თამარ ტყეშელაშვილი საქართველოს პრეზიდენტს ახალი საპარლამენტო მდივანი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებები მოხდა

96
(განახლებულია 23:31 01.04.2021)
ცნობილმა ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. არ არის გამორიცხული, რომ ის საადვოკატო საქმიანობას დაუბრუნდეს

თბილისი, 1 აპრილი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავის ადმინისტრაციაში ცვლილება განახორციელა - საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე თამარ ტყეშელაშვილი დაინიშნა, ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება.

ტყეშელაშვილის წინამორბედი დიმიტრი გაბუნია საპარლამენტო მდივნის თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა.

თამარ ტყეშელაშვილმა დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) იურიდიული ფაკულტეტი და არის ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი. არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

2017-2018 წლებში თამარ ტყეშელაშვილი იყო კავკასიის სამართლის სკოლის (კავკასიის უნივერსიტეტი) მოწვეული ლექტორი. 2016-2019 წლებში იყო პრემიერ-მინისტრთან არსებული ინვესტორთა საბჭოს სამუშაო ჯგუფების წევრი.

2020 წლის სექტემბრიდან თამარ ტყეშელაშვილი იყო საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში.

ფლობს ინგლისურ, რუსულ და უკრაინულ ენებს.

96
გიორგი გახარია

გახარიას პარტია - ივანიშვილის გეგმა „ბ“ თუ რეალური ოპოზიცია 

55
(განახლებულია 11:37 15.04.2021)
დღეს უკვე ნათელია, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რომელსაც, ბოლო სოციოლოგიური კვლევებით, საკმაოდ კარგი რეიტინგი ჰქონდა, ნამდვილად და სერიოზულად აპირებს პარტიის შექმნას და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას.

პარლამენტში უკვე გაჩნდა 6 კაციანი ჯგუფი, რომელთაც არა მხოლოდ „ქართული ოცნება“, არამედ ის საპარლამენტო თანამდებობობიც დატოვეს, რომელიც უმრავლესობის ქვოტით ჰქონდათ მიღებული და ეს კომიტეტის თავმჯდომარეების პირველი მოადგილის ავტომობილითა და სხვა ამქვეყნიური სიკეთეებით სავსე პოსტებია. სავარაუდოდ, გახარიას ქვოტით პარლამენტში გაცილებით მეტი ადამიანი უნდა იყოს და თუ რომელიმეს კიდევ გაუჩნდა რაიმის მიმართ პროტესტის გრძნობა, ეს შემადგენლობა ერთ კარგ 7 კაციან ფრაქციასაც შექმნის, თუმცა ეს მაინც არ წყვეტს პარლამენტის ლეგიტიმურობის პრობლემას, სადაც მინიმუმ 113 დეპუტატის ყოფნა მაინცაა სასურველი.

და მაინც, რა მიზნები აქვს და როდის განაცხადებს ამის შესახებ გახარია? სავარაუდოდ, მაისის ბოლოს უკვე ცნობილი უნდა გახდეს მისი პარტიის სახელწოდება, მიზნები, ამოცანები და მიზნისაკენ სვლის გზები. რადგან ახლადშექმნილი პარტიისათვის 5-6 თვე ნამდვილად საჭიროა, რათა არჩევნებისთვის კარგად მოემზადოს.

როგორც ამბობენ, გახარიამ შესაძლოა, ზუგდიდში ან თბილისში გამოსცადოს საკუთარი რეიტინგი. როგორც ირკვევა, ზუგდიდში მას უეჭველ გამარჯვებას ჰპირდებიან, თბილისში კი შესაძლოა, უფრო გაუჭირდეს მაკო გომურისა და 20 ივნისის მოვლენების გამო. თავის მხრივ, ბევრი ხმა დადის იმის თაობაზე, რომ თბილისის მერის არჩევნებზე სერიოზული კონკურენციაა მოსალოდნელი და დიდი გრეჩიხიდან დაწყებული, პატარა პარტიებით დასრულებული, ყველა აპირებს ძალების მოსინჯვას.

ოპოზიციაში ჯერ კიდევ ფიქრობენ, დაუჯერონ თუ არა ყოფილ პრემიერს ოპოზიციური ზრახვები. თუმცა ამ შემთხვევაშიც კი სურთ, გახარიას პარტიამ ხმები მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ გაუყონ. ბევრს სჯერა, რომ გახარიას პარტია ივანიშვილის გეგმაა „ქართული ოცნების“ იმედგაცრუებული ნაწილისათვის და სწორედ მისი მეშვეობით გეგმავს ჯერ მესამე ძალის, შემდეგ კი კოალიციის შექმნას 2024 წელს.

„ჯერჯერობით ჩვენ გახარიასგან და მისი გარემოცვიდან რაიმე პოლიტიკური პოზიცია არაფერზე არ მოგვისმენია. ამიტომ, მე არ ვარ შეთქმულების თეორიების მომხრე, მაგრამ რა თქმა უნდა, იმ ვერსიას, რომ ეს ყველაფერი არის მცდელობა “ბ“ გუნდის გაკეთების ივანიშვილის გარშემო, საფუძველი აქვს. თუ ეს ასე არ არის გვაჩვენონ თავისი მოქმედებებით. თუ მთავრობის უნდობლობას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ვადამდელ არჩევნებს უჭერენ მხარს, ძალიან კარგი. ამასთან, გიორგი გახარიამ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს. ჩრდილში ყოფნა და მოლოდინის რეჟიმის შექმნა არასერიოზულად გამოიყურება“,-  აცხადებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია.

ხელისუფლებაში კი დარწმუნებულები არიან, რომ გახარიას რეალური შედეგის მიღწევა გაუჭირდება და მისი მაღალი რეიტინგი „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრობით იყო გამოწვეული. ასეა თუ ისე, ქართულ პოლიტიკაში მალე საინტერესო სიახლეების მომსწრე გავხდებით. რა ნიშას აირჩევს გახარია, სულ მალე გამოჩნდება. ჯერჯერობით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ის რადიკალიზაციის წინააღმდეგია და გუნდიც საკმაოდ მოძლიერებული ჰყავს სხვადასხვა პოზიციებზე.

55
ავტოკოლონა

ოპოზიცია რეგიონებში გასვლით შეხვედრებს იწყებს

21
(განახლებულია 11:56 15.04.2021)
მასშტაბური საპროტესტო აქციის სამზადისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ერთად მოივლიან რეგიონებს.

თბილისი, 15 აპრილი - Sputnik. ქართული ოპოზიციური სპექტრი რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს დღეიდან, 15 აპრილიდან იწყებს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ამ დღეებში „ლელოს“ ოფისში  შეიკრიბა, რათა 15 მაისისთვის დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმა განეხილა. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, მიზანი მაისში დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე მოსახლეობის მობილიზებაა. 

პირველი რეგიონი, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავს, კახეთია – დილიდან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან. შეხვედრები დაგეგმილია როგორც თელავში, ისე მუნიციპალიტეტის სოფლებში.

„15 მაისი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში უმნიშვნელოვანესი თარიღია, იმიტომ რომ ეს იქნება უამრავი, ათობით ათასი ადამიანისთვის შესაძლებლობა გამოხატოს თავისი პროტესტი, გამოხატოს თავისი ბრაზი. ჩვენი პირველი ნაბიჯი იქნება ის, რომ ჩვენ რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრები დავიწყოთ და მათ გავაცნოთ ჩვენი გეგმები, თუ როგორ აპირებს ოპოზიცია გააგრძელოს ბრძოლა რიგგარეშე არჩევნების, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ქვეყანაში რეფორმების დაწყებისათვის“, - განაცხადა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ

ოპოზიციურმა პარტიებმა  სამომავლო მოქმედების შესათანხმებლად სპეციალური შტაბი უკვე შექმნეს.  წინასწარი მონაცემებით, საპროტესტი აქციები უვადო იქნება, რომელზეც ოპოზიცია ძირითად მოთხოვნებს – ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება – კვლავ გააჟღერებს. 

საპარლამენტო არჩევნებიდან თითქმის ექვსი თვის შემდეგ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი კვლავ არ აღიარებს კენჭისყრის შედეგებს და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ განიხილავს ამ საკითხს „წითელ ხაზად“, არჩევნების გაყალბების ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და ოპოზიციას მოლაპარაკებებზე ყურადღების სხვა საკითხებზე გამახვილებას სთავაზობს.
დასავლელი შუამავლები უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობენ გავლენა მოახდინონ საქართველოში არსებულ სიტუაციაზე, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ – პოლიტიკური კრიზისი სულ უფრო ღრმავდება.
მოლაპარაკების მორიგი რაუნდი მარტის ბოლოს გაიმართა, მაგრამ შედეგი ვერ გამოიღო. თბილისში კრიზისის მოგვარების მიზნით მეორედ იყო ჩამოსული ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი, მაგრამ მისი წინადადებები მხარეებმა უარყვეს.

 

21
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
ბათუმი

ბათუმში სამუშაოს მაძიებლებს 400-მდე ვაკანსიას შესთავაზებენ

0
(განახლებულია 14:46 15.04.2021)
ფორუმის ფარგლებში, სამსახურის მაძიებლებს  საშუალება ექნებათ გაეცნონ და თავად შეარჩიონ აჭარის შრომის ბაზარზე არსებული აქტიური ვაკანსიები.

თბილისი, 15 აპრილი - Sputnik. ბათუმში, 16 აპრილს დასაქმების ფორუმი „ახალი შესაძლებლობა თქვენი დასაქმებისთვის“ გაიმართება.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, ფორუმზე წარმოდგენილი იქნება რეგიონში მომუშავე წამყვანი კომპანიების ვაკანსიები ისეთ სფეროებში, როგორიცაა გადამამუშავებელი მრეწველობა, ვაჭრობა და დისტრიბუცია, მშენებლობა, სასტუმროების, რესტორნების, სათამაშო ბიზნესი, ჯანდაცვა და სხვ. ფორუმი  პიაცას მოედანზე 12:00 საათზე დაიწყება 16:00 საათზე დასრულდება. 

კომპანიების წარმომადგენლები სამუშაოს მაძიებლებს მიაწვდიან ინფორმაციას კომპანიის საქმიანობის, შრომის პირობების, ვაკანსიებისა და მოთხოვნების შესახებ. 20–ზე მეტი კომპანია 400–მდე ვაკანსიას წარმოადგენს.
დასაქმების ფორუმის მთავარი მიზანია – დაინტერესებულ პირებს რეგიონში არსებული ვაკანსიების, ასევე საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაცია ერთ სივრცეში მიაწოდონ. მხარეებს ექნებათ შესაძლებლობა, მოიძიონ მათთვის სასურველი სამსახური, კომპანიებმა კი შეძლონ სასურველი ადამიანური რესურსის მოძიება.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ყველა სამუშაოს მაძიებელს მოუწოდებს, დარეგისტრირდეს დასაქმების ელექტრონულ პორტალზე worknet.gov.ge. სააგენტოს ცნობით, პორტალზე რეგისტრაციის შემთხვევაში ისინი მოკლეტექსტური შეტყობინებების სახით მუდმივად მიიღებენ ინფორმაციას შრომის ბაზარზე არსებული ვაკანსიების თაობაზე, ასევე, დაგეგმილი დასაქმების ფორუმებისა და სხვა სერვისების შესახებ.

დასაქმების პირველი სახელმწიფო სამსახური – აჭარის დასაქმების სააგენტო 2011 წელს შეიქმნა.

ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, ბათუმში დასაქმების ფორუმი სახელმწიფოს მიერ დაწესებული ყველა კოვიდ–რეგულაციის დაცვით ჩატარდება.

0