ევროპარლამენტის შენობა

ევროპარლამენტის დეპუტატებმა ქართველ პოლიტიკოსებს მიმართეს

90
დეპუტატებს იმედი აქვთ, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი შეძლებს კრიზისის დაძლევას და ამ რთული მდგომარეობიდან გამოსვლას

თბილისი, 29 მარტი – Sputnik. ევროპარლამენტის დეპუტატებმა საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდეს, გვერდზე გადადონ პარტიული ინტერესები და საბოლოოდ მიაღწიონ შეთანხმებას - ერთობლივი განცხადება ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ლიდერს, გამოიყენონ შანსი თანასწორი შეთანხმებისთვის, რომელიც ჯერ კიდევ შესაძლებელია და დებატებში პირველ ადგილზე დააყენონ საქართველოს მოქალაქეები და მათი საჭიროებები... არსებითი პროგრესი შესაძლებელია, როდესაც ანტაგონიზმი და პოლარიზაცია საქართველოს პოლიტიკაში შეიცვლება კონსტრუქციული თანამშრომლობით და როდესაც ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტები საკუთარი როლის სათანადოდ შესრულებას შეძლებენ “, - ნათქვამია მიმართვაში.

ამასთან ევროპარლამენტის დეპუტატები ხაზს უსვამენ, რომ მხარს უჭერენ ევროკავშირის შუამავლობას მოლაპარაკებებში საქართველოს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, მათ შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მხრიდან.

განცხადებას ხელს აწერენ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის თავმჯდომარე ანდრიუს კუბილიუსი და სხვ.

საპარლამენტო არჩევნებიდან თითქმის ხუთი თვის შემდეგ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი კვლავ უარს აცხადებს არჩევნების შედეგების აღიარებაზე და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს. ხელისუფლება აღნიშნულ საკითხს „წითელ ხაზად“ მიიჩნევს, არჩევნების გაყალბების ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და ოპოზიციას მოლაპარაკებებზე სხვა საკითხებზე კონცენტრირებას სთავაზობს.

ევროპელი დიპლომატი დანიელსონი უკვე მეორედ ჩამოვიდა თბილისში, რათა გააგრძელოს მოლაპარაკებათა პროცესი და დაეხმაროს საქართველოს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შეთანხმების მიღწევაში და შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლაში. მანამდე აშშ-ის საელჩოს და საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელობით მოლაპარაკებათა რამდენიმე უშედეგო რაუნდი გაიმართა.

90
გიორგი გახარია

ახალი პოლიტიკური ძალა: „ქართული ოცნების" ექვსი დეპუტატი გახარიას შეუერთდა

19
(განახლებულია 14:28 14.04.2021)
როგორც ადრე საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ბექა დავითულიანმა განაცხადა, პარტიის შექმნის შემთხვევაში ყოფილი პრემიერი „ქართული ოცნების“ კონკურენტი გახდება.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. პარლამენტში მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რიგები ექვსმა დეპუტატმა დატოვა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადება გორისა და კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ხოჯევანიშვილთან ერთად, საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს დეპუტატებმა ბექა ლილუაშვილმა, ანა ბუჩუკურმა, ალექსანდრე მოწერელიამ, მიხეილ დაუშვილმა და შალვა კერესელიძემ.

როგორც ხოჯევანიშვილმა განმარტა, ისინი ყოფილი პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას გუნდის წევრები არიან და დღეიდან  პარტიის მშენებლობის ეტაპზე გადადიან. 

„ჩვენ ვართ გიორგი გახარიას გუნდის წევრები და თანამოაზრეები, რომელთაც გვაერთიანებს საერთო ღირებულებები და ფასეულობები. ჩვენ დღეიდან გიორგი გახარიასთან ერთად პარტიის მშენებლობის ახალ ეტაპზე გადავდივართ. შესაბამისად, ვტოვებთ „ქართულ ოცნებას", - აღნიშნა დეპუტატმა.

გახარიამ პრემიერის პოსტის დატოვების შესახებ განცხადება 18 თებერვალს გააკეთა, რაც ყველასთვის, პირველ რიგში კი საკუთარი გუნდისთვის დიდი მოულოდნელობა იყო. ექს-პრემიერმა მიზეზად თავის გუნდთან – „ქართულ ოცნებასთან“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე უთანხმოება დაასახელა. მარტის ბოლოს ექს-პრემიერმა დუმილი დაარღვია და განაცხადა, რომ არ აპირებს პოლიტიკიდან წასვლას და მისი სამომავლო გეგმების შესახებ ცნობილი მალე გახდება. 

საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსი მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ფავორიტად და მინისტრთა კაბინეტში ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლებოდა.

მას მთავრობის მეთაურის პოსტი 2019 წლის სექტემბრიდან 2021 წლის 18 თებერვლამდე ეკავა.

აშშ–ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევაში პოპულარული ადამიანების რეიტინგში გახარიამ მეორე ადგილი დაიკავა – მის მიმართ სიმპათიითაა განწყობილი მოსახლეობის 65%. პირველ ადგილზეა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი 89%–ით, ხოლო მესამეზეა თბილისის მერი კახა კალაძე 54%–ით.

 

19
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
ნიკა მელია

რატომ არ მოითხოვა პროკურორმა ნიკა მელიასათვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლა

45
(განახლებულია 00:09 14.04.2021)
თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა.

თბილისი, 13 აპრილი - Sputnik. ნიკა მელიასთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობისთვის საჭირო იყო დაცვის მხარის მზადყოფნა, რომ ის გირაოს თანხას გადაიხდიდა, განაცხადა პროკურორმა ამირან გულუაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია დღეს პატიმრობაში დატოვა.

„იმისთვის, რომ ბრალდების მხარეს ეშუამდგომლა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, უნდა არსებულიყო დაცვის მხარის პოზიცია, რომ ის ეთანხმება გირაოს გამოყენებას და ეს დაცვისა და ბრალდების მხარეს შორის მოლაპარაკების გზით უნდა გადაჭრილიყო. არანაირი სახის ინიციატივა დაცვის მხარისგან 25 თებერვლის შემდგომ არ დაფიქსირებულა“, - განაცხადა პროკურორმა ამირან გულუაშვილმა.

პროკურორის თქმით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მელიას ადვოკატებმა პირდაპირ განაცხადეს, რომ არ ეთანხმებიან არანაირ ალტერნატივას აღმკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით, მათ ასევე არ შეუთავაზებიათ სასამართლოსთვის არანაირი ალტერნატივა, უბრალოდ საკუთარი პოზიციის დაფიქსირების დროს განაცხადეს, რომ ნიკა მელია უნდა დარჩეს აღკვეთის ღონისძიების გარეშე და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდეს.

მისი თქმით, ეს არის დაცვის მხარის პოზიცია და, შესაბამისად, ავტომატური უარი ბრალდების მხარის შემოთავაზებაზე.

„დაცვის მხარეს ამ შემოთავაზების პარალელურად რაიმე ნაბიჯი არ გადაუდგამს. შესაბამისად, ახალი გარემოება ამ საკითხთან დაკავშირებით დღევანდელ სასამართლო სხდომაზე არ დაფიქსირებულა. ამის გამო ვერ ვიშუამდგომლებდით პატიმრობის შეცვლას გირაოთი“, - განმარტა გულუაშვილმა.

ნიკა მელიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა კი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ პროკურატურას წინააღმდეგობრივი და გაუგებარი პოზიცია ჰქონდა.

„ერთი მხრივ, ისინი ამტკიცებდნენ, რომ გირაოს გადახდის შემთხვევაში არ არიან წინააღმდეგი, რომ ნიკა მელია იყოს თავისუფალი, ხოლო მეორე მხრივ, მხარს უჭერდნენ მის პატიმრობაში დატოვებას. აი, ასეთი ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციების არსებობისას, ბუნებრივია, სასამართლოს ერთადერთი გამოსავალი ჰქონდა“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.

მელიას ადვოკატისთვის მოსალოდნელი იყო, რომ ხელისუფლება არ მიიღებდა „გონივრულ გადაწყვეტილებას“ ნიკა მელიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

„თუკი აქამდე ნიკა მელია იყო პოლიტიკური პატიმარი, დღევანდელი პროცესის შემდეგ ის არის პოლიტიკური ტყვე, რომელსაც ხელისუფლება ოპოზიციასთან მოლაპარაკების პროცესში ვაჭრობის საგნად იყენებს“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.

ნიკა მელიას მეორე ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, მოსამართლის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება იკითხებოდა პროცესის პირველივე წუთებიდანვე. მისი თქმით, დაცვის მხარე გააგრძელებს „ბრძოლას ყველა მეთოდით, რაც არის სამართლებრივი თვალსაზრისით დაშვებული, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ევროპულ ასპარეზზე“.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას საქმის მოსმენა 8 აპრილს იყო ჩანიშნული,  თუმცა პროცესი 13 აპრილისთვის გადაიდო, რითიც მოსამართლემ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა და მელიას სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება მისცა.

მელიამ დღეს პროცესზე სიტყვით რამდენჯერმე ისარგებლა. მოსამართლის მისამართით გამოთქმული შეურაცხმყოფელო რეპლიკების გამო იგი პროცესიდან გააძევეს. შესაბამისად, მელია მომდევნო სხდომას ვერ დაესწრება.

შემდეგი სასამართლო პროცესი 29 აპრილს, 13:00 საათზე  არის ჩანიშნული.

მელიას პატიმრობა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დავის ერთ-ერთი მთავარი საგანია. დასავლეთის მკაცრი კრიტიკის შემდეგ საქართველოს პროკურატურამ მზადყოფნა გამოთქვა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების გადახედვის თაობაზე სასამართლოს მიმართოს, თუ მელია 40 ათასი ლარის ოდენობით გირაოს გადახდაზე თანხმობას განაცხადებს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს ბრალად ედება 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტზე შტურმის დროს „ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა“. ოპოზიციის ლიდერი მიმდინარე წლის 23 თებერვალს დააკავეს, მას შემდეგ, რაც შეფარდებული გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს მიაჩნია, რომ მისთვის გირაო უკანონოდ არის დაკისრებული და ამიტომ არ აპირებს მის გადახდას.

45
ნუცა ბუზალაძე

„მშობლებისთვისაც მისაღებია, ბაბუა-ბებიებისთვისაც...“ - ნუცა ბუზალაძე გათხოვებაზე საუბრობს

0
(განახლებულია 11:36 14.04.2021)
მომღერალი ნუცა ბუზალაძე ფიქრობს, რომ ოჯახის შექმნისთვის ქალიც და კაციც შემდგარი პიროვნება უნდა იყოს, რადგან ეს არის მყარი ოჯახის გარანტი

ნუცა ბუზალაძე „იმედის დღეში“ მიიწვიეს იმაზე სასაუბროდ, თუ როდისაა კარგი ოჯახის შექმნა. როგორც მომღერალმა აღნიშნა, მისი აზრით, იდეალური ოჯახი მაშინ იქმნებოდა, როდესაც ორივე ადამიანი შემდგარია პროფესიულად. ნუცა ფიქრობს, რომ გათხოვება 30 წლის ასაკის შემდეგ არის კარგი.

მომღერლის თქმით, ორივე ადამიანი უნდა იყოს შემდგარი, როდესაც ამ ნაბიჯს გადადგამენ, რადგან გოგონები იმის გამოც თხოვდებიან, რომ სახლი არ აქვთ და უნდათ, სადმე თავი შეაფარონ. როცა გააზრებულად დგამ ამ ნაბიჯს და იცი, რომ შენ ეს გინდა, ასეთი ოჯახები უფრო არ არის განწირული.

View this post on Instagram

A post shared by Nutsa Buzaladze (@nutsabuza)

„მე ძალიან დიდხანს მიყვარს გამოცდა. ზოგადად კი, მგონია, რომ საკუთარ პროფესიაზე ვარ შეყვარებული და მაგაზე ვარ გადარეული. უკვე იმდენად მისაღები გახდა ერთად ყოფნა და შეყვარებულებად ყოფნა, რომ აღარ ჩქარობენ. უკვე მშობლებისთვისაც მისაღებია, ბაბუა-ბებიებისთვისაც. ხომ არ დაკარგავენ შვილიშვილებს ამის გამო. მე, იცით, როგორი აზროვნება მაქვს? რადგან ერთხელ ვცხოვრობთ, მინდა, ცხოვრებისგან მაქსიმალური სიამოვნება მივიღო. ასე ფიქრობს ბევრი გოგო და ბიჭიც დღეს…“, - ამბობს მომღერალი.

View this post on Instagram

A post shared by Nutsa Buzaladze (@nutsabuza)

ნუცა ბუზალაძეს, ისევე, როგორც ცნობილი ვარსკვლავების უმეტესობას, პირად ცხოვრებაზე საუბარი არ ხიბლავს. შეუდარებელი მომღერალი წლების მანძილზე ურთიერთობებზე საუბარს თავს არიდებდა ან საგულდაგულოდ მალავდა. ეს მანამდე გრძელდებოდა, სანამ თავად არ გადაწყვიტა შეყვარებულის გამოჩენა. ურთიერთობის გარკვეულ ეტაპზე ნუცა მამაკაცის ფოტოებს აქვეყნებდა, თუმცა სახეს მუდამ უმალავდა.

0
თემები:
ქართველი სელებრითები