ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ირგვლივ გავრცელებული ხმები უარყო

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2021
გამოწერა
მმართველი პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ გუნდის ყველა წევრი საკუთარ ადგილზე რჩება და რაიმე ცვლილება არ იგეგმება.

თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. მმართველ პარტიაში ყველაფერი რიგზეა და არანაირი სერიოზული კატაკლიზმები არ შეიმჩნევა, განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ, პირველ რიგში, უარყო ხმები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან კონფლიქტის გამო პარტიის თავმჯდომარის პოსტის დატოვების შესახებ. 

ირაკლი კობახიძე. მმართველი პარტიის ბრიფინგი - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2021
„ქართული ოცნება“ ცვლილებების ზღვარზეა? - ჭორები და ფაქტები

მმართველი პარტიის თავმჯდომარის შესაძლო შეცვლის შესახებ ინფორმაცია ტელეარხმა Formula-მ კულუარულ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა. ტელეარხის ვერსიით, კობახიძის სავარაუდო წასვლის მიზეზი არის უთანხმოება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებული არჩევნების თაობაზე, უფრო სწორად, რეგიონებში მერობის კანდიდატებთან და საკრებულოს დეპუტატთა სიებთან დაკავშირებით.

„გუნდში მკაფიოდ გადანაწილებულია ფუნქციები და ამ კუთხით მომავალში ცვლილებები არ იგეგმება... მე თქვენ გპირდებით, რომ არც ამ და არც შემდგომ ეტაპზე დაპირისპირება არ იქნება“, – განაცხადა კობახიძემ Palitra News-ის გადაცემაში „360 გრადუსი“.

დეპუტატმა ასევე „სპეკულაცია“ უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას თბილისის მერისა და „ქართული ოცნების“ გენმდივნის კახა კალაძის მმართველი გუნდიდან და, ზოგადად, პოლიტიკიდან წასვლის შესახებ.

საზოგადოებაში მოარული ხმები მას შემდეგ გავრცელდა, რაც კახა კალაძე საავადმყოფოში ე.წ. ვესტიბულოპათიის დიაგნოზით (ვესტიბულარული ანალიზატორის ფუნქციის დარღვევა) მოხვდა. კალაძემ უკვე დატოვა კლინიკა და რეაბილიტაციის კურსს სახლის პირობებში გადის. 

კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2021
კალაძე პოლიტიკიდან მიდის და მილანში ბრუნდება?

„კახა კალაძე მკურნალობის კურსს გადიოდა და ეს კურსი გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ იგი კლინიკიდან გაეწერა, სახლის პირობებში აგრძელებს მკურნალობას. თუმცა, უახლოეს დღეებში, კვირის ბოლომდე იგი პუბლიკის წინაშე გამოჩნდება და კომენტარს გააკეთებს. რაც შეეხება კახა კალაძის გუნდიდან წასვლას, ეს წმინდა წყლის სპეკულაციაა“, – განაცხადა კობახიძემ.

კახა კალაძის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ხმები მანამდე გავრცელდა, ვიდრე იგი ჯანმრთელობის გაუარესების გამო კლინიკაში მოხვდებოდა. ჯერ კიდევ მარტის შუა რიცხვებში სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იგი პოლიტიკიდან მიდის და მილანში ბრუნდება, თუმცა კალაძემ აღნიშნული ინფორმაცია უარყო.

რაც შეეხება ტელეკომპანია Formula-ს, ტელეკომპანია ბოლო პერიოდში ხშირად ავრცელებს ინფორმაციას „ქართული ოცნების“ კულუარებიდან, რომელიც მოგვიანებით რეალობად იქცევა. მაგალითად, გამართლდა ინფორმაცია გიორგი გახარიას გადადგომის შესახებ, შემდეგ კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის თაობაზე, მოგვიანებით კი ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის წასვლის შესახებ.

ყველა ახალი ამბავი
0