კახა კალაძე

კახა კალაძე მერობაზე მეორედ იყრის კენჭს? „ქართულმა ოცნებამ“ გეგმები გაახმოვანა

124
მმართველ პარტიაში აღნიშნეს, რომ მიმდინარე პოლიტიკური პროცესების და ოპოზიციასთან დიალოგის დასრულების შემდეგ აქტიურად გადაერთვებიან არჩევნებზე

თბილისი, 31 მარტი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 2021 წლის არჩევნებზე თბილისის მოქმედ მერს, კახა კალაძეს მეორე ვადით კენჭისყრას შესთავაზებს, განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ტელეარხ Rustavi 2-ის ეთერში.

კახა კალაძე თბილისის მერად 2017 წელს აირჩიეს. მაშინ მან ამომრჩეველთა ხმების 51,09% მოიპოვა - მას მხარი 204 ათასზე მეტმა თბილისელმა დაუჭირა.

„რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკური პარტია უკვე იწყებს მზადებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, მიმდინარე პოლიტიკური პროცესების და ამ დიალოგის დასრულების შემდეგ ჩვენ უკვე გადავერთვებით აქტიურად თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებაზეც... ჯერ ადრეა მერობის კანდიდატის დასახელება, თუმცა პირველი შეთავაზება გუნდისგან რა თქმა უნდა ექნება სწორედ კახი კალაძეს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან მან აღნიშნა, რომ კალაძე არ არის ის ლიდერი, რომელიც თავის დაპირებებს არ ასრულებს.

„კახა კალაძე არ არის ის ლიდერი, რომელიც ტოვებს თამაშს ვადამდე, ტოვებს თამაშს ისე, რომ თავისი პირობები არ შეასრულოს. მე გარწმუნებთ, რომ ის თავის უფლებამოსილებას შეასრულებს ბოლომდე და ჩვენი გუნდი ერთად, მაქსიმალურად შევეცდებით, რომ თბილისელებისთვის მიცემული პირობებიც იყოს შესრულებული მაქსიმალურად“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ამასთან, კახა კალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა არასტაბილურია. ამჟამად თბილისის მერი კლინიკაში ვესტობულოპათიის დიაგნოზით იმყოფება.

 

 

124
გიორგი გახარია

ახალი პოლიტიკური ძალა: „ქართული ოცნების" ექვსი დეპუტატი გახარიას შეუერთდა

27
(განახლებულია 14:28 14.04.2021)
როგორც ადრე საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ბექა დავითულიანმა განაცხადა, პარტიის შექმნის შემთხვევაში ყოფილი პრემიერი „ქართული ოცნების“ კონკურენტი გახდება.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. პარლამენტში მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რიგები ექვსმა დეპუტატმა დატოვა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადება გორისა და კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ხოჯევანიშვილთან ერთად, საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს დეპუტატებმა ბექა ლილუაშვილმა, ანა ბუჩუკურმა, ალექსანდრე მოწერელიამ, მიხეილ დაუშვილმა და შალვა კერესელიძემ.

როგორც ხოჯევანიშვილმა განმარტა, ისინი ყოფილი პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას გუნდის წევრები არიან და დღეიდან  პარტიის მშენებლობის ეტაპზე გადადიან. 

„ჩვენ ვართ გიორგი გახარიას გუნდის წევრები და თანამოაზრეები, რომელთაც გვაერთიანებს საერთო ღირებულებები და ფასეულობები. ჩვენ დღეიდან გიორგი გახარიასთან ერთად პარტიის მშენებლობის ახალ ეტაპზე გადავდივართ. შესაბამისად, ვტოვებთ „ქართულ ოცნებას", - აღნიშნა დეპუტატმა.

გახარიამ პრემიერის პოსტის დატოვების შესახებ განცხადება 18 თებერვალს გააკეთა, რაც ყველასთვის, პირველ რიგში კი საკუთარი გუნდისთვის დიდი მოულოდნელობა იყო. ექს-პრემიერმა მიზეზად თავის გუნდთან – „ქართულ ოცნებასთან“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე უთანხმოება დაასახელა. მარტის ბოლოს ექს-პრემიერმა დუმილი დაარღვია და განაცხადა, რომ არ აპირებს პოლიტიკიდან წასვლას და მისი სამომავლო გეგმების შესახებ ცნობილი მალე გახდება. 

საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსი მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ფავორიტად და მინისტრთა კაბინეტში ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლებოდა.

მას მთავრობის მეთაურის პოსტი 2019 წლის სექტემბრიდან 2021 წლის 18 თებერვლამდე ეკავა.

აშშ–ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევაში პოპულარული ადამიანების რეიტინგში გახარიამ მეორე ადგილი დაიკავა – მის მიმართ სიმპათიითაა განწყობილი მოსახლეობის 65%. პირველ ადგილზეა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი 89%–ით, ხოლო მესამეზეა თბილისის მერი კახა კალაძე 54%–ით.

 

27
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
ნიკა მელია

რატომ არ მოითხოვა პროკურორმა ნიკა მელიასათვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლა

46
(განახლებულია 00:09 14.04.2021)
თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა.

თბილისი, 13 აპრილი - Sputnik. ნიკა მელიასთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობისთვის საჭირო იყო დაცვის მხარის მზადყოფნა, რომ ის გირაოს თანხას გადაიხდიდა, განაცხადა პროკურორმა ამირან გულუაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია დღეს პატიმრობაში დატოვა.

„იმისთვის, რომ ბრალდების მხარეს ეშუამდგომლა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, უნდა არსებულიყო დაცვის მხარის პოზიცია, რომ ის ეთანხმება გირაოს გამოყენებას და ეს დაცვისა და ბრალდების მხარეს შორის მოლაპარაკების გზით უნდა გადაჭრილიყო. არანაირი სახის ინიციატივა დაცვის მხარისგან 25 თებერვლის შემდგომ არ დაფიქსირებულა“, - განაცხადა პროკურორმა ამირან გულუაშვილმა.

პროკურორის თქმით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მელიას ადვოკატებმა პირდაპირ განაცხადეს, რომ არ ეთანხმებიან არანაირ ალტერნატივას აღმკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით, მათ ასევე არ შეუთავაზებიათ სასამართლოსთვის არანაირი ალტერნატივა, უბრალოდ საკუთარი პოზიციის დაფიქსირების დროს განაცხადეს, რომ ნიკა მელია უნდა დარჩეს აღკვეთის ღონისძიების გარეშე და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდეს.

მისი თქმით, ეს არის დაცვის მხარის პოზიცია და, შესაბამისად, ავტომატური უარი ბრალდების მხარის შემოთავაზებაზე.

„დაცვის მხარეს ამ შემოთავაზების პარალელურად რაიმე ნაბიჯი არ გადაუდგამს. შესაბამისად, ახალი გარემოება ამ საკითხთან დაკავშირებით დღევანდელ სასამართლო სხდომაზე არ დაფიქსირებულა. ამის გამო ვერ ვიშუამდგომლებდით პატიმრობის შეცვლას გირაოთი“, - განმარტა გულუაშვილმა.

ნიკა მელიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა კი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ პროკურატურას წინააღმდეგობრივი და გაუგებარი პოზიცია ჰქონდა.

„ერთი მხრივ, ისინი ამტკიცებდნენ, რომ გირაოს გადახდის შემთხვევაში არ არიან წინააღმდეგი, რომ ნიკა მელია იყოს თავისუფალი, ხოლო მეორე მხრივ, მხარს უჭერდნენ მის პატიმრობაში დატოვებას. აი, ასეთი ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციების არსებობისას, ბუნებრივია, სასამართლოს ერთადერთი გამოსავალი ჰქონდა“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.

მელიას ადვოკატისთვის მოსალოდნელი იყო, რომ ხელისუფლება არ მიიღებდა „გონივრულ გადაწყვეტილებას“ ნიკა მელიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

„თუკი აქამდე ნიკა მელია იყო პოლიტიკური პატიმარი, დღევანდელი პროცესის შემდეგ ის არის პოლიტიკური ტყვე, რომელსაც ხელისუფლება ოპოზიციასთან მოლაპარაკების პროცესში ვაჭრობის საგნად იყენებს“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.

ნიკა მელიას მეორე ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, მოსამართლის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება იკითხებოდა პროცესის პირველივე წუთებიდანვე. მისი თქმით, დაცვის მხარე გააგრძელებს „ბრძოლას ყველა მეთოდით, რაც არის სამართლებრივი თვალსაზრისით დაშვებული, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ევროპულ ასპარეზზე“.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას საქმის მოსმენა 8 აპრილს იყო ჩანიშნული,  თუმცა პროცესი 13 აპრილისთვის გადაიდო, რითიც მოსამართლემ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა და მელიას სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება მისცა.

მელიამ დღეს პროცესზე სიტყვით რამდენჯერმე ისარგებლა. მოსამართლის მისამართით გამოთქმული შეურაცხმყოფელო რეპლიკების გამო იგი პროცესიდან გააძევეს. შესაბამისად, მელია მომდევნო სხდომას ვერ დაესწრება.

შემდეგი სასამართლო პროცესი 29 აპრილს, 13:00 საათზე  არის ჩანიშნული.

მელიას პატიმრობა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დავის ერთ-ერთი მთავარი საგანია. დასავლეთის მკაცრი კრიტიკის შემდეგ საქართველოს პროკურატურამ მზადყოფნა გამოთქვა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების გადახედვის თაობაზე სასამართლოს მიმართოს, თუ მელია 40 ათასი ლარის ოდენობით გირაოს გადახდაზე თანხმობას განაცხადებს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს ბრალად ედება 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტზე შტურმის დროს „ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა“. ოპოზიციის ლიდერი მიმდინარე წლის 23 თებერვალს დააკავეს, მას შემდეგ, რაც შეფარდებული გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს მიაჩნია, რომ მისთვის გირაო უკანონოდ არის დაკისრებული და ამიტომ არ აპირებს მის გადახდას.

46
პოლიცია

პროტესტი გრძელდება: რიონის ხეობაში რკინის ბარიკადები აღმართეს

0
(განახლებულია 14:08 14.04.2021)
რიონის ხეობაში საპროტესტო აქციები არ წყდება, მომიტინგეებს დღეს სამართალდამცველებმა გზა ჩაუხერგეს.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. სამართალდამცველებმა  რიონის ხეობაში „გუმათჰესთან“ რკინის ღობე აღმართეს, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან.

ძალოვანებმა ამ ფორმით გადაუკეტეს გზა დემონსტრანტებს, რომლებიც „ნამახვანჰესის“ კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიან. აქტივისტები „გუმათჰესიდან“ სოფელ ნამოხვანისკენ მსვლელობის მოწყობას გეგმავდნენ, რათა იქ მიმდინარე სამუშაებისთვის ხელი შეეშალათ. ახლა პროტესტის ნიშნად აქტივისტები რკინის ღობეებს მუშტებს ურტყამენ. 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღე გადაუღებლად წვიმდა. რადგანაც გამოიდარა, აქტივისტები დღეს უფრო მასშტაბურ აქციას გვპირდებიან და მათ, შესაძლოა, სხვა რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანებიც შეუერთდნენ.

გასულ ღამეს რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ინვესტორი კომპანია ENKA-ს ერთ-ერთი ოფისისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს. მოხდა დაპირისპირება, შედეგად დაკავებულია ექვსი  ადამიანი.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ნახევარი წლის წინ დაიწყო. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, შეწყდეს ჰესის მშენებლობა, ხელისუფლებამ კი თურქულ კომპანია Enka-სთან კონტრაქტი გააუქმოს. საკუთარი პოზიციის გასამყარებლად მომიტინგეები საუბრობენ გარემოზე ჰესის დამანგრეველ ზემოქმედებასა და საეჭვო გარიგებაზე ინვესტორთან. პასუხად საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რიმ მშენებლობას ექვსი თვით შეაჩერებენ, რათა კიდევ ერთხელ მოხდეს პროექტის გადამოწმება, თუმცა კონტრაქტის გაუქმებას არ აპირებენ.

თავის მხრივ, კომპანია ENKA-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „ნამახვანჰესის“ კასკადის პროექტი სრულიად უსაფრთხოა, გარდა ამისა, თურქული კომპანიის წარმომადგენელმა ელენე გუბიანურმა განაცხადა, რომ პროექტზე 1600 ადგილობრივი მაცხოვრებელი დასაქმდება.

0