ვენეციის კომისიამ არ მოიწონა „ოცნების“ ინიციატივა პარტიების დაფინანსების წესის თაობაზე

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის დეპუტატები
პარლამენტის დეპუტატები - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2021
გამოწერა
კომისიას მიაჩნია, რომ მიუღებელია იმ პარტიების უფასო საეთერო დროის გარეშე დატოვება, რომლებიც პარლამენტში არ შევლენ

თბილისი, 24 მარტი - Sputnik. ვენეციის კომისიამ არ მოიწონა საქართველოს მმართველი პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა პარტიების დაფინანსებისა და არჩევნებზე მათი რეგისტრაციის პრინციპების შეცვლის თაობაზე.

საქართველოს პარლამენტმა 23 დეკემბერს პირველი მოსმენით მიიღო მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული კანონპროექტების პაკეტი იმ პარტიების დაფინანსების გარეშე დატოვების თაობაზე, რომელთა წარმომადგენლებიც პარლამენტში არ შევლენ, ასევე იმ პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ, რომლის ლიდერიც საქართველოს მოქალაქე არ არის. აღნიშნული კანონპროექტები საბოლოოდ დამტკიცებამდე რეკომენდაციებისთვის ვენეციის კომისიას გაეგზავნა.

რა წერია დასკვნაში

ვენეციის კომისიამ მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულ შესწორებებს გაუმართლებელი უწოდა.

კერძოდ, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ კანონში შესწორებები კომისიამ მიიჩნია „გაუმართლებლად აგრესიულ, გადაჭარბებულ და არაპროპორციულ ზომად“ და აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობა - პოლიტიკური პარტიების ერთადერთი მიზანი არ არის.

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2021
ღარიბაშვილი: ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს

„პარლამენტში მუშაობა - პარტიების ერთადერთი მიზანი არ არის, რაც ასახულია ასევე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში, სადაც ნათქვამია, რომ პარტიებმა უნდა მიიღონ დაფინანსება პარტიული საქმიანობის გასაგრძელებლად და პარტიული სისტემის გასავითარებლად. იმ ვითარებაშიც კი, როდესაც პარტიიდან პარლამენტის არჩეულ წევრთა უმეტესობა უარს აცხადებს პარლამენტში მუშაობაზე, პოლიტიკური პარტიის დატოვება სახელმწიფო დაფინანსების გარეშე - გაუმართლებლად აგრესიული, გადაჭარბებული და არაპროპორციული ზომაა“, - აღნიშნულია კომისიის დასკვნაში.

ზოგ შემთხვევაში ასეთი დაფინანსების გაუქმება პოლიტიკურ პარტიას ფუნქციონირების შესაძლებლობას უსპობს, ნათქვამია ანგარიშში.

გარდა ამისა, დასკვნაში მითითებულია, რომ სანქციების გამოყენება პოლიტიკური პარტიების, და არა პარლამენტის ცალკეული წევრების მიმართ, არათანაზომიერი ნაბიჯია და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს ეწინააღმდეგება.

კომპიუტერული სერვერი - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2021
საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა

მიუღებელი უწოდა კომისიამ ასევე პოლიტიკური პარტიების დატოვებას უფასო საეთერო დროის გარეშე იმის გამო, რომ მისი წარმომადგენლები პარლამენტში არ შევლენ. 

„უფასო საეთერო დროზე უარი ამ პარტიებისთვის არათანაზომიერი და უსაფუძვლოა, ვინაიდან სწორედ ნაკლები დაფინანსების მქონე პარტიებს დასჭირდებათ წვდომა უფასო საეთერო დროზე, რათა ამომრჩევლებს თავიანთი პროგრამები გააცნონ. მეტიც, არ არსებობს აშკარა კავშირი უფასო საეთერო დროის გამოყოფასა და სახელმწიფო დაფინანსების მიღებას შორის“, - აღნიშნულია დასკვნაში.

აქვე ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ ასეთი ფართო სანქციები პარტიების წინააღმდეგ, რომლებიც არ მონაწილეობენ პარლამენტის მუშაობაში, ვენეციის კომისიის ან ოდირი/ეუთოს წევრ არცერთ სხვა ქვეყანაში არ არსებობს.

კრიტიკა დაიმსახურა კიდევ ერთმა ინიციატივამაც იმ პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე, რომლის ლიდერიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა. კომისიამ მასაც არაპროპორციული ზომა უწოდა. ვენეციის კომისიამ შეშფოთება გამოთქვა „პოლიტიკური ლიდერის“ ცნების მკაფიო და ობიექტური კრიტერიუმების არარსებობის გამო.

„ამან შეიძლება გამოიწვიოს აღნიშნული ტერმინის მეტისმეტად სუბიექტური და ორაზროვანი განმარტება და, როგორც შედეგი, იურიდიული გაურკვევლობა“, - აღნიშნულია დასკვნაში.

რეაქცია საქართველოში

ვენეციის კომისიის დასკვნით ქართული ოპოზიცია კმაყოფილია. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნა, რომ ასეთი დასკვნის შემდეგ კანონპროექტის მიღება არ შეიძლება.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს კანონპროექტი დაიბლოკება და არ იქნება მიღებული. ევროკავშირში არ არსებობს უფრო კომპეტენტური ორგანო სამართლებრივ სფეროში, ვიდრე ვენეციის კომისია, ამიტომ მათ ამ დასკვნის გათვალისწინება მოუწევთ“, - აღნიშნა ბეჟაშვილმა.

დასკვნით არასამთავრობო სექტორიც კმაყოფილია. „სამართლიანი არჩევნებისთვის“ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ნინო დოლიძე მიიჩნევს, რომ მმართველ პარტიას ყველა შენიშვნის გათვალისწინება მოუწევს.

„ხელისუფლებას მოუწევს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება. თუ ეს არ მოხდება - ეს იქნება ნაბიჯი თანასწორუფლებიანობის წინააღმდეგ და კიდევ უფრო გააღრმავებს კრიზისს ქვეყანაში“, - აღნიშნა დოლიძემ.

პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2021
რა ცვლილებები შედის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის „საარჩევნო კოდექსში“

მმართველ პარტიაში კი აღნიშნეს, რომ დაწუნებულ კანონპროექტს მაინც მიიღებენ.

„ვენეციის კომისიის დასკვნაში არ წერია, რომ ჩვენ ასეთი კანონპროექტის მიღების უფლება არ გვაქვს. დასკვნაში მითითებულია, რომ სხვაგვარად უნდა შეფასდეს გარკვეული რისკები. რასაკვირველია, ჩვენ ვგეგმავთ რიგი საკითხების გადახედვას. სანქციები უნდა იყოს, მაგრამ მათი თანამიმდევრულობა, სიმკაცრე, ვენეციის კომისიის დასკვნიდან გამომდინარე, გადაიხედება“, - აღნიშნა დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

რა სახით მიიღებენ კანონპროექტს და გაითვალისწინებენ თუ არა ყველა შენიშვნას, ახლო მომავალში გახდება ცნობილი, როდესაც დამუშავებული კანონპროექტი მეორე მოსმენით დამტკიცების მიზნით განსახილველად პარლამენტის კომიტეტებს დაეგზავნება.

ყველა ახალი ამბავი
0