პოლიცია ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მორიგეობს

თბილისში ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო მსვლელობა იმართება

162
(განახლებულია 16:27 07.03.2021)
აქციის მონაწილეები ვადამდელ არჩევნების ჩატარებას და პრემიერ-მინისტრის დაუყოვნებლივ გადადგომას მოითხოვენ

თბილისი, 7 მარტი – Sputnik. სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები ამ წუთებში მართავენ საპროტესტო მსვლელობას რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობიდან მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.

აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას მოითხოვენ.

მსვლელობის ჩატარების საბაბი გახდა ოპოზიციური ტელეარხ ТV Pirveli-ს ეთერში გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერები. მასში, სავარაუდოდ, ფიგურირებენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე. ტელეკომპანიის მონაცემებით, აუდიოჩანაწერებში საუბარია რამდენიმე პირის დასჯაზე, რომლებიც ბერას სოციალურ ქსელებში მისთვის არასასურველი კომენტარების ავტორები არიან.

„ჩვენი ძირითადი მოთხოვნა კვლავ ვადამდელი არჩევნების ჩატარება რჩება, მაგრამ სანამ ჩვენი მოთხოვნა შესრულდება, ჩვენ ვითხოვთ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დაუყოვნებლივ გადადგომას, რომელიც ამ საშინელების და ძალადობის ერთ-ერთი ავტორია“, - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

162
აფგან მუხთარლი

რა უამბო ქართველ გამომძიებლებს აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა: მუხთარლის გატაცების საქმე

69
ჟურნალისტმა მიაწოდა გამოძიებას სრული ინფორმაცია პირებზე, რომლებიც სპეცოპერაციაში აზერბაიჯანული მხრიდან მონაწილეობდნენ

თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. აზერბაიჯანულმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ უამბო ქართული მედიის წარმომადგენლებს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვის შესახებ, რომელიც 2017 წელს თბილისში მის გატაცებას უკავშირდებოდა.

მუხთარლი თბილისის ცენტრში 2017 წლის მაისში გაიტაცეს. საქმეს გენერალური პროკურატურა იძიებს.

„საგამოძიებო ორგანოების მხრიდან დასმული ძირითადი კითხვები ეხებოდა ჩემს გატაცებას: რამდენი ადამიანი მონაწილეობდა მასში, რამდენ ხანს ვიყავით გზაში და ა.შ. მე მივაწოდე გამოძიებას სრული ინფორმაცია პირებზე, რომლებიც სპეცოპერაციაში აზერბაიჯანული მხრიდან მონაწილეობდნენ. რაც შეეხება მათ, ვინც ჩართული იყო ქართული მხრიდან, სახელებს ვერ დავასახელებ, მხოლოდ უწყებებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ჩემს გატაცებაში - ესაა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიცია და სასაზღვრო სამსახური“, - განაცხადა მუხთარლიმ.

ამასთან, მან თავის საქმეს პოლიტიკური უწოდა და აღნიშნა, რომ სამართლიანი გამოძიების იმედი არ აქვს.

მუხთარლი თბილისიდან 2017 წლის მაისის ბოლოს გაუჩინარდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის ბაქოში პატიმრობაში იმყოფებოდა, ბრალად ედებოდა საზღვრის უკანონო გადაკვეთა, ფულის კონტრაბანდა და პოლიციის თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევა. 2018 წლის იანვარში აზერბაიჯანულმა სასამართლომ მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

თავად მუხთარლი გატაცებაში ქართველ ძალოვანებს ადანაშაულებს. საქართველოს ხელისუფლება 2017 წელს კატეგორიულად უარყოფდა საქმესთან კავშირს, მაგრამ გატაცების შემდეგ თანამდებობიდან მოხსნეს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსი დათო ნიკოლეიშვილი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორი ოთარ კუპრეიშვილი.

მას შემდეგ, რაც ოჯახმა განაცხადა, რომ მუხთარლი მოიტაცეს, ფული ჩაუდეს და ფარულად გაიყვანეს აზერბაიჯანში, საქართველოს შსს-მ აღძრა სისხლის სამართლის საქმე თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით.

მუხთარლი 2020 წლის მარტში გათავისუფლდა და ბაქოდან მაშინვე გერმანიაში გაფრინდა. 2020 წლის ოქტომბრის შემდეგ რამდენჯერმე სცადა თბილისში ჩამოსვლა გამოძიებისთვის ჩვენების მისაცემად, თუმცა, მისი თქმით, პრობლემებს საქართველოს ხელისუფლება უქმნიდა.

მუხთარლის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს და ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობით ისჯება.

69
პროტესტი კომენდანტის საათის წინააღმდეგ

ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებმა თბილისის ცენტრში საპროტესტო აქცია გამართეს

116
აქციას ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია - მომიტინგეებსა და პოლიციას შორის კარვების დადგმის გამო მცირე შეხლა-შემოხლა მოხდა

თბილისი, 10 აპრილი - Sputnik. ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები გავიდნენ ქუჩაში, რათა ღამის საათებში გადაადგილებაზე მოქმრედი აკრძალვა გააპროტესტონ.

საქართველოში „კომენდანტის საათი“ 21:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქმედებს და 2020 წლის ნოემბრიდან ეპიდსიტუაციის გაუარესების შემდეგ დაწესდა. მისი დარღვევა 2 ათას ლარიან ჯარიმას იწვევს.

აქციაზე მივიდნენ გასართობი ცენტრების, ტუროპერაორების ხელმძღვანელები და სასტუმროების მფლობელები.

მათი თქმით, ღამის საათებში გადაადგილებაზე აკრძალვა სერიოზულად უშლით ხელს მუშაობაში და შემოსავლის მიღებაში.

აქციას ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. როდესაც აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან კარვების დადგმა სცადეს, პოლიციამ მათ ხელი შეუშალა, რის გამოც აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მცირე შეხლა-შემოხლა მოხდა.

116
სამძებრო ოპერაცია რიონზე

კარვები აღებულია: რა ვითარებაა „ნამახვან ჰესის“ წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე

0
(განახლებულია 00:55 12.04.2021)
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, მიეცეთ უფლება გააგრძელონ მშვიდობიანი პროტესტი სოფელ ნამოხვანის ტერიტორიაზე, ხოლო სამართალდამცველები მათ ალტერნატიულ ლოკაციად სოფელ გუმათს სთავაზობენ

თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. რიონის ხეობაში, სოფელ ნამოხვანის მიმდებარე ტერიტორიიდან საპროტესტო აქციის მონაწილეთა კარვების აღებამ შედარებით მშვიდობიანად ჩაიარა და აქციის ორგანიზატორებს კარვების სოფელ გუმათში ჩატანა შესთავაზეს, ამის შესახებ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა სულხან თამაზაშვილმა განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ კარვების აღება სოფელ ნამოხვანში მდინარე რიონის მოსალოდნელ ადიდებას უკავშირდება.

„მეტეოროლოგები გვიწინასწარმეტყველებენ ამინდის კიდევ უფრო გაუარესებას, მოსალოდნელია მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლა, დავდექით აუცილებლობის წინაშე, რომ კარვები იქედან აგვეღო. ამის ლეგიტიმაციას ჩვენ გვაძლევს კანონი პოლიციის შესახებ, 26-ე მუხლი. ამ დროისთვის კარვები არის მანქანებზე დალაგებული და შევთავაზეთ, რომ გუმათში ჩავიტანდით, სადაც ერთი კარავი უკვე დგას. მიმდებარე ტერიტორიაზე შეუძლიათ დადგან ეს კარვები და მშვიდობიან ვითარებაში გააგრძელონ პროტესტი“, - განაცხადა თამაზაშვილმა.

აქციის მონაწილეები თანახმა არიან, პროტესტი გადაიტანონ სხვა ადგილას, მაგრამ არა სოფელ გუმათში, როგორც ამას შსს სთავაზობს, არამედ სოფელ ნამოხვანთან. მათი მტკიცებით, იმ ადგილას, სადაც კარვები იყო გაშლილი, რიონის ადიდება არ ხდება, რადგან ამაღლებული ადგილია და მდინარის ადიდება უბრალო საბაბია კარვების ასაღებად. პოლიციას უკვე რამდენიმე დღეა გზა გადაკეტილი ჰქონდა და აქციის მონაწილეებს ნამოხვანში კარვებთან არ უშვებდა.

ამ დროისათვის აქციის მონაწილეები (დაახლოებით 400 ადამიანი) სოფელ გუმათთან „გუმათ ჰესის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არიან შეკრებულები და მათ ნამოხვანიდან ქუთაისის მიმართულებით გზა პროტესტის ნიშნად საკუთარი ავტომობილებით გადაკეტეს.

„მოვუწოდებ ყველას, რომ მოვიდნენ აქ... ჩვენ ყველამ უნდა შევძლოთ, ერთმანეთის მხარში დგომით ეს პრობლემა გადავჭრათ. მოვუწოდებთ მშვიდობიანად, ჩვენ არ მოვუწოდებთ, რომ მოვიდნენ და გადავიდეთ ხელჩართულ ბრძოლაზე. უბრალოდ, გვჭირდება ადამიანების სიმრავლე“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, „რიონის ხეობის მცველმა“ ვარლამ გოლეთიანმა.

დღეს აქციაზე იმყოფებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელიც ასევე ესწრებოდ კარვების აღების პროცესს.

„დაუყოვნებლივ მიეცეთ აქციის მონაწილეებს მათ მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ადგილზე შეკრების გაგრძელების შესაძლებლობა, ხოლო თუ აღნიშნულზე არსებობს დასაბუთებული უარის საფუძველი, აქციის გაგრძელებისთვის გამოეყოთ ალტერნატიული ადგილი სასურველთან ახლომდებარე ლოკაციაზე, რომლის ადგილმდებარეობაც არსს არ დაუკარგავს მოქალაქეთა თავშეყრის მიზანს“, - განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

პარალელურად რიონში მიმდინარეობს აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ნიკა ანთიძის ძებნა, რომელიც შაბათ საღამოს მდინარეში შევიდა და გაუჩინარდა. აქციის მონაწილეებმა სცადეს მისი გადარჩენა, მაგრამ უშედეგოდ, ის დინებამ წაიღო. მის ძებნაში მყვინთავები არიან ჩართული.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კარვების აღება მათ შორის ამ ინციდენტსაც უკავშირდება - თითქოს კარვები სამძებრო ოპერაციას ხელს უშლიდა.

სამოქალაქო აქტივისტების, ადგილობრივი მცხოვრებლების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და სასულიერო პირების პროტესტი რიონის ხეობაში „ნამახვან ჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ 168-ე დღე გრძელდება. მთელი ეს პერიოდი აქციის მონაწილეები ღამეებს ნამოხვანში გაშლილ კარვებში ათენებდნენ. ამაღამ ისინი საკუთარ ავტომობილებში გუმათში გაათენებენ.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რათა ჰესის მშენებლობა შეწყდეს, ხელისუფლებამ კი თურქულ კომპანია Enka-სთან კონტრაქტი მოშალოს. თავისი პოზიციის გასამყარებლად მომიტინგეები საუბრობენ ჰესის დამანგრეველ ზემოქმედებაზე გარემოზე და საეჭვო გარიგებაზე ინვესტორთან. „რიონის ხეობის მცველებმა“ ქუთაისში უკვე ორი მრავალათასიანი მიტინგი გამართეს. ისინი ასევე მოითხოვენ, თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

0