ირაკლი ღარიბაშვილი

ღარიბაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი შედგა შარლ მიშელთან

101
(განახლებულია 17:58 01.03.2021)
საქართველოში ვიზიტამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მოლდოვაში იმყოფებოდა. თბილისიდან  კი იგი უკრაინაში გაემგზავრება.

თბილისი, 1 მარტი – Sputnik. მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირისპირ შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური ავრცელებს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს კვირას ეწვია. ​ვიზიტის ფარგლებში შარლ მიშელი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს. ასევე დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან არჩილ თალაკვაძესთან და პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან.

ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ევროკავშირის მხრიდან ძლიერი პარტნიორობის და მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურებაა. 

საქართველოს მთავრობის მეთაურისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრისას საუბარი შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის მნიშვნელობას და მომავალი სამიტის ფარგლებში განსახილველ საკითხებს. ასევე ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნის წარმატებებს.

შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი თემა COVID-19 პანდემიის კუთხით საქართველოსა და ევროკავშირში არსებული ვითარება იყო. განსაკუთრებით აღინიშნა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე ყველა ქვეყნის თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და ვაქცინის სამართლიანი განაწილების მნიშვნელობა.

„პრემიერმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის გადამწყვეტ როლს, რათა ქვეყანამ ვაქცინაციის პროცესი უახლოეს პერიოდში დაიწყოს, ვინაიდან პანდემიის დამარცხება მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურის ინფორმაციაში.

მანამდე, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად იგი ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველოს მალე ჰქონდეს ვაქცინაზე წვდომა.

ვიზიტის ფარგლებში შარლ მიშელი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ოფისის გახსნას დაესწრება, სადაც ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან გამართავს შეხვედრას.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს 2 მარტს დატოვებს.

101
თემები:
საქართველოს პრემიერ–მინისტრი (91)
ავტოკოლონა

ოპოზიცია რეგიონებში გასვლით შეხვედრებს იწყებს

8
(განახლებულია 11:56 15.04.2021)
მასშტაბური საპროტესტო აქციის სამზადისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ერთად მოივლიან რეგიონებს.

თბილისი, 15 აპრილი - Sputnik. ქართული ოპოზიციური სპექტრი რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს დღეიდან, 15 აპრილიდან იწყებს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ამ დღეებში „ლელოს“ ოფისში  შეიკრიბა, რათა 15 მაისისთვის დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმა განეხილა. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, მიზანი მაისში დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე მოსახლეობის მობილიზებაა. 

პირველი რეგიონი, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავს, კახეთია – დილიდან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან. შეხვედრები დაგეგმილია როგორც თელავში, ისე მუნიციპალიტეტის სოფლებში.

„15 მაისი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში უმნიშვნელოვანესი თარიღია, იმიტომ რომ ეს იქნება უამრავი, ათობით ათასი ადამიანისთვის შესაძლებლობა გამოხატოს თავისი პროტესტი, გამოხატოს თავისი ბრაზი. ჩვენი პირველი ნაბიჯი იქნება ის, რომ ჩვენ რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრები დავიწყოთ და მათ გავაცნოთ ჩვენი გეგმები, თუ როგორ აპირებს ოპოზიცია გააგრძელოს ბრძოლა რიგგარეშე არჩევნების, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ქვეყანაში რეფორმების დაწყებისათვის“, - განაცხადა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ

ოპოზიციურმა პარტიებმა  სამომავლო მოქმედების შესათანხმებლად სპეციალური შტაბი უკვე შექმნეს.  წინასწარი მონაცემებით, საპროტესტი აქციები უვადო იქნება, რომელზეც ოპოზიცია ძირითად მოთხოვნებს – ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება – კვლავ გააჟღერებს. 

საპარლამენტო არჩევნებიდან თითქმის ექვსი თვის შემდეგ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი კვლავ არ აღიარებს კენჭისყრის შედეგებს და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ განიხილავს ამ საკითხს „წითელ ხაზად“, არჩევნების გაყალბების ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და ოპოზიციას მოლაპარაკებებზე ყურადღების სხვა საკითხებზე გამახვილებას სთავაზობს.
დასავლელი შუამავლები უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობენ გავლენა მოახდინონ საქართველოში არსებულ სიტუაციაზე, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ – პოლიტიკური კრიზისი სულ უფრო ღრმავდება.
მოლაპარაკების მორიგი რაუნდი მარტის ბოლოს გაიმართა, მაგრამ შედეგი ვერ გამოიღო. თბილისში კრიზისის მოგვარების მიზნით მეორედ იყო ჩამოსული ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი, მაგრამ მისი წინადადებები მხარეებმა უარყვეს.

 

8
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
ქართველო სამხედროები

საქართველო ავღანეთიდან მშვიდობისმყოფელებს გამოიყვანს

17
(განახლებულია 10:15 15.04.2021)
ავღანეთიდან ნატოს სამშვიდობო მისიაში მონაწილე სამხედრო ძალების გამოყვანის პროცესი 1 მაისიდან გრაფიკის მიხედვით დაიწყება

 

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. საქართველოს ავღანეთიდან სამშვიდობო კონტინგენტი, რომელიც ნატოს მისია „მტკიცე მხარდაჭერაში“ მონაწილეობს, გამოჰყავს.

როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებაშია ნათქვამი, ამასთან დაკავშირებით ქართული მხარე ორმხრივ ფორმატში კონსულტაციებს აწარმოებს როგორც ნატოსთან, ისე თავის ძირითად სტრატეგიულ პარტნიორ აშშ–სთან. ქართული ქვედანაყოფის ავღანეთიდან გამოყვანა მათთან კოორდინაციით მოხდება. 

 „საქართველო ავღანეთში სამშვიდობო მისიაში  2004 წლიდანაა ჩართული და ალიანსის არაწევრ–ქვეყნებს შორის და ერთ სულ მოსახლეზე მისიაში გაგზავნილი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის მიხედვით უმსხვილესი კონტრიბუტორია. ეს ფაქტი მკაფიოდ ცხადყოფს თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს საქართველო ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მხარდამხარ გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებას. მთელი ამ წლების განმავლობაში, მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვას ათასობით თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურე ემსახურებოდა, რომელთაგან 32 დაიღუპა და არაერთი დაიჭრა“, – ნათქვამია თავდაცვის უწყების განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 1999 წლიდან დაწყებული ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა  ნატოს, აშშ-ის და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში არაერთხელ დაამტკიცეს მაღალი პროფესიონალიზმი, თავდადება და საერთო ღირებულებების დაცვისადმი ერთგულება.

თავდაცვის სამინისტრო უდიდეს მადლიერებას გამოხატავს თითოეული სამხედრო მოსამსახურის მიმართ ავღანეთის მისიებში გაწეული სამსახურისთვის და განსაკუთრებულ პატივს მიაგებს დაღუპულთა ხსოვნას.

ავღანეთიდან სამხედრო ძალების გამოყვანის პროცესი, პარტნიორებთან კოორდინაციით, 1 მაისიდან დაიწყება.

ნატოს არასაომარი სამშვიდობო მისია „მტკიცე მხარდაჭერა" (Resolute Support) ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. ნატოსა და ავღანეთს შორის არსებული ორმხრივი შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში იმყოფება 13 ათასი სამხედრო მოსამსახურე, რომელთა ფუნქციებსაც ავღანეთის ძალოვანი სტრუქტურების სწავლება და მათთვის კონსულტაციების გაწევა წარმოადგენს.

საქართველოს მხრიდან მისიაში მონაწილეობს 870-ზე მეტი ჯარისკაცი. ისინი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ქაბულსა და მაზარ-ი-შარიფში არიან დისლოცირებული.


17
თემები:
საქართველოს თავდაცვა