პარლამენტის შენობა

ოპოზიცია სადეპუტატო მანდატების გაუქმების მოთხოვნით კვლავ მიმართავს პარლამენტს

60
(განახლებულია 22:25 03.04.2021)
ოპოზიციის პარლამენტში დაბრუნების საკითხი და სხვადასხვა სფეროში რეფორმებზე მუშაობა - პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად მისაღწევი შეთანხმებების ერთ-ერთი პირობაა.

თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. პარლამენტში მოხვედრილმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა შესაძლოა მანდატების გაუქმების მოთხოვნით განაცხადები ხელმეორედ შეიტანონ, განაცხადა პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პარტიებს შორის გამართული კონსულტაციების შემდეგ.

ქართულ ოპოზიციას პარლამენტში 54 მანდატი აქვს. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მათზე უარის თქმა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში სცადეს, მაგრამ მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დეპუტატების განაცხადების დაკმაყოფილებაზე უარი თქვა.

„ყველამ, ვისაც აქვს მანდატები, კიდევ ერთხელ უნდა მივმართოთ პარლამენტს, რომ შეგვიჩეროს მანდატები. მე ეს გადაწყვეტილება მიღებული მაქვს სერიოზულად და მგონია, რომ გასაკეთებელია“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

ამასთან, მმართველ პარტიაში არაერთხელ განაცხადეს, რომ არ აპირებენ სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმის შესახებ განაცხადების დაკმაყოფილებას. მაგრამ საქართველოს პარლამენტის დღეისათვის მოქმედი რეგლამენტის თანახმად, თუ დეპუტატი სესიის სხდომათა ნახევარზე მეტს აცდენს, მისთვის მანდატის ჩამორთმევის საკითხი ავტომატურად დადგება.

ამგვარად, იმ შემთხვევაშიც თუ ოპოზიცია არ დაწერს განცხადებებს, ივნისში, საგაზაფხულო სესიის დასასრულს ამ საკითხის განხილვა პარლამენტს კიდევ ერთხელ მოუწევს.

ამის მიუხედავად, ოპოზიციის პარლამენტში დაბრუნების საკითხი და სხვადასხვა სფეროში რეფორმებზე მუშაობა - პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად მისაღწევი შეთანხმებების ერთ-ერთი პირობაა.

საქართველოში კრიზისი დაიწყო 2020 წლის 31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და უკვე ხუთი თვის განმავლობაში გრძელდება. პარლამენტის სხდომებში სამოცი ოპოზიციონერი დეპუტატიდან მხოლოდ ექვსი მონაწილეობს, დანარჩენები უარს აცხადებენ არჩევნების შედეგების აღიარებაზე და მოითხოვენ ვადამდელ არჩევნებს, რაც კატეგორიულად მიუღებელია მმართველი პარტიისთვის. ხელისუფლება აღნიშნულ საკითხს „წითელ ხაზად“ განიხილავს და მიიჩნევს, რომ არჩევნების გაყალბების ბრალდება უსაფუძვლოა.

დასავლელი შუამავლები უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობენ გავლენა მოახდინონ საქართველოში არსებულ სიტუაციაზე, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ – პოლიტიკური კრიზისი სულ უფრო ღრმავდება.

 

60
ნიკა მელია სასამართლოში

ნიკა მელია ციხეში რჩება: როგორ შეიცვლება ოპოზიციის სტრატეგია

41
საქართველოს ხელისუფლების ღრმა რწმენით, მელიას პატიმრობა ოპოზიციას იმისთვის სჭირდება, რომ ამ თემით სპეკულირება გააგრძელოს

თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. სასამართლოს გადაწყვეტილებამ, პატიმრობაში დაეტოვებინა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, ცეცხლზე ნავთი დაასხა - საქართველოში ხელისუფლებისა და ოპოზიციის ისედაც დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო გამწვავდა.

მელიას პატიმრობა ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის უთანხმოების ერთ-ერთი მთავარი საგანია. ოპოზიცია მას პოლიტპატიმარს უწოდებს. დასავლეთის მხრიდან სერიოზული კრიტიკის შემდეგ საქართველოს პროკურატურამ გამოთქვა მზადყოფნა ეშუამდგომლა აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე, თუ მელია დათანხმდება 40 ათას ლარიან გირაოს გადახდაზე.

„ეს იყო აბსოლუტურად უაზრო სპექტაკლი. როგორი არგუმენტებიც არ უნდა მოიშველიონ, რაზეც არ უნდა ილაპარაკონ, მოსამართლე მომზადებული გადაწყვეტილებით მოვიდა... ჩვენ „ქართულ ოცნებასთან“ არავითარ მოლაპარაკებებს არ გავაგრძელებთ მანამ, სანამ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან - ეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციაა“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელმა მდივანმა კობა ნაყოფიამ.

ოპოზიციის წარმომადგენელთა ერთი ნაწილი გუშინ „ლელოს“ ოფისში შეიკრიბა, რათა სამომავლო გეგმები განეხილა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას თქმით, 15 მაისს დაგეგმილი მასშტაბური აქციის ჩატარების გადაწყვეტილება ძალაშია.

„15 მაისი ძალაშია, უნდა ვაჩვენოთ, რომ მოლაპარაკების პარალელურად, რა ტკივილიც აქვს საზოგადოებას, არსად წასულა, არსად გამქრალა, პირიქით, მატულობს, სულ უფრო და უფრო დამუხტული ხდება“, - აღნიშნა უგულავამ.

მელიას გათავისუფლება ხელს შეუწყობდა ვითარების განმუხტვას, ფიქრობს „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე.

„გააუმჯობესებდა მოლაპარაკებების გარემოს, სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ და მოსამართლემ მიიღეს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ვითარებას კვლავ ძალიან დაძაბულს ტოვებს და კიდევ უფრო აღრმავებს კრიზისს“, – დასძინა ბადრი ჯაფარიძემ.

მისი სიტყვებით, მოლაპარაკების მორიგი რაუნდი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეიძლება შედგეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების მხრიდან შეთანხმების მიღწევის მზადყოფნა იარსებებს.

„მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმება არ გვაქვს... როგორც თქვენთვის ცნობილია, შესათანხმებელი დაგვრჩა ორი უმნიშვნელოვანესი საკითხი – ეს არის პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების საპატიმროდან გათავისუფლება, ასევე რიგგარეშე არჩევნებამდე მისვლის გზაზე „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმება“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

ხელისუფლების პოზიცია

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მელიას დღესაც შეუძლია ციხის დატოვება, თუ გირაოს გადაიხდის.

„ნიკა მელიას დღესაც შეუძლია გადაიხადოს გირაოს თანხა და დატოვოს საპატიმრო, რომლის შემდგომაც ჩვენ მათ ვთავაზობთ, რომ მივიღებთ პოლიტიკურ აქტს, სადაც ამინისტირებული იქნება 20 ივნისთან დაკავშირებული ყველა პირი, მათ შორის ნიკანორ მელია და ამით ეს საკითხი დაიხურება“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი ამილახვარმა.

მელია ციხეში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება, რათა გააგრძელოს თემით სპეკულირება, ფიქრობს პარლამენტის ვიცესპიკერი გია ვოლსკი.

„კანონი უნდა აღსრულდეს, ოპონენტს გააჩნია შეხედულება, რომ კანონის აღსრულება ეწინააღმდეგება მათ იდეას და იდეა არის შემდეგი - არ არსებობს კანონი, სახელმწიფო და სახელმწიფო სტრუქტურები, რომელსაც შეიძლება დაემორჩილო. ვის სჭირდება ნიკა მელიას საპატიმროში ყოფნა? - ეს სჭირდება „ნაციონალურ მოძრაობას", რათა მუდმივად ამ თემაზე სპეკულაცია აწარმოოს", - განაცხადა ვოლსკიმ.

ამის მიუხედავად, „ქართულ ოცნებაში“ დარწმუნებული არიან, რომ ოპოზიციასთან დიალოგის გაგრძელების პერსპექტივა არსებობს.

„მზად ვართ, ნებისმიერი მოლაპარაკებების ფორმატში მივიღოთ მონაწილეობა... თუ კონკრეტული ოპოზიციური ძალა ან კონკრეტული პოლიტიკოსები გადადგამენ სწორ და კონსტრუქციულ ნაბიჯებს, ჩვენ რა თქმა უნდა, მათთან შემდგომი მოლაპარაკებებისა და საკითხების განხილვისთვის ყოველთვის გვაქვს მზადყოფნა“, – განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა გივი მიქანაძემ.

დასავლელი შუამავლები უკვე რამდენიმე თვეა ცდილობენ საქართველოში სიტუაციაზე გავლენის მოხდენას, მაგრამ ჯერ უშედეგოდ - პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში ღრმავდება.

მოლაპარაკების მორიგი რაუნდი მარტის ბოლოს გაიმართა, მაგრამ შედეგი ვერ გამოიღო. თბილისში კრიზისის მოგვარების მიზნით მეორედ იყო ჩამოსული ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი, მაგრამ მისი წინადადებები მხარეებმა უარყვეს.

41
ქართული პასპორტი

საქართველოს პასპორტი საერთაშორისო რეიტინგში დაწინაურდა

98
(განახლებულია 22:47 14.04.2021)
ქართული პასპორტის მფლობელები მსოფლიოს 116 ქვეყანაში უვიზოდ შესვლას ან ვიზის ადგილზე მიღებას შეძლებენ

თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. ქართულმა პასპორტმა 2021 წლის მეორე კვარტალში The Henley Passport Index 2021-ის საერთაშორისო რეიტინგში 50-ე ადგილი დაიკავა.

ამგვარად, ქართულმა პასპორტმა ერთი ადგილით გაიუმჯობესა პოზიცია - 2021 წლის პირველ კვარტალში ის 51-ე ადგილზე იყო.

ყველაზე „ძლიერს“ ექსპერტები უწოდებენ პასპორტებს, რომლებიც მფლობელებს ამა თუ იმ ქვეყანასა თუ ტერიტორიაზე უვიზოდ შესვლის ან ვიზის ადგილზე მიღების შესაძლებლობას აძლევენ. მაგალითად, საქართველოს მოქალაქეებისთვის ღიაა 116 ქვეყნის კარი.

საქართველოს „მეზობლები“ რეიტინგში არიან ბოსნია და ჰერცოგოვინა (49-ე ადგილი) და ალბანეთი (51-ე ადგილი).

გეოგრაფიული მეზობლებიდან საქართველოს გაუსწრო მხოლოდ რუსეთმა (48-ე ადგილი), მაშინ როცა თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი 52-ე, 78-ე და 74-ე ადგილებზე აღმოჩნდნენ.

მსოფლიოში ყველაზე „ძლიერი“ პასპორტის მფლობელი კვლავ იაპონიაა. ამ ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ უვიზოდ 193 ქვეყანაში ჩასვლა. იაპონია წინა რეიტინგის ლიდერიც იყო. მისი შედეგი 191 ქვეყანას შეადგენდა. მეორე ადგილზეა სინგაპური (192 ქვეყანა), მესამეზე კი გერმანია (191 ქვეყანა).

რეიტინგის ბოლო ადგილს კვლავ ინარჩუნებს ავღანეთი (110-ე ადგილი) - მის მოქალაქეებს მხოლოდ 26 ქვეყანასა და ტერიტორიაზე შესვლა შეუძლიათ.

Henley & Partners-ის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სავიზო მოთხოვნები ასახავენ ქვეყნის სტატუსს მსოფლიო თანამეგობრობის ფარგლებში: სავიზო შეზღუდვების არარსებობა ბიზნესის ეფექტურად წარმოების, საერთაშორისო კონტაქტების დამყარების, გლობალური საინვესტიციო შესაძლებლობების გამოყენებისა და მოგზაურობის საშუალებას იძლევა.

 

98
აშშ-ის დროშა

აშშ-ის ახალი ანტირუსული სანქციები სუვერენულ ვალს შეეხება

0
(განახლებულია 09:09 15.04.2021)
შეერთებული შტატები ახალი ანტირუსული სანქციების დაწესების თაობაზე სავარაუდოდ ხუთშაბათს გამოაცხადებს

თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. აშშ–ის ახალი ანტირუსული სანქციები ქვეყნის სუვერენული ვალის წინააღმდეგ იქნება მიმართული, იუწყება გაზეთი New York Times–ი წყაროებზე დაყრდნობით.

მანამდე სააგენტო „ბლუმბერგმა“ გავრცელა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონი შეზღუდვებს დაუწესებს რუსეთის თორმეტამდე მოქალაქესა და ოც ორგანიზაციას. გარდა ამისა, ქვეყნიდან გააძევებს ათ დიპლომატს.

ახალი სანქციები აშშ–ის არჩევნებში მოსკოვის სავარაუდო ჩარევისა და  SolarWinds–ის მეშვეობით განხორციელებული კიბერთავდასხმის გამო წესდება, რაც ასევე მიეწერება რუსი ჰაკერებს.

გამოცემის წყაროს ცნობით, შეზღუდვებს შეერთებული შტატები ხუთშაბათს გამოაცხადებს.

თავის მხრივ გაზეთი Wall Street Journal–ი წერს, რომ აშშ–ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოსცემს ბრძანებულებას სავაჭრო ოპერაციების აკრძალვების გაფართოების შესახებ ამერიკული ბანკების მიერ რუსეთის სახელმწიფო ობლიგაციებზე მომსახურების კუთხით.

მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისში აშშ-ის კიბერ- და ინფრასტრუქტურული უსაფრთხოების სააგენტომ (CISA), გამოძიების ფედერალურმა ბიურომ და სხვა ამერიკულმა სტრუქტურებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლის თანახმად, კომპიუტერული უსაფრთხოების ფირმა SolarWinds-ის კლიენტებზე ჰაკერული თავდასხმის უკან დიდი ალბათობით რუსეთი იდგა.

ვაშინგტონის ვარაუდით, შეტევის მიზანი, რომელიც სამთავრობო დაწესებულებებზე, მათ შორის, იუსტიციის სამინისტროზე, სახელმწიფო დეპარტამენტზე, უსაფრთხოების ეროვნულ ბიუროსა და ასევე ოთხას მსხვილ კომპანიაზე მიიტანეს, სადაზვერვო მონაცემების მიღება იყო. თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდასხმის ორგანიზატორებმა მიზანს ვერ მიაღწიეს.

0
თემები:
საერთაშორისო პანორამა