არჩილ თალაკვაძე

„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციასთან მოლაპარაკების პირობები დაასახელა

116
(განახლებულია 23:32 06.04.2021)
ბოლო შეხვედრაზე დანიელსონის მიერ წარმოდგენილ კომპრომისულ დოკუმენტს ხელი არც ოპოზიციამ და არც ხელისუფლებამ არ მოაწერეს.

თბილისი, 6 აპრილი  – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მოლაპარაკებათა მაგიდას ოპოზიციასთან ერთად მიუჯდება, თუ ის თავის პოზიციას შეიცვლის, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, რომელიც საქართველოში კრიზისის მოგვარებას ითვალისწინებდა, გასულ კვირაში შედგა და მან კვლავ უშედეგოდ ჩაიარა. პოლიტიკური ჩიხიდან ქვეყნის გამოსაყვანად თბილისს მეორედ ეწვია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი, მაგრამ მისი შეთავაზებული წინადადებები მხარეებმა არ მიიღეს. ახლა განიხილება მომდევნო რაუნდი, რომელიც, წინასწარი მონაცემებით, აპრილში ჩატარდება.

„ჩვენ ყოველთვის მზადყოფნა გვქონდა და ვთვლით, რომ მოლაპარაკებებს ალტერნატივა ნამდვილად არ აქვს. თუ ოპოზიცია გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებებს და მოსაზრებებს იმ პირობებთან დაკავშირებით, რაზეც ჩვენ გვქონდა მსჯელობა ბოლო დიალოგზე, ჩვენ მზად ვიქნებით მომავალშიც“, – განაცხადა თალაკვაძემ Formula TV-ს ეთერში.

ბოლო შეხვედრაზე დანიელსონის მიერ წარმოდგენილ კომპრომისულ დოკუმენტს ხელი არც ოპოზიციამ და არც ხელისუფლებამ არ მოაწერეს. ოდნავი დაახლოება, ისიც ზეპირი ფორმით, შეთანხმების ხუთიდან მხოლოდ სამ პუნქტზე მოხდა: საარჩევნო რეფორმა, სასამართლო რეფორმა, ხელისუფლების განაწილება პარლამენტში. მხარეებმა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს ორ საკითხში – პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

საპარლამენტო არჩევნებიდან ხუთი თვის შემდეგ ოპოზიციის ნაწილი კვლავ უარს ამბობს მისი შედეგების აღიარებაზე და ახალი კენჭისყრის დანიშვნას მოითხოვს. ხელისუფლება ამ საკითხს კი „წითელ ხაზად“ მოიაზრებს, არჩევნების გაყალბებაზე ბრალდებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს და მოლაპარაკებების დროს ოპოზიციას ყურადღების სხვა საკითხებზე გადატანას სთავაზობს.

ოპოზიციის კიდევ ერთი პრინციპული მოთხოვნაა იმ პირთა გათავისუფლება, რომლებსაც ისინი „პოლიტპატიმრებს“ უწოდებენ. ესენი არიან „ნაცმოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია და ტელეარხი „მთავარის“ თანამფლობელი გიორგი რურუა.

116
ისრაელის და საქართველოს დროშები

ისრაელში საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების კვოტა, შესაძლოა, გაიზარდოს

30
(განახლებულია 14:25 19.04.2021)
ისრაელში ლეგალურად დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეების სპეციალურ ვებ-გვერდზე რეგისტრაციის პროცესი 12 აპრილს დაიწყო.

 

თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. ისრაელში ლეგალურად დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის  გათვალისწინებული კვოტა, შესაძლოა, გაიზარდოს, განაცხადა საქართველოში ისრაელის ელჩმა რან გიდორმა ჟურნალისტებთან.

აპრილის დასაწყისში ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს ათასამდე მოქალაქე ისრაელის სახელმწიფოში ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე დასაქმებას შეძლებს. 

ისრაელში ლეგალურად დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეების  რეგისტრაცია შრომითი მიგრაციის სპეციალურ პორტალზე http://workabroad.moh.gov.ge/  12 აპრილს დაიწყო და 24 საათში 760 მოქალაქე დარეგისტრირდა. რეგისტრაციის პროცესი მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.  

„ჩვენ დავიწყეთ კვოტირება საქართველოს ათასი მოქალაქით. ვიმედოვნებთ, რომ თუ ეს მიზანი წარმატებით და შეუფერხებლად იქნება მიღწეული, შესაძლოა, განვიხილოთ კვოტის გაზრდის საკითხი. ეს არის მთელი რიგი პროექტები და სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია მისი ლიმიტირებული კვოტით დაწყება“, – განაცხადა რან გიდორმა.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელში სამუშაოს ხანგრძლივობა იქნება 6 სამუშაო დღე კვირაში, თვის დარიცხული ხელფასი კვირაში 42-საათიანი სამუშაო გრაფიკით კი 5300 შეკელი.

ისრაელში ჩასული დასაქმებულები მიიღებენ ვიზას, რომელიც ძალაში ერთი წლის განმავლობაში იქნება და რომლის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია მაქსიმუმ 63 თვემდე. 

დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: უნდა იყოს 25-დან 45 წლამდე ასაკის, საშუალო განათლების, უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს მიერ აღიარებული სახლის პირობებში გასაწევი სამედიცინო დახმარება/მოვლის ტრენინგის გავლის დამადასტურებელი დიპლომი/სერტიფიკატი ან ექთნის/ექთნის თანაშემწის დიპლომი. ამასთან, საკომუნიკაციო დონეზე უნდა ფლობდეს ინგლისურ ან რუსულ ენას.

გარდა ამისა, დასაქმების მსურველი უნდა იყოს ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელი, ნასამართლეობის არმქონე, არ უნდა ჰქონდეს ისრაელში მუშაობის და არალეგალურად ცხოვრების ისტორია, მისი ოჯახის წევრები არ უნდა ცხოვრობდნენ ან მუშაობდნენ ისრაელში.

ამასთან, კანდიდატმა უნდა განაცხადოს თანხმობა, რომ ისრაელში შესვლამდე გაივლის COVID-19-ის ტესტს საქართველოში და ასევე თანახმა უნდა იყოს ისრაელში ჩასვლის შემდეგ COVID-19-ის ვაქცინაციაზე, რომელიც აუცილებელია ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებაში სამუშაოდ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მოქმედი რეგულაციების შესაბამისად.

30
ქართული ოცნება

„ქართული ოცნება“ მზადაა, განიხილოს ევროკავშირის მიერ წარდგენილი ახალი დოკუმენტი

51
(განახლებულია 14:26 19.04.2021)
ახალ დოკუმენტში დაზუსტებულია ორი ძირითადი შეუთანხმებელი პუნქტი, რომელიც ეხება პოლიტიზებულ მართლმსაჯულებას და ვადამდელ არჩევნებს.

თბილისი, 19 აპრილი - Sputnik. მმართველო პარტია „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“ მზადაა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის განახლებული ვერსიაც განიხილოს, ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გუშინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას  ახალი, ხუთპუნქტიანი შეთანხმება შესთავაზა. შეთანხმება  მისი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ 31 მარტს წარდგენილ დოკუმენტში აზუსტებს ორ ძირითად შეუთანხმებელ პუნქტს - პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასა და ვადამდელ არჩევნებს. 

დოკუმენტის მიხედვით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“  მიიღებს  პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს. მანამდე, 16 აპრილს „ქართულმა ოცნებამ“ თავისი ინიციატივით განაცხადა, რომ თუ თვითმართველობის არჩევნებში 40%-ს ვერ აიღებდა, არჩევნების ჩატარებაზე ოპოზოციის მოთხოვნას დათანხმდებოდა. 

როგორც მმართველი პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშული, „ქართული ოცნება“ არის გადაწყვეტილების მიმღები ძალა და ისინი ყურადღებით ეკიდებიან  პარტნიორების რჩევებსა და წინადადებას შეთანხმების მისაღწევად.

„მზად ვართ გუნდთან დავიწყოთ განხილვა ნდობის 40-პროცენტიანი მაჩვენებლის გაზრდაზე, რომელიც კონსტიტუციით და საარჩევნო კანონმდებლობით გახლდათ იგივე ოპოზიციის მხარდაჭერით განსაზღვრული, 2020 წლის 8 მარტის შეთანხმების თანახმად“, – ნათქვამია განცხადებაში.

თუმცა, პარტიაში განმარტავენ, განახლებული დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, მათი მხრიდან პირობები მეტად აღარ დაკორექტირდება.

„იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ხელი მოვაწერეთ ევროკავშირის ეგიდით წარდგენილ პირველ დოკუმენტსაც და მზადყოფნას ვაფიქსირებთ განახლებული დოკუმენტის განხილვაზეც – განახლებული დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, ჩვენი მხრიდან პირობების მეტი კორექტირება აღარ მოხდება და ჩვენ არ დავეთანხმებით რაიმე შინაარსობრივ დამატებას. ჩვენი მხრიდან პირობებზე მოლაპარაკება ამით დასრულებულია და მოვუწოდებთ ოპოზიციას პასუხისმგებლიანი ნაბიჯებისკენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

მმართველი პარტია მიიჩნევს, რომ პარტიებს შორის შეთანხმებაში გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხის ასახვა არის მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევის უხეში მაგალითი.

„ჩვენ ვითვალისწინებთ არსებულ რეალობას და ჩვენი პარტნიორების დამოკიდებულებას, სწორედ ამიტომ, არ დავაფიქსირებთ ჩვენს კრიტიკულ პოზიციას, თუ საქართველოს პრეზიდენტი მას შეიწყალებს“, - ნათქვამია განცხადებაში. 

„ქართული ოცნების“ პოზოციით, გადაწყვეტილება პატიმრებთან დაკავშირებით, რომელთა გათავისუფლებას ითხოვს ოპოზიცია, ეფუძნება იმ აუცილებელ პირობას, რომ მომავალში გამოირიცხება ნებისმიერ სისხლისსამართლებრივ საქმეში პოლიტიკური ჩარევა.

მმართველი გუნდის განცხადებაში ასევე საუბარია ხაზარაძე-ჯაფარიძის და ნიკა გვარამიას წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებზე.  „ქართული ოცნების“ განმარტებით, აღნიშნული საქმეების შეფასება უნდა მოხდეს სამართლის სფეროში საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით.

„ერთ შემთხვევაში პირებმა, რომელთა მიმართაც მიმდინარეობს სამართალწარმოება, გამოძიების დაწყების შემდეგ შექმნეს პოლიტიკური პარტია და თავი შეაფარეს პოლიტიკურ სტატუსს, ხოლო ნიკა გვარამიამ კი დააფუძნა ტელევიზია და ჟურნალისტური საქმიანობით ცდილობს იმუნიტეტის მოპოვებას. ამ საქმეების შეფასება უნდა მოხდეს მხოლოდ სამართლებრივი სტანდარტებით, რათა გამოირიცხოს აღნიშნული საქმეების პოლიტიკური გადაწყვეტის შესაძლებლობა“, – ნათქვამია განცხადებაში.

შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული ახალი დოკუმენტის მიხედვით, „ქართული ოცნების“ 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“  მიიღებს  პროპორციული ხმების 43%–ზე ნაკლებს.

რას მოაწერა ხელი „ქართულმა ოცნებამ“? ოპოზიციასთან შეთანხმების დეტალები>>>

ასევე, აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა პოლიტიზებულად აღქმული ორი საქმე უნდა განიხილონ.  კერძოდ, პარლამენტში წარმოდგენილი მხარე მოახდენს ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირებას 2019 წლის 19-21 ივნისის საპროტესტო აქციებით გამოწვეული ყველა დარღვევისა და მსჯავრდებულისთვის. ასევე,  პარლამენტმა პოლიტიზებული მართლმსაჯულების აღქმის პრობლემა კანონმდებლობის საშუალებით უნდა გადაწყვიტოს და საჭიროების შემთხვევაში შეიტანოს ცვლილებები რეგლამენტში.

16 აპრილს მმართველმა პარტიამ საჯაროდ ცალმხრივად მოაწერა ხელი დოკუმენტს პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად, რომელიც ხელისუფლებას და ოპოზიციაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა შესთავაზა. დოკუმენტი ითვალისწინებს სისტემური საარჩევნო რეფორმების გატარებას, ცვლილებებს მართლმსაჯულების სფეროში, ასევე პარლამენტში უფლებამოსილებების გადანაწილებას.

51
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
თამარ ფეიქრიშვილი

 ექსპერიმენტები ხატვის გაკვეთილზე და 15 წუთიანი ინტერვალი „დაბადებიდან დაბადებამდე“   

0
(განახლებულია 14:53 19.04.2021)
რუბრიკაში „კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის“-მეხუთე საჯარო სკოლის და ხელოვნების სტუდია „კრეატივის" სახვითი ხელოვნების პედაგოგს, მხატვარს, თამარ ფეიქრიშვილს გავესაუბრეთ.

„საუკეთესოა პედაგოგი, რომელიც ბავშვის მისწრაფებებს და სურვილებს ანგარიშს უწევს და ყოველ გაკვეთილს პატარა ზეიმად აქცევს“- ეს თამარის მოსაზრებაა, რომელსაც პრაქტიკულადაც ახორციელებს. რაც მთავარია, მოსწავლეებს საკუთარ მაგალითზე უჩვენებს, რომ ხელოვნება ცხოვრებისთვის აქტუალურ თემებს ყოველთვის უნდა ეხმაურებოდეს.

აქედან გამომდინარე, ალბათ დროული იყო, რომ ფოლკლორის ცენტრში ახლახან გამართული გამოფენა სიცოცხლის მარადიულობის თემას მიეძღვნა. თამარ ფეიქიშვილისა და ასევე მხატვრისა და პედაგოგის, ციცი ოსიყმაშვილის ნამუშევრები გამოფენაზე „გენეზისი“ სწორედ ამ თემას ასახავდა. ეს არ იყო თამარის პირველი გამოფენა. მასალაში მისი პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობის ისტორიას გაეცნობით.

თამარ ფეიქრიშვილი
თამარ ფეიქრიშვილი

- თამარ, ვისი გავლენა იყო პროფესიის არჩევა?

- პედაგოგის პროფესიისადმი ჩემი ინტერესი ოჯახიდან მოდის. მასწავლებლის პროფესიის არჩევა დედასთანაა დაკავშირებული, რადგან ის პროფესიით მასწავლებელია. როცა ვხედავდით როგორ ასწორებდა რვეულებს და როგორი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა თავის საქმეს, ეს ჩვენზეც მოქმედებდა. ბავშვებისგან მაქსიმუმს მოითხოვდა, რათა რაც შეიძლება მეტი ცოდნა-განათლება მიგვეღო. დედამ ასევე ძალიან კარგად იცის სახვითი ხელოვნება და კარგადაც ხატავს.

თამარ ფეიქრიშვილი გაკვეთილზე
თამარ ფეიქრიშვილი გაკვეთილზე

- თქვენი პედაგოგიური ნათლობა სად მოხდა?

- ჩემი პედაგოგიური ნათლობა სკოლა „მოძღვარში“ მოხდა. როცა ჯერ კიდევ პატარა გოგო დამწყები პედაგოგის სტატუსით აუდიტორიაში შევედი, ცოტა დავფრთხი, რადგან მოზრდილი ასაკის გოგონებისთვის უნდა მესწავლებინა. მათი ჩემდამი დამოკიდებულება ცოტა სკეპტიკური იყო. ალბათ გარკვეული ეჭვი არსებობდა შევძლებდი თუ არა მათთვის ცოდნის ისე გადაცემას, როგორც ამას ჩემი უფროსი კოლეგები, კვალიფიციური პედაგოგები ახერხებდენენ. ჩემი აზრით, ეს შევძელი. გაკვეთილზე მაქსიმალურად ვიხარჯები და ამიტომ მოსწავლეებისგანაც ასევე მკაცრად ვთხოვ.

თამარ ფეიქრიშვილი
თამარ ფეიქრიშვილი

- სახვით ხელოვნებას როგორ ასწავლით, რაიმე თქვენეული მეთოდი თუ გაქვთ?

- თავიდან ძალიან რთული მხატვრული ხერხებით ვცდილობდი ცოდნის გადაცემას, მაგრამ მერე დავაკვირდი და მივხვდი, რომ უნდა შემეცვალა სწავლების მეთოდი. საჭირო იყო, რომ ხატვა მათთვის გასაგები ფორმით, ეტაპობრივად მესწავლებინა, რადგან ეს უფრო მომგებიანი და შედეგის მომცემი იქნებოდა. ვაკვირდებოდი თანდათან როგორ იზრდებოდნენ ისინი და ითვისებდნენ ჩემ მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. რაც შეეხება ინდივიდუალურ მეთოდებს, ის ყველა პედაგოგს აქვს და არც მე ვარ გამონაკლისი.

გამოფენაზე
გამოფენაზე

- კონკრეტულად თქვენ შემთხვევაში რაში გამოიხატება ინდივიდუალური მეთოდი?

- პირველ გაკვეთილზე აუცილებელია, რომ ბავშვმა საგნების განაწილება, ანუ კომპოზიციის ათვისება ცარიელი სიბრტყიდან დაიწყოს. თავიდანვე არასწორმა სწავლებამ შეიძლება ბავშვი სხვა მიმართულებით წაიყვანოს. ასევე აუცილებელია, რომ მან კარგად აითვისოს ჩანახატის შესრულების კულტურა და იგრძნოს ესკიზისა და ეტიუდის როლი, რომელიც ასე მნიშვნელონია ხელოვანისთვის.

თამარ ფეიქრიშვილის შემოქმედება
თამარ ფეიქრიშვილის შემოქმედება

- ხატვის გაკვეთილების ჩატარება ალბათ გაცილებით საინტერესოა  საკლასო ოთახის მიღმა, თქვენი ყველაზე ორიგინალური გაკვეთილი გაიხსენეთ...

- საინტერესოდ ჩატარებული გაკვეთილი იყო სამხატვრო სკოლაში, სადაც უფროსი კლასის მოსწავლეებთან ერთად ექსპერიმეტალური კომპოზიცია შევქმენი. წარმოიდგინეთ, ხუთი ადამიანი ინდივიდუალური ხელწერით, სხვადასხვა რაკურსიდან ქმნიდა ერთ ნახატს, რომელიც საბოლოოდ ჯამში, იმდენად საინტერესო და შთამბეჭდავი გამოვიდა, რომ ეს კადრები ჩემი მეხსიერებიდან არასოდეს წაიშლება.

თამარ ფეიქრიშვილის შემოქმედება
თამარ ფეიქრიშვილის შემოქმედება

- თუმცა აქ მარტო ხატვის ხერხების ათვისებაზე არ არის საუბარი...

- დიახ, ასეთი გაკვეთილების მერე, ისინი გარე სამყაროსაც სხვა თვალით უყურებენ და აღიქვამენ. მით უმეტეს კარგია მათთვის რადგან ჩაკეტილი სივრციდან გარეთ გადიან. ამიტომ ყველაზე ნაყოფიერი ჩემი აზრით, მაინც პლენერია. რადგან მოზარდები ყველაფერს აკვირდებიან და ყველა დეტალს უფრო კარგად ითვისებენ. ასევე მნიშვნელოვანია კონკურსები, რა დროსაც ბავშვი იგებს საკუთარ შესაძლებლობებს. მისთვის დამატებითი მოტივაცია და სტიმულის მიმცემია, როცა მის ნახატებს დამთვალიერებელი და შემფასებელი ჰყავს.

თამარ ფეიქრიშვილის ნამუშევრები
თამარ ფეიქრიშვილის ნამუშევრები

- თამარ ფეიქრიშვილის მხატვრობა ალბათ მისი პედაგოგიური საქმიანობისგან ცალკე განსახილველია...

- მე ვხატავ პოპ-არტის სტილში, ანუ კომპოზიციებს ვქმნი ძველი, უსარგებლო ნივთებისგან, ესაა საყოფაცხოვრებო თუ სამშენებლო ნარჩენები, რომელსაც ჩემი ნამუშევრებისთვის სულ ვაგროვებ. განსაკუთრებით მიყვარს ინსტალაციური ხელოვნება. ჩემში შთაგონება, შესაძლოა, ყველაზე უმნიშვნელო ნივთმაც კი გამოიწვიოს.

თამარ ფეიქრიშვილის შემოქმედება
თამარ ფეიქრიშვილის შემოქმედება

-სულ ახლახან ფოლკლორის ცენტრში, წარმატებით გაიმართა თქვენი და ციცი ოსიყმაშვილის ერთობლივი გამოფენა სახელად „გენეზისი“...

- დღეს პანდემია ისევ მძვინვარებს, მაგრამ ჩვენ რეგულაციები არ შეგვეხო და გამოფენის ჩატარება მოვასწარით. ორივე სახვითი ხელოვნების პედაგოგები ვართ. ეს გამოფენა მივუძღვენით მარადიულ სიცოცხლეს, დედის თემას, რაც დღეს, ისე როგორც არასდროს, აქტუალურია. მე მყავს ტყუპის ცალი ძმა, რომელიც 15 წუთით ჩემზე გვიან დაიბადა. კონკრეტული ნამუშევრების შექნის იდეა მისგან წამოვიდა. სწორედ ამ 15 წუთიანი ინტერვალის თემა „დაბადებიდან დაბადებამდე“ აისახა ჩემს ნამუშევრებში.

ციცი ოსიყმაშვილი და თამარ ფეიქრიშვილი გამოფენაზე
ციცი ოსიყმაშვილი და თამარ ფეიქრიშვილი გამოფენაზე

- ადრე რომელ გამოფენებში გაქვთ მონაწილეობა მიღებული?

- გავიხსენებ ეკოლოგიურ თემაზე მიძღვნილ გამოფენას, რომელზეც მოვაწყვე პერფორმანსები, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესს და გარემოს დაცვის საკითხებს გამოხატავდა. იმ გამოფენის სახელი იყო „ზურგს უკან მესმის" სტერეოტიპების რღვევასა და სწორი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას მიეძღვნა გამოფენა„გარღვეული სივრცე", ბავშვობაზე იყო გამოფენა სახელად „დადა და ნოსტალგია". ასევე მინდა ვახსენო გამოფენა ,,გავდივარ", რომელიც მეგობრების მცირეწლოვანი დაღუპული შვილების ხსოვნას მივუძღვენი...

თამარ ფეიქრიშვილის შემოქმედება
თამარ ფეიქრიშვილის შემოქმედება

- როდესაც გაკვეთილზე შედიხართ თქვენი, როგორც მხატვრის მიზანი რა არის?

- მინდა ბავშვებში, ახალი სიტყვა და კრეატიული ხედვა გაჩნდეს, რაც თავისუფალი აზროვნებით მიიღწევა -ამისთვის საპილოტე ჯგუფი შევქმენი. იქ პატარები შერეულ ტექნიკაში შექმნილი ნამუშევრებით საინტერესო იდეებს გადმოსცემენ. ერთი მოსწავლის ყველაზე შთამბეჭდავ ნახატს ერქვა „გავთავისუფლდეთ წარსულის გადმონაშთებისგან". ეს იყო ნახატი-ინსტალაცია, კედლიდან გამოყოფილი, გათავისუფლებული ხელებით, რომელიც ამ თემას საინტერესოდ წარმოაჩენს. ხელოვნება მათ თავისუფალი აზროვნების ჩამოყალიბებაში ეხმარება და ეს კი გაცილებით მნიშვნელოვანია...

 

 

0