ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერი: პოზნერი და მისი მეგობრები ქვეყანაში კანონის სრული დაცვით შემოვიდნენ

107
(განახლებულია 17:28 01.04.2021)
საქართველოს მთავრობის მეთაურმა თბილისში ვლადიმირ პოზნერის ჩამოსვლასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები შეაფასა.

თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. ცნობილი ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი და მისი მეგობრები ქვეყნის ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შემოვიდნენ, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.

ცნობილი რუსი ჟურნალისტის თბილისში ვიზიტს საპროტესტო აქცია მოჰყვა. ოპოზიციის წევრები და აქტივისტები მოითხოვდნენ დაზუსტებას, საქართველოში ჩამოსვლით დაარღვია თუ არა პოზნერმა ოკუპაციის შესახებ კანონი. საპროტესტო აქციის მონაწილეებისთვის ასევე მიუღებელი იყო პოზნერის მიერ აფხაზეთთან დაკავშირებით ადრე გაკეთებული განცხადებები.

„ვლადიმერ პოზნერს, რომელიც არის აგრეთვე აშშ-ის მოქალაქე, არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ. ის ხშირად სტუმრობს საქართველოს აშშ-ის პასპორტით. ეს იყო მორიგი კერძო ხასიათის ვიზიტი. ამასთან, მას და მის თანმხლებ პირებს ჰქონდათ ე.წ. კოვიდ–პასპორტი და ასევე PCR–ტესტის ნეგატიური პასუხი“, – განაცხადა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან ღარიბაშვილმა. 

ამასთან, პრემიერმა გუშინ განვითარებულ მოვლენებში ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაადანაშაულა.

„ჩვენი მოქალაქეების გარკვეულმა ნაწილმა პროტესტის გამოხატვა გადაწყვიტა, რითიც დესტრუქციულმა ძალამ, „ნაცმოძრაობამ“ ისარგებლა და, როგორც ხდება ხოლმე, მოვლენები საკუთარ დღის წესრიგში შეიტანა. და ამჯერად „ნაცმოძრაობის“, კერძოდ კი სააკაშვილის მიზანი იყო დესტრუქცია, საბოტაჟი და ჩვენი ქვეყნისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენება და საერთაშორისო იმიჯის შელახვა. და მათ ყოველივე ეს იმ ფონზე გააკეთეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა ნაწილობრივ გაიხსნა ტურისტებისთვის“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

საქართველოში მოქმედი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის თანახმად, ოფიციალური თბილისის ნებართვის გარეშე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შესვლა კანონდარღვევად ითვლება, რაც ითვალისწინებს დიდი ოდენობით ფულად ჯარიმას ან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

მთავრობის მეთაურმა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პროტესტის ამ ფორმით გამოხატვის გამო გააკრიტიკა.

„რა თქმა უნდა, სრულიად მიუღებელია „ნაცმოძრაობის“, მისი ლიდერებისა და დაჯგუფებების პროტესტის ეს ფორმა, რომელიც ცივილიზებულ ნორმებსა და სტანდარტებს აშკარად გასცდა. ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ „ნაცმოძრაობა“ აბსოლუტურად რადიკალურ და დეგრადირებულ ჯგუფად ჩამოყალიბდა, რომელთანაც ცივილიზებული დიალოგი შეუძლებელია“, – აღნიშნა პრემიერმა. 

რაც შეეხება თბილისის ერთ-ერთ დაწესებულებაში სტუმრების შეკრებას რეგულაციების დაცვის გარეშე, ეს მიუღებელია, აღნიშნა პრემიერმა.

„შესაბამის უწყებებს ჰქონდათ მყისიერი რეაგირება. კერძოდ, დაჯარიმდა როგორც დაწესებულება, ასევე თითოეული ფიზიკური პირი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ვლადიმირ პოზნერი თბილისში გუშინ ჩამოვიდა, ის დაბადების დღის აღნიშვნას გეგმავდა – 1 აპრილს მას 87 წელი უსრულდება. მასთან ერთად თბილისს მისი 50-მდე მეგობარი და კოლეგა ეწია. იგი საქართველოს დატოვებას 3 აპრილს გეგმავდა, თუმცა ქვეყნის დატოვება დაგეგმილზე ადრე მოუხდა. აქტივისტებმა და ოპოზიციის ლიდერებმა საპროტესტო აქცია თავიდან რესტორან „ვინოტელთან“ გამართეს, სადაც პოზნერი სტუმრებთან ერთად ვახშმობდა. აქციის მონაწილეებმა საბოლოოდ ვახშამი ჩაშალეს. მათ შრომის ინსპექციას აცნობეს იმის შესახებ, რომ რესტორანმა, პოზნერმა და მისმა სტუმრებმა საქართველოში მოქმედი „კომენდანტის საათი“ დაარღვიეს – 21:00 საათის შემდეგ 05:00 საათამდე გარეთ გასვლა აკრძალულია, ხოლო რესტორნებს ამ საათებში მუშაობა ეკრძალება.

„ვინოტელი“ სტუმრებმა პოლიციის კორდონის დახმარებით დატოვეს. საპროტესტო აქცია კი შემდეგ სასტუმრო Rooms Hotel-თან გაგრძელდა, სადაც პოზნერი გაჩერდა სხვა სტუმრებთან ერთად. აქტივისტებმა სასტუმროს შენობას კვერცხები დაუშინეს.

რესტორანი „ვინოტელი“ 10 ათასი ლარით დაჯარიმდა.

107
თემები:
როგორ ჩაიშალა პოზნერის დაბადების დღე საქართველოში (13)
გიორგი გახარია

ახალი პოლიტიკური ძალა: „ქართული ოცნების" ექვსი დეპუტატი გახარიას შეუერთდა

29
(განახლებულია 14:28 14.04.2021)
როგორც ადრე საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ბექა დავითულიანმა განაცხადა, პარტიის შექმნის შემთხვევაში ყოფილი პრემიერი „ქართული ოცნების“ კონკურენტი გახდება.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. პარლამენტში მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რიგები ექვსმა დეპუტატმა დატოვა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადება გორისა და კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ხოჯევანიშვილთან ერთად, საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს დეპუტატებმა ბექა ლილუაშვილმა, ანა ბუჩუკურმა, ალექსანდრე მოწერელიამ, მიხეილ დაუშვილმა და შალვა კერესელიძემ.

როგორც ხოჯევანიშვილმა განმარტა, ისინი ყოფილი პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას გუნდის წევრები არიან და დღეიდან  პარტიის მშენებლობის ეტაპზე გადადიან. 

„ჩვენ ვართ გიორგი გახარიას გუნდის წევრები და თანამოაზრეები, რომელთაც გვაერთიანებს საერთო ღირებულებები და ფასეულობები. ჩვენ დღეიდან გიორგი გახარიასთან ერთად პარტიის მშენებლობის ახალ ეტაპზე გადავდივართ. შესაბამისად, ვტოვებთ „ქართულ ოცნებას", - აღნიშნა დეპუტატმა.

გახარიამ პრემიერის პოსტის დატოვების შესახებ განცხადება 18 თებერვალს გააკეთა, რაც ყველასთვის, პირველ რიგში კი საკუთარი გუნდისთვის დიდი მოულოდნელობა იყო. ექს-პრემიერმა მიზეზად თავის გუნდთან – „ქართულ ოცნებასთან“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე უთანხმოება დაასახელა. მარტის ბოლოს ექს-პრემიერმა დუმილი დაარღვია და განაცხადა, რომ არ აპირებს პოლიტიკიდან წასვლას და მისი სამომავლო გეგმების შესახებ ცნობილი მალე გახდება. 

საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსი მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ფავორიტად და მინისტრთა კაბინეტში ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლებოდა.

მას მთავრობის მეთაურის პოსტი 2019 წლის სექტემბრიდან 2021 წლის 18 თებერვლამდე ეკავა.

აშშ–ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევაში პოპულარული ადამიანების რეიტინგში გახარიამ მეორე ადგილი დაიკავა – მის მიმართ სიმპათიითაა განწყობილი მოსახლეობის 65%. პირველ ადგილზეა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი 89%–ით, ხოლო მესამეზეა თბილისის მერი კახა კალაძე 54%–ით.

 

29
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
ნიკა მელია

რატომ არ მოითხოვა პროკურორმა ნიკა მელიასათვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლა

46
(განახლებულია 00:09 14.04.2021)
თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა.

თბილისი, 13 აპრილი - Sputnik. ნიკა მელიასთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობისთვის საჭირო იყო დაცვის მხარის მზადყოფნა, რომ ის გირაოს თანხას გადაიხდიდა, განაცხადა პროკურორმა ამირან გულუაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია დღეს პატიმრობაში დატოვა.

„იმისთვის, რომ ბრალდების მხარეს ეშუამდგომლა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, უნდა არსებულიყო დაცვის მხარის პოზიცია, რომ ის ეთანხმება გირაოს გამოყენებას და ეს დაცვისა და ბრალდების მხარეს შორის მოლაპარაკების გზით უნდა გადაჭრილიყო. არანაირი სახის ინიციატივა დაცვის მხარისგან 25 თებერვლის შემდგომ არ დაფიქსირებულა“, - განაცხადა პროკურორმა ამირან გულუაშვილმა.

პროკურორის თქმით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მელიას ადვოკატებმა პირდაპირ განაცხადეს, რომ არ ეთანხმებიან არანაირ ალტერნატივას აღმკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით, მათ ასევე არ შეუთავაზებიათ სასამართლოსთვის არანაირი ალტერნატივა, უბრალოდ საკუთარი პოზიციის დაფიქსირების დროს განაცხადეს, რომ ნიკა მელია უნდა დარჩეს აღკვეთის ღონისძიების გარეშე და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდეს.

მისი თქმით, ეს არის დაცვის მხარის პოზიცია და, შესაბამისად, ავტომატური უარი ბრალდების მხარის შემოთავაზებაზე.

„დაცვის მხარეს ამ შემოთავაზების პარალელურად რაიმე ნაბიჯი არ გადაუდგამს. შესაბამისად, ახალი გარემოება ამ საკითხთან დაკავშირებით დღევანდელ სასამართლო სხდომაზე არ დაფიქსირებულა. ამის გამო ვერ ვიშუამდგომლებდით პატიმრობის შეცვლას გირაოთი“, - განმარტა გულუაშვილმა.

ნიკა მელიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა კი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ პროკურატურას წინააღმდეგობრივი და გაუგებარი პოზიცია ჰქონდა.

„ერთი მხრივ, ისინი ამტკიცებდნენ, რომ გირაოს გადახდის შემთხვევაში არ არიან წინააღმდეგი, რომ ნიკა მელია იყოს თავისუფალი, ხოლო მეორე მხრივ, მხარს უჭერდნენ მის პატიმრობაში დატოვებას. აი, ასეთი ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციების არსებობისას, ბუნებრივია, სასამართლოს ერთადერთი გამოსავალი ჰქონდა“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.

მელიას ადვოკატისთვის მოსალოდნელი იყო, რომ ხელისუფლება არ მიიღებდა „გონივრულ გადაწყვეტილებას“ ნიკა მელიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

„თუკი აქამდე ნიკა მელია იყო პოლიტიკური პატიმარი, დღევანდელი პროცესის შემდეგ ის არის პოლიტიკური ტყვე, რომელსაც ხელისუფლება ოპოზიციასთან მოლაპარაკების პროცესში ვაჭრობის საგნად იყენებს“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.

ნიკა მელიას მეორე ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, მოსამართლის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება იკითხებოდა პროცესის პირველივე წუთებიდანვე. მისი თქმით, დაცვის მხარე გააგრძელებს „ბრძოლას ყველა მეთოდით, რაც არის სამართლებრივი თვალსაზრისით დაშვებული, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ევროპულ ასპარეზზე“.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას საქმის მოსმენა 8 აპრილს იყო ჩანიშნული,  თუმცა პროცესი 13 აპრილისთვის გადაიდო, რითიც მოსამართლემ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა და მელიას სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება მისცა.

მელიამ დღეს პროცესზე სიტყვით რამდენჯერმე ისარგებლა. მოსამართლის მისამართით გამოთქმული შეურაცხმყოფელო რეპლიკების გამო იგი პროცესიდან გააძევეს. შესაბამისად, მელია მომდევნო სხდომას ვერ დაესწრება.

შემდეგი სასამართლო პროცესი 29 აპრილს, 13:00 საათზე  არის ჩანიშნული.

მელიას პატიმრობა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დავის ერთ-ერთი მთავარი საგანია. დასავლეთის მკაცრი კრიტიკის შემდეგ საქართველოს პროკურატურამ მზადყოფნა გამოთქვა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების გადახედვის თაობაზე სასამართლოს მიმართოს, თუ მელია 40 ათასი ლარის ოდენობით გირაოს გადახდაზე თანხმობას განაცხადებს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს ბრალად ედება 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტზე შტურმის დროს „ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა“. ოპოზიციის ლიდერი მიმდინარე წლის 23 თებერვალს დააკავეს, მას შემდეგ, რაც შეფარდებული გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს მიაჩნია, რომ მისთვის გირაო უკანონოდ არის დაკისრებული და ამიტომ არ აპირებს მის გადახდას.

46
ნანიკო ხაზარაძე და ლევან მათითაშვილი

„მეგრელებო, ყურადღებით მოუსმინეთ...“ - ნანიკო ხაზარაძემ მეუღლესთან ერთად მეგრულად იმღერა

0
(განახლებულია 11:48 14.04.2021)
ნანიკო ხაზარაძე მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ტელეწამყვანის პოზიტიური ხასიათი გადამდებია

ცნობილმა ტელეწამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ, რომელსაც მეუღლესთან, ფსიქოლოგ ლევან მათითაშვილთან ერთად რადიოგადაცემა მიჰყავს, მეგობარს დაბადების დღის მილოცვის ნიშნად მეგრულად უმღერა. „მეგრელებო, ყურადღებით უსმინეთ“ - მოუწოდებს ნანიკო სოციალური ქსელის მომხმარებლებს და სახალისო ვიდეოს აქვეყნებს.

ცნობილმა ტელეწამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ და მისმა მეუღლემ, ფსიქოლოგმა ლევან მათითაშვილმა სიყვარულის ისტორიაზე რამდენიმე კვირის წინ ისაუბრეს. „იმედის დღეში“ წყვილმა აღნიშნა, რომ ბავშვობიდანვე ბევრი საერთოს მიუხედავად, ერთმანეთი ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს.

ლევანის თქმით, ნანიკო ყოველთვის ახსოვდა, რადგან მასზე 6 წლით დიდია და როდესაც ბავშვი იყო, მუდმივად ადევნებდა ნანიკოს ცხოვრებას თვალს. აღმოჩნდა, რომ ლევანის ექიმი ბავშვობაში ნანიკოს ბებია იყო. ნანიკომ კი ლევანს ყურადღება მას შემდეგ მიაქცია, რაც მასთან გადაცემაში ლევანის ძმა, ცნობილი პლასტიკური ქირურგი კოტე მათითაშვილი მივიდა და მაშინ ლევანს მისწერა, თქვენ ძმები ხომ არ ხართო.

ნანიკო იხსენებს, რომ სწორედ მას შემდეგ დაიწყო მას და ლევანს შორის აქტიური საუბარი სოციალურ ქსელში, რომელმაც შემდეგ რეალურ ცხოვრებაში გადაინაცვლა. წყვილი 2018 წლის ნოემბერში დაქორწინდა და ახლა ერთად რადიოგადაცემასაც უძღვებიან.

0
თემები:
ქართველი სელებრითები