„ქართული ოცნების“ ოფისი

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნად შალვა პაპუაშვილი დაინიშნა

48
დღეს „ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომა გაიმართა, სადაც რამდენიმე საკითხი განიხილეს.

თბილისი, 27  მარტი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი, იურისტი შალვა პაპუაშვილი იქნება, ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის პოლიტსაბჭოს შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

აღნიშნულ პოზიციაზე პაპუაშვილის მოვალეობა საზოგადოებასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის და პოლიტიკური კომუნიკაციის კოორდინაცია იქნება.

„რამდენიმე საკითხი განვიხილეთ. პირველი საკითხი იყო ახალი მდივნის თანამდებობა, რომელზეც გადაწყვეტილება მიიღო პოლიტსაბჭომ. მინდა გაცნობოთ, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი იქნება შალვა პაპუაშვილი, რომელსაც აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის კარგი გამოცდილება“, - განაცხადა მდინარაძემ.

შალვა პაპუაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად გახდა. ის, ასევე, არის ილიას უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი. მუშაობდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილედ და  იყო ამავე ორგანიზაციის საქართველოს გუნდის ხელმძღვანელი.

48
ნიკა მელია სასამართლოში

ნიკა მელია ციხეში რჩება: როგორ შეიცვლება ოპოზიციის სტრატეგია

41
საქართველოს ხელისუფლების ღრმა რწმენით, მელიას პატიმრობა ოპოზიციას იმისთვის სჭირდება, რომ ამ თემით სპეკულირება გააგრძელოს

თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. სასამართლოს გადაწყვეტილებამ, პატიმრობაში დაეტოვებინა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, ცეცხლზე ნავთი დაასხა - საქართველოში ხელისუფლებისა და ოპოზიციის ისედაც დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო გამწვავდა.

მელიას პატიმრობა ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის უთანხმოების ერთ-ერთი მთავარი საგანია. ოპოზიცია მას პოლიტპატიმარს უწოდებს. დასავლეთის მხრიდან სერიოზული კრიტიკის შემდეგ საქართველოს პროკურატურამ გამოთქვა მზადყოფნა ეშუამდგომლა აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე, თუ მელია დათანხმდება 40 ათას ლარიან გირაოს გადახდაზე.

„ეს იყო აბსოლუტურად უაზრო სპექტაკლი. როგორი არგუმენტებიც არ უნდა მოიშველიონ, რაზეც არ უნდა ილაპარაკონ, მოსამართლე მომზადებული გადაწყვეტილებით მოვიდა... ჩვენ „ქართულ ოცნებასთან“ არავითარ მოლაპარაკებებს არ გავაგრძელებთ მანამ, სანამ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან - ეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციაა“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელმა მდივანმა კობა ნაყოფიამ.

ოპოზიციის წარმომადგენელთა ერთი ნაწილი გუშინ „ლელოს“ ოფისში შეიკრიბა, რათა სამომავლო გეგმები განეხილა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას თქმით, 15 მაისს დაგეგმილი მასშტაბური აქციის ჩატარების გადაწყვეტილება ძალაშია.

„15 მაისი ძალაშია, უნდა ვაჩვენოთ, რომ მოლაპარაკების პარალელურად, რა ტკივილიც აქვს საზოგადოებას, არსად წასულა, არსად გამქრალა, პირიქით, მატულობს, სულ უფრო და უფრო დამუხტული ხდება“, - აღნიშნა უგულავამ.

მელიას გათავისუფლება ხელს შეუწყობდა ვითარების განმუხტვას, ფიქრობს „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე.

„გააუმჯობესებდა მოლაპარაკებების გარემოს, სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ და მოსამართლემ მიიღეს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ვითარებას კვლავ ძალიან დაძაბულს ტოვებს და კიდევ უფრო აღრმავებს კრიზისს“, – დასძინა ბადრი ჯაფარიძემ.

მისი სიტყვებით, მოლაპარაკების მორიგი რაუნდი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეიძლება შედგეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების მხრიდან შეთანხმების მიღწევის მზადყოფნა იარსებებს.

„მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმება არ გვაქვს... როგორც თქვენთვის ცნობილია, შესათანხმებელი დაგვრჩა ორი უმნიშვნელოვანესი საკითხი – ეს არის პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების საპატიმროდან გათავისუფლება, ასევე რიგგარეშე არჩევნებამდე მისვლის გზაზე „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმება“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

ხელისუფლების პოზიცია

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მელიას დღესაც შეუძლია ციხის დატოვება, თუ გირაოს გადაიხდის.

„ნიკა მელიას დღესაც შეუძლია გადაიხადოს გირაოს თანხა და დატოვოს საპატიმრო, რომლის შემდგომაც ჩვენ მათ ვთავაზობთ, რომ მივიღებთ პოლიტიკურ აქტს, სადაც ამინისტირებული იქნება 20 ივნისთან დაკავშირებული ყველა პირი, მათ შორის ნიკანორ მელია და ამით ეს საკითხი დაიხურება“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი ამილახვარმა.

მელია ციხეში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება, რათა გააგრძელოს თემით სპეკულირება, ფიქრობს პარლამენტის ვიცესპიკერი გია ვოლსკი.

„კანონი უნდა აღსრულდეს, ოპონენტს გააჩნია შეხედულება, რომ კანონის აღსრულება ეწინააღმდეგება მათ იდეას და იდეა არის შემდეგი - არ არსებობს კანონი, სახელმწიფო და სახელმწიფო სტრუქტურები, რომელსაც შეიძლება დაემორჩილო. ვის სჭირდება ნიკა მელიას საპატიმროში ყოფნა? - ეს სჭირდება „ნაციონალურ მოძრაობას", რათა მუდმივად ამ თემაზე სპეკულაცია აწარმოოს", - განაცხადა ვოლსკიმ.

ამის მიუხედავად, „ქართულ ოცნებაში“ დარწმუნებული არიან, რომ ოპოზიციასთან დიალოგის გაგრძელების პერსპექტივა არსებობს.

„მზად ვართ, ნებისმიერი მოლაპარაკებების ფორმატში მივიღოთ მონაწილეობა... თუ კონკრეტული ოპოზიციური ძალა ან კონკრეტული პოლიტიკოსები გადადგამენ სწორ და კონსტრუქციულ ნაბიჯებს, ჩვენ რა თქმა უნდა, მათთან შემდგომი მოლაპარაკებებისა და საკითხების განხილვისთვის ყოველთვის გვაქვს მზადყოფნა“, – განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა გივი მიქანაძემ.

დასავლელი შუამავლები უკვე რამდენიმე თვეა ცდილობენ საქართველოში სიტუაციაზე გავლენის მოხდენას, მაგრამ ჯერ უშედეგოდ - პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში ღრმავდება.

მოლაპარაკების მორიგი რაუნდი მარტის ბოლოს გაიმართა, მაგრამ შედეგი ვერ გამოიღო. თბილისში კრიზისის მოგვარების მიზნით მეორედ იყო ჩამოსული ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი, მაგრამ მისი წინადადებები მხარეებმა უარყვეს.

41
ქართული პასპორტი

საქართველოს პასპორტი საერთაშორისო რეიტინგში დაწინაურდა

100
(განახლებულია 22:47 14.04.2021)
ქართული პასპორტის მფლობელები მსოფლიოს 116 ქვეყანაში უვიზოდ შესვლას ან ვიზის ადგილზე მიღებას შეძლებენ

თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. ქართულმა პასპორტმა 2021 წლის მეორე კვარტალში The Henley Passport Index 2021-ის საერთაშორისო რეიტინგში 50-ე ადგილი დაიკავა.

ამგვარად, ქართულმა პასპორტმა ერთი ადგილით გაიუმჯობესა პოზიცია - 2021 წლის პირველ კვარტალში ის 51-ე ადგილზე იყო.

ყველაზე „ძლიერს“ ექსპერტები უწოდებენ პასპორტებს, რომლებიც მფლობელებს ამა თუ იმ ქვეყანასა თუ ტერიტორიაზე უვიზოდ შესვლის ან ვიზის ადგილზე მიღების შესაძლებლობას აძლევენ. მაგალითად, საქართველოს მოქალაქეებისთვის ღიაა 116 ქვეყნის კარი.

საქართველოს „მეზობლები“ რეიტინგში არიან ბოსნია და ჰერცოგოვინა (49-ე ადგილი) და ალბანეთი (51-ე ადგილი).

გეოგრაფიული მეზობლებიდან საქართველოს გაუსწრო მხოლოდ რუსეთმა (48-ე ადგილი), მაშინ როცა თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი 52-ე, 78-ე და 74-ე ადგილებზე აღმოჩნდნენ.

მსოფლიოში ყველაზე „ძლიერი“ პასპორტის მფლობელი კვლავ იაპონიაა. ამ ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ უვიზოდ 193 ქვეყანაში ჩასვლა. იაპონია წინა რეიტინგის ლიდერიც იყო. მისი შედეგი 191 ქვეყანას შეადგენდა. მეორე ადგილზეა სინგაპური (192 ქვეყანა), მესამეზე კი გერმანია (191 ქვეყანა).

რეიტინგის ბოლო ადგილს კვლავ ინარჩუნებს ავღანეთი (110-ე ადგილი) - მის მოქალაქეებს მხოლოდ 26 ქვეყანასა და ტერიტორიაზე შესვლა შეუძლიათ.

Henley & Partners-ის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სავიზო მოთხოვნები ასახავენ ქვეყნის სტატუსს მსოფლიო თანამეგობრობის ფარგლებში: სავიზო შეზღუდვების არარსებობა ბიზნესის ეფექტურად წარმოების, საერთაშორისო კონტაქტების დამყარების, გლობალური საინვესტიციო შესაძლებლობების გამოყენებისა და მოგზაურობის საშუალებას იძლევა.

 

100
ვალუტის კურსი

ლარის კურსი 15 აპრილს

0
(განახლებულია 08:29 15.04.2021)
წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0197 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,4432 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. 

წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0197 ლარით გაუფასურდა. 

ლარის კურის 15 აპრილს
0
თემები:
ლარის კურსი დღეს