საპარლამენტო არჩევნები საქართველოში

საქართველოს ყოველი მესამე მცხოვრები არჩევნებზე ხმას „ოცნებას“ მისცემდა IRI-ს გამოკითხვა

84
(განახლებულია 23:23 05.04.2021)
გამოკითხვის თანახმად, პარტიების რეიტინგში მეორე ადგილზე ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“.

თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ პოლიტიკური პარტიების რეიტინგის სათავეშია. ამაზე მეტყველებს აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგები.

კითხვას, „თუ საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას ჩატარდება, ვის დაუჭერთ მხარს“, რესპონდენტების 35%-მა უპასუხა, რომ მოქმედ ხელისუფლებას აირჩევს. მეორე ადგილზე 18%-ით გავიდა ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" - 3%
  • „ახალი საქართველო - სტრატეგია აღმაშენებელი" - 3%
  • „გირჩი მეტი თავისუფლება“ ზურაბ ჯაფარიძე -  2%
  • „საქართველოს ლეიბორისტული პარტია" - 2%
  • „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" -2%
  • „მოქალაქეები“ -2%
  • „ლელო“ -1%

ამასთან, გამოკითხულთა 10% ხმას არცერთ პარტიას არ მისცემდა, 15%-ს კი -  გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია ან უარი განაცხადა პასუხის გაცემაზე. ასევე, 1%-მა განაცხადა, რომ მათ არც ერთი პარტია არ მოსწონთ, 5% კი - ბიულეტენში ყველა პარტიას გადახაზავდა.

კვლევა 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში პირდაპირი გამოკითხვის გზით ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღო 1,5 ათასმა სრულწლოვანმა რესპონდენტმა. გამოკითხვის ცდომილება შეადგენს +/-2,5%-ს.

 

84
საპროტესტო ავტოგარბენი რუსთავის ციხის მიმართულებით

საქართველოს ოპოზიციურმა პარტიებმა 19 აპრილისთვის საპროტესტო აქცია დააანონსეს

51
(განახლებულია 22:52 17.04.2021)
კერძოდ, აქციაზე გაკეთდება განცხადება 15 მაისის ღონისძიებაზე და მთლიანობაში ოპოზიციის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით

თბილისი, 17 აპრილი - Sputnik. ოპოზიციური პარტიები 19 აპრილს რიყის პარკში საპროტესტო აქციაზე შეიკრიბებიან, განაცხადა პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა.

ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა გასული წლის ბოლოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით გაერთიანდა.

„19 აპრილს, 15:00 საათზე რიყეზე იქნება არა ის დიდი აქცია, არამედ უფრო საერთო შტაბის წარდგენა. თითოეული პარტია ალბათ 15-15 ადამიანს წარმოვადგენთ“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მისი თქმით, აქციაზე გაკეთდება განცხადება 15 მაისის ღონისძიების თაობაზე და ოპოზიციის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.

ოპოზიცია 15 მაისს თბილისის ცენტრში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით მასშტაბურ აქციას გეგმავს და რეგიონებში უკვე შეხვედრები დაიწყო.

ამასთან, მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ პარასკევს ხელი მოაწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მიერ 30 მარტს შემოთავაზებულ დოკუმენტს, რომელიც პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლას ემსახურება.

თავის მხრივ, ოპოზიცია ხუთიდან მხოლოდ სამ პუნქტს ეთანხმება და არ აპირებს ამ დოკუმენტის ხელმოწერას, სანამ პატიმრობაში მყოფი „ნაცმოძრაობის“ ლიდერი ნიკა ნელია და ტელეარხ „მთავარის“ თანამფლობელი გიორგი რურუა არ გათავისუფლდებიან და დოკუმენტში ვადამდელი არჩევნების შესახებ ჩანაწერი არ გაჩნდება.

ვადამდელი არჩევნების საკითხი დღის წესრიგში დადგა 2020 წლის 31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელთა შედეგადაც „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლების შენარჩუნება ზედიზედ მესამედ შეძლო. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ხელისუფლებამ სახელმწიფო რესურსი გამოიყენა და არჩევნები გააყალბა.

51
საქართველოსა და ევროკავშირის დროშები

ევროკავშირის წარმომადგენლობა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას მიესალმება

59
დღეს ცნობილი გახდა, რომ   მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროპის საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს

თბილისი, 16 აპრილი - Sputnik. ევროკავშირი მიესალმება მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გადაწყვეტილებას, ხელი მოაწეროს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს, ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ   მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ საჯაროდ აწერს ხელს ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ 30 მარტს შემოთავაზებულ დოკუმენტს. თავის მხრივ, ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც“  გააჟღერა, რომ ევროკავშირის მედიაციით შექმნილ დოკუმენტს ხელს იმ შემთხვევაში მოაწერს, თუ პოლიტიკურ პატიმრებსა და ვადამდელ არჩევნებზეც შედგება შეთანხმება.

„ამ დიალოგის ინკლუზიურობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს შორის პოლიტიკური კომპრომისების მიღწევისთვის, რომლებიც საქართველოს პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანისთვის არის აუცილებელი, რაც შედის ქართველი ხალხის ინტერესში და ხელს უწყობს ქვეყნის დემოკრატიულ კონსოლიდაციას", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ  საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, მმართველი პარტია ცალმხრივად მოაწერს ხელს დოკუმენტს და ხაზი გაუსვა, რომ მასში შეტანილი პირობები ოპოზიციის მიერ მისი ხელმოწერის შემდეგ შესრულდება. მან ასევე  ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ დოკუმენტში ევროკავშირმა არ შეიტანა რიგგარეშე არჩევნების საკითხი, რაც საპარლამენტო არჩევნებისა და პარლამენტის ლეგიტიმურობის კიდევ ერთი მკაფიო დადასტურებაა.

ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსაყვანად თბილისს მარტის ბოლოს მეორედ ეწვია ევროპის საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი, რომელმაც მხარეებს კომპრომისული დოკუმენტი შესთავაზა. თუმცა მის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელი არც ოპოზიციამ და არც ხელისუფლებამ არ მოაწერეს და მოლაპარაკების ჩაშლაში ერთმანეთი დაადანაშაულეს.

დოკუმენტი, რომელიც კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს  31 მარტს შესთავაზა, მოიცავს შემდეგ პუნქტებს:

  • პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება;
  • ამბიციური საარჩევნო რეფორმა;
  • კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა;
  • პარლამენტში ძალაუფლების განაწილება;
  • მომავალი არჩევნები.

საპარლამენტო არჩევნებიდან თითქმის ექვსი თვის შემდეგ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი კვლავ არ აღიარებს კენჭისყრის შედეგებს და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ განიხილავს ამ საკითხს „წითელ ხაზად“, არჩევნების გაყალბების ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და ოპოზიციას მოლაპარაკებებზე ყურადღების სხვა საკითხებზე გამახვილებას სთავაზობს. დასავლელი შუამავლები უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობენ გავლენა მოახდინონ საქართველოში არსებულ სიტუაციაზე.

59
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
ტურისტები პირბადეებით

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

8
დღეს დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 4 პროცენტს გადააჭარბა, ხოლო ბოლო 14 დღის მაჩვენებელი 3 პროცენტს მიუახლოვდა

თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 818 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 465 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ კი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:

აჭარა - 75, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 73, იმერეთი - 57, ქვემო ქართლი - 46, შიდა ქართლი - 29, კახეთი - 25, გურია - 18,  მცხეთა-მთიანეთი - 18, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი - 4,35%, ბოლო 14 დღის - 2,98%, ბოლო 7 დღის - 3,41%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 783 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 280.915-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობaში გარდაიცვალა 14 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.939-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 10.478 აქტიური შემთხვევაა.

კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 2.982 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1.577, აჭარაში - 405, იმერეთში - 371.

512 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 89 პირი, მათგან თბილისში - 67, იმერეთში - 6, აჭარაში - 7.

კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 439 ადამიანი, მათ შორის 228 - თბილისში, 196 - აჭარაში.

საცხოვრებელ ბინაზე ვირუსის მკურნალობის კურსს 7.057 პირი გადის.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 310 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 262, ხოლო აჭარაში - 3. თვითიზოლაციაში იმყოფება 16.452 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 8.317 პირი, აჭარაში - 2.314, იმერეთში - 1.180.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 818-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 295.358-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

 

8