მამუკა მდინარაძე

მდინარაძე: ეს იყო „ნაცმოძრაობის" ფსევდოპატრიოტიზმით შეფუთული სამარცხვინო ისტერია

52
(განახლებულია 21:53 01.04.2021)
მმართველმა პარტიამ თბილისში ჟურნალისტ პოზნერის ჩამოსვლასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები შეაფასა.

თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. ჟურნალისტ ვლადიმირ პოზნერს არ აქვს დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი და მას საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის სრული უფლება ჰქონდა, განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ. 

გუშინ ცნობილი რუსი ჟურნალისტის თბილისში ვიზიტს საპროტესტო აქცია მოჰყვა. ოპოზიციის წევრებმა და აქტივისტებმა პოზნერის მიერ აფხაზეთთან დაკავშირებით ადრე გაკეთებული განცხადებები გააპროტესტეს.

საქართველოში მოქმედი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის თანახმად, ოფიციალური თბილისის ნებართვის გარეშე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შესვლა კანონდარღვევად ითვლება, რაც ითვალისწინებს დიდი ოდენობით ფულად ჯარიმას ან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი საქართველოში აშშ-ის მოქალაქის პასპორტით ტურისტული ვიზიტით იყო ჩამოსული. მას, ისევე, როგორც ნებისმიერ ამერიკელ, ევროპელ და, მათ შორის, რუს ტურისტს უფლება ჰქონდა, კოვიდ-რეგულაციების დაცვით, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, საქართველოში შემოსულიყო“, – განაცხადა მდინარაძემ. 

რაც შეეხება ქვეყანაში მოქმედი „კომენდანტის საათის“ პერიოდში თბილისის ერთ-ერთ დაწესებულებაში სტუმრების რეგულაციების დაცვის გარეშე შეკრებას, დეპუტატის თქმით, აღნიშნულ ფაქტს შესაბამისი სამსახურების მხრიდან მყისიერი რეაგირება მოჰყვა – დაჯარიმდა როგორც დაწესებულება, ისე იქ მყოფი ადამიანები.

ფრაქციის თავმჯდომარემ პოზნერის ვიზიტთან დაკავშირებით თბილისში განვითარებულ მოვლენებში ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაადანაშაულა.

„ეს ყველაფერი არის „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ფსევდოპატრიოტიზმით შეფუთული სამარცხვინო ისტერია. მათ სრული ისტერია აქვთ, რადგან ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც გამარგინალდნენ და ერთადერთი, რაც დარჩენიათ, არის ქვეყანაში მუდმივი რყევების და დესტრუქციის მცდელობა“, – განაცხადა მდინარაძემ.

ვლადიმირ პოზნერი თბილისში გუშინ ჩამოვიდა, ის დაბადების დღის აღნიშვნას გეგმავდა – 1 აპრილს მას 87 წელი უსრულდება. მასთან ერთად თბილისს მისი 50-მდე მეგობარი და კოლეგა ეწია. იგი საქართველოს დატოვებას 3 აპრილს გეგმავდა, მაგრამ ქვეყნის დატოვება დაგეგმილზე ადრე მოუხდა.

აქტივისტებმა და ოპოზიციის ლიდერებმა საპროტესტო აქცია თავიდან რესტორან „ვინოტელთან“ გამართეს, სადაც პოზნერი სტუმრებთან ერთად ვახშმობდა. აქციის მონაწილეებმა საბოლოოდ ვახშამი ჩაშალეს. მათ შრომის ინსპექციას აცნობეს იმის შესახებ, რომ რესტორანმა, პოზნერმა და მისმა სტუმრებმა საქართველოში მოქმედი „კომენდანტის საათი“ დაარღვიეს – 21:00 საათის შემდეგ 05:00 საათამდე გარეთ გასვლა აკრძალულია, ხოლო რესტორნებს ამ საათებში მუშაობა ეკრძალება.

„ვინოტელი“ სტუმრებმა პოლიციის კორდონის დახმარებით დატოვეს. საპროტესტო აქცია შემდეგ სასტუმრო Rooms Hotel-თან გაგრძელდა, სადაც პოზნერი გაჩერდა სხვა სტუმრებთან ერთად. აქტივისტებმა სასტუმროს შენობას კვერცხები დაუშინეს.

რესტორანი „ვინოტელი“ 10 ათასი ლარით დაჯარიმდა.

52
თემები:
როგორ ჩაიშალა პოზნერის დაბადების დღე საქართველოში (13)
გიორგი ვაშაძე

დღეს „ქართული ოცნების“ და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება

22
მმართველმა პარტიამ 16 აპრილს საჯაროდ ცალმხრივად მოაწერა ხელი დოკუმენტს, რომელიც ქართველ პოლიტიკოსებს შუამავლებმა შესთავაზეს

თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. „ქართული ოცნების“ და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა დღეს თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გაიმართება.

მარტის ბოლოს თბილისს მეორედ ესტუმრა ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი, რომელმაც მხარეებს კომპრომისული დოკუმენტი შესთავაზა. მაგრამ მაშინ მისი წინადადებები მხარეებმა უარყვეს.

„პირველი არხის“ ინფორმაციით, შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება და შუამავალი ელჩების მონაწილეობით ჩატარდება.

მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 16 აპრილს საჯაროდ ცალმხრივად მოაწერა ხელი დოკუმენტს, რომელიც ქართველ პოლიტიკოსებს დანიელსონმა შესთავაზა.

საპარლამენტო არჩევნებიდან თითქმის ექვსი თვის შემდეგ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი კვლავ არ აღიარებს კენჭისყრის შედეგებს და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ განიხილავს ამ საკითხს „წითელ ხაზად“, არჩევნების გაყალბების ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და ოპოზიციას მოლაპარაკებებზე ყურადღების სხვა საკითხებზე გამახვილებას სთავაზობს.

რას მოაწერა ხელი „ქართულმა ოცნებამ“? ოპოზიციასთან შეთანხმების დეტალები >>

ოპოზიციის კიდევ ერთი პრინციპული მოთხოვნაა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას და ოპოზიციური ტელეარხ „მთავარის“ თანამფლობელის, გიორგი რურუას გათავისუფლება, რომელთაც პოლიტპატიმრებად მიიჩნევს. ამ საკითხში მმართველი პარტია დათმობაზე უარს აცხადებს.

22
საპროტესტო ავტოგარბენი რუსთავის ციხის მიმართულებით

საქართველოს ოპოზიციურმა პარტიებმა 19 აპრილისთვის საპროტესტო აქცია დააანონსეს

51
(განახლებულია 22:52 17.04.2021)
კერძოდ, აქციაზე გაკეთდება განცხადება 15 მაისის ღონისძიებაზე და მთლიანობაში ოპოზიციის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით

თბილისი, 17 აპრილი - Sputnik. ოპოზიციური პარტიები 19 აპრილს რიყის პარკში საპროტესტო აქციაზე შეიკრიბებიან, განაცხადა პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა.

ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა გასული წლის ბოლოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით გაერთიანდა.

„19 აპრილს, 15:00 საათზე რიყეზე იქნება არა ის დიდი აქცია, არამედ უფრო საერთო შტაბის წარდგენა. თითოეული პარტია ალბათ 15-15 ადამიანს წარმოვადგენთ“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მისი თქმით, აქციაზე გაკეთდება განცხადება 15 მაისის ღონისძიების თაობაზე და ოპოზიციის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.

ოპოზიცია 15 მაისს თბილისის ცენტრში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით მასშტაბურ აქციას გეგმავს და რეგიონებში უკვე შეხვედრები დაიწყო.

ამასთან, მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ პარასკევს ხელი მოაწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მიერ 30 მარტს შემოთავაზებულ დოკუმენტს, რომელიც პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლას ემსახურება.

თავის მხრივ, ოპოზიცია ხუთიდან მხოლოდ სამ პუნქტს ეთანხმება და არ აპირებს ამ დოკუმენტის ხელმოწერას, სანამ პატიმრობაში მყოფი „ნაცმოძრაობის“ ლიდერი ნიკა ნელია და ტელეარხ „მთავარის“ თანამფლობელი გიორგი რურუა არ გათავისუფლდებიან და დოკუმენტში ვადამდელი არჩევნების შესახებ ჩანაწერი არ გაჩნდება.

ვადამდელი არჩევნების საკითხი დღის წესრიგში დადგა 2020 წლის 31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელთა შედეგადაც „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლების შენარჩუნება ზედიზედ მესამედ შეძლო. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ხელისუფლებამ სახელმწიფო რესურსი გამოიყენა და არჩევნები გააყალბა.

51
კამალა ჰარისი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მკვლელობის მუქარის ბრალდებით ფლორიდაში 39 წლის ექთანი დააკავეს

0
(განახლებულია 11:30 18.04.2021)
ქალის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ვიცე-პრეზიდენტისთვის „რეალურ საფრთხეს არ წარმოადგენდა“ და თავის აღშფოთებას მხოლოდ ქმართან ურთიერთობაში ავლენდა.

თბილისი, 18 აპრილი - Sputnik. აშშ-ის ფედერალურმა ხელისუფლებამ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის მკვლელობის მუქარის ბრალდებით ფლორიდის მკვიდრი ქალი დააკავა, იუწყება გამოცემა USA Today.

სამართალდამცველებმა 39 წლის ექთანი ნივიან პეტი ფელპსი (Niviane Petit Phelps) ხუთშაბათს დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ბრალდებული „შეგნებულად და განზრახ იმუქრებოდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მოკვლით და სხეულის დაზიანების მიყენებით“.

საიდუმლო სამსახურის მონაცემებით, ბრალდებულმა მეუღლეს, რომელიც ციხეში პატიმრობას იხდის, რამდენიმე ვიდეო გაუგზავნა, სადაც გამოხატავდა რისხვას 2020 წლის არჩევნების შედეგების გამო, ასევე იარაღის ტარების ნებართვას მოითხოვდა. სასამართლოს ხელთ არსებული დოკუმენტებით, ფელპსმა ჩაწერა ხუთი ვიდეორგოლი, სადაც ჰარისის მოკვლით იმუქრებოდა და კონკრეტულ თარიღს ასახელებდა. აღნიშნულია, რომ ქალის მუქარას ამყარებდა მისი რწმენა, თითქოს ჰარისი „სინამდვილეში შავკანიანი არაა“.

სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციამ, რომელშიც ფელპსი 20 წლის განმავლობაში მუშაობდა, განაცხადა, რომ მას დაითხოვენ.

ქალის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ვიცე-პრეზიდენტისთვის „რეალურ საფრთხეს არ წარმოადგენდა“ და თავის აღშფოთებას მხოლოდ ქმართან ურთიერთობაში ავლენდა.

0