „წითელ ხაზს“ უწოდებს.

ოპოზიციის კიდევ ერთი პრინციპული მოთხოვნაა ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება, რომელთაც პოლიტპატიმრებად მიიჩნევს.

ყველა ახალი ამბავი
0