პარლამენტის დეპუტატები

„ქართული ოცნება“ ოპოზიციონერებს სადეპუტატო უფლებამოსილებას არ შეუწყვეტს

47
(განახლებულია 20:51 05.04.2021)
თუ დეპუტატი სესიის სხდომების ნახევარზე მეტს გააცდენს, მისთვის მანდატის ჩამორთმევის საკითხი ავტომატურად დადგება.

თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს სადეპუტატო უფლებამოსილება არ შეუწყდებათ, თუ ისინი ქვეყნის საკნონმდებლო ორგანოს მიმართავენ. ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ოპოზიციას პარლამენტში ამჟამად 54 ადგილი აქვს. ამ ადგილებზე უარის თქმა მათ ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში სცადეს, თუმცა მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ დეპუტატების განცხადებები არ დააკმაყოფილა.

„ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან... აქედან გამომდინარე, არჩევანი გასაკეთებელი აქვთ ამ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებიც ექვსი თვეა ვერ გარკვეულან, საით არიან – საქართველოსკენ არიან თუ ეშმაკისკენ, ქვეყნის სტაბილური განვითარება უნდათ თუ დესტაბილიზაცია“, – განუცხადა ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს.

უფრო ადრე პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პარტიაში კონსულტაციების შემდეგ განაცხადა, რომ პარლამენტში გასული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს სადეპუტატო მანდატებზე უარის შესახებ განცხადების ხელმეორედ შეტანა შეუძლიათ.

საქართველოს პარლამენტის მოქმედი რეგლამენტის მიხედვით, თუ დეპუტატი სესიის სხდომების ნახევარზე მეტს გააცდენს, მისთვის მანდატის გაუქმების საკითხი ავტომატურად დადგება. აქედან გამომდინარე, თუ ოპოზიციის წარმომადგენლები არ დაწერენ განცხადებას, საგაზაფხულო სესიის დასრულების შემდეგ ამ საკითხის განხილვა პარლამენტს მაინც მოუწევს საშემოდგომო სესიაზე.

მმართველი ძალა აცხადებს, რომ ოპოზიციის პარლამენტში დაბრუნებისა და სხვადასხვა სფეროში რეფორმებზე მუშაობის საკითხი პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტისთვის შეთანხმების ერთ-ერთი პირობაა.

პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დადგა. ოპოზიციის დიდი ნაწილი კვლავ არ ცნობს არჩევნების შედეგებს და ახალ კენჭისყრას მოითხოვს. ხელისუფლება კი ამ საკითხს „წითელ ხაზად“ მოიაზრებს, არჩევნების გაყალბებაზე ბრალდებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს და მოლაპარაკებების დროს ოპოზიციას ყურადღების სხვა საკითხებზე გადატანას სთავაზობს.

„ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ“ – პრემიერმა ოპოზიციასთან მოლაპარაკებები შეაფასა>>

დასავლელი შუამავლები უკვე რამდენიმე თვეა საქართველოში ვითარებაზე გავლენის მოხდენას ცდილობენ, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ – პოლიტიკური კრიზისი უფრო ღრმავდება.

47
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (370)
გიორგი ვაშაძე

დღეს „ქართული ოცნების“ და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება

26
მმართველმა პარტიამ 16 აპრილს საჯაროდ ცალმხრივად მოაწერა ხელი დოკუმენტს, რომელიც ქართველ პოლიტიკოსებს შუამავლებმა შესთავაზეს

თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. „ქართული ოცნების“ და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა დღეს თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გაიმართება.

მარტის ბოლოს თბილისს მეორედ ესტუმრა ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი, რომელმაც მხარეებს კომპრომისული დოკუმენტი შესთავაზა. მაგრამ მაშინ მისი წინადადებები მხარეებმა უარყვეს.

„პირველი არხის“ ინფორმაციით, შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება და შუამავალი ელჩების მონაწილეობით ჩატარდება.

მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 16 აპრილს საჯაროდ ცალმხრივად მოაწერა ხელი დოკუმენტს, რომელიც ქართველ პოლიტიკოსებს დანიელსონმა შესთავაზა.

საპარლამენტო არჩევნებიდან თითქმის ექვსი თვის შემდეგ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი კვლავ არ აღიარებს კენჭისყრის შედეგებს და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ განიხილავს ამ საკითხს „წითელ ხაზად“, არჩევნების გაყალბების ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და ოპოზიციას მოლაპარაკებებზე ყურადღების სხვა საკითხებზე გამახვილებას სთავაზობს.

რას მოაწერა ხელი „ქართულმა ოცნებამ“? ოპოზიციასთან შეთანხმების დეტალები >>

ოპოზიციის კიდევ ერთი პრინციპული მოთხოვნაა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას და ოპოზიციური ტელეარხ „მთავარის“ თანამფლობელის, გიორგი რურუას გათავისუფლება, რომელთაც პოლიტპატიმრებად მიიჩნევს. ამ საკითხში მმართველი პარტია დათმობაზე უარს აცხადებს.

26
საპროტესტო ავტოგარბენი რუსთავის ციხის მიმართულებით

საქართველოს ოპოზიციურმა პარტიებმა 19 აპრილისთვის საპროტესტო აქცია დააანონსეს

53
(განახლებულია 22:52 17.04.2021)
კერძოდ, აქციაზე გაკეთდება განცხადება 15 მაისის ღონისძიებაზე და მთლიანობაში ოპოზიციის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით

თბილისი, 17 აპრილი - Sputnik. ოპოზიციური პარტიები 19 აპრილს რიყის პარკში საპროტესტო აქციაზე შეიკრიბებიან, განაცხადა პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა.

ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა გასული წლის ბოლოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით გაერთიანდა.

„19 აპრილს, 15:00 საათზე რიყეზე იქნება არა ის დიდი აქცია, არამედ უფრო საერთო შტაბის წარდგენა. თითოეული პარტია ალბათ 15-15 ადამიანს წარმოვადგენთ“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მისი თქმით, აქციაზე გაკეთდება განცხადება 15 მაისის ღონისძიების თაობაზე და ოპოზიციის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.

ოპოზიცია 15 მაისს თბილისის ცენტრში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით მასშტაბურ აქციას გეგმავს და რეგიონებში უკვე შეხვედრები დაიწყო.

ამასთან, მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ პარასკევს ხელი მოაწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მიერ 30 მარტს შემოთავაზებულ დოკუმენტს, რომელიც პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლას ემსახურება.

თავის მხრივ, ოპოზიცია ხუთიდან მხოლოდ სამ პუნქტს ეთანხმება და არ აპირებს ამ დოკუმენტის ხელმოწერას, სანამ პატიმრობაში მყოფი „ნაცმოძრაობის“ ლიდერი ნიკა ნელია და ტელეარხ „მთავარის“ თანამფლობელი გიორგი რურუა არ გათავისუფლდებიან და დოკუმენტში ვადამდელი არჩევნების შესახებ ჩანაწერი არ გაჩნდება.

ვადამდელი არჩევნების საკითხი დღის წესრიგში დადგა 2020 წლის 31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელთა შედეგადაც „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლების შენარჩუნება ზედიზედ მესამედ შეძლო. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ხელისუფლებამ სახელმწიფო რესურსი გამოიყენა და არჩევნები გააყალბა.

53
ჩინური ვაქცინა Sinopharm

გამყრელიძე:  საქართველოში Sinopharm-ით ვაქცინაცია 4 მაისიდან დაიწყება

0
კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინურ პრეპარატს ჯანმოს ავტორიზაცია ჯერ არ მიუღია, მაგრამ ბევრი ქვეყანა ამ პრეპარატს უკვე იყენებს ვაქცინაციისთვის.

თბილისი, 18 აპრილი - Sputnik. საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური პრეპარატი Sinopharm-ით ვაქცინაცია 4 მაისიდან დაიწყება, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინურ პრეპარატს ჯანმოს ავტორიზაცია ჯერ არ მიუღია. სპეციალისტების განცხადებით,  ვაქცინამ ჯანმოს ავტორიზაცია აპრილის ბოლოსთვის უნდა მიიღოს. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ეპიდრისკების გათვალისწინებით, ექსპერტები ერთმნიშვნელოვნად უჭერენ მხარს მოსახლეობის იმუნიზაციის პროცესში Sinopharm-ის დროულად ჩართვას. Sinopharm-ით ვაქცინაციის მსურველთა რეგისტრაცია საქართველოში 27 აპრილიდან დაიწყება.

„გადაწყვეტილია, რომ მალე დაიწყება ჩინური ვაქცინით აცრები. ქვეყანაში არის დასაწყობებული Sinopharm-ის 100 ათასი დოზა“,- აღნიშნა გამყრელიძემ.

მისი განცხადებით, ვაქცინაციის პროცესში ზრდის დინამიკა შეინიშნება, თუმცა არა ისეთი, როგორსაც სპეციალისტები ელოდებიან. გამყრელიძემ მოსახლეობას აცრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

ჩინური ვაქცინა Sinopharm მსოფლიოს 35 ქვეყანაშია აღიარებული და აღნიშნული პრეპარატის 200 მლნ დოზამდე უკვე გამოყენებულია.

საქართველოში ჩინური ვაქცინა Sinopharm-ის 100 ათასი დოზა 3 აპრილს ჩამოვიდა. საქართველო ასევე ელოდება Sinovac-ის ვაქცინას, რომელსაც ჩინეთიდან უსასყიდლოდ მიიღებს.

ჩინური ვაქცინა ინაქტივირებული (მკვდარი) კორონავირუსის საფუძველზეა შექმნილი. კომპანია Sinopharm-მა ის უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტთან და ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტთან ერთად შეიმუშავა.

ვირუსის ინაქტივაცია ვაქცინის შექმნის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და საიმედო ხერხია, აღნიშნავენ ეპიდემიოლოგები. ამ ტექნოლოგიითაა შემუშავებული, მაგალითად, დიფტერიის, В–ჰეპატიტის, პოლიომიელიტის, ყივანახველასა და სხვა დაავადებების ვაქცინები.

ამჟამად საქართველოში ვაქცინაციისთვის Pfizer-ის და AstraZeneca-ს პრეპარატები გამოიყენება. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 29.184 ადამიანს ჩაუტარდა.

ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, ქვეყანაში ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვნენ. ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებს ასევე უკვე დაემატნენ 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები, ასევე დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები. სავარაუდოდ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში უახლოეს მომავალში მასწავლებლები და განათლების სფეროს სხვა წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.

0