ივანე მაჭავარიანი

ივანე მაჭავარიანმა ფინანსთა მინისტრის თანამდებობა დატოვა

100
(განახლებულია 18:30 31.03.2021)
რა გახდა მაჭავარიანის გადაწყვეტილების მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია. ის მინისტრთა კაბინეტში ვიცე-პრემიერის პოსტსაც იკავებდა.

თბილისი, 31 მარტი – Sputnik. საქართველოს ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი თანამდებობიდან გადადგა, ამის შესახებ პოლიტიკოსმა თავის Facebook-გვერდზე დაწერა.

მაჭავარიანმა ფინანსთა მინისტრის პოსტი 2018 წლის 12 იავნისს დაიკავა, ხოლო ვიცე-პრემიერის პოსტზე 2021 წლიდან დაინიშნა.

როგორც მაჭავარიანი წერს, ის თანამდებობიდან წასვლას ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გეგმავდა, თუმცა, მისი განცხადებით, ეს გადაწყვეტილება 2021 წლის კრიზისული ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურისა და ასევე, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის დასრულების თაობაზე მოლაპარაკებების გამო რამდენიმე თვით გადადო.

„ჩემთვის პატივი და ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობა იყო მემუშავა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდთან ერთად - მთავრობის ხელმძღვანელებთან, ჩემს კოლეგებთან მინისტრთა კაბინეტში, პარლამენტის წევრებთან“, -წერს მაჭავარიანი.

მან მმართველ პარტიასა და მინისტრთა კაბინეტს რთულ პერიოდში კოორდინირებულად მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა იმ გამოწვევების დაძლევაში, რომლის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას.

„მინდა ასევე მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს - საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, დონორი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, მათ რეგიონულ წარმომადგენლობებს, საქართველოში მოქმედ დიპლომატიურ კორპუსს. პანდემიის საპასუხოდ, ჩვენ სწორედ მათი მხარდაჭერით შევძელით საკმაოდ დიდი მოცულობის რესურსების მოძიება, რაც გვეხმარება პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ივანე მაჭავარიანის ბიოგრაფია

ივანე მაჭავარიანი 1974 წლის 11 თებერვალს თბილისში დაიბადა.

1996 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კვალიფიკაციით წარმოების ეკონომიკა და მართვა. 1997 წელს გაიარა „საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტების" სპეციალური ინტენსიური კურსი, ხოლო 2009 წელს დაამთავრა სასწავლო პროგრამა ფინანსებში და გაიარა ტელეკომუნიკაციებთან დაკავშირებული ტრენინგები.

1997-2018 წლებში კომპანია Geocell-ში იყო საფინანსო განყოფილების სპეციალისტი, ფინანსური დაგეგმარებისა და საერთაშორისო ანგარიშების დეპარტამენტის მენეჯერი, ფინანსური დირექტორი და კომპანიის კომერციული დირექტორი.

2010-2011 წლებში იყო TeliaSonera’s Eurasian ოპერაციებისთვის მობილური ადაპტაციის სტრატეგიის შემუშავების გუნდის წევრი (ყაზახეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ნეპალი და მოლდოვა).

2012-2015 წლებში მონაწილეობდა სხვადასხვა საკონსულტაციო კომპანიასთან კომერციულ და ტექნოლოგიურ კვლევებში (McKinsey,Accenture, Informa Telecoms, Delta Partners).

2018 წლის ივლისში საქართველოს ფინანსთა მინისტრის პოსტზე დაინიშნა.

ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

100
გიორგი ვაშაძე

დღეს „ქართული ოცნების“ და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება

12
მმართველმა პარტიამ 16 აპრილს საჯაროდ ცალმხრივად მოაწერა ხელი დოკუმენტს, რომელიც ქართველ პოლიტიკოსებს შუამავლებმა შესთავაზეს

თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. „ქართული ოცნების“ და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა დღეს თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გაიმართება.

მარტის ბოლოს თბილისს მეორედ ესტუმრა ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი, რომელმაც მხარეებს კომპრომისული დოკუმენტი შესთავაზა. მაგრამ მაშინ მისი წინადადებები მხარეებმა უარყვეს.

„პირველი არხის“ ინფორმაციით, შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება და შუამავალი ელჩების მონაწილეობით ჩატარდება.

მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 16 აპრილს საჯაროდ ცალმხრივად მოაწერა ხელი დოკუმენტს, რომელიც ქართველ პოლიტიკოსებს დანიელსონმა შესთავაზა.

საპარლამენტო არჩევნებიდან თითქმის ექვსი თვის შემდეგ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი კვლავ არ აღიარებს კენჭისყრის შედეგებს და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ განიხილავს ამ საკითხს „წითელ ხაზად“, არჩევნების გაყალბების ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და ოპოზიციას მოლაპარაკებებზე ყურადღების სხვა საკითხებზე გამახვილებას სთავაზობს.

რას მოაწერა ხელი „ქართულმა ოცნებამ“? ოპოზიციასთან შეთანხმების დეტალები >>

ოპოზიციის კიდევ ერთი პრინციპული მოთხოვნაა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას და ოპოზიციური ტელეარხ „მთავარის“ თანამფლობელის, გიორგი რურუას გათავისუფლება, რომელთაც პოლიტპატიმრებად მიიჩნევს. ამ საკითხში მმართველი პარტია დათმობაზე უარს აცხადებს.

12
საპროტესტო ავტოგარბენი რუსთავის ციხის მიმართულებით

საქართველოს ოპოზიციურმა პარტიებმა 19 აპრილისთვის საპროტესტო აქცია დააანონსეს

51
(განახლებულია 22:52 17.04.2021)
კერძოდ, აქციაზე გაკეთდება განცხადება 15 მაისის ღონისძიებაზე და მთლიანობაში ოპოზიციის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით

თბილისი, 17 აპრილი - Sputnik. ოპოზიციური პარტიები 19 აპრილს რიყის პარკში საპროტესტო აქციაზე შეიკრიბებიან, განაცხადა პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა.

ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა გასული წლის ბოლოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით გაერთიანდა.

„19 აპრილს, 15:00 საათზე რიყეზე იქნება არა ის დიდი აქცია, არამედ უფრო საერთო შტაბის წარდგენა. თითოეული პარტია ალბათ 15-15 ადამიანს წარმოვადგენთ“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მისი თქმით, აქციაზე გაკეთდება განცხადება 15 მაისის ღონისძიების თაობაზე და ოპოზიციის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.

ოპოზიცია 15 მაისს თბილისის ცენტრში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით მასშტაბურ აქციას გეგმავს და რეგიონებში უკვე შეხვედრები დაიწყო.

ამასთან, მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ პარასკევს ხელი მოაწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მიერ 30 მარტს შემოთავაზებულ დოკუმენტს, რომელიც პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლას ემსახურება.

თავის მხრივ, ოპოზიცია ხუთიდან მხოლოდ სამ პუნქტს ეთანხმება და არ აპირებს ამ დოკუმენტის ხელმოწერას, სანამ პატიმრობაში მყოფი „ნაცმოძრაობის“ ლიდერი ნიკა ნელია და ტელეარხ „მთავარის“ თანამფლობელი გიორგი რურუა არ გათავისუფლდებიან და დოკუმენტში ვადამდელი არჩევნების შესახებ ჩანაწერი არ გაჩნდება.

ვადამდელი არჩევნების საკითხი დღის წესრიგში დადგა 2020 წლის 31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელთა შედეგადაც „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლების შენარჩუნება ზედიზედ მესამედ შეძლო. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ხელისუფლებამ სახელმწიფო რესურსი გამოიყენა და არჩევნები გააყალბა.

51
კამალა ჰარისი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მკვლელობის მუქარის ბრალდებით ფლორიდაში 39 წლის ექთანი დააკავეს

0
(განახლებულია 11:30 18.04.2021)
ქალის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ვიცე-პრეზიდენტისთვის „რეალურ საფრთხეს არ წარმოადგენდა“ და თავის აღშფოთებას მხოლოდ ქმართან ურთიერთობაში ავლენდა.

თბილისი, 18 აპრილი - Sputnik. აშშ-ის ფედერალურმა ხელისუფლებამ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის მკვლელობის მუქარის ბრალდებით ფლორიდის მკვიდრი ქალი დააკავა, იუწყება გამოცემა USA Today.

სამართალდამცველებმა 39 წლის ექთანი ნივიან პეტი ფელპსი (Niviane Petit Phelps) ხუთშაბათს დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ბრალდებული „შეგნებულად და განზრახ იმუქრებოდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მოკვლით და სხეულის დაზიანების მიყენებით“.

საიდუმლო სამსახურის მონაცემებით, ბრალდებულმა მეუღლეს, რომელიც ციხეში პატიმრობას იხდის, რამდენიმე ვიდეო გაუგზავნა, სადაც გამოხატავდა რისხვას 2020 წლის არჩევნების შედეგების გამო, ასევე იარაღის ტარების ნებართვას მოითხოვდა. სასამართლოს ხელთ არსებული დოკუმენტებით, ფელპსმა ჩაწერა ხუთი ვიდეორგოლი, სადაც ჰარისის მოკვლით იმუქრებოდა და კონკრეტულ თარიღს ასახელებდა. აღნიშნულია, რომ ქალის მუქარას ამყარებდა მისი რწმენა, თითქოს ჰარისი „სინამდვილეში შავკანიანი არაა“.

სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციამ, რომელშიც ფელპსი 20 წლის განმავლობაში მუშაობდა, განაცხადა, რომ მას დაითხოვენ.

ქალის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ვიცე-პრეზიდენტისთვის „რეალურ საფრთხეს არ წარმოადგენდა“ და თავის აღშფოთებას მხოლოდ ქმართან ურთიერთობაში ავლენდა.

0