კრისტიან დანიელსონი

შეიცვლება თუ არა მოლაპარაკებების ფორმატი „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის

81
(განახლებულია 23:24 05.04.2021)
საქართველოს ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ამბობენ, რომ მზად არიან მოლაპარაკებებისთვის, თუმცა მხარეები თავიანთ მთავარ მოთხოვნებზე უარის თქმას არ აპირებენ.

თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების ფორმატი შეიძლება შეიცვალოს – ასეთ შესაძლებლობას არ გამორიცხავენ მხარეები, რომლებიც უკვე ხუთ თვეზე მეტია, შეთანხმებას ვერ ახერხებენ.

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, რომელიც საქართველოში კრიზისის მოგვარებას ითვალისწინებდა, გასულ კვირაში შედგა და მან კვლავ უშედეგოდ ჩაიარა. პოლიტიკური ჩიხიდან ქვეყნის გამოსაყვანად თბილისს მეორედ ეწვია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი, მაგრამ მისი შეთავაზებული წინადადებები მხარეებმა არ მიიღეს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციას მოუწოდებს, შეცვალოს დამოკიდებულება, რათა მოლაპარაკებების პროცესს შედეგი ჰქონდეს.

„რაც შეეხება ფორმატს: როგორ წარიმართება მოლაპარაკებები, ნებისმიერი ფორმა ამ შემთხვევაში უნდა მიესადაგოს მოლაპარაკებების წარმატებულად წარმართვის შესაძლებლობებს. ამ თვალსაზრისით ფორმებზეც საფიქრალი გვექნება, მათ შორის ჩვენ უცხოელ პარტნიორებთან ერთად“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ამასთან, ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი სერგო ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებების გაგრძელების იმედი რჩება, თუმცა შვედი დიპლომატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი უნდა დამუშავდეს.

რა ეწერა შეთანხმებაში, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციამ ხელი არ მოაწერეს>>

„დოკუმენტი დასახვეწია, კიდევ არის სამუშაო, რა სახით გაგრძელდება მოლაპარაკებები“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

დანიელსონის მიერ წარმოდგენილ კომპრომისულ დოკუმენტს ხელი არც ოპოზიციამ და არც ხელისუფლებამ არ მოაწერეს. ოდნავი დაახლოება, ისიც ზეპირი ფორმით, შეთანხმების ხუთიდან მხოლოდ სამ პუნქტზე მოხდა: საარჩევნო რეფორმა, სასამართლო რეფორმა, ხელისუფლების განაწილება პარლამენტში. მხარეებმა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს ორ საკითხში – პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის თქმით, მოლაპარაკებების მესამე ეტაპის დაწყების შემთხვევაში ოპოზიციის მოთხოვნები არ შეიცვლება. მისი თქმით, ისინი დარწმუნებული არიან, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწოლა მმართველ პარტიაზე გაძლიერდება.

„იმ შემთხვევაში, თუ მესამე ეტაპი იქნება, ჩვენი მოთხოვნები რჩება იგივე, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების ჩარჩოზე შეთანხება“, – განაცხადა დეკანოიძემ.

საპარლამენტო არჩევნებიდან ხუთი თვის შემდეგ ოპოზიციის ნაწილი კვლავ უარს ამბობს მისი შედეგების აღიარებაზე და ახალი კენჭისყრის დანიშვნას მოითხოვს. ხელისუფლება ამ საკითხს კი „წითელ ხაზად“ მოიაზრებს, არჩევნების გაყალბებაზე ბრალდებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს და მოლაპარაკებების დროს ოპოზიციას ყურადღების სხვა საკითხებზე გადატანას სთავაზობს.

ოპოზიციის კიდევ ერთი პრინციპული მოთხოვნაა იმ პირთა გათავისუფლება, რომლებსაც ისინი „პოლიტპატიმრებს“ უწოდებენ. ესენი არიან „ნაცმოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია და ტელეარხი „მთავარის“ თანამფლობელი გიორგი რურუა.

დასავლელი შუამავლები უკვე რამდენიმე თვეა საქართველოში ვითარებაზე გავლენის მოხდენას ცდილობენ, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ – პოლიტიკური კრიზისი უფრო ღრმავდება.

81
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (363)
გიორგი გახარია

გახარიას პარტია - ივანიშვილის გეგმა „ბ“ თუ რეალური ოპოზიცია 

49
(განახლებულია 11:37 15.04.2021)
დღეს უკვე ნათელია, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რომელსაც, ბოლო სოციოლოგიური კვლევებით, საკმაოდ კარგი რეიტინგი ჰქონდა, ნამდვილად და სერიოზულად აპირებს პარტიის შექმნას და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას.

პარლამენტში უკვე გაჩნდა 6 კაციანი ჯგუფი, რომელთაც არა მხოლოდ „ქართული ოცნება“, არამედ ის საპარლამენტო თანამდებობობიც დატოვეს, რომელიც უმრავლესობის ქვოტით ჰქონდათ მიღებული და ეს კომიტეტის თავმჯდომარეების პირველი მოადგილის ავტომობილითა და სხვა ამქვეყნიური სიკეთეებით სავსე პოსტებია. სავარაუდოდ, გახარიას ქვოტით პარლამენტში გაცილებით მეტი ადამიანი უნდა იყოს და თუ რომელიმეს კიდევ გაუჩნდა რაიმის მიმართ პროტესტის გრძნობა, ეს შემადგენლობა ერთ კარგ 7 კაციან ფრაქციასაც შექმნის, თუმცა ეს მაინც არ წყვეტს პარლამენტის ლეგიტიმურობის პრობლემას, სადაც მინიმუმ 113 დეპუტატის ყოფნა მაინცაა სასურველი.

და მაინც, რა მიზნები აქვს და როდის განაცხადებს ამის შესახებ გახარია? სავარაუდოდ, მაისის ბოლოს უკვე ცნობილი უნდა გახდეს მისი პარტიის სახელწოდება, მიზნები, ამოცანები და მიზნისაკენ სვლის გზები. რადგან ახლადშექმნილი პარტიისათვის 5-6 თვე ნამდვილად საჭიროა, რათა არჩევნებისთვის კარგად მოემზადოს.

როგორც ამბობენ, გახარიამ შესაძლოა, ზუგდიდში ან თბილისში გამოსცადოს საკუთარი რეიტინგი. როგორც ირკვევა, ზუგდიდში მას უეჭველ გამარჯვებას ჰპირდებიან, თბილისში კი შესაძლოა, უფრო გაუჭირდეს მაკო გომურისა და 20 ივნისის მოვლენების გამო. თავის მხრივ, ბევრი ხმა დადის იმის თაობაზე, რომ თბილისის მერის არჩევნებზე სერიოზული კონკურენციაა მოსალოდნელი და დიდი გრეჩიხიდან დაწყებული, პატარა პარტიებით დასრულებული, ყველა აპირებს ძალების მოსინჯვას.

ოპოზიციაში ჯერ კიდევ ფიქრობენ, დაუჯერონ თუ არა ყოფილ პრემიერს ოპოზიციური ზრახვები. თუმცა ამ შემთხვევაშიც კი სურთ, გახარიას პარტიამ ხმები მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ გაუყონ. ბევრს სჯერა, რომ გახარიას პარტია ივანიშვილის გეგმაა „ქართული ოცნების“ იმედგაცრუებული ნაწილისათვის და სწორედ მისი მეშვეობით გეგმავს ჯერ მესამე ძალის, შემდეგ კი კოალიციის შექმნას 2024 წელს.

„ჯერჯერობით ჩვენ გახარიასგან და მისი გარემოცვიდან რაიმე პოლიტიკური პოზიცია არაფერზე არ მოგვისმენია. ამიტომ, მე არ ვარ შეთქმულების თეორიების მომხრე, მაგრამ რა თქმა უნდა, იმ ვერსიას, რომ ეს ყველაფერი არის მცდელობა “ბ“ გუნდის გაკეთების ივანიშვილის გარშემო, საფუძველი აქვს. თუ ეს ასე არ არის გვაჩვენონ თავისი მოქმედებებით. თუ მთავრობის უნდობლობას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ვადამდელ არჩევნებს უჭერენ მხარს, ძალიან კარგი. ამასთან, გიორგი გახარიამ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს. ჩრდილში ყოფნა და მოლოდინის რეჟიმის შექმნა არასერიოზულად გამოიყურება“,-  აცხადებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია.

ხელისუფლებაში კი დარწმუნებულები არიან, რომ გახარიას რეალური შედეგის მიღწევა გაუჭირდება და მისი მაღალი რეიტინგი „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრობით იყო გამოწვეული. ასეა თუ ისე, ქართულ პოლიტიკაში მალე საინტერესო სიახლეების მომსწრე გავხდებით. რა ნიშას აირჩევს გახარია, სულ მალე გამოჩნდება. ჯერჯერობით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ის რადიკალიზაციის წინააღმდეგია და გუნდიც საკმაოდ მოძლიერებული ჰყავს სხვადასხვა პოზიციებზე.

49
ავტოკოლონა

ოპოზიცია რეგიონებში გასვლით შეხვედრებს იწყებს

20
(განახლებულია 11:56 15.04.2021)
მასშტაბური საპროტესტო აქციის სამზადისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ერთად მოივლიან რეგიონებს.

თბილისი, 15 აპრილი - Sputnik. ქართული ოპოზიციური სპექტრი რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს დღეიდან, 15 აპრილიდან იწყებს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ამ დღეებში „ლელოს“ ოფისში  შეიკრიბა, რათა 15 მაისისთვის დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმა განეხილა. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, მიზანი მაისში დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე მოსახლეობის მობილიზებაა. 

პირველი რეგიონი, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავს, კახეთია – დილიდან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან. შეხვედრები დაგეგმილია როგორც თელავში, ისე მუნიციპალიტეტის სოფლებში.

„15 მაისი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში უმნიშვნელოვანესი თარიღია, იმიტომ რომ ეს იქნება უამრავი, ათობით ათასი ადამიანისთვის შესაძლებლობა გამოხატოს თავისი პროტესტი, გამოხატოს თავისი ბრაზი. ჩვენი პირველი ნაბიჯი იქნება ის, რომ ჩვენ რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრები დავიწყოთ და მათ გავაცნოთ ჩვენი გეგმები, თუ როგორ აპირებს ოპოზიცია გააგრძელოს ბრძოლა რიგგარეშე არჩევნების, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ქვეყანაში რეფორმების დაწყებისათვის“, - განაცხადა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ

ოპოზიციურმა პარტიებმა  სამომავლო მოქმედების შესათანხმებლად სპეციალური შტაბი უკვე შექმნეს.  წინასწარი მონაცემებით, საპროტესტი აქციები უვადო იქნება, რომელზეც ოპოზიცია ძირითად მოთხოვნებს – ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება – კვლავ გააჟღერებს. 

საპარლამენტო არჩევნებიდან თითქმის ექვსი თვის შემდეგ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი კვლავ არ აღიარებს კენჭისყრის შედეგებს და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ განიხილავს ამ საკითხს „წითელ ხაზად“, არჩევნების გაყალბების ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და ოპოზიციას მოლაპარაკებებზე ყურადღების სხვა საკითხებზე გამახვილებას სთავაზობს.
დასავლელი შუამავლები უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობენ გავლენა მოახდინონ საქართველოში არსებულ სიტუაციაზე, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ – პოლიტიკური კრიზისი სულ უფრო ღრმავდება.
მოლაპარაკების მორიგი რაუნდი მარტის ბოლოს გაიმართა, მაგრამ შედეგი ვერ გამოიღო. თბილისში კრიზისის მოგვარების მიზნით მეორედ იყო ჩამოსული ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი, მაგრამ მისი წინადადებები მხარეებმა უარყვეს.

 

20
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (363)
კახა კალაძე

კალაძე: ორშაბათიდან სრულფასოვნად დავუბრუნდები ჩემს საქმიანობას

15
(განახლებულია 13:59 15.04.2021)
კახა კალაძეს თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში ვესტიბულოპათიის დიაგნოზი დაუსვეს – ექიმების განცხადებით, მერის ავადმყოფობა მის სპორტულ წარსულს უკავშირდება.

 

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოში კვირის ბოლოსთვის დაბრუნდება და მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება. 

43 წლის კალაძე უცხოეთში გამოკვლევების ჩასატარებლად 12 აპრილს გაემგზავრა – იგი მარტის ბოლოს თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში ე.წ. ვესტიბულოპათიის დიაგნოზით (ვესტიბულარული ანალიზატორის ფუნქციის დარღვევა) მოხვდა. 4 აპრილს მან კლინიკა დატოვა და რეაბილიტაციის კურსს სახლის პირობებში გადიოდა. 

„დამატებით კვლევები ჩავიტარე ყველა მიმართულებით და ბედნიერი ვარ, რომ კარგად ვარ. ორშაბათიდან სრულფასოვნად დავუბრუნდები ჩემს საქმიანობას და ერთად განვახორციელებთ ყველა იმ მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც დედაქალაქს სჭირდება“, - განაცხადა კალაძემ Facebook-ჩართვაში.

ადრე ქართულ მასმედიაში თბილისის მერისა და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის მმართველი გუნდიდან და, ზოგადად, პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. ერთ-ერთი ტელეკომპანიის ვერსიით, კალაძე მილანში დაბრუნებას გეგმავს, სადაც ფეხბურთელის წარმატებული კარიერა ჰქონდა.

კონკრეტულად რომელ ქვეყანაში იმყოფება დედაქალაქის მერი, ამის თაობაზე ინფორმაციას თბილისის მერიის პრეს-სამსახური არ ავრცელებს.

15