პარლამენტი

საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვა იწყება

36
(განახლებულია 16:39 01.04.2021)
აღნიშნული კომისია ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობას გააცნობს.

თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის დროებითი კომისიის შემადგენლობა  დაამტკიცა, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს ეხება. 

კომისიის შემადგენლობაში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ სამი და პარლამენტში დღეს წარმოდგენილი ორი ოპოზიციური პარტიის – „მოქალაქეებისა“ და „ევროპული სოციალისტების“ თითო–თითო წარმომადგენელი შევიდა.

საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება გასულ კვირას უმრავლესობის დეპუტატებმა მოახდინეს.

წარმოდგენილი პროექტის თანახმად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების პრინციპი არ იცვლება. ცვლილება ეხება გამსვლელ ბარიერს. 2024 წლის არჩევნებისთვის იგი 5%–დან 3%–მდე დაიწევს. გარდა ამისა, მომავალ პარლამენტში ფრაქციის შექმნას 7–ის ნაცვლად 4 დეპუტატი შეძლებს.

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვა ერთი თვე გაგრძელდება, რის შემდეგაც პროექტის შესწორებული  ვარიანტი განსახილველად პარლამენტს წარედგინება.

თუმცა, მოხდება თუ არა კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტის დამტკიცება, ჯერჯერობით, უცნობია. დღეისთვის, ოპოზიციის ბოიკოტის გამო, პარლამენტში 150–დან 96 დეპუტატია წარმოდგენილი, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისთვის კი 113 ხმაა აუცილებელი. თუ ოპოზიციის დანარჩენი ნაწილი კენჭისყრამდე პარლამენტში არ შევა, ცვლილებების პროექტი ჩავარდება.

36
თემები:
საქართველოს პარლამენტი (293)
გიორგი ვაშაძე

დღეს „ქართული ოცნების“ და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება

25
მმართველმა პარტიამ 16 აპრილს საჯაროდ ცალმხრივად მოაწერა ხელი დოკუმენტს, რომელიც ქართველ პოლიტიკოსებს შუამავლებმა შესთავაზეს

თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. „ქართული ოცნების“ და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა დღეს თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გაიმართება.

მარტის ბოლოს თბილისს მეორედ ესტუმრა ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი, რომელმაც მხარეებს კომპრომისული დოკუმენტი შესთავაზა. მაგრამ მაშინ მისი წინადადებები მხარეებმა უარყვეს.

„პირველი არხის“ ინფორმაციით, შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება და შუამავალი ელჩების მონაწილეობით ჩატარდება.

მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 16 აპრილს საჯაროდ ცალმხრივად მოაწერა ხელი დოკუმენტს, რომელიც ქართველ პოლიტიკოსებს დანიელსონმა შესთავაზა.

საპარლამენტო არჩევნებიდან თითქმის ექვსი თვის შემდეგ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი კვლავ არ აღიარებს კენჭისყრის შედეგებს და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ განიხილავს ამ საკითხს „წითელ ხაზად“, არჩევნების გაყალბების ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და ოპოზიციას მოლაპარაკებებზე ყურადღების სხვა საკითხებზე გამახვილებას სთავაზობს.

რას მოაწერა ხელი „ქართულმა ოცნებამ“? ოპოზიციასთან შეთანხმების დეტალები >>

ოპოზიციის კიდევ ერთი პრინციპული მოთხოვნაა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას და ოპოზიციური ტელეარხ „მთავარის“ თანამფლობელის, გიორგი რურუას გათავისუფლება, რომელთაც პოლიტპატიმრებად მიიჩნევს. ამ საკითხში მმართველი პარტია დათმობაზე უარს აცხადებს.

25
საპროტესტო ავტოგარბენი რუსთავის ციხის მიმართულებით

საქართველოს ოპოზიციურმა პარტიებმა 19 აპრილისთვის საპროტესტო აქცია დააანონსეს

53
(განახლებულია 22:52 17.04.2021)
კერძოდ, აქციაზე გაკეთდება განცხადება 15 მაისის ღონისძიებაზე და მთლიანობაში ოპოზიციის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით

თბილისი, 17 აპრილი - Sputnik. ოპოზიციური პარტიები 19 აპრილს რიყის პარკში საპროტესტო აქციაზე შეიკრიბებიან, განაცხადა პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა.

ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა გასული წლის ბოლოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით გაერთიანდა.

„19 აპრილს, 15:00 საათზე რიყეზე იქნება არა ის დიდი აქცია, არამედ უფრო საერთო შტაბის წარდგენა. თითოეული პარტია ალბათ 15-15 ადამიანს წარმოვადგენთ“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მისი თქმით, აქციაზე გაკეთდება განცხადება 15 მაისის ღონისძიების თაობაზე და ოპოზიციის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.

ოპოზიცია 15 მაისს თბილისის ცენტრში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით მასშტაბურ აქციას გეგმავს და რეგიონებში უკვე შეხვედრები დაიწყო.

ამასთან, მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ პარასკევს ხელი მოაწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მიერ 30 მარტს შემოთავაზებულ დოკუმენტს, რომელიც პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლას ემსახურება.

თავის მხრივ, ოპოზიცია ხუთიდან მხოლოდ სამ პუნქტს ეთანხმება და არ აპირებს ამ დოკუმენტის ხელმოწერას, სანამ პატიმრობაში მყოფი „ნაცმოძრაობის“ ლიდერი ნიკა ნელია და ტელეარხ „მთავარის“ თანამფლობელი გიორგი რურუა არ გათავისუფლდებიან და დოკუმენტში ვადამდელი არჩევნების შესახებ ჩანაწერი არ გაჩნდება.

ვადამდელი არჩევნების საკითხი დღის წესრიგში დადგა 2020 წლის 31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელთა შედეგადაც „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლების შენარჩუნება ზედიზედ მესამედ შეძლო. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ხელისუფლებამ სახელმწიფო რესურსი გამოიყენა და არჩევნები გააყალბა.

53
თბილისის სილიკონ ველი

თურნავა: ინვესტორები ქართული სტარტაპების გლობალურ ბაზარზე გატანით დაინტერესდნენ

0
(განახლებულია 13:16 18.04.2021)
ეკონომიკისა სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკელმა ინვესტორებმა ქართული სტარტაპების დასაფინანსებლად ნახევარმილიონიანი ფონდი შექმნეს.

თბილისი, 18 აპრილი - Sputnik. Silicon Valley-დან საუკეთესო სპეციალისტები და ინვესტორები ქართული სტარტაპებიы გლობალურ ბაზარზე გატანით დაინტერესდნენ, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) და TECH Friends of Georgia-ს შორის მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ონლაინფორმატში გაფორმდა აშშ-ში, სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით. მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო სპეციალური შერჩევის პრინციპით გამოავლენს გლობალური პოტენციალის მქონე სტარტაპებს, რომლებშიც TECH Friends of Georgia განახორციელებს 500 ათასი აშშ დოლარის ინვესტირებას.

მინისტრის თქმით, პანდემიის პერიოდში ძალიან ბევრი გრანტი გაიცა ახალგაზრდა, ნიჭიერ სტარტაპერებზე, რომლებმაც არაერთი ინოვაციური იდეა და პროექტი განავითარეს და  ყურადღება მიიპყრეს ყურადღება არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, არამედ უცხოეთშიც, მათ შორის, აშშ-ში, „სილიკონის ველიზე“.

„ამის ლოგიკური გაგრძელებაა მემორანდუმზე ხელმოწერა ჩვენს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ოთხ ამერიკელ ინვესტორს შორის. ესაა ვენჩურული ფონდები, რომლებიც საქმიანობენ „სილიკონ ველიზე“. მათ ერთობლივად შექმნეს ფონდი 500 ათასი აშშ დოლარის ოდენობით, რომლითაც მოხდება ჩვენ მიერ შერჩეული სტარტაპების თანადაფინანსება“, - განაცხადა თურნავამ.

მინისტრის ინფორმაციით, სტარტაპების  შერჩევის პროცესში ჩართულები არიან საუკეთესო სპეციალისტები და ინვესტორები „სილიკონ ველიდან“.

ონლაინ ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გახსნა, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით აშშ-ის მინესოტას შტატის სენატორმა (2003-2009) ნორმ კოლემანმა (Norm Coleman) მიმართა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძემ და TECH Friends of Georgia-ს მმართველმა პარტნიორებმა: ისააკ ეპლბაუმმა (Isaac Applbaum), ორი სასონმა (Ori Sasson), მარკ აბრამოვიჩმა (Marc Abramowitz) და ტედ ტუსინგმა (Ted Tussing). ღონისძიებას ესწრებოდა ასევე საქართველოს კონსული სან-ფრანცისკოში ლევან ბერიძე.

ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებაზე საქართველოში 22 მილიონი ლარი დაიხარჯება >>

Silicon Valley-ში განთავსებულია მაღალტექნოლოგიური კომპანიების დიდი ნაწილი, რომლებიც კომპიუტერებისა და მათი შემადგენლობის, განსაკუთრებით მიკროპროცესორების შემუშავებასთან არის დაკავშირებული, ასევე პროგრამულ უზრუნველყოფასთან, მობილური კავშირის მოწყობილობებთან და სხვა. ამ ტექნოლოგიური ცენტრის დაარსება და განვითარება დაკავშირებულია წამყვანი უნივერსიტეტების, დიდი ქალაქების თავმოყრასთან ერთმანეთისგან დაახლოებით ერთი საათის სავალ მანძილზე.

0