ოპოზიციის კარვები პარლამენტის წინ

ქართული ოპოზიციის ნაწილი მზად არის გარკვეული პირობებით პარლამენტში შევიდეს

148
(განახლებულია 21:59 27.03.2021)
ცხრა ოპოზიცურმა პარტიამ ხელი მოაწერა განცხადებას, რომელშიც აუცილებელი რეფორმების გატარების მიზნით და მოქმედ ხელისუფლებას მოსალაპარაკებლად პარლამენტში შესვლის მზადყოფნას გამოთქვამს

თბილისი, 27 მარტი – Sputnik. საქართველოში ევროპიდან ფასილიტატორის ჩამოსვლამდე ოპოზიციური პარტიების ნაწილმა პარლამენტში შესვლის შესახებ განაცხადა და ამისათვის გარკვეული პირობები დაასახელეს.

მიმართვას არ შეუერთდნენ რესპუბლიკური პარტია და „სტრატეგია აღმაშენებელი“.

ამაღამ საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი ჩამოდის. ეს ევროპის მხრიდან უკვე მეორე მცდელობაა, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ქუჩიდან პარლამენტში დააბრუნოს.

„ჩვენ გვესმის, რომ ნორმალურ პოლიტიკურ ვითარებაში ყველა პოლიტიკური ძალის ადგილი, ვინც მანდატი მოიპოვა, პარლამენტშია, იქ, სადაც პოლიტიკური საკითხები უნდა წყდებოდეს. სწორედ ამ პუნქტებში ჩამოყალიბებული ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი რეფორმების გასატარებლად და დღევანდელ მთავრობასთან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში ვართ მზად, შევიდეთ დღევანდელ პარლამენტში“, - ნათქვამია ცხრა პარტიის მიერ ხელმოწერილ განცხადებაში.

აქვე აღინიშნა, რომ ოპოზიციას პარლამენტში რაიმე თანამდებობები არ აინტერესებს.

„ოპოზიციის ინტერესშია არა დღევანდელ პარლამენტში კონკრეტული თანამდებობების დაკავება, არამედ ზოგადად ტრადიციის შექმნა საპარლამენტო კონტროლში ნებისმიერი ოპოზიციის ეფექტიანი მონაწილეობისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან პარტიები აღნიშნავენ, რომ ესმით, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის ხელისუფლებასთან შეთანხმების მიღწევა, მაგრამ ისინი პარლამენტში გარკვეული პირობებით დაბრუნდებიან - მთავარი არის ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხი. ამასთან ოპოზიციაში მიუთითებენ, რომ ოპოზიციის შიგნით ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს.

„ზოგი ჩვენგანი თვლის, რომ ერთადერთი გზა ახლა პირდაპირ ვადამდელი არჩევნების დანიშვნაა, ზოგმა კი, კრიზისის განმუხტვის მიზნით ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ უმრავლესობის აზრის გაგებას, პლებისციტს დაუჭირა მხარი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ამავე დროს ოპოზიცია აღნიშნავს, რომ მათთვის მიუღებელია საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხი 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებს მიებას.

„ხელისუფლების წარმომადგენლები საჯაროდ ამ საკითხის განხილვაზე კატეგორიულ უარს აცხადებენ, არასაჯაროდ კი, გამოსავლად საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხის თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე მიბმას გვთავაზობენ.  ამ ორი პრინციპულად და შინაარსობრივად  განსხვავებული არჩევნების ერთმანეთთან დაკავშირება იწვევს თვითმმართველობისა და საპარლამენტო მმართველობის შესახებ მოქალაქეების გადაწყვეტილების მიღების პროცესების აღრევას. ასეთი მოდელი მხოლოდ დამაბნეველი იქნება საზოგადოებისათვის მაშინ, როდესაც ამომრჩევლებს  მარტივი და მკაფიო არჩევანი უნდა ჰქონდეთ, და შესაბამისად, არ გამოდგება ტესტად ვადამდელი არჩევნების საკითხზე. სწორედ ამიტომ, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დავუჭერთ ამ მოდელს  მხარს“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში მითითებულია, რომ მოთხოვნებს შორის რჩება ციხეში მყოფი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას და „მთავარი არხის“ თანამფლობელის, გიორგი რურუას გათავისუფლება.

ოპოზიციამ ასევე გააჟღერა მოთხოვნები საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით.

„არჩევნები უნდა ტარდებოდეს სრულად პროპორციული, ბუნებრივბარიერიანი ან მასთან მიახლოებული სისტემით, რადგან ეს არის ერთადერთი გამოსავალი როგორც დღეს არსებული პოლარიზაციის, ისე ათწლეულობით მოუშორებელი ერთპიროვნული/ერთპარტიული მმართველობის დასასრულებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციას, ოპოზიციის აზრით, მისი ფორმირების და ფუნქციონირების წესებმა შეუძლებელი უნდა გახადონ მმართველი პარტიის სრული დომინირება.

განცხადებაში აგრეთვე საუბარია სასამართლო სისტემის რეფორმის აუცილებლობაზე.

დასავლელი შუამავლები უკვე რამდენიმე თვეა ცდილობენ საქართველოში შექმნილ ვითარებაზე გავლენის მოხდენას, მაგრამ ჯერ უშედეგოდ – პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება. საპარლამენტო არჩევნებიდან თითქმის ხუთი თვის შემდეგ ოპოზიცია კვლავ უარს ამბობს საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში მონაწილეობაზე და ვადამდელ არჩევნებს ითხოვს. ხელისუფლება კი ამ საკითხს „წითელ ხაზად“ მიიჩნევს და ოპოზიციას მოლაპარაკებებზე სხვა საკითხებზე კონცენტრირებას სთავაზობს.

 

148
გიორგი გახარია

გახარიას პარტია - ივანიშვილის გეგმა „ბ“ თუ რეალური ოპოზიცია 

54
(განახლებულია 11:37 15.04.2021)
დღეს უკვე ნათელია, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რომელსაც, ბოლო სოციოლოგიური კვლევებით, საკმაოდ კარგი რეიტინგი ჰქონდა, ნამდვილად და სერიოზულად აპირებს პარტიის შექმნას და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას.

პარლამენტში უკვე გაჩნდა 6 კაციანი ჯგუფი, რომელთაც არა მხოლოდ „ქართული ოცნება“, არამედ ის საპარლამენტო თანამდებობობიც დატოვეს, რომელიც უმრავლესობის ქვოტით ჰქონდათ მიღებული და ეს კომიტეტის თავმჯდომარეების პირველი მოადგილის ავტომობილითა და სხვა ამქვეყნიური სიკეთეებით სავსე პოსტებია. სავარაუდოდ, გახარიას ქვოტით პარლამენტში გაცილებით მეტი ადამიანი უნდა იყოს და თუ რომელიმეს კიდევ გაუჩნდა რაიმის მიმართ პროტესტის გრძნობა, ეს შემადგენლობა ერთ კარგ 7 კაციან ფრაქციასაც შექმნის, თუმცა ეს მაინც არ წყვეტს პარლამენტის ლეგიტიმურობის პრობლემას, სადაც მინიმუმ 113 დეპუტატის ყოფნა მაინცაა სასურველი.

და მაინც, რა მიზნები აქვს და როდის განაცხადებს ამის შესახებ გახარია? სავარაუდოდ, მაისის ბოლოს უკვე ცნობილი უნდა გახდეს მისი პარტიის სახელწოდება, მიზნები, ამოცანები და მიზნისაკენ სვლის გზები. რადგან ახლადშექმნილი პარტიისათვის 5-6 თვე ნამდვილად საჭიროა, რათა არჩევნებისთვის კარგად მოემზადოს.

როგორც ამბობენ, გახარიამ შესაძლოა, ზუგდიდში ან თბილისში გამოსცადოს საკუთარი რეიტინგი. როგორც ირკვევა, ზუგდიდში მას უეჭველ გამარჯვებას ჰპირდებიან, თბილისში კი შესაძლოა, უფრო გაუჭირდეს მაკო გომურისა და 20 ივნისის მოვლენების გამო. თავის მხრივ, ბევრი ხმა დადის იმის თაობაზე, რომ თბილისის მერის არჩევნებზე სერიოზული კონკურენციაა მოსალოდნელი და დიდი გრეჩიხიდან დაწყებული, პატარა პარტიებით დასრულებული, ყველა აპირებს ძალების მოსინჯვას.

ოპოზიციაში ჯერ კიდევ ფიქრობენ, დაუჯერონ თუ არა ყოფილ პრემიერს ოპოზიციური ზრახვები. თუმცა ამ შემთხვევაშიც კი სურთ, გახარიას პარტიამ ხმები მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ გაუყონ. ბევრს სჯერა, რომ გახარიას პარტია ივანიშვილის გეგმაა „ქართული ოცნების“ იმედგაცრუებული ნაწილისათვის და სწორედ მისი მეშვეობით გეგმავს ჯერ მესამე ძალის, შემდეგ კი კოალიციის შექმნას 2024 წელს.

„ჯერჯერობით ჩვენ გახარიასგან და მისი გარემოცვიდან რაიმე პოლიტიკური პოზიცია არაფერზე არ მოგვისმენია. ამიტომ, მე არ ვარ შეთქმულების თეორიების მომხრე, მაგრამ რა თქმა უნდა, იმ ვერსიას, რომ ეს ყველაფერი არის მცდელობა “ბ“ გუნდის გაკეთების ივანიშვილის გარშემო, საფუძველი აქვს. თუ ეს ასე არ არის გვაჩვენონ თავისი მოქმედებებით. თუ მთავრობის უნდობლობას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ვადამდელ არჩევნებს უჭერენ მხარს, ძალიან კარგი. ამასთან, გიორგი გახარიამ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს. ჩრდილში ყოფნა და მოლოდინის რეჟიმის შექმნა არასერიოზულად გამოიყურება“,-  აცხადებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია.

ხელისუფლებაში კი დარწმუნებულები არიან, რომ გახარიას რეალური შედეგის მიღწევა გაუჭირდება და მისი მაღალი რეიტინგი „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრობით იყო გამოწვეული. ასეა თუ ისე, ქართულ პოლიტიკაში მალე საინტერესო სიახლეების მომსწრე გავხდებით. რა ნიშას აირჩევს გახარია, სულ მალე გამოჩნდება. ჯერჯერობით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ის რადიკალიზაციის წინააღმდეგია და გუნდიც საკმაოდ მოძლიერებული ჰყავს სხვადასხვა პოზიციებზე.

54
ავტოკოლონა

ოპოზიცია რეგიონებში გასვლით შეხვედრებს იწყებს

21
(განახლებულია 11:56 15.04.2021)
მასშტაბური საპროტესტო აქციის სამზადისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ერთად მოივლიან რეგიონებს.

თბილისი, 15 აპრილი - Sputnik. ქართული ოპოზიციური სპექტრი რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს დღეიდან, 15 აპრილიდან იწყებს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ამ დღეებში „ლელოს“ ოფისში  შეიკრიბა, რათა 15 მაისისთვის დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმა განეხილა. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, მიზანი მაისში დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე მოსახლეობის მობილიზებაა. 

პირველი რეგიონი, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავს, კახეთია – დილიდან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან. შეხვედრები დაგეგმილია როგორც თელავში, ისე მუნიციპალიტეტის სოფლებში.

„15 მაისი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში უმნიშვნელოვანესი თარიღია, იმიტომ რომ ეს იქნება უამრავი, ათობით ათასი ადამიანისთვის შესაძლებლობა გამოხატოს თავისი პროტესტი, გამოხატოს თავისი ბრაზი. ჩვენი პირველი ნაბიჯი იქნება ის, რომ ჩვენ რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრები დავიწყოთ და მათ გავაცნოთ ჩვენი გეგმები, თუ როგორ აპირებს ოპოზიცია გააგრძელოს ბრძოლა რიგგარეშე არჩევნების, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ქვეყანაში რეფორმების დაწყებისათვის“, - განაცხადა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ

ოპოზიციურმა პარტიებმა  სამომავლო მოქმედების შესათანხმებლად სპეციალური შტაბი უკვე შექმნეს.  წინასწარი მონაცემებით, საპროტესტი აქციები უვადო იქნება, რომელზეც ოპოზიცია ძირითად მოთხოვნებს – ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება – კვლავ გააჟღერებს. 

საპარლამენტო არჩევნებიდან თითქმის ექვსი თვის შემდეგ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი კვლავ არ აღიარებს კენჭისყრის შედეგებს და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ განიხილავს ამ საკითხს „წითელ ხაზად“, არჩევნების გაყალბების ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და ოპოზიციას მოლაპარაკებებზე ყურადღების სხვა საკითხებზე გამახვილებას სთავაზობს.
დასავლელი შუამავლები უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობენ გავლენა მოახდინონ საქართველოში არსებულ სიტუაციაზე, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ – პოლიტიკური კრიზისი სულ უფრო ღრმავდება.
მოლაპარაკების მორიგი რაუნდი მარტის ბოლოს გაიმართა, მაგრამ შედეგი ვერ გამოიღო. თბილისში კრიზისის მოგვარების მიზნით მეორედ იყო ჩამოსული ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი, მაგრამ მისი წინადადებები მხარეებმა უარყვეს.

 

21
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
სოფიკო შევარდნაძე

„საათობრივად ვიკვებებოდი და დავდიოდი ფეხით 5 კილომეტრს“ - სოფიკო შევარდნაძე ოსულობაზე

0
(განახლებულია 14:13 15.04.2021)
საქართველოს მეორე პრეზიდენტის შვილიშვილი დედა მარტის მიწურულს გახდა. მას ვაჟი შეეძინა. სოფიკომ შვილის გაჩენამდე რამდენიმე დღით ადრე გაამხილა ორსულობის ამბავი

მას მერე, რაც დედა გახდა, სოფო შევარდნაძე „ინსტაგრამზე“ ხშირად წერს ახალი ამპლუის შესახებ და თავის მოსაზრებებს თუ შეგრძნებებს უზიარებს სხვა დედებს. ამჯერად დედობისთვის მზადებასა და ორსულობაზე ისაუბრა.

ჟურნალისტი ამბობს, რომ ორსულობისას რეჟიმზე გააკეთა აქცენტი: საათობრივად იკვებებოდა და ეძინა იმდენ ხანს, რამდენსაც ითხოვდა ორგანიზმი. ასევე ყოველდღე დადიოდა ფეხით 5 კილომეტრს, უსმენდა კლასიკურ მუსიკას და ჩასახვის დღიდან ელაპარაკებოდა პატარას.

„სრულფასოვნად ვმუშაობდი, ვიღებდი გადაცემებს და მხოლოდ მშობიარობამდე ორი კვირით ადრე გავუშვი ჯგუფი შვებულებაში. არაფერი არ წამიკითხავს, ხანდახან ვუსმენდი ბავშვთა ფსიქოლოგებს და ნეიროქოუჩებს, რათა გამეგო, როგორი მიდგომები და თეორიებია ადრეული აღზრდის მიმართულებით.
მჯეროდა, რომ დანარჩენი თავისით მოვიდოდა, გამოცდილებასთან ერთად“, - ამბობს სოფო.

საქართველოს მეორე პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი დედა 42 წლის ასაკში გახდა. ტელეწამყვანმა 21 თებერვალს ინფორმაცია ორსულობის შესახებ Clubhouse-ის მოდურ დანართთან საუბრისას გაამხილა, სადაც სტუმრები ბავშვთა აღზრდის თემაზე სასაუბროდ შეიკრიბნენ.

ცნობილ ტელეწამყვანს პირადი ცხოვრების აფიშირება არ უყვარს, ამიტომ სხვა დეტალები ჯერჯერობით არ არის ცნობილი. ამის შესახებ მას ჯერ თავის „ინსტაგრამზეც“ არ დაუწერია. ერთ-ერთ ინტერვიუში ტელეწამყვანმა აღიარა, რომ უჭირს მისთვის შესაფერისი მეორე ნახევრის მოძებნა, როდესაც თვალწინ ჰყავს ორი ისეთი იდეალური მამაკაცი, როგორებიც ბაბუამისი და მამამისი არიან.

სოფიკო 21 წლის იყო, როცა დაგეგმილი ქორწილი ჩაშალა და დღემდე არ დაქორწინებულა. ნიუ-იორკში ჟურნალისტმა ახალგაზრდა ქართველი რეჟისორი ლევან კოღუაშვილი გაიცნო, მან რჩეული საკუთარ ბაბუასაც კი გააცნო და გამოაცხადა ქორწინების შესახებ, თუმცა ქორწილამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე მიხვდა, რომ არ სურდა მთელი ცხოვრება იმ ადამიანთან ერთად გაეტარებინა.

0
თემები:
ქართველი სელებრითები