ვლადიმირ პოზნერი

საქართველოს შსს პოზნერისა და მისი სტუმრებისთვის გამოწერილი ჯარიმების ქვითრებს აქვეყნებს

59
(განახლებულია 22:22 01.04.2021)
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, იმის დასამტკიცებლად, რომ ჯარიმები ნამდვილად გამოწერეს, ფოტო გამოაქვეყნა.

თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. რუს ჟურნალისტს ვლადიმირ პოზნერსა და მის თანმხლებ პირებს თბილისში ნამდვილად გამოუწერეს ჯარიმა იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევის გამო, იუწყება შსს და ქვითრის ფოტოსაც აქვეყნებს.

საპატრულო პოლიციის მონაცემებით, 2 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა გამოუწერეს როგორც პოზნერს, ისე მის თანმხლებ 31 ადამიანს 41-დან.

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ სხვადასხვა მედიასაშუალება ავრცელებს არასწორ ინფორმაციას, თითქოს 31 მარტს საქართველოში სტუმრად მყოფი პირები, რომლებმაც დაარღვიეს იზოლაციისა და კარანტინის წესები, არ დაჯარიმებულან. ამიტომ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, შსს ასაჯაროებს ადმინისტრაციული ჯარიმის ქვითარს.

პრემიერი: პოზნერი და მისი მეგობრები ქვეყანაში კანონის სრული დაცვით შემოვიდნენ>>

„კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად დააჯარიმეს 32 პირი. ამასთანავე, ყველა მათგანის ჯარიმა გადახდილია, რის შემდეგაც მათ დატოვეს ქვეყანა“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

თბილისში სკანდალური ვიზიტის შემდეგ, უკვე მოსკოვში ვლადიმირ პოზნერმა РИА Новости-ს განუცხადა, რომ ის კარანტინის წესების დარღვევისთვის არავის დაუჯარიმებია.

პოზნერის ვიზიტმა თბილისში საპროტესტო აქციების ფონზე ჩაიარა. ოპოზიციის წევრები და აქტივისტები პოზნერის მიერ აფხაზეთის შესახებ ადრე გაკეთებულ განცხადებებს აპროტესტებდნენ.

ვლადიმირ პოზნერი თბილისში გუშინ ჩამოვიდა, ის დაბადების დღის აღნიშვნას გეგმავდა – 1 აპრილს მას 87 წელი უსრულდება, მას თან 50-მდე მეგობარი და კოლეგა ახლდა. იგი საქართველოს დატოვებას 3 აპრილს გეგმავდა, მაგრამ საპროტესტო აქციების გამო ქვეყნის დატოვება დაგეგმილზე ადრე მოუხდა.

59
თემები:
როგორ ჩაიშალა პოზნერის დაბადების დღე საქართველოში (13)
გიორგი გახარია

ახალი პოლიტიკური ძალა: „ქართული ოცნების" ექვსი დეპუტატი გახარიას შეუერთდა

29
(განახლებულია 14:28 14.04.2021)
როგორც ადრე საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ბექა დავითულიანმა განაცხადა, პარტიის შექმნის შემთხვევაში ყოფილი პრემიერი „ქართული ოცნების“ კონკურენტი გახდება.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. პარლამენტში მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რიგები ექვსმა დეპუტატმა დატოვა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადება გორისა და კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ხოჯევანიშვილთან ერთად, საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს დეპუტატებმა ბექა ლილუაშვილმა, ანა ბუჩუკურმა, ალექსანდრე მოწერელიამ, მიხეილ დაუშვილმა და შალვა კერესელიძემ.

როგორც ხოჯევანიშვილმა განმარტა, ისინი ყოფილი პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას გუნდის წევრები არიან და დღეიდან  პარტიის მშენებლობის ეტაპზე გადადიან. 

„ჩვენ ვართ გიორგი გახარიას გუნდის წევრები და თანამოაზრეები, რომელთაც გვაერთიანებს საერთო ღირებულებები და ფასეულობები. ჩვენ დღეიდან გიორგი გახარიასთან ერთად პარტიის მშენებლობის ახალ ეტაპზე გადავდივართ. შესაბამისად, ვტოვებთ „ქართულ ოცნებას", - აღნიშნა დეპუტატმა.

გახარიამ პრემიერის პოსტის დატოვების შესახებ განცხადება 18 თებერვალს გააკეთა, რაც ყველასთვის, პირველ რიგში კი საკუთარი გუნდისთვის დიდი მოულოდნელობა იყო. ექს-პრემიერმა მიზეზად თავის გუნდთან – „ქართულ ოცნებასთან“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე უთანხმოება დაასახელა. მარტის ბოლოს ექს-პრემიერმა დუმილი დაარღვია და განაცხადა, რომ არ აპირებს პოლიტიკიდან წასვლას და მისი სამომავლო გეგმების შესახებ ცნობილი მალე გახდება. 

საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსი მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ფავორიტად და მინისტრთა კაბინეტში ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლებოდა.

მას მთავრობის მეთაურის პოსტი 2019 წლის სექტემბრიდან 2021 წლის 18 თებერვლამდე ეკავა.

აშშ–ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევაში პოპულარული ადამიანების რეიტინგში გახარიამ მეორე ადგილი დაიკავა – მის მიმართ სიმპათიითაა განწყობილი მოსახლეობის 65%. პირველ ადგილზეა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი 89%–ით, ხოლო მესამეზეა თბილისის მერი კახა კალაძე 54%–ით.

 

29
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
ნიკა მელია

რატომ არ მოითხოვა პროკურორმა ნიკა მელიასათვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლა

46
(განახლებულია 00:09 14.04.2021)
თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა.

თბილისი, 13 აპრილი - Sputnik. ნიკა მელიასთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობისთვის საჭირო იყო დაცვის მხარის მზადყოფნა, რომ ის გირაოს თანხას გადაიხდიდა, განაცხადა პროკურორმა ამირან გულუაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია დღეს პატიმრობაში დატოვა.

„იმისთვის, რომ ბრალდების მხარეს ეშუამდგომლა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, უნდა არსებულიყო დაცვის მხარის პოზიცია, რომ ის ეთანხმება გირაოს გამოყენებას და ეს დაცვისა და ბრალდების მხარეს შორის მოლაპარაკების გზით უნდა გადაჭრილიყო. არანაირი სახის ინიციატივა დაცვის მხარისგან 25 თებერვლის შემდგომ არ დაფიქსირებულა“, - განაცხადა პროკურორმა ამირან გულუაშვილმა.

პროკურორის თქმით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მელიას ადვოკატებმა პირდაპირ განაცხადეს, რომ არ ეთანხმებიან არანაირ ალტერნატივას აღმკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით, მათ ასევე არ შეუთავაზებიათ სასამართლოსთვის არანაირი ალტერნატივა, უბრალოდ საკუთარი პოზიციის დაფიქსირების დროს განაცხადეს, რომ ნიკა მელია უნდა დარჩეს აღკვეთის ღონისძიების გარეშე და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდეს.

მისი თქმით, ეს არის დაცვის მხარის პოზიცია და, შესაბამისად, ავტომატური უარი ბრალდების მხარის შემოთავაზებაზე.

„დაცვის მხარეს ამ შემოთავაზების პარალელურად რაიმე ნაბიჯი არ გადაუდგამს. შესაბამისად, ახალი გარემოება ამ საკითხთან დაკავშირებით დღევანდელ სასამართლო სხდომაზე არ დაფიქსირებულა. ამის გამო ვერ ვიშუამდგომლებდით პატიმრობის შეცვლას გირაოთი“, - განმარტა გულუაშვილმა.

ნიკა მელიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა კი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ პროკურატურას წინააღმდეგობრივი და გაუგებარი პოზიცია ჰქონდა.

„ერთი მხრივ, ისინი ამტკიცებდნენ, რომ გირაოს გადახდის შემთხვევაში არ არიან წინააღმდეგი, რომ ნიკა მელია იყოს თავისუფალი, ხოლო მეორე მხრივ, მხარს უჭერდნენ მის პატიმრობაში დატოვებას. აი, ასეთი ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციების არსებობისას, ბუნებრივია, სასამართლოს ერთადერთი გამოსავალი ჰქონდა“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.

მელიას ადვოკატისთვის მოსალოდნელი იყო, რომ ხელისუფლება არ მიიღებდა „გონივრულ გადაწყვეტილებას“ ნიკა მელიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

„თუკი აქამდე ნიკა მელია იყო პოლიტიკური პატიმარი, დღევანდელი პროცესის შემდეგ ის არის პოლიტიკური ტყვე, რომელსაც ხელისუფლება ოპოზიციასთან მოლაპარაკების პროცესში ვაჭრობის საგნად იყენებს“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.

ნიკა მელიას მეორე ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, მოსამართლის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება იკითხებოდა პროცესის პირველივე წუთებიდანვე. მისი თქმით, დაცვის მხარე გააგრძელებს „ბრძოლას ყველა მეთოდით, რაც არის სამართლებრივი თვალსაზრისით დაშვებული, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ევროპულ ასპარეზზე“.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას საქმის მოსმენა 8 აპრილს იყო ჩანიშნული,  თუმცა პროცესი 13 აპრილისთვის გადაიდო, რითიც მოსამართლემ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა და მელიას სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება მისცა.

მელიამ დღეს პროცესზე სიტყვით რამდენჯერმე ისარგებლა. მოსამართლის მისამართით გამოთქმული შეურაცხმყოფელო რეპლიკების გამო იგი პროცესიდან გააძევეს. შესაბამისად, მელია მომდევნო სხდომას ვერ დაესწრება.

შემდეგი სასამართლო პროცესი 29 აპრილს, 13:00 საათზე  არის ჩანიშნული.

მელიას პატიმრობა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დავის ერთ-ერთი მთავარი საგანია. დასავლეთის მკაცრი კრიტიკის შემდეგ საქართველოს პროკურატურამ მზადყოფნა გამოთქვა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების გადახედვის თაობაზე სასამართლოს მიმართოს, თუ მელია 40 ათასი ლარის ოდენობით გირაოს გადახდაზე თანხმობას განაცხადებს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს ბრალად ედება 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტზე შტურმის დროს „ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა“. ოპოზიციის ლიდერი მიმდინარე წლის 23 თებერვალს დააკავეს, მას შემდეგ, რაც შეფარდებული გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს მიაჩნია, რომ მისთვის გირაო უკანონოდ არის დაკისრებული და ამიტომ არ აპირებს მის გადახდას.

46
Логотип компании Georgian Water and Power (GWP)

თბილისსა და მცხეთაში GWP-ის სერვის–ცენტრები მუშაობის ახალ რეჟიმზე გადადიან

0
(განახლებულია 14:22 14.04.2021)
კომპანია 15 აპრილიდან სერვის–ცენტრების მუშაობას აჩერებს და აბონენტებს დისტანციურ მომსახურებას სთავაზობს

თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. წყალგამანაწილებელი კომპანია Georgian Water and Power-ის თბილისისა და მცხეთის სერვის–ცენტრებში 15 აპრილიდან მოქალაქეების ვიზიტი შეიზღუდება, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად და COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღო.

კომპანიის ცნობით, ქვეყნაში შექმნილი ეპიდვითარების გათვალისწინებით, აბონენტები მომსახურებას სრულად დისტანციურად მიიღებენ.

მოქალაქეები განცხადებებისა და დოკუმენტაციის გაგზავნას კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე (online@gwp.ge) შეძლებენ. დისტანციურად მიღებული განცხადებების განხილვის პროცესის დასრულების შემდეგ კი მომხმარებლები კომპანიისგან პასუხის ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ.

დისტანციური მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია კომპანიის ვებ-გვერდზე. კომპანიის ცნობით, დამატებითი ინფორმაცია გაიცემა ცხელი ხაზის (2 931111) მეშვეობითაც.

 

 

0